"მარტოხელა დედა" მქვია და ბავშვს ვზრდი - ეს ჩემთვის დიდ ძლიერებასთან ასოცირდება" - გზაპრესი

"მარტოხელა დედა" მქვია და ბავშვს ვზრდი - ეს ჩემთვის დიდ ძლიერებასთან ასოცირდება"

როგორც ქალების უმრავლესობას, შოპინგი ნინი ონიანსაც უყვარს. ეს მისთვის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი კარგი საშუალება გახლავთ, უფრო მეტიც - ნინი გამოგვიტყდა, რომ შოპოჰოლიკია და მცირე შენაძენმაც შეიძლება, განწყობა მკვეთრად გაუუმჯობესოს. ყველაზე მეტად, დედასთან ერთად შოპინგი მოსწონს. არ უყვარს, როცა კონსულტანტი ხშირად ეკითხება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო?.. "ქალურ-დიასახლისური" ამბები ცხადია, შოპინგის თემას გასცდა და ბევრ საინტერესო დეტალზე ვისაუბრეთ: სირთულეები, რასაც საქართველოში ქალები აწყდებიან; ქალური შური; შვილის აღზრდა; ბიზნესის მართვა და პაემანი, რომელზეც დიდი ხანია, არ ყოფილა...

- საკუთარ თავს ძლიერ ქალად მივიჩნევ, რადგან თუკი რამისთვის მიმიღწევია, ეს დამოუკიდებლად მომიხერხებია - არავინ არაფერში დამხმარებია. რაკი უკვე ქმარს დაშორებული ვარ, "მარტოხელა დედა" მქვია და ბავშვს ვზრდი, ეს ჩემთვის დიდ ძლიერებასთან ასოცირდება. ასევე, დიდ ძლიერებად მიმაჩნია, რომ ჩემი ბიზნესი წამოვიწყე, რომელსაც მარტო ვმართავ.

- ბიზნესის წამოწყება მეუღლესთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტე თუ ოჯახური თანაცხოვრებისას იდეა უკვე გქონდა?

- საერთოდ, ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა და მხოლოდ სხვისთვის არ მემუშავა - ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ: სხვისთვისაც აუცილებლად ვიმუშავებ, თუ ეს კინო, სერიალი, ტელევიზია იქნება... უბრალოდ, მსურდა, შემოსავალი მქონოდა, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ფეხმძიმობისას ბევრს ვფიქრობდი, რადგან რა თქმა უნდა, ფიქრისთვის უფრო მეტი დრო მქონდა, ვიდრე მანამდე ან ახლა მაქვს. ხან რა მოვიფიქრე, ხან - რა. ბოლოს ჩამოვყალიბდი. ბავშვი რომ გავაჩინე (უკვე ვაჟიკოსთან დაშორებული ვიყავი), ბიზნესი წამოვიწყე.

- ოდესმე შენი სქესი დაგხმარებია რამეში?

GzaPress- საერთოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ქალი იყო, მით უმეტეს - დამოუკიდებელი, რადგან ფაქტობრივად, ამისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. სიტუაცია უფრო რთულადაა, როდესაც მეტ-ნაკლებად პოპულარული ხარ, მეტ-ნაკლებად კარგი გარეგნობა გაქვს (იმედია, ხმამაღალ ნათქვამში არ ჩამითვლით), რაღაცას მიაღწიე... ქართველები ცოტა უცნაური ხალხი ვართ: რატომღაც, უმეტესობას სხვისი წარმატება არ უხარია. შესაბამისად, ამასთან შეჯახება ყოველდღე მიწევს - ყოველდღე ვგრძნობ, ჩემი კარგად ყოფნა ვის სიამოვნებს და ვის - არა... ყოფილა შემთხვევები, როცა თავი პრივილეგირებულად მიგრძნია, რადგან ქალი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს რამეში დამხმარებია: ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის. დამხმარებია კი არა, შეიძლება, პირიქით - ხელიც შეუშლია.

- რომელიმე შემთხვევის გახსენება შეგიძლია?

- ფილმის კასტინგზე მივსულვარ და მიგრძნია, რომ ცდილობდნენ ჩემს, ასე ვთქვათ, მონუსხვას იმისთვის, რომ შემდეგ როლი მიმეღო ან სადმე მუშაობა დამეწყო და ა.შ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. გამოვტრიალებულვარ და წამოვსულვარ.

- ეს სექსუალური შევიწროების მაგალითია?

- შეიძლება, ასეც ითქვას. ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა - ამას ვერავის დავაბრალებ, მაგრამ პატარ-პატარა მინიშნებები იყო, რაც პრინციპში, ჩემთვის უკვე სექსუალური შევიწროების ტოლფასია.

- ქალური შური გიგრძნია?

- რა თქმა უნდა. ამას სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვგრძნობ. ბოლო დროს ჩემი სამეგობრო წრე შევამცირე, რადგან ბევრი ადამიანი, ვინც ახლობელი მეგონა, როცა დამჭირდა, ჩემ გვერდით არ აღმოჩნდა. ახლა ვცდილობ, ნაკლებ ადამიანთან ვიურთიერთო - მხოლოდ მათთან, ვისაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი კარგად ყოფნა უხარია. ქალურ შურს რაც შეეხება: რაც უფრო მეტი ლამაზი ქალი იქნება, ამას რა ჯობია?

- ქორწინებას ხომ არ ნანობ?

- როგორ უნდა ვინანო, როცა ანგელოზივით შვილი მყავს?! დრო უკან რომ დავაბრუნოთ, ანალოგიურად მოვიქცევი, რადგან ჯერ ერთი, სიყვარულით გავთხოვდი (ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან, ძალიან მიყვარდა და ეს ნაბიჯი ამიტომ გადავდგი) და მეორეც - შვილი მყავს! ჩემი ქორწინება სწორი გადაწყვეტილება იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუკა არ იქნებოდა.

- შენი ბიჭუნას შესახებ გვიამბე.

- ლუკა მალე 10 თვის გახდება. ის ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი და მომავალია. დარწმუნებული ვარ, შვილი ყველა დედისთვის ასეთი ტკბილი და საყვარელია. ვერ წარმომედგინა, რომ დედამიწაზე ასეთი გრძნობა არსებობდა. უბედნიერესი დედა ვარ! მე და ლუკას მამა ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ვცდილობ, კვირის განმავლობაში შვილი ჩემთან იყოს, "უიკენდზე" - მამასთან. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ, სამსახურიდან სახლში მალე მოვიდე, რომ მე და ჩემმა შვილმა ერთად ბევრი დრო გავატაროთ. დილაობით აუცილებლად ადრე ვიღვიძებ, ბავშვი სასეირნოდ გამყავს.

- მას შემდეგ, რაც დედა გახდი, საკუთარ თავს რაიმე შეზღუდვები ხომ არ დაუწესე? ხომ არ ფიქრობ, რომ რაღაც "აღარ შეგეფერება"?

- არა. ყველაფერიც შემეფერება. ჯერ 28 წლის, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც - აქამდე. რა თქმა უნდა, იმის გამოკლებით, რომ წინათ თუ საღამოს მეგობართან ერთად სადმე გავიდოდი და 3 ჭიქა ღვინოს დავლევდი, ახლა მირჩევნია, სახლში, შვილთან ერთად ვიყო. საკუთარ თავს არც არაფერს ვუკრძალავ და არც ვფიქრობ, რომ რამე არ შემეფერება.

- ბავშვის აღზრდა-გაზრდაში ვინმე გეხმარება?

- დედა ძალიან მეხმარება. ასევე, ჩემი ყოფილი დედამთილ-მამამთილი - ნელი და გოჩა. ისინი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მხარში მიდგანან და რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ლუკა ძალიან უყვართ.

- რომანტიკული ხარ?

- რაც დრო გადის და ასაკი მემატება, თითქოს ნაკლებად რომანტიკული ვხდები, თუმცა არის წუთები, როცა სენტიმენტები შემომაწვება ხოლმე, თუმცა - უკვე არც ისე ხშირად. დღეს უფრო რეალისტი გავხდი.

- შენი აზრით, იდეალური ცოლქმრული ურთიერთობა როგორია?

- დედამიწის ზურგზე იდეალური არაფერი არსებობს. შესაბამისად, "იდეალური ცოლქმრობის" ცნება ჩემთვის გაუგებარია.

- კარგი. მაშინ გვითხარი - შენთვის სასურველი მამაკაცი როგორი უნდა იყოს?

- (იცინის) უკვე ამაზეც აღარ ვფიქრობ, ისე ვარ გადართული სხვა რამეზე... კარგი, გეტყვით: აუცილებლად ყურადღებიანი უნდა იყოს და ზრუნავდეს ჩემზე. თუ ვერ ვიგრძენი, რომ ის ჩემზე ზრუნავს და ცდილობს, კომფორტი შემიქმნას, ის ჩემთვის კაცად არ აღიქმება.

- პაემანზე ბოლოს როდის იყავი?

- (ფიქრობს) ხვდები, რომ არ მახსოვს? რადგან დავფიქრდი, ე.ი. დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. ამჟამად პაემნის დრო არ მაქვს და პრინციპში, არ არსებობს პიროვნება, ვისთანაც პაემანზე წავიდოდი.

- სოციალურ ქსელში უხამს შეტყობინებებს იღებ?

- უიმე, დედა, რამდენიც გაგიხარდება! როგორი სტილით, შინაარსით გინდა, აბსოლუტურად ყველანაირი შეტყობინება მომდის.

- პასუხობ?

- არა, რა სისულელეა! როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს უპასუხო? ამას წინათ, "ფეისბუკზე" დავწერე კიდეც: ჩემი "ინბოქსის" მესიჯები ბროშურებად უნდა გამოვცე, თქვენც ძალიან გაერთობით და მეც ფინანსური შემოსავალი გამეზრდება-მეთქი (იცინის). ასე რომ, ამაზე ვიფიქრებ.

- ვიდრე ბროშურას გამოსცემ, იქნებ რომელიმე, შედარებით კორექტული მესიჯის შინაარსი გაგვიზიარო?

- ამას წინათ, ერთმა ადამიანმა მომწერა. შეტყობინება ასე იწყებოდა: "ნინი, ჩემო მბრძანებელო, მინდა, დაგიკოცნო ფეხები..." რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. განაგრძო: "...ხელები, ცხვირი, პირი". ისევ არ ვუპასუხე და კვლავ გააგრძელა: "მიყვარხარ. შენზე ლამაზი ქართველი არ გვყავს". მერე მომწერა, - ტრანსები გევასებაო? ვერ მივხვდი, გენდერი იგულისხმა თუ მუსიკა. ამაზეც რომ არ ვუპასუხე, ბოლოს მომწერა: "შენზე ყველა ცუდს საუბრობს". მაწყენინა (იცინის). ცოტათი კორექტული მესიჯი ეს არის, დანარჩენის ხმამაღლა თქმა უბრალოდ, არ ღირს.

- კომფორტს რა გიქმნის?

- პირველ რიგში, სიმშვიდე.

GzaPress- 28 წლის ქალს კარგ ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- საერთოდ, იმისთვის, რომ ისე გამოიყურებოდე, როგორც თავად გინდა, სოლიდური თანხებია საჭირო, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს: მთავარია, ადრე დაიძინო, სწორად იკვებო, ცოტა ივარჯიშო და ბევრი წყალი დალიო. ამას თუ გავაკეთებთ, დამატებითი საშუალებების გამოყენება ბევრად იაფი დაგვიჯდება.

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ხშირად სტუმრობ?

- არა. ერთადერთი, სახის გაწმენდის პროცედურის ჩასატარებლად თუ მივალ. გენეტიკურად, თმაც და სახის კანიც კარგი მაქვს. რადგან ბევრ წყალს ვსვამ, ალბათ, ესეც მეხმარება, რომ ბუნებრივად კარგად გამოვიყურებოდე.

- მელანქოლიას როგორ უმკლავდები?

- ცხოვრების საშუალება ერთხელ გვეძლევა. რეინკარნაციის და მსგავსი რაღაცების არ მჯერა (იცინის). საერთოდ, მელანქოლიური ვარ, მაგრამ რამდენჯერაც ასეთი ფიქრები შემომეპარება, პირველ რიგში, ჩემს შვილს ვუყურებ და ყველაფერი მავიწყდება; მეორეც: საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნები, - ერთხელ მოდიხარ და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიიღო, მელანქოლიის დრო არ არის-მეთქი.

- ოდესმე, სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- არა. უბრალოდ, ფეხმძიმობის პერიოდში ცოტათი დეპრესიული გახლდით, რადგან ძველებურად აქტიური ვერ ვიყავი, მაგრამ სასოწარკვეთილი დიასახლისი არასოდეს ვყოფილვარ.

- როგორ ფიქრობ, რა სურთ ქალებს?

- არ ვიცი. თავად ქალი ვარ და ქალების არ მესმის. ზოგი იმას იღებს, რაზეც ამბობს, რომ უნდა, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თურმე ეს სულაც არ სურდა... სამაგიეროდ, მე რა მსურს, ეს ვიცი.

- რა გსურს?

- პირველ რიგში, მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მშვიდი და ლამაზი ცხოვრება მინდა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ: აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნებს!..

ეთო ყორღანაშვილი