ვის უნდა მიჰბაძონ ქალბატონებმა, ვისაც ასაკის მატება აშინებთ - გზაპრესი

ვის უნდა მიჰბაძონ ქალბატონებმა, ვისაც ასაკის მატება აშინებთ

"ჩამუქებული" დავდივართ და თვითონ ქალაქიც ძალიან ნაცრისფრად გამოიყურება.G გასაფერადებელია ქალაქი ფერებითაც და ადამიანებითაც. ალბათ, მეტი კეთილდღეობაა საჭირო, რომ თბილისი უფრო ხალისიანი და "ცოცხალი" გახდეს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის და ამ დაუმთავრებელი, მშენებარე კორპუსების გამო ნაცრისფერი "ბუღი ტრიალებს" ქალაქში", - ამბობს ზალიკო ბერგერი, რომელიც გემოვნებაზე გვესაუბრა...

- ბავშვობიში რომელი მწერლები, ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- მახსოვს, დამრიგებელმა დაგვავალა წაგვეკითხა "მერი პოპინსი", "ვინი პუჰის" "კარლსონისა" და "ტომ სოიერის თავგადასვალი"... ეს ნაწარმოებები ჩემთვის ბავშვობიდან განსაკუთრებით საყვარელი იყო. შემდეგ სერიოზულ ლიტერატურაზე გადავერთე. ძალიან მიყვარდა გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელი", ზოგიერთი მწერლის ფილოსოფიური წერილები... ბოლოს წავიკითხე პაულო კოელიო და ვთვლი, რომ ბევრი ცნობილი მწერლისგან აქვს რაღაცები გადაწერილ-გადმოწერილი. თუმცა, კარგი საკითხავია, გასაგებ ენაზეა დაწერილი და ამიტომაც არის ალბათ პოპულარული.

- მოგზაურობის დროს რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მეტად მიმზიდველი - ძველი ისტორიული წარსულის მქონე თუ თანამედროვე მეგაპოლისები?

- ორივე ძალიან მიმზიდველია. თუმცა, მხოლოდ ძველი ისტორიული წარსულის მქონე ალბათ, აღარც არსებობს. ყველგან არის თანამედროვე ნაგებობებიც, გათანამედროვებულია ქალაქები და ქუჩები. ამ მხრივ ძალიან მომწონს რომი. იტალიაში ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ... ეგვიპტეში ნამყოფი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ისეთ დროს მოვხვდი, რომ პირამიდები ვერ დავათვალიერე: ტერორისტული აქტი ახალი მომხდარი იყო და მათი ნახვა ოცნებად დამრჩა... რაც შეეხება დასვენებას, ყველაზე მეტად იბიცაზე მიყვარს დასვენება, მეგობრებთან ერთად. ზამთარში ბერლინია ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. თუმცა, იტალია განსაკუთრებულია, იქ თითქმის ყველა მხარე მოვლილი მაქვს. მიყვარს იქაურობა თავის საჭმლით, სასმლით, ყველაფრით! პარიზი არ არის ჩემთვის გამორჩეული, ამ ქალაქზე ასე ძალიან არ ვგიჟდები.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, გემოვნებიანი ხალხის თვალსაზრისით?

- არც ერთი ქვეყნის ხალხს არ დაუტოვებია ისეთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება, რომ მეთქვა, ვაიმე, ეს რა ვნახე-მეთქი... მე რაღაც კლიშეც მგონია, როცა ჰყვებიან, ამა და ამ ქალაქში ძალიან გემოვნებიანი ხალხიაო... შეიძლება, რაღაც წვეულებაზე იყვნენ, სადაც გემოვნებით შემოსილი ხალხი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი საოცრად ჩაცმული დადის... სან-რემოში ნამდვილად ძალიან ლამაზად ჩაცმული ქალბატონები დადიოდნენ და მონტე-კარლოშიც, მაგრამ იქ დამსვენებელიც და ტურისტიც ალბათ ძალიან ცდილობენ, განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, რადგან უმდიდრეს კურორტზე არიან.

- ამბობენ, რომ ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა... ეთანხმებით?

- ალბათ, კი... ელიტურ ღონისძიებებზე რომ განსაკუთრებულად ლამაზად ჩაცმულ ქალბატონს ნახავდი, ეს ტრადიციაც აღარ არსებობს. შეიძლება შავები სცმოდათ, მაგრამ ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. დღეს ასეთი რამ იშვიათობაა.

- უფროს თაობაში დღეს არავინ გახსენდებათ ასეთი გამორჩეული ქალბატონი?

- არის და ვხედავთ, როგორ არაჩვეულებრივად გამოიყურება ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. ძალიან დახვეწილია და ზუსტად ის აცვია, რაც ძალიან უხდება. მხნედ და სასიამოვნოდ გამოიყურება... ჩემი პირადი სიმპათიაა ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, რომელიც მომწონს თავისი ინტელექტით, ჩაცმულობით, მანერებით... ახერხებს თავის პროფესიაში ძველებურად წარმატებული იყოს, პოლიტიკაშიც აქტიურია. ინტელექტის გარეშე ქალი საინტერესო არ არის. როდესაც ქალბატონები ასაკის მატებას განიცდიან, ეს ორი ქალბატონი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ქალი ნებისმიერ ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს! საკუთარ თავს სტიმული უნდა მისცეთ. ასაკის მატება ტრაგედია არ არის და ასე არც არავინ უნდა ფიქრობდეს! ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა მსოფლიოში აქტიური ქალბატონების რიცხვი და ქართველებმაც, მიუხედავად ყოველდღიური შრომისა და ჭაპანწყვეტისა, უნდა მოახერხონ, ცხოვრების, გართობის, გაპრანჭვის ინტერესი არ დაკარგონ.

- კიდევ ვის მიიჩნევთ გემოვნებიანად?

- დავასახელებ: დალი ჩიტალაძეს, ია ფარულავას. მათ კარგადაც აცვიათ, კარგადაც გამოიყურბიან და ცდილობენ, სულ მოვლილები იყვნენ. ქალმა უნდა იცოდეს, რა და როგორ ჩაიცვას, როგორ მოიხდინოს. დალისა და იაზე ბევრად პატარაა ჩემი მეგობარი - ეკო ფანგანი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეულად აცვია. მე მიყვარს "კაშკაშა" ჩაცმულები.

- როგორი უნდა იყოს ქალი, თქვენი ყურადღება რომ მიიქციოს?

- ველოდები და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორი უნდა იყოს... ლამაზი უნდა იყოს, შინაგანი ქარიზმა ჰქონდეს და რაც მთავარია, ინტელექტი.

- პირადად თქვენ, როგორი ჩაცმულობა მოგწონთ?

- ადამიანმა შეიძლება, ყველანაირ სამოსში კომფორტულად იგრძნო თავი და ტანსაცმლის დანიშნულებაც ეგ არის. ყველას გამოგვიცდია, რომ მაგალითად, ბანკეტზე, ტელეეკრანისთვის ან რამე მნიშვნელოვანი საღამოს წაყვანისას ისე გაცვია, როდესაც ერთ სული გაქვს, როდის გაიხდი და თავისუფლად ამოისუნთქავ... ჭყეტელა ფერები მიყვარს - ცისფერი და ვარდისფერი. ამ ფერის პერანგები მაქვს. როგორც ამბობენ, მიხდება კიდეც. შავის ვერცხლისფერში კომბინირებაც მომწონს და მაქვს ამ ფერებში გადაწყვეტილი ბევრი ყოველდღიური ჩასაცმელი. ახლახან ასეთი ფეხსაცმელიც შევიკერე და ძალიან კმაყოფილი ვარ... აქსესუარებიდან რამდენიმე კულონი მაქვს წარწერებით. იშვიათად, ბეჭედს ვიკეთებ, რომელიც მეგობარმა ჩამომიტანა რომიდან. ყოველთვის ვატარებ საათს.

- როგორია თქვენი გემოვნების სახლი, მანქანა?

- სახლი უნდა იყოს კომფორტული, სუფთა, ტექნიკითა და აუცილებელი ნივთებით კარგად მოწყობილი. ჩემი სახლის დიზაინი დედაჩემს ეკუთვნის და ძირითადად, ოქროსფერშია გადაწყვეტილი. ჰოდა, რამე რომ არ მომწონდეს, იქ თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი... მანქანა არ მყავს, მართვაც არ ვიცი და წლებია, ტაქსით დავდივარ.

- დასასვენებლად მთა გირჩევნიათ თუ ზღვა?

- მთას არაფერს ვერჩი, მაგრამ მე ზღვას ვამჯობინებ.

- გაქვთ სურვილი, თბილისი უფრო მეტად ფერადი იყოს, ვიდრე დღეს არის?

- დიახ, ჩამუქებულები დავდივართ და თვითონ ქალაქიც ძალიან ნაცრისფრად გამოიყურება. გასაფერადებელია... ყველაფერი უარესობისკენ მიდის და ამ დაუმთავრებელი, მშენებარე კორპუსების გამო, ნაცრისფერი ბუღი ტრიალებს ქალაქში. აუცილებლად მისახედია ეს ყველაფერი, თორემ იმდენად აქვს ხალხს ხასიათი დაკარგული, ფერადად გამოიყურებოდნენ კი არა, ქალაქში სიარულისას იმაზე იმტვრევენ თავს, როგორ ან საიდან წავიდნენ, რომ არ გაჭუჭყიანდნენ. ამ ბოლო დროს კიდევ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, მეტროში თუ ქუჩაში თავში არაფერი დაგვეცეს... ამ ყველაფრის შემდეგ რაღა ფერადი განწყობის სურვილი შერჩება ადამიანს?! ყველანი იმას ვფიქრობთ, ოღონდაც, ფიზიკურად გადავრჩეთ!

მანანა გაბრიჭიძე