ცნობილი ადამიანები ეჭვიანობაზე, ღალატსა და ბოროტ ენებზე... - გზაპრესი

ცნობილი ადამიანები ეჭვიანობაზე, ღალატსა და ბოროტ ენებზე...

ეჭვიანობა ყველაზე რთული და ამოუხსნელი გრძნობაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს. არავინ იცის, საიდან ჩნდება ეჭვი, როგორ იბუდებს ადამიანის გულში ან როგორ ვითარდება. ქრისტიანული რელიგია მიიჩნევს, რომ ეჭვი ადამიანის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს; ეჭვიანობას დამანგრეველ გრძნობად მიიჩნევენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც. მაგალითად, ბუდიზმის მიხედვით, "არაფერია ეჭვზე უფრო საზარელი... ეს არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ეს არის ხანჯალი, რომელიც კლავს". ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ გრძნობას წარმატებული ადამიანები და არიან თუ არა ისინი ეჭვიანები:

"რაც უფრო მეტად გიყვარს, მით მეტად ეჭვიანობ"

თათული დოლიძე, მსახიობი:

- ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით მეტად ეჭვიანობ. მართალია, ამ გრძნობას დიდი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ის ყოველთვის მოულოდნელად მოდის. ალბათ, აქაც "ოქროს შუალედის" დაცვაა საჭირო: გადამეტებული ეჭვიანობა ყოველთვის დიდ უთანხმოებას იწვევს ადამიანებს შორის, მაგრამ სულ თუ არ ეჭვიანობ, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ განაღვლებს, არ გაინტერესებს სად არის, როგორ არის, რას აკეთებს... ასე რომ, ზომიერება ამ გრძნობაშიც საჭიროა. ალბათ, ყველაზე ძნელი ასატანი ეჭვიანი მამაკაცია, რადგან ასეთი კაცები ხშირად უჯერებენ ე.წ. კეთილისმსურველებს და ურთიერთობას ბოროტი ენების გამო ანგრევენ. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საბაბი გაქვს, იეჭვიანებ, მაგრამ ყოველგვარი საბაბის გარეშე ჭორებს რომ დაუჯერებ, ეს უკვე არანორმალური მოვლენაა. ჩემი აზრით, თუ ძალიან გიყვარს და თუ ეს სერიოზული ურთიერთობააა, ძალაუნებურად პატიობ, მარტო ღალატს კი არა, უფრო ცუდ რამეებსაც. სამწუხაროდ, მამაკაცის ღალატი ჩვენთან ნორმად არის მიჩნეული და განა მარტო ჩვენთან? - ეს დაუწერელი კანონივით, ყველა ქვეყანაშია მიღებული. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ: ისინი ღალატს გენდერული ნიშნით არ ყოფენ.

"ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა კი არა, ავადმყოფობაა"

GzaPressზურა დოიჯაშვილი, მუსიკოსი:

- ეჭვიანი საერთოდ არა ვარ. ვფიქრობ, რომ ეჭვიანობა ავადმყოფობაა, რომლის ნიადაგზეც ძალიან ბევრი ოჯახი და ბევრი ლამაზი ურთიერთობა ინგრევა. პირველ რიგში, ღმერთის უნდა გწამდეს, რადგან მორწმუნე ადამიანს ეჭვი და სხვა ქვენა გრძნობები ადვილად ვერ ერევა. მართალია, ეჭვის ჩანასახი ყველას გულშია, მაგრამ თუ ადამიანი გიყვარს და მასაც უყვარხარ, მასში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს. როდესაც ოჯახში ეჭვი ჩნდება, ამას ოჯახი უკვე აღარც ჰქვია. ასევე აუტანელია, როცა მეგობარს ან ახლობელ ადამიანს არ ენდობი. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ მეგობარი მიღალატებდა, რადგან ადამიანებში ყოველთვის კარგს ვეძებ, მით უმეტეს, ჩემს მეგობრებში. თუ რომელიმე მათგანი რაღაცას მაწყენინებს, პირდაპირ ვეტყვი და ისიც მეტყვის. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მეგობარი მყავს და ეჭვი არც ერთ მათგანში არ შემპარვია. შეიძლება წალაპარაკება და მცირე კონფლიქტი მოგვიხდეს, მაგრამ თუ ერთმანეთს არ ვაპატიებთ, ეს რაღა მეგობრობაა?

"რატომ ვიქნები ეჭვიანი, თუ ის ადამიანი არ მაინტერესებს?"

GzaPressლალი მოროშკინა, პიარმენეჯერი:

- ეჭვი იმდენად რთული და საინტერესო მოვლენაა, რომ კლასიკოსთა ყურადღების ობიექტი ბევრჯერ გამხდარა. გავიხსენოთ თუნდაც ოტელო, რომელმაც ეჭვიანობის გამო საყვარელი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. მე ვფიქრობ, რომ ეჭვი სიყვარულის თანმდევი გრძნობაა. ცნობილი ფაქტია, რომ სიყვარული ადამიანში უჩვეულო აშლილობას იწვევს, ბედნიერების განცდასთან ერთად, ამ დროს ორგანიზმში ურთულესი პროცესები იწყება: ხდები მესაკუთრე. გინდა, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, ბოლომდე შენი იყოს და ფლობდე. გრძნობებიდან გამომდინარე, მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინი იმის ხატვას იწყებს, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობისგან შორსაა. სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ მეცნიერები დღემდე ბჭობენ, რომელ რანგში შეიყვანონ: ავადმყოფობისა თუ უმაღლესი ბედნიერების. რეალურად, ეჭვიანობა ამ გრძნობას ხშირად ახლავს. რაც უფრო დიდია სიყვარული, მისი ფლობის სურვილიც უფრო დიდია. საბოლოო ჯამში კი, ეჭვიანობა აფუჭებს და ანგრევს ამ ლამაზ გრძნობას. როგორც წვეთს შეუძლია ქვა გახეთქოს, ისე შეუძლია ეჭვს სიყვარულის გრძნობა გაანადგუროს. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეჭვიანობა დამანგრეველია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ეს გრძნობა ერთდროულად იბადება. რატომ ვიქნები ეჭვიანი, თუ ადამიანი არ მაინტერესებს? - ეჭვიანობ მაშინ, როდესაც რაღაცის მიმართ გამძაფრებული ინტერესი გაქვს. დიდი სიყვარულის დროსაც ასეა. სიყვარული ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი და ენით აუხსნელი მდგომარეობაა.

"უზომოდ შეყვარებულიც ვყოფილვარ, მაგრამ ეჭვიანი - არასოდეს"

GzaPressრატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- ეჭვიანობა ჩემთვის უცხოა, ეს გრძნობა საერთოდ არ მახასიათებს. ეჭვის გამო ბევრი ურთიერთობა ინგრევა, ფუჭდება და ადამიანები იძულებული ხდებიან დაშორდნენ. უზომოდ შეყვარებულიც ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვფიქრობდი, რომ საყვარელ ადამიანს ჩემი ეჭვიანობით შეურაცხყოფას მივაყენებდი. მის პიროვნებას პატივს ვცემდი და მიმაჩნდა, რომ უფლება არ მქონდა მეეჭვიანა. მე სულ სხვა პრობლემა მქონდა: ცხოვრების გზაზე უზომოდ ეჭვიანი ხალხი მხვდებოდა და ჩემი პარტნიორიც სულ მსაყვედურობდა, რომ არ მიყვარდა, რადგან საერთოდ არ ვეჭვიანობდი. არადა, ყურადღებას სხვაგვარად გამოვხატავ: ეჭვიანობის სცენებს მირჩევნია, ადამიანს კომფორტი შევუქმნა და სასიამოვნო სიურპრიზებით გავანებივრო. მიმაჩნია, რომ ეჭვიანობა ადამიანის ყველაზე ცუდი თვისებაა. შეიძლება ბუნებით იყო ეჭვიანი, მაგრამ თავი ხელში აიყვანო. ჩვენ არანაირი უფლება არა გვაქვს სხვა ადამიანის ცხოვრება დავისაკუთროთ. სულ სხვაა, თუ ეჭვის საფუძველი გაქვს, ეს უკვე ეჭვიანობა აღარ არის, ეს ნიშნავს, რომ საღად აზროვნებ. მე თვითონ, თუ ვინმეში ეჭვი მეპარება, ეს ყოველთვის მართლდება, რადგან მოვლენებს საღად ვაფასებ ხოლმე. ჩემი აზრით, თუ ადამიანს არ ენდობი და მასში ეჭვი გეპარება, ურთიერთობა უნდა დაამთავრო. როდესაც ბზარი გაჩნდება, მერე ვეღარც აღდგება. მცირე დოზით ეჭვიანობა კიდევ შეიძლება, მაგრამ ადამიანს უსაფუძვლო ეჭვიანობით თავი არ უნდა მოაბეზრო.

"ქალის ღალატი მართლა ღალატია..."

GzaPressბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი:

- ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი გიყვარს და მას არ ენდობი. ზოგს ეჭვიანობა ყურადღების გამოხატულებად მიაჩნია და შეიძლება, ამაში სიმართლის ნაპერწკალიც იყოს. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ასე ხდებოდა: ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი, ის ყველაზე მეტად ეჭვიანობდა. მე კი ვფიქრობ, რომ ეჭვი ცუდი რამეა. ეს არის სენი, რომელიც ადამიანს შიგნიდან ღრღნის. საბედნიეროდ, მე საფუძველი არასოდეს მქონია, ახლობელ ადამიანებში არასოდეს შემპარვია ეჭვი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, რომელიც შარშანწინ გარდამეცვალა. საუკეთესო მეგობრები ვიყავით და როგორ შემეძლო, მასზე მეეჭვიანა? აქვე უნდა ვაღიარო, რომ მამაკაცები ხშირად იძლევიან ეჭვის საბაბს, თუმცა თანამედროვე ქალებმა გადაგვისწრეს. თუ მორალისტურად მივუდგებით, არც კაცმა უნდა მისცეს მეუღლეს ეჭვიანობის საბაბი და არც - ქალმა, მაგრამ ადამიანი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი: ქალი არასდროს დანებდება კაცს ისე, თუ არ უყვარს და მასთან რაღაც გრძნობა არ აკავშირებს, მამაკაცისთვის კი, ეს უფრო ფიზიოლოგიური ამბავია, ამიტომ, მე იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ ქალის ღალატი მართლა ღალატია - შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ასეა. ბუნებრივია, თუ ეჭვიანობის საბაბი აქვს, კაციც იეჭვიანებს და ქალიც, უსაფუძვლო ეჭვი კი - საშინელებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე