ბაბო დადიანის ქალიშვილის სევდიანი მოგონებები - გზაპრესი

ბაბო დადიანის ქალიშვილის სევდიანი მოგონებები

94 წლის სათნო და კეთილშობილ ქალბატონ თათული ღვინიაშვილთან საუბარი ერთი სიამოვნებაა. მოგონებების უმრავლესობა სევდის მომგვრელია. იგი თრთოლით იხსენებს ზოგიერთ ეპიზოდს, თუმცა ნაამბობს თან იუმორიც ახლავს. ეს მისი დიდბუნებოვანი ხასიათის ერთ-ერთი შტრიხია. ამ ოჯახის ისტორია თითქმის საუკუნის წინ დაიწყო. 1921 წლის 7 იანვარს შეუღლდნენ ქალბატონი თათულის მშობლები: ალიოშა მასხარაშვილი და ბაბო დადიანი...

მშობლების საოცარი სიყვარული

GzaPress- მამაჩემმა სამთო-საინჟინრო საქმე ინგლისში შეისწავლა და საქართველოში დაბრუნდა. მისი მამა დარკვეთში ცხოვრობდა, დედა აღარ ჰყავდა. ალიოშას მამა ბებიაჩემს და მის ოჯახს იცნობდა. ბებია მერი წერეთელი დარკვეთის გვერდით მდებარე, სოფელ წირქვალიდან იყო. მასხარაშვილებს მერისგან "კრუშოვნიცა" უთხოვიათ, ლონდონიდან სტუმრები ჰყოლიათ. გავიდა ხანი და მამაჩემს მერი ბებია შეხვედრია, რომელსაც ხუმრობით უკითხავს, "კრუშოვნიცას" აღარ მიბრუნებო? მამა შეცბა. სახლში მივიდა თუ არა, მსახური გაგზავნა ამბის დასაზუსტებლად. ალიოშას მსახურთან სასაუბროდ დედაჩემი გამოსულა. ამ ბიჭს ისე მოსწონებია ბაბო, რომ როცა უკან დაბრუნდა, მამასთვის დაუჩოქია და უთხოვია: "ბარინია ანგელ, ჟენიტეს ნა ნეი". ალიოშას გაუფიქრია, მასხარაშვილს დადიანის ქალს ვინ მომცემსო?

ერთხელაც წირქვალის სახლის აივანზე ბაბო გამოვიდა, დაინახა ძალიან ლამაზი, მწვანეში ჩაფლული ადგილი და იკითხა, - ეს რა სოფელიაო? ბებიაჩემმა უთხრა: სოფელი არ არის, მანდ მასხარაშვილები ცხოვრობენო. დედას სიცილი აუტეხია, რაზეც ბებიას უთქვამს: ხმამაღლა ნუ იცინი, ძალიან პატივსაცემი ხალხია და ვინმემ ამბავი არ მიუტანოსო (იცინის). დედა ამბობდა მერე, იმ ზამთარს კიდეც გავიცანი და ცოლადაც წავყევიო. მათი დაახლოება ქართულ კლუბში მოხდა, სადაც ხუთშაბათობით ქართველი საზოგადოება იკრიბებოდა. ჩვენი ნათესავი კატია დადიანი მიყვებოდა: ბაბო ჩემთან ერთად იყო შეხვედრაზე, როცა ალიოშამ მკითხა, ვინ არის ეს ქალიო? მაშინ ჩაისახა მის გულში ბაბოს სიყვარული. დედამ ამ გრძნობას სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა.

მამაჩემი რამდენჯერმე დააპატიმრეს და გამოუშვეს. ბოლო დაპატიმრება 1937 წელს მოხდა, ის მალევე დახვრიტეს. მამა გადასახლებიდან საოცარ წერილებს სწერდა დედას. განათლებული კაცი იყო, ხან ერთ მწერალს დაესესხებოდა ციტატას, ხან მეორეს. მეტეხის ციხიდან გამოგზავნილი წერილის ნაწყვეტი "ოხ, ცუცნა, როგორ მიყვარხარ. შენ რომ იცოდე, როგორ პატივს გცემ. როგორ გაფასებ, როგორ მინდა მოვესწრო იმ სანატრელ მომენტს, როდესაც მე შენ ისევ მოგივლი, გეალერსები, სიყვარულით დაგკოცნი..."

ეპიზოდები ოჯახის ცხოვრებიდან

- დედა სულ სწერდა, მაგრამ რას, არ ვიცოდი. მისი გარდაცვალების მერე ვნახე და გაოცებული დავრჩი. წერდა თავისი ცხოვრების დღიურებს, პატარა ბარათებზე ცნობილი მწერლების ნაწარმოებებიდან ციტატები ჰქონდა ამოწერილი, ყველა უბის წიგნაკი სავსეა საინტერესო ჩანაწერებით.

დედამ პარიზიდან სიმონიკა ბერეჟიანის წერილი ჩამოიტანა და ჟურნალში გამოაქვეყნა. თემა უნივერსიტეტის წინ დარგულ ჭადრებს ეხებოდა. ამ ჭადრების ამბავი ბიძაჩემსაც აინტერესებდა, რომელმაც დედას ვაშინგტონიდან წერილი მოსწერა, სადაც იხსენებდა, თუ როგორ დარგეს უნივერსიტეტის წინ 7 ჭადარი, მხცოვანი პედაგოგის პეტრე ცხვედაძის თაოსნობით. დედამ ჭადრებს სურათი გადაუღო და ჩემი სტუდენტობის მეგობრის, ზურაბ ჭუმბურიძის ლექსთან "7 ჭადარი" ერთად გაუგზავნა.

დედა და მამა, ორივე ხელგაშლილი და გულკეთილი ადამიანი იყო. დედაჩემს გადასახლებაში დედა ტერეზას ეძახდნენ. რაჭველი ბიჭი ნახა საავადმყოფოში, ჩონჩხი გინახავთ? ასეთი გარეგნობისა იყო, ბაბომ უპატრონა და ფეხზე დააყენა. მამა რევოლუციამდე აფინანსებდა 5 სტუდენტის უცხოეთში სწავლას. მარგანეცის საბადოების აქციონერს საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა. დედამ სამამულო ომის პერიოდში ბანძიდან თავისი ძიძიშვილის გოგონა, 5 წლის ლიდიკო სართანია ჩამოიყვანა, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. ბავშვს ჰქონდა რაქიტი და თან კოჭლობდა. დედამ ცნობილ სპეციალისტთან მიიყვანა და კარგა ხანს გაგრძელდა მკურნალობის პროცესი. საოცარი პიროვნება გამოდგა ლიდიკო, უგანათლებულესი და უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ასპირანტურაში ვსწავლობდი, როცა უნივერსიტეტის პრორექტორმა ბატონმა ლეო გორგილაძემ მკითხა: საქმის მწარმოებლად მინდა ვინმე ავიყვანო და ვის მირჩევო? ლიდაზე ვუთხარი, მათი თანამშრომლობა წლების მანძილზე გაგრძელდა. როცა ლიდას 50 წლისთავზე მისმა უწმინდესობამ მისალოცი წერილი გამოუგზავნა, ასე დაამთავრა: სადაც თქვენ შედიხართ, იქ შუქია.

GzaPress1951 წელს მთელი ოჯახი ყაზახეთში გადაგვასახლეს. მეგონა, კოშმარი არასოდეს დამთავრდებოდა, გაუთავებლად მოვთქვამდი და ვტიროდი. ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა, დედა კი მუდამ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ამბობდა - ჩვენ დავბრუნდებით! მისი ენერგია მე და ჩემს ძმას - გიორგის მხოლოდ მცირე ხნით გამოგვაცოცხლებდა. დედა მარტო ჩვენ კი არა, ყველას ანუგეშებდა. განთავისუფლებები როცა დაიწყო, ეუბნებოდნენ: ბაბოშკა ბისმარკი ხარ, ხომ წინასწარმეტყველებდი, რომ დავბრუნდებოდითო.

მოგონებები, მოგონებები...

- ბავშვობაში ბაკურიანში ვისვენებდით ხოლმე. ენერგიული დედა ყველას შემოიკრებდა. დიდები და პატარები ტყეში ერთად მივდიოდით, ვაგროვებდით მინდვრის ყვავილებს, მერე ვსადილობდით. დედა დილას ადრე დგებოდა, დაახლოებით ორ კილომეტრს ფეხით გაივლიდა, დაბრუნდებოდა და თქვენ ისევ გძინავთო? - ამ სიტყვებით ლოგინიდან წამოგვყრიდა. იგი ხის ქერქებით ფანტასტიკურ კალათებს აკეთებდა, მწვანე ხავსს და ყვავილებსაც იყენებდა. თბილისში ხავსისთვის ვაკის პარკის ზემოთ მიდიოდა. ერთხელ ვერიკო ანჯაფარიძეს გაუგზავნა თავისი ხელით დამზადებული კალათა. ვერიკომ წერილი მოსწერა: "ბაბოშკა, შენი კალათა რომ გახმება, რა მეშველება?" დედას შენახული ჰქონდა ყაზახეთიდან ჩამოტანილი გაუხსნელი ბამბის ღერო, მარტვილში მოწყვეტილი ყვავილი, რომელიც წიგნში ჩააკერა, ბეთანიიდან შემოინახა გამხმარი ლამაზი ტოტი.

ბაკურიანში მახსოვს, თეზიკას (პოეტი პეტრე გრუზინსკი) უყვარდა ხის სახლებზე ლექსების წერა. დამიძახებდა დედამისი, დეიდა თამარა, მომცემდა ფანქარს, ქაღალდს და ლექსები გადაწერეო, მეტყოდა. უზარმაზარი ლექსები იყო, საათობით მიწევდა წერა (იცინის). 10 წლისა ვიყავი, მეტის კი არა! ერთხელ თეზიკას დავემუქრე: შენ თუ კიდევ რამეს დაწერ ხეზე, იცოდე, მაგ ქოჩორა თმას დაგაგლეჯ-მეთქი. ლიკამ, პეტრე გრუზინსკის მეუღლემ, მისი ლექსების წიგნი მაჩუქა წარწერით: "შენი საყვარელი თეზიკასგან, მის მოსაგონებლად".

დედა მკაცრიც იყო და მეგობრულიც. ვთქვათ, ლოგინს უშნოდ გადავაფარე, რადგან სადღაც მიმეჩქარებოდა, ფანჯრიდან მკაცრი ხმით დამიძახებდა: "თათული!" და შემომაბრუნებდა. ჩემი ძმის მიმართ დედის ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ მისი შემოხედვა და შეკითხვა, - "რატომ ქენი?" ეს უკვე საკმარისი იყო. ერთი სიმპათია მყავდა, ასაკით ჩემზე ცოტა უფროსი კაცი, ივანე რატიშვილი. დახვეწილი არისტოკრატი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ მან ერმიტაჟის გასაღები ლენინს ჩააბარა, ხიშტებს არ შეუშინდა და არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა. დედასთან იმდენად მეგობრულად ვიყავი, რომ ვეუბნებოდი: არ გავთხოვდები, სანამ ამისთანა კაცს არ შევხვდები-მეთქი. მისი და ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდა. დედას ვეტყოდი ხოლმე: "ახლა ვმეცადინეობ, არ მცალია. ივანე რომ გამოჩნდება, დამიძახე, რა!" (იცინის).

რა მახსენდება?

GzaPress- ყაზახეთში ბამბის კრეფისა და გამარგვლის დროს შავ დღეში ვიყავი, მით უმეტეს, როცა უკვე ყინავდა. გაშლილი ბამბა ადვილად იკრიფებოდა, კილოგრამობით ვაბარებდით, ნორმა 800 კგ იყო. დედა აიკიდებდა ხოლმე ტომარას და მიჰქონდა. ნორმას თუ შევასრულებდით, 2 მანეთს გვიხდიდნენ, 1 კგ-ც რომ დაგვკლებოდა, 60-70 კაპიკზე მეტს არ გვაძლევდნენ. ჩვენ ცალ-ცალკე ვაბარებდით ბამბას. მეგრელებმა გვითხრეს: რას შვრებით? რაც მოკრიფეთ, ყველამ ერთად დაიწერეთო. სიცივე რომ იწყებოდა, ბამბა გაუხსნელი იყო და უნდა გამოგვეძრო. საშინელი ჩხირები ჰქონდა, რომლებიც გვერჭობოდა და თითები სულ დაჩირქებული მქონდა.

მახსოვს მამაჩემის დაპატიმრება ჭიათურაში, 1929 წელს, ჩხრეკა. 5 წლისა ვიყავი. ახლაც თვალწინ მიდგას ის ოთახები, იქიდან გამოგდება, შეკრული ბარგი. თბილისში ბინა არ გვქონდა, დედა ქუჩაში იდგა და ფიქრობდა, ღამე სად გაეთია? ზოგჯერ გიორგის სხვაგან ეძინა, მე სხვაგან. სულ ვტიროდი და ვერ ვიძინებდი. როგორ არ გავიხსენო, როცა დამყვებოდა უკან ლურჯფორმიანი კაცი. მერე შინსახკომში დაკითხვებიც გავიარე... ერთხელ ჩვენთან უცნობი კაცი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ მამაჩემთან ერთად იჯდა ციხეში. მან ბევრი საშინელი ეპიზოდი გვიამბო, მხოლოდ ერთს გეტყვით: მამა დაკითხვაზე პერანგითა და ჰალსტუხით გაიყვანეს. უკან გრძნობადაკარგული ექვსმა კაცმა შემოიყვანა და პერანგის მაგივრად, ძაფები ეკიდა. აბა, ეს როგორ დამავიწყდება?

ხანდახან ღამით მაგონდება რაღაც და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ ჩამეწერა. ნათქვამია, ენა სულ მტკივნეულ კბილთან ტრიალებსო. ასე ტრიალებს ჩემი ფიქრები და აზრები მძიმე წარსულთან. სხვათა შორის, ლიანა ასათიანმა მაჩუქა თავისი მოგონებების პატარა წიგნი, რომელსაც მთელ ყდაზე დააწერა: "თათული, გეხვეწები, დაწერე, დაწერე, დაწერე შენი ოჯახის ისტორია!" რამდენჯერაც თაროზე ლიანას წიგნს შევხედავ, ეს წარწერა მახსენდება.

შვილთაშვილები

- 8 შვილთაშვილი მყავს. ამას წინათ მომიყვანეს ყველაზე პატარა გოგონა, რომელიც ხტუნვით და "ბები, ბების" ძახილით შემოვიდა. ჩემ გვერდით დადგა და მიცინოდა. ანდრია ჩამეხუტება ხოლმე, გიორგი სერიოზული ბიჭია, მორიდებულად მკოცნის. ნიკოლოზი სულ რაღაცას მეკითხება და ინტერესით მისმენს. ერთ-ერთ გადაცემაში დედის დღესთან დაკავშირებით, ნიტას შეკითხვებს უსვამდნენ. ბავშვმა თქვა: დედაჩემი შენიშვნებს მაძლევს, ტელეფონში ნუ იყურებიო, თვითონ კი მობილური სულ ხელში უჭირავსო (იცინის). მერე გააგრძელა: ზოგჯერ დედას იმდენს ვეხვეწები, რომ სკოლაში არ გამიშვას, ნერვები ეშლება და არ მიშვებსო. აი, ასეთი ცელქია. ერთხელ ჩემთან ოთახში შემოდის და მეუბნება: ბები, იცი, ჩემს კლასში რა კარგი ბიჭები არიანო?! ცუდად ვიყავი, მაგრამ ეს რომ მოვისმინე, სიცილი ამიტყდა.

ნანული ზოტიკიშვილი