ყველაზე ბედნიერი წამი ლაშა ღლონტის ცხოვრებაში - გზაპრესი

ყველაზე ბედნიერი წამი ლაშა ღლონტის ცხოვრებაში

სიტყვები და ასოციაცია, რომელიც მათთან დაკავშირებით მოგვდის და ამა თუ იმ ამბავს თუ ადამიანს გვახსენებს - მომღერალ ლაშა ღლონტს ერთგვარი თამაში შევთავაზეთ და ისიც სიამოვნებით აგვყვა...

პირველი მიკროფონი...

- პირველი მიკროფონი ასოცირდება კონცერტთან, ბათუმის დრამატულ თეატრში. მე და ჩემი და - ანანო შეშინებული და გაუბედურებული რომ ვიდექით (იცინის).

ბათუმი

- ჩემთვის ნომერი პირველი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ყველაზე სუფთა წვიმაა, სადაც ხელოსნები, გამყიდველები, ოფიციანტები, ექიმები და ზოგადად, ადამიანები არასოდეს იტყუებიან, სადაც ჩემი წინაპრების საფლავია, სადაც ადამიანი ზაფხულში შვებულებაში არ გადის, რადგან სტუმარს სათანადოდ უნდა დახვდეს და სადაც ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს!

GzaPressნიჟარა...

- ნიჟარა ჩემთვის ტურიზმია ზღვის ცისფერ მხარეში და როცა ვხედავ, რელაქსს განვიცდი.

სიძველე...

- შიშს მგვრის იმისას, რომ ის ერთ დროს სიახლე იყო და მეშინია იმ დროის, როცა "სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული" - ამას რომ შევიგრძნობ.

მაგნიტოფონი...

- მაგნიტოფონზე იშხნელები მახსენდება, "მანანა", "პინკ-ფლოიდი" და კარუზო.

"მტვერი სცენაზე"...

- არასოდეს დავკვირვებივარ და არც შემიმჩნევია.

გემო...

- ო, გემო, გემო და გემო - საუკეთესო გურმანი ვარ! ჩემი ორი პატარა კაფეც მაქვს და შეძლებული მეგობრების წყალობით, მსოფლიოს თითქმის ყველა საუკეთესო რესტორანში ვარ ნამყოფი.

ანდაზა...

- მე მაქვს ჩემი ანდაზები. მაგალითად: როცა თავი მომღერალი გგონია, გოგი დოლიძეს მოუსმინე და მიხვდები, რომ არაფერს წარმოადგენ (იცინის).

დასამახსოვრებელი, გამორჩეული ხმა...

- ჰამლეტ გონაშვილი, პავაროტი, ზაურ ბოლქვაძე, ალბანო, გურამ თამაზაშვილი.

წიგნი...

- წიგნი ჩემთვის ჟიულ ვერნი, ნოდარ დუმბაძე და გალაკტიონია.

თავისუფლება...

- ბოღმისა და ბოროტების არქონაა.

მოლეკულა...

- ექიმი ვარ, ფიზიკა და ქიმია კარგად ვიცი, ამიტომ მოლეკულას ვაფასებ, ზუსტად ისე, როგორი ფასიც აქვს.

ქსოვილი...

- ეს ჩემთვის არის ჯინსი.

ექიმი...

- ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანები იმდენად უყვარს, რომ მზადაა, ყველაფერი აიტანოს. სადაც სიყვარული არაა, იქ არც ექიმობაა.

აბსტრაქცია...

- აბსტრაქცია და ყველაფერი აბსტრაქტული მაშინაა კარგი, როდესაც მასზე ჭკვიანი ადამიანები საუბრობენ, ეს მათ ბუნებრივად გამოსდით.

შოკოლადი...

- უბრალოდ, ძალიან მიყვარს.

კოსტიუმი...

- ყოველთვის იწვევს "ბედის ირონიაში" მთავარი გმირის - იპოლიტის ასოციაციას, ანუ დადებითი, მაგრამ არასაჭირო.

ნიღაბი...

- ესადაგება ყველა "ვარსკვლავს" და მეცინება.

მულტფილმი...

- ჩემს ბავშვობას მახსენებს, ბათუმის პიონერთა სახლში სეანსებზე რომ დავდიოდი (იცინის).

გასაღები...

- ვიოლინოს გასაღებთან ასოცირდება, რაც ვერაფრით შევიყვარე.

აფხაზეთი...

- ჩემთვის საოცნებო მხარეა, სადაც იმედია, აუცილებლად ჩავალ, ოღონდ, როგორც ჩემს ქვვეყანაში! ქედს ვიხრი ყველა ლტოლვილის წინაშე. ვფიქრობ, ჩვენ ამ ადამიანებს სიყვარული დავაკელით და მათთან ვალში ვართ.

ეპოქა...

- ეს ჩემთვის ჩარლი ჩაპლინი, რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ლუჩიანო პავაროტი, ჯულია რობერტსი და გოგი დოლიძეა.

კომუნიზმი...

- ჩემი ბავშვობაა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, კარგად მახსენდება ბავშვობასთან ერთად და ძალიან მეცინება.

პოლიტიკოსი...

- პროფესიაა და არა ის, რომ მუდმივად ვინმეს ჭკუა ასწავლო და ზემოდან უყურო.

ტელეფონი...

- ტელეფონის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს. ტელეფონით შევქმენი ოჯახი, ტელეფონით მაცნობეს შვილისა და შვილიშვილის დაბადება და ამ ტექსტსაც ტელეფონით ვკრებ (იცინის).

ფობია...

- მაქვს ქარის, მიწისძვრის, ავადმყოფობის, ომისა და ფრენის, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფულად ბევრს დავფრინავ.

აგრესორი...

- ადამიანი, რომელმაც თავისუფლების ფასი არ იცის. აგრესორი ვერასოდეს იქნება თავისუფალი.

გულდასაწყვეტია...

- რომ არსებობს უმადური და დაუნახავი ადამიანი, რომელსაც შენიანად თვლი, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ დაეხმარო, მაგრამ მერე უკვე ხიბლში ვარდება. დაუჯერებელია, მაგრამ თურმე, შურს შენი და რატომღაც გეჯიბრება.

სიმყუდროვე...

- მყუდრო სახლი წარმოუდგენელია მყუდრო ადამიანების გარეშე.

GzaPressქალი...

- სამყაროს მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყოველთვის ფერებას, დაცვას და ყურადღებას საჭიროებს. ძლიერი ქალი სულის სიღრმეში მაინც სუსტია და ყოველთვის დასაცავია, ამიტომ მოეფერეთ და პატივი ეცით ქალებს. ქალი სიყვარულისთვისაა გაჩენილი და ვინც ეს არ იცის, მან ცხოვრებაც არ იცის.

ფიგურა...

- ფიგურაზე ნუ მკითხავთ (იცინის). ეს ერთადერთი რამ არის, რაც მშურს (იცინის).

ზღაპარი...

- ჩვენი ცხოვრებაა, ნამდვილი რეალობა კი მერეა, ზღაპარი სადაც გვგონია, იქ.

მთის მწვერვალი...

- ძალიან არამიწიერი ცნებააა, შეუცნობლის მსგავსი.

სირაქლემა...

- სირაქლემების საზოგადოებაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმეტესად ასეა, ხანდახან მეც მეხება და ეს ძალიან ცუდია.

სათამაშოები...

- არ მიყვარდა, ჩემი ყველაზე კარგი სათამაშო ბურთი იყო. სხვათა შორის, ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი; გაცილებით უკეთ, ვიდრე ვმღერი, უბრალოდ არ გამიმართლა და საჭირო დროს სხვაგან აღმოვჩნდი.

გაზაფხული...

- ჩემთვის ყველაზე საყვარელი დროა, განსაკუთრებით - აპრილი.

ბავშვები...

- მათგან ვსწავლობ ყველაფერს და ისინი ძალიან მიყვარს. ბავშვის რეაქცია ყოველთვის არამცდარი და ბუნებრივია. ამიტომ დააკვირდით მათ, თუ გინდათ, სიმართლე იგრძნოთ.

ყველაზე ბედნიერი წამი...

- შვილისა და შვილიშვილის დაბადებისას მათი პირველი ტირილის გაგონება.

სიყვარული...

- სიყვარული სიყვარულია.

სიახლეები...

- ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს ჩემი ტურნე საქართველოში, კონცერტები დაგეგმილია აბსულუტურად ყველა რეგიონში და მეტსაც გეტყვით, იყო შემთხვევები, როდესაც საჭირო გახდა კონცერტის განმეორებით ჩატარება, რადგან მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე საკონცერტო დარბაზი იტევდა. საგულისხმოა, რომ კონცერტები ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მხოლოდ გაყიდული ბილეთებით ტარდება და ფასიც ისეთი ხელმისაწვდომია, რომ მოსახლეობამ ღონისძიებაზე დასწრება შეძლოს.

ასევე, იგეგმება ჩემი და მამუკა ჩარკვიანის ერთობლივი კონცერტები საქართველოს დიდ ქალაქებში. ასევე, ჯგუფ "ალილოს" სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. გარდა ამისა, დაგეგმილია ჩემი ტური გერმანიაში, კვიპროსზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თამთა დადეშელი