ფიქრები "აღსარებაზე" - გზაპრესი

ფიქრები "აღსარებაზე"

ქართველ მაყურებელს უკვე მიეგო პატივი, ახლა ფილმს ჩიკაგოსა და ვარშავის კინოფესტივალებზე წაიღებენ, შემდეგ იმედი გვაქვს, "ოსკარიც" იქნება...

არც ერთი ყალბი ნოტი, არც ერთი ყალბი სიტყვა, არც ერთი ზედმეტი კადრი, ფერი ან მიმიკა - ეს ის განცდაა, რომელიც მაყურებელს "აღსარების" ცქერისას ეუფლება. ამ დრამის ყველაზე მძიმე საყურებელი, ბოლო კადრი - მამა გიორგის გაშეშებული სახეა, რადგან კადრს სუბტიტრები მოსდევს, ანუ დასასრული, რომელიც არ გინდა, რომ დადგეს, რადგან ფილმი ახერხებს შეასრულოს ხელოვნების უდიდესი მისია - ამოგგლიჯოს, განგარიდოს ყოფიერების უფერულ ხედვას და იმ ადამიანური განცდების ჩვენებით გაქციოს უკეთესად, რომელიც აქვეა, ჩვენ გვერდით, ჩვენში.

მამა გიორგი, რომლის როლსაც მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს, სოფლის ეკლესიაში ჩადის სამოღვაწეოდ. როდესაც შევიტყვე, რომ მთავარ როლს ეს მსახიობი ასრულებდა, შევშფოთდი - მიუხედავად მკვეთრად გამოხატული, პირადი სიმპათიისა ამ არტისტის მიმართ, ჩავთვალე, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ რისკს შეიცავდა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ქართველი მაყურებელი შეჩვეულია მის საკმაოდ გამორჩეულ ხმის ტემბრს (ის მრავალი ფილმის გახმოვანებაზე მუშაობს), მის ტიპაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", მის ღიმილს, რომელიც არაფრით და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოიდგინო იმად, რასაც შემდეგ, ფილმის ყურებისას ხედავ. მამა გიორგი, რომლის სახეც მიუხედავად მისი ადამიანურობისა, აუცილებლად აჩენს ილია ჭავჭავაძის განდეგილთან ასოციაციას, დიმიტრი ტატიშვილის ბრწყინვალე ნამუშევარია და მომიტევოს მან, თუკი ეჭვი შევიტანე.

"გადავიღე ის, რაც მინდოდა", - ამბობს ერთ-ერთი ინტერვიუში ზაზა ურუშაძე. მაყურებელი კი ფიქრობს, რომ უყურებს იმას, რაც თავად სურს, რადგან თითქოს რეალობას, ცივილიზაციას, ინტერნეტს, პოლიტიკას, ჩვენს ყოველდღიურ რუტინას მოწყვეტილ ამ სოფელში, სადაც გოჩას (მსახიობი კახა გოგიძე) პერსონაჟის სიტყვებით, "მაინცდამაინც კარგი ხალხი არ ცხოვრობს", უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ვითარდება - ეს მნიშვნელოვანი ამბავი ადამიანების სიყვარულია.

GzaPress

როგორია ადამიანი? ამ კითხვას ფილმში არავინ სვამს, მაგრამ აქ ყველა საკუთარ თავს განსჯის: ზოგი გულწრფელად, ზოგი ცდილობს უპატიებელი ცოდვა მოიშოროს, ზოგს დახმარება სჭირდება და ნუგეში, ზოგი კი აღსარებაშიც იტყუება. ან იქნებ არც იტყუება და მართლაც თვლის, რომ ცხოვრებისგან ის ვერ მიიღო, რისი ღირსიც იყო?

შავი და თეთრი - თითქოს რა უნდა იყოს მათ გარჩევაზე იოლი, ისინი ხომ ასეთი განსხვავებულია, მაგრამ როგორი რთულია დაანახვო მაყურებელს, სად გადის ამ შავ-თეთრს შორის ზღვარი, სადაა ნათელი და სად - ბნელი. როგორ უჭირთ ადამიანებს განსხვავებული, სუფთა თანამოძმის მიღება, როგორ იოლად იმეტებენ მას ჩასაქოლად. რთულია, მაგრამ ამას რეჟისორი საოცარი სიმსუბუქით აკეთებს და მიუხედავად იმისა, რომ "აღსარება" ერთი შეხედვით, საკმაოდ შენელებულად მოედინება, რეჟისორი და მსახიობთა გუნდი მოწყენის საშუალებას არ გაძლევთ. ერთ-ერთი ასეთი, თუ ამ მიზნით შექმნილი გამორჩეული პერსონაჟია ვალიკო, სოსო ხვედელიძე. ამ პერსონაჟს დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხმაურისა და გართობისკენ. ის სიამოვნების მდევნელი პერსონაჟია, რომელიც სიამოვნებას იღებს ადამიანებზე ბჭობით, ახლის შეცნობით, ზარების გაბმით რეკვით, "პრიანიკით"... ჰო, ეს "პრიანიკიც" პერსონაჟია. ამ პოლიტიკისგან სრულიად დაცლილ ფილმში, ეს ტკბილეული შეგვახსენებს მხოლოდ იმას, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს სიფრთხილისათვის - რუსულ ჩექმას. ეს ღიმილის მომგვრელი ალეგორიაა, ტკბილი, სინამდვილეში მწარე ნუგბარი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო მუსიკის მასწავლებლის, ლილის სახე. ეს როლი ალბათ, სოფია სებისკვერაძის ოქროს როლების სიაში შევა, რადგან იმედი მაქვს, რაოდენ აბსურდულიც უნდა მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, ამ ახალგაზრდა, გამბედავი მსახიობის სექსუალურ იმიჯს, ის ამ ახალი როლით, სექსუალური ლილის სახის შექმნით დაამსხვრევს. სოფია საკმაოდ რთულ სახეს ქმნის. ის მორჩილი, თავწაკრული ქალიცაა და ცხოვრებაზე გაბოროტებული, ავადმყოფური ფსიქიკის მეძავიც. ეს სახე სრულიად სამართლიანად აჩენს განცდას, რომ სოფია სებისკვერაძის ე.წ. ფიშკა არა მარტო მისი გარეგნობა - ქერა თმა ან გაბედულებაა.

GzaPressკიდევ ერთმა რამემ გამაოცა ფილმში - მუსიკამ. უფრო სწორედ, ცდუნებამ, რომელიც არ შეიძლებოდა არ ჰქონოდა ზაზა ურუშაძეს, როდესაც ფილმში ქართულ საგალობლებს იყენებდა. ამ შემთხვევაში მისი და ფილმის კომპოზიტორის, სტენ შერიპოვის მოზომილობამ გამაოგნა. მათ არ აირჩიეს ამ ჯადოსნური მუსიკით სპეკულირების გზა. მაყურებლამდე მიიტანეს იმდენი, რამდენიც ფილმს სჭირდებოდა. იქნება ამიტომაც იმოქმედა ამ მუსიკამ ასე შოკის მომგვრელად? იქნებ დეფიციტის შექმნაც ხელოვნებაა?

"მთავარია სინანული, თუ გულწრფელი სინანულია, გეპატიებათ", ოღონდ "კარგი იქნებოდა, არ გეღალატათ" - ეს ორი ფრაზა ფილმიდან, რომელსაც მამა გიორგის პერსონაჟი ამბობს, ჩვენი რწმენისა თუ ურწმუნობის განმსაზღვრელად მივიღე. ჩვენ ხომ გამუდმებით ვცოდავთ პატიების იმედად. ჩვენ ხომ ვერასოდეს გავიგეთ, რომ პატიება კი არ არის მთავარი, მთავარია, არ შესცოდო. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი გვარწმუნებს, ეს ფილმი "ადამიანის აღსარებაა" და არა ფილმი მღვდელმსახურზე, გულწრფელი არ ვიქნები, რომ არ ვთქვა - დიახ, "აღსარება" ნამდვილად არის ადამიანის აღსარება, მაგრამ ეს ადამიანი იმ ეკლესიის მსახურია, რომელიც ახლა უამრავ კითხვას აჩენს; იმ ეკლესიის, რომელმაც სკეპტიკოსები მოამრავლა თუ გამოაჩინა; იმ ეკლესიის, რომლის მამამთავარიც გვეუბნება, რომ ჩვენს ქვეყანას აღარაფერი ეშველება.

გვეშველება რამე?

რა თქმა უნდა, გვეშველება, თუკი ვაღიარებთ, რომ უბრალო მოკვდავნი ვართ და რომ "საყვარელია ცხოვრება. ბევრი საინტერესო რამეა, რისთვისაც ის ღირს". ერთი მაინც დაგისახელოთ? უყურეთ ფილმს. "აღსარება" იმისი შეხსენებაა, რომ ადამიანი გაცილებით უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე ის ახლა, ამ პოლიტიკით გადაყლაპულ ქვეყანაში ჩანს და სიყვარულს იმსახურებს!

"აღსარება" დრამაა, რომელიც არ გთრგუნავს. "ოსკარზე" წარდგენილი "მანდარინების" შემდეგ, ეს მეორე, მცირებიუჯეტიანი ფილმია, რომლის ხორცშესხმაშიც ესტონური მხარე მონაწილეობდა. ზაზა ურუშაძესთან ერთად, ფილმის პროდიუსერია ივო ფელცი, დამდგმელ ოპერატორი კი თავისი უზუსტესი კადრებით, გიორგი შველიძე გახლავთ. იმედია, ოპერატორის ნაშრომი შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ, რადგან მის ობიექტივს არც ერთი დასაჭერი წამი არ გამორჩა. სწორედ მან დახატა ის კადრიც, რომელზეც აქ არაფერი მითქვამს - მამა გიორგის შეცოდების წამი. წარმატებები, "აღსარებას!"

დეა ცუცქირიძე