რატომ არ ეკარება წიგნს რისკიანი ლიზა შენგელია - გზაპრესი

რატომ არ ეკარება წიგნს რისკიანი ლიზა შენგელია

ლიზა შენგელია საზოგადოებამ ჯერ მუსიკალური შოუს "X-ფაქტორის" საშუალებით გაიცნო, შემდეგ კი სერიალ "დიდ შესვენებაშიც" გამოჩნდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად. ალბათ ბევრს ახსოვს კადრი, ზედმეტი ემოციებისგან ატირებული კონკურსანტის დასამშვიდებლად ჟიურის წევრი ნიკა გვარამია სცენაზე როგორ აიჭრა და გოგონას ჩაეხუტა. ლიზა 15 წლისაა და როგორც თავად მითხრა, საკუთარი თავის ძიებაშია, ჯერ არ იცის, რა უნდა; ერთი და იმავეთი დიდხანს არ ინტერესდება. ამ ძიებაში არაერთ საკრავზე დაკვრაც უსწავლია: სალამურზე, გიტარაზე, პიანინოზე, დრამზე. თურმე, მშობლები ამის გამო საყვედურობენ და ეუბნებიან, რით ვერ იპოვე ის, რაც გინდაო? თუმცა, ამ რთულ პროცესში ყველანაირად უწყობენ ხელს.

GzaPress- როდესაც მშობლებმა შენიშნეს ჩემი მუსიკალური მონაცემები, მამამ თქვა: თუ მღერის, ბარემ სწორად იმღეროსო და ვოკალის პედაგოგთან, ნინო ჩაჩავასთან მიმიყვანა. ყველა მეუბნებოდა, რომ რომელიმე მუსიკალურ შოუში მეცადა ბედი. მე თვითონაც მქონდა ამის სურვილი, თანაც მაინტერესებდა, სხვები როგორ შეაფასებდნენ ჩემს ნამღერს. პოპულარობაც მომხიბვლელად მეჩვენებოდა. იმის შიში არ მქონია, ვაითუ, ვერ შევძლო და არავის მოვეწონო-მეთქი. რისკიანი ვარ.

- თუმცა, ძალიან ემოციურად იყავი განწყობილი...

- მანამდე სკოლის ზეიმებზე კი მიმღერია, მაგრამ ამდენი ხალხი ჩემ თვალწინ არასდროს მენახა. მით უმეტეს, ამდენმა აპლოდისმენტმა და მაყურებლისგან წამოსულმა ემოციამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. ე.ი. მოეწონათ-მეთქი, გავიფიქრე და სიხარულისგან ავტირდი. მერე რომ ვფიქრობდი, ბევრი აღარაფერი მახსენდებოდა მაგ გამოსვლიდან.

- ვინ არიან შენი მშობლები, გაგვაცანი...

- დედა პროფესიით ექიმია, მამა ეუთოს მისიაშია და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ ჩამოდის საქართველოში. ძალიან კი გვენატრება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მყავს უფროსი და-ძმა და კიდევ, 92 წლის ბაბუა, რომელიც განსაკუთრებულია ჩემთვის. დედას ხშირად უწევდა მორიგეობა, მამა სახლში არ იყო, ჩემს და-ძმასაც არ ეცალა ჩემთვის და ძირითადად, ბაბუასთან ვიყავი. ყველაფერი, რაც კარგი მაქვს, მისი დამსახურებაა, თვისებებს ვგულისხმობ. მწერალია და მან შემაყვარა პოეზია. ჩემი პირველი გულშემატკივარიც სწორედ ბაბუაა. მას აინტერესებს ყველა წვრილმანი ჩემ შესახებ. მთელი სითბო და ყურადღება, როგორც ყველაზე პატარას, მე დამახარჯა.

- თვითონ ყურადღებიანი შვილიშვილი ხარ?

GzaPress- ყველანაირად ვცდილობ, არ მოვაკლო ყურადღება. ბავშვობაში სულ ვეხუტებოდი და გვერდიდან არ ვშორდებოდი. ხშირად მეტყოდა ხოლმე: რომ გაიზრდები, ჩემთვის აღარ გეცლებაო და ამაზე ყოველთვის ვბრაზდებოდი. როგორ არ მეცლება-მეთქი, - ვეუბნებოდი. სამწუხაროდ, მართლაც ვეღარ ვიცლი მისთვის, რადგან საკმაოდ დაკავებული ვარ. მე-9 კლასში ვარ, გაკვეთილები მოსამზადებელი მაქვს და გარდა ამისა, ინტენსიურად ვვარჯიშობ და გერმანულში ვემზადები.

- როგორც ჩანს, ბეჯითი და წარმატებული მოსწავლე ხარ.

- 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი მიზეზთა გამო. ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო ის მოთხოვნა, რომ თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც ვყოფილიყავი. გადაღებების პერიოდში ბევრი დრო აღარ მრჩებოდა მეცადინეობისთვის, რაც მანერვიულებდა. თუმცა, ეს ჩემი სწავლის ხარისხზე კი არა, ჩემს მდგომარეობაზე აისახა, რადგან ვიჯექი და გვიანობამდე ვსწავლობდი.

- ამ სერიალში როგორ მოხვდი?

- მანამდე არსად მითამაშია, ეს ჩემთვის პირველი როლი იყო. კასტინგზე წავედი და რადგან ამარჩიეს, ვიფიქრე, რატომაც არა, შეიძლება მართლაც გამომდის-მეთქი. კასტინგის შესახებ კი შემთხვევით გავიგე მეგობრისგან, რომელმაც "ფეისბუკის" პოსტზე მომნიშნა. იქ ეწერა საკონტაქტო ნომერიც. დავრეკე და ვიკითხე, კიდევ თუ იყო კასტინგი და იმავე დღეს წავედი. გადამიღეს, ჩამწერეს. მეგონა, ეპიზოდური როლი იქნებოდა. არადა, ერთ-ერთი მთავარი როლი აღმოჩნდა. დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკეს და მივედი. რომ მითხრეს, ახლა შენს კოსტიუმებზეც დავილაპარაკოთო, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს.

- ლიზა, როგორც ახალბედასთვის, რთული აღმოჩნდა გადაღებები?

- იმდენად რთული არა, რამდენადაც საინტერესო. თავიდან შიში მქონდა, ვაითუ, რამე არ გამომივიდეს, არ შემეშალოს და ახლიდან არ დავაწყებინო გადაღება-მეთქი. მე არ ვარ გამოცდილი მსახიობი და ამიტომ, რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზი ჰქონდა ჩემს შესრულებულ როლს. უბრალოდ, ვცდილობდი, ბუნებრივი ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს ვაკეთებდი.

- მოდი, თვითონ დაახასიათე, როგორი იყო შენი გმირი და რამე თუ გქონდა მასთან საერთო?

- ამპარტავანი, გათამამებული, ქედმაღალი, არ იცოდა ნამდვილი მეგობრობა - აი, ასეთი იყო ჩემი გმირი. მაშო არის გოგო, როგორიც ყველა სკოლაშია და ყველა გარემოცვაში შეიძლება აღმოაჩინო. ასეთი ტიპაჟი ბევრია. არ ვთვლი, რომ საშინელი ვინმეა, უბრალოდ, ზედმეტად გათამამებულია და არ იცის სხვისთვის ანგარიშის გაწევა. ჩემი აზრით, პროტესტი აქვს რაღაცის მიმართ, კონკრეტულად რის მიმართ, ვერ ხვდება და ამას აგრესიიით გამოხატავს. მოკლედ, ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. ერთადერთი, რაც მეცნო, ეს დებს შორის კონფლიქტია. იყო ერთი სცენა, სადაც ჩემს უფროს დასთან ვკამათობ: არა, შენ წამიყვან სკოლაში. მე არ წაგიყვან და ა.შ. ეს სიტუაცია ძალიან ეცნოთ სახლში, რადგან ჩვენთანაც ხშირად მეორდება მსგავსი სცენები. მაშოსგან განსხვავებით, ბევრი ამხანაგი და მეგობარი მყავს.

- რეალურ სიტუაციაში, როდესაც მაშოსნაირი გოგო აღმოჩნდება შენს გარემოცვაში, მაშინ როგორ იქცევი?

- ანუ ჩემ გარშემო თუ ყოფილა ბულინგის - ქედმაღლობისა და დაცინვის შემთხვევები? საერთოდ ვცდილობ, ასეთი სიტუაციებისგან შორს დავიჭირო თავი. არ მიყვარს ზედმეტი პრობლემების შექმნა. ვიცი ჩემი ხასიათი და ისიც, თუ მსგავს სიტუაციას შევესწარი და მივხვდი, რომ ვიღაც თავს ვერ იცავს, აუცილებლად ჩავერევი და გამოვესარჩლები. არასასიამოვნო საყურებელი და მოსასმენია ჩემთვის, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ.

- რა შეიცვალა იმის შემდეგ, რაც საზოგადოებამ გაგიცნო?

- პოპულარობამ მოიტანა ის, რომ უამრავი ადამიანი მთხოვს დამეგობრებას სოციალურ ქსელებში. უპასუხოდ არ მინდა დავტოვო არც ერთი გზავნილი. მინდა, ყველას პასუხი მივწერო. ყოფილა შემთხვევაც, რომ მინახავს ფოტო, რომელიც თურმე ჩემგან დამოუკიდებლად გადაუღიათ. ძალიან მახარებს ეს სიტუაცია... სკოლაშიც ბავშვები მოდიან და გამოლაპარაკებას ცდილობენ. "შენ მაშო ხარ?" "ნიკო მართლა მოკვდა?" - ამაზე პასუხი მეც არ მაქვს, არ ვიცი, მომავალში რა იქნება. დღესაც კარგად მახსენდება გადაღების პერიოდი, რადგან "დიდი შესვენების" გადამღებ ჯგუფში საოცარი ადამიანები არიან, მუშაობისთვის ყველანაირ კომფორტს გიქმნიან. ამ ეტაპზე კარგია, რომ ცოტა ხნით შესვენება მაქვს და საშუალება მომეცა, სხვა რამესაც დავუთმო დრო.

- რა პროფესიის არჩევას გეგმავ სამომავლოდ?

- ჩემი თავი წარმომიდგენია სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით მიზიდავს ქირურგია. მსახიობობაზე არ მიფიქრია, რადგან პერსპექტივას ვერ ვხედავ იმისას, რომ რაღაცას მივაღწევ. მსახიობის პროფესია უფრო, იღბალთან არის დაკავშირებული.

- პირველი შემოსავალი რაში დახარჯე?

GzaPress- სხვათა შორის, ეს არ იყო ჩემთვის პირველი შემოსავალი. ზაფხულში ახლობელს ვეხმარებოდი გამაგრილებელი სასმლის რეკლამირებასა და რეალიზებაში, ჩემი ფული მქონდა. მართალია, ცოტა, მაგრამ მაინც. რაც შეეხება ჰონორარს სერიალიდან, ტელეფონი გამოვიტანე განვადებით, დანარჩენს ბარათზე ვინახავდი და ყოველდღიურად მქონდა ჩემი ფული. ამ მხრივ ცოტა უფრო მეტი თავისუფლება ვიგრძენი.

- სერიალმა მეგობრებიც შეგძინა. ნუცას როლის შემსრულებელს, ანასტასია ზაუტაშვილს ვგულისხმობ - ფილმში მტრები ხართ, სინამდვილეში კი კარგი მეგობრები, ხომ?

- დიახ, კარგი მეგობრები ვართ, გადაღებებზე გავიცანით ერთმანეთი და აღმოვაჩინეთ, რომ შორეული ნათესავებიც ვყოფილვართ. ჩემი სამეგობროდან თითქმის ყველა დატვირთულია და კვირაში ერთხელ თუ ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას. ძირითადად, ჩემთან ვიკრიბებით - ვსაუბრობთ, კარტს ვთამაშობთ, სიმღერებს ვუსმენთ და ა.შ.

- კითხვა თუ გიყვარს?

- შეგნებულად არ ვკითხულობ, რადგან თუ კითხვა დავიწყე და დამაინტერესა, თავს ვეღარ ვანებებ და გაკვეთილები მოუმზადებელი მრჩება. ამ მხრივ მამაჩემს ვგავარ. ოღონდ ის ელექტრონულ ვერსიებს კითხულობს. მახსოვს, შარშან შევეკითხე, წელს რამდენი წიგნი წაიკითხე-მეთქი? დაახლოებით 290 და კიდევ 1000 მაქვს ჩამოტვირთულიო, - მითხრა. ასეთი ტემპით კითხვა მიყვარს მეც და ამიტომ ვცდილობ, წიგნს ახლოს არ გავეკარო (იცინის)...

ნინო ჯავახიშვილი