მარტოსულობა, ნასროლი "ანკესები" და გოგო, რომელმაც რეალობას მოწყვიტა - გზაპრესი

მარტოსულობა, ნასროლი "ანკესები" და გოგო, რომელმაც რეალობას მოწყვიტა

"მას აქვს მძაფრი მოთხოვნილება იყოს სოციუმის თვალსაწიერზე. იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული. ხშირად საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირი ხდება. დიდი სანაცნობო წრის მიუხედავად, ის მაინც მარტოსულია. გამორჩეული გარეგნული მონაცემების და მანერების გამო, საზოგადოების კეთილგანწყობას ადვილად იმსახურებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი გიორგი გილიგაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია საინტერესო მეცნიერებაა, მაგრამ დიდად გატაცებული არ ვარ. საკუთარი ნიშნის დახასიათებაც ადრეულ ბავშვობაში მაქვს წაკითხული.

- "ის ამაყი და გულუხვია", - ამბობენ ასტროლოგები. ეთანხმები?

- სიამაყე არის ჩემს ხასიათში, მაგრამ ეს არ არის ამპარტავნება. ამაყი ვარ იმით, რომ დედაჩემისა და მამაჩემის შვილი გახლავართ, მაგრამ ამაყი სხვაზე მაღლა დგომით არ ვარ. გულუხვი ვარ თუ არა? რომ ვთქვა, ასეა-მეთქი, მართალი არ ვიქნები, არა იმიტომ, რომ ეს არ შემიძლია, უბრალოდ, იმდენი არასდროს მქონია, რომ ვთქვა, - "ნახე, რამდენი გავიღე". ახლა ქვრივის და უფლის ამბავი გამახსენდა, მან ხომ ყველაზე მცირედი გაიღო, მაგრამ უფლისთვის ყველაზე მეტი იყო.

- "მისი მეფური ბუნებისა და უზადო იმიჯის უკან, ხშირად მგრძნობიარე და სათუთი პიროვნება იმალება".

- მართლა ამას ამბობენ? დიდება ქრისტეს! სისათუთე შეიძლება, ვიღაცისთვის სისუსტის ნიშანი იყოს, მაგრამ გულქვა რომ არ ხარ, ეს უფალთან სიახლოვის დასტურია. საკუთარ თავს ვიცნობ და ბევრი იარა ჩემს გულზე ამის მანიშნებელია. ჩემი გული ვერა ხანჯლით, ვერა ტყვიით ვერ დაუზიანებიათ, მაგრამ სიტყვის გატეხით, სიფლიდით მოუკლავთ. წუხელ ერთმა გოგონამ მომწერა, ჩემს შვილს შენი სახელი დავარქვიო. ძალიან კარგი, მაგრამ ეს ჩემი კი არა, წმინდა გიორგის სახელია-მეთქი. - შენ გამო მეუღლეს დავშორდიო. - ვინ ხარ, ეგეთ რამეებს რატომ მწერ-მეთქი? აღარ მიპასუხა, სინდისს ვფიცავარ, მთელი ღამე ვერ დავიძინე.

GzaPress- "ხშირად საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირი ხდება".

- რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ისეთი რამ იკადრა, სიტყვით მომკლა. კაცს ყველაზე მეტად რაც გეჯავრება, ეგ უნდა დაგწამონ, რომ გული გაგისკდეს. სოციალური ქსელი არ მაქვს და ბევრ ხიფათს არიდებული ვარ. არ მეგონა, ამ ფორმით ვინმე თუ შემეხებოდა, მაგრამ მაინც მოახერხეს და ჩემკენ ტალახი გამოისროლეს. ღვთის წინაშე მართალი ვარ, გასვრილი ტალახის მსროლელი დარჩა და მის გამო ვწუხვარ. მარხვის ჟამია, საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, მსგავს ანკესზე წამოვეგო. მარხვა რომ გავა, მერე მეორე მარხვას დაველოდები.

- "ანკესის სროლის" მცდელობები ხშირია?

- სამწუხაროდ, ასეა. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ადამიანმა ეს რატომ უნდა გააკეთოს-მეთქი? მერე მივედი დასკვნამდე, მე თუ მას გავუგე, მეც მისნაირი ვყოფილვარ. ასეთ ადამიანებს ვერასდროს გავუგებ. ასე საკუთარ თავს რატომ იმცირებენ?

- "ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული".

- უგონოდ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. წლების წინ ამ ქუჩაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, მანქანა დამეჯახა. ქუჩაზე გადმოვდიოდი, უეცრად დავინახე ლამაზი გოგო ძაღლს ასეირნებდა; ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ რეალობას მომწყვიტა და მანქანა დამეჯახა... მას შემდეგ ის სიფრიფანა ჩემი მუზა გახდა. ლექსებს მაწერინებდა. ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა.

- შეიძლება ეს ინტერვიუ წაიკითხოს, რას ეტყვი?

- "როცა დაგინახეთ შენ და მაქსი,/ მაშინ დამეჯახა კარგო ტაქსი". პარიზიდან რომ ჩამოხვალ, მომწერე.

- ანუ მისი ამბები იცი.

- მისი ამბები მთელმა საქართველომ იცის. მე კი მინდა, ის იმაზე კარგად გავიცნო, ვიდრე ვიცნობ.

- "მას პერიოდული მძაფრი გატაცებები ახასიათებს, უმეტეს შემთხვევაში, თავად უფრო ხშირადაა სიყვარულის ობიექტი, ვიდრე - პირიქით".

- გატაცება, მაგრამ არა სიყვარული? ბავშვობაში "წითელი, ყვითელი, შავს" ვთამაშობდი, გოგონამ ლოყაზე მაკოცა, ახლაც ის ბავშვური განცდა მახსოვს, რამდენიმე ღამე რომ ვერ დავიძინე. თუ ვინმეს სიყვარულის ობიექტი ვარ, მე არ ვთვლი, რომ ის გრძნობა სიყვარულია. როცა მეუბნებიან "მიყვარხარ", ვპასუხობ: მშვენიერო, შენ არ გიყვარვარ, მოგწონვარ. სიყვარული აწ და მარადის გრძნობაა, ამ სიტყვას მე ნუ მეუბნები, იმ ვაჟს შეუნახე, რომელიც შენი მეუღლე გახდება-მეთქი. სიტყვა "მიყვარხარ" არ უნდა გაცვითო.

- საკუთარი თავი ქმრის ამპლუაში როგორ წარმოგიდგენია? ასტროლოგები თვლიან, რომ შენთვის "ქმრის ბანალური როლი ჰორიზონტის შევიწროებას ნიშნავს".

- არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ახალი შრეებისა და სივრცეების გაზრდას ნიშნავს. 11-ში მეთერთმეტედ ვხდები ნათლია. ჩემი ძმების მონაყოლიდან ვიცი, ბავშვის დაბადება რა საოცარი განცდაა, სხვა სიმაღლეებს იპყრობ. როცა უფალი ინებებს, მინდა, ეს მეც განვიცადო. სად არის ნეტავ ის მშვენიერი?

- "მეორე ნახევრისგან ის ვერანაირ შეზღუდვას ვერ აიტანს".

- სიყვარულში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. სიყვარული სრული თავისუფლებაა. ამ ცნებას არ დავაკნინებ და ფაქტების მოყვანას არ დავიწყებ.

- "მას აქვს მძაფრი მოთხოვნილება იყოს სოციუმის თვალსაწიერზე".

- ჩემი ძმები ამბობენ, საზოგადო პერსონა ხარო. მათ შეფასებას ვენდობი.

- "მისი ცხოვრების დეტალებით ხშირად ინტერესდებიან, ჭორაობენ".

- ალბათ ასეა. ჩვენ ამ სფეროში ყველაზე მეტად ვართ დასაქმებულები.

- "უზომოდ მიმნდობი და ალალია, მას ხშირად ატყუებენ".

- შეიძლება მატერიალური კუთხით მოტყუებული ვრჩები, მაგრამ ისინი, ვინც ამ ცოდვის მატარებლები არიან, უფრო ცუდად არიან. ისინი უფრო ბევრს კარგავენ.

- "დიდი სანაცნობო წრის მიუხედავად, ის მაინც მარტოსულია".

- საინტერესოა, ამ ყველაფრის შესწავლა როგორ მოხდა. ასტროლოგიას ასე არასდროს ჩავღრმავებივარ. მარტოსულობაზე მკითხე, არა? საკუთარი თავი თავად გავამარტოსულე. უფლის ძიება უფრო ადვილია, როცა მარტო ხარ. ზოგჯერ ცხენით დავდივარ. ძველი არაფერი არსებობს, არსებობს ცნებები მედროვე და თანამედროვე. თანამედროვე უკვდავი ცნებაა, მედროვეს კი დრო კლავს.

- "ფეთქებადი და ჯიუტია, ის აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს ნანობს".

- სინანული რაღაც ფაქტების შემდეგ მქონია, მაგრამ... აფექტური მდგომარეობა ჩემთვის არ არსებობს. შევარდნაძის ეპოქაში დავტოვე, ისევე, როგორც სიჯიუტე.

- "გამორჩეული გარეგნული მონაცემების და მანერების გამო, საზოგადოების კეთილგანწყობას ადვილად იმსახურებს".

- (იცინის) ბევრ წვეროსან ძმას ვიცნობ, ულვაშიც ჩემზე კარგად აქვთ ჩახვეული. მეც მიყვარს საზოგადოება. მთქმელს გამგონე უნდა. "ქუჩის ბიჭობა" ცუდი არ არის, ქუჩით ტაძართანაც მიდიხარ, სახლშიც ბრუნდები.

- მელანქოლიის ტყვეობაში ხშირად ხარ?

- მელანქოლია პოეტებს თუ არ აქვთ, ვერაფერს დაწერენ, მელანქოლია მელანივით საჭიროა.

- "მისი სულიერი მდგომარეობა მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული, რის მიხედვითაც ხშირად ეცვლება ხასიათი".

- მთვარე ძალიან მიყვარს, მაგრამ უძილობას ვერ ვიტან.

- "ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".

- ასეა. ილიას სიტყვები მახსენდება, ქართველი კაცი კარგის ქმნაშიც შეუდარებელია და სიავეშიცო. მე შემიძლია ვიყო მაცოცხლებელი ადამიანისთვის და ამავე დროს შემიძლია ის (პაუზის შემდეგ), რასაც არ ვიტყვი.

- "მოსიყვარულეა. თუ ვინმე შეიყვარა, სამუდამოდ, თუ არადა, შეუძლია სასტიკი მტერი იყოს".

- ვადასტურებ, მაგრამ აღარ ჩავუღრმავდები.

- "თუ კეთილად ეპყრობიან, მისი მართვა ადვილია, თუ რაიმეს აიძულებ, ადგილიდან არ დაიძვრება".

- ალბათ ეს ის შემთხვევაა, როცა გიღიმიან და გეუბნებიან, ყველაფერი კარგადაა და ეს სინამდვილე არ არის. უფალს უნდა მიენდო, ის ადამიანი გამოაშკარავდება, ვინც გატყუებს. ასე მომხდარა, ახლაც ასე ხდება, ჩემს ცხოვრებაში მეგობრობისა და სიყვარულის წილ, რატომღაც, საკუთარ თავში უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა მოინდომეს. ეს ყველაფერი მეც შემეხო და ძალიან ვწუხვარ.

თამუნა კვინიკაძე