"22 წელია, თეატრის სცენაზე არ ვმდგარვარ. ახლა კი მიხარია, ვღელავ და მეშინია..."
font-large font-small
"22 წელია, თეატრის სცენაზე არ ვმდგარვარ. ახლა კი მიხარია, ვღელავ და მეშინია..."
ზაზა კოლელიშვილი კადრს მიღმა

თეატრალურ ინსტიტუტში როცა ჩააბარა, სამსახიობო გამოცდილება უკვე ჰქონდა. 18 წლისამ "ნატვრის ხეში" შეთეს როლი შეასრულა. მერე იყო "მიმინო" და კიდევ ორი ფილმი - ლიტვისა და "მოსფილმის" კინოსტუდიებში. პირველ კურსზე სწავლა დაიწყო და ოთხივე ფილმი მაშინ გამოვიდა ეკრანებზე, იმ დღიდან იწყება ზაზა კოლელიშვილის პოპულარობაც. გამორჩეულად რამდენიმე როლი უყვარს, მათ შორისაა: შეთე, მურტალო "კუკარაჩადან", გიჟი აჩიკო ფილმიდან "ათოვდა ზამთრის ბაღებს"... სურვილი აქვს საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყოს. თავს გრაფიკოს-სცენიკოსს უწოდებს, რადგან თეატრის დეკორაციების შექმნა უყვარს. ხატვაც ძალიან უყვარს, თუმცა ამისთვის დრო ნაკლებად რჩება.


სცენაზე ბავშვობიდან
GzaPress- ბავშვობაში ჩემთვის სცენა გამოუცნობი სამყარო იყო, კინო - კიდევ უფრო იდუმალი რამ. კულისებში ვიდექი და სცენაზე რასაც ვუყურებდი, ჯადოქრობა და ზღაპარი მეგონა, გაოცებული ვიყავი. სპექტაკლის ყურება დარბაზიდან მიყვარდა, თავს ზეაღმატებულად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, იქ რაღაც საოცრებები ხდებოდა. პატარაობიდანვე მომიწია თელავის თეატრის სცენაზე დგომამ. თამაშობებით მიმაჩვიეს სცენას, მეც მიხაროდა ყველაფერი და დიდი მონდომებით ჩავერთე იმ თამაშში, რასაც მსახიობობა ჰქვია. ასე იბადებოდა და ძლიერდებოდა სცენის მიმართ სიყვარული. მესამეკლასელმა ვითამაშე შვილების როლი სპექტაკლებში "მედეა" და "თევდორე". სხვათა შორის, როცა თეატრები თელავში გასტროლებზე ჩამოდიოდა, ბავშვების როლების სათამაშოდ გვეძახდნენ ჩვენ: ხან მე, ხან მაია ბურბუთაშვილს (დუტა სხირტლაძის დედას) ან ლევანს. ასე რომ, პატარა ასაკში გორის და ახალციხის თეატრების დადგმებშიც მითამაშია. ბიძაჩემი გია მატარაძე მსახიობი იყო და მისი წყალობით რუსთაველის თეატრის სპექტაკლებს ბავშვობაში ძალიან ხშირად ვესწრებოდი, მერეც, რა თქმა უნდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს სპექტაკლი "მეტეხის ჩრდილში"...

სწავლა და გამოცდილება
- ერთი წელი სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. იმავე პერიოდში რუსთაველის თეატრში ბუტაფორიის საამქროში ვმუშაობდი. მახსოვს რობიკოს სპექტაკლების "ყვარყვარეს" და "ხანუმას" რეპეტიციები. მაშინ ხელისუფლებამ "ყვარყვარეს" ცენზურა დაადო. სპექტაკლის გასინჯვა რამდენჯერმე მოეწყო. ბოლოს და ბოლოს, დართეს უფლება, რომ ეთამაშათ. სამხატვრო აკადემიიდან რაღაც ინციდენტის გამო გამრიცხეს. შემდეგ თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე. პრაქტიკას გავდიოდი, როცა მივხვდი, სკოლაში ვერ ვიმუშავებდი. მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას ვუხსნიდი და არ მისმენდნენ. მაშინ ვთქვი: ჩემი საქმე მსახიობობაა და არა პედაგოგობა-მეთქი. დიპლომი აღარ დავიცავი. გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში შევსულიყავი. გამოცდები კარგად ჩავაბარე და სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. რადგან რამდენიმე საგანში სახელმწიფო გამოცდა უკვე ჩაბარებული მქონდა, ყველა ლექციას არ ვესწრებოდი. დავდიოდი მსახიობის ოსტატობის, მეტყველების, სასცენო მოძრაობისა და თეატრის ისტორიის ლექციებზე. სტუდენტებს ფილმებში გადაღებას გვიშლიდნენ, მაგრამ ამასაც ვახერხებდი თავისუფალ დროს და ძირითადად, არდადეგების პერიოდში. თეატრალური ინსტიტუტი ოსტატობისკენ მიმავალ გზას გიჩვენებს, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, კიდევ ყისმათზე და ცოტაც - რეჟისორებზე. მესამე კურსიდან რობიკომ რუსთაველის თეატრში მიმიყვანა, თუმცა თელავის თეატრის ჯგუფში ვიყავი. ჩემთვის პირველი სპექტაკლი იყო "ბედნიერი ბილეთი", რასაც სხვა როლები მოჰყვა. ყველაზე დიდ მიღწევად "კავკასიურ ცარცის წრეში" სიმონ ჩაჩავას როლზე დუბლიორად ყოფნა მიმაჩნია. ქალბატონებმა: იზა გიგოშვილმა, ბელა მირიანაშვილმა და ბატონმა ბადრი კობახიძემ ურჩიეს რობიკოს ამ როლზე ჩემი შეყვანა. პირველად ეკატერინბურგში გასტროლებზე ვითამაშე, იქ მოხდა როლის ნათლობა. თათული და იზა ყოველი სპექტაკლის წინ მამხნევებდნენ, რამაზი კი "მაფუჭებდა" - ეს ჩაჩავა კახელი რომ არისო? - ჩაიბუტბუტებდა ხოლმე. მერე თელავში დავბრუნდი, ჩემი ჯგუფიდან ყველა იქ წავიდა სამუშაოდ და მეც შემრცხვა. ოთხი წლის მანძილზე ნაყოფიერად ვიმუშავე, ბევრი მთავარი როლი შევასრულე. რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ ძლიერი დასი შეკრიბა.

ის, რის გარეშეც არაფერი გამოვა
- "ნატვრის ხის" გადაღებებზე ყველაფერი მხოლოდ ბატონი თენგიზის ნება-სურვილის მიხედვით ხდებოდა, თუმცა, ეს უზურპატორობას არ ნიშნავდა. იგი ჯგუფს ყოველდღე პურ-მარილს უშლიდა, თვითონ ერთ ჭიქას დალევდა და წავიდოდა, სამუშაო მაქვსო. ჩვენ ვაგრძელებდით ქეიფს, მაგრამ ყველანი დილის 8 საათზე ავტობუსში ვისხედით და 9-ზე გადაღებას ვიწყებდით. დისციპლინა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვქონდა. მახსოვს, გადაღების ხუთ დღეზე 13 მანეთი და 50 კაპიკი გვეძლეოდა. ერთხელ ახალგაზრდებმა ფული შევკრიბეთ და ოთახში პურ-მარილი გავმართეთ. ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კოტე დაუშვილი მოვიპატიჟეთ. სუფრას რამაზი და ეროსი უძღვებოდნენ, საოცრება იყო. ქალბატონი სესილია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სოფიკო ჭიაურელი შემოგვიერთდნენ. ქალბატონმა თინა ბურბუთაშვილმა კახეთიდან ჩამოტანილი პურ-მარილი შეგვმატა. იყო სიმღერა, ლექსი... და ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის

შემოქმედებითი სკოლა და ზეიმი!
GzaPressწლების შემდეგ კინორეჟისორი გავხდი. კინოგადაღების დროს, კამერის წინ ვიქნები თუ მის უკან, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც ვენდობი, ესენია: მეორე რეჟისორი, კასტინგის რეჟისორი, რეჟისორის თანაშემწე. როცა კამერის წინ ვარ, ჩემს თამაშს გამოცდილი თვალი აკონტროლებს. საერთოდ, კინოსა და თეატრში ვერაფერს შექმნი, თუ მეგობრული შემოქმედებითი ჯგუფი არ გყავს და თუ ყველა წევრს ხელშეწყობა არ ექნება. პირველ რიგში, მსახიობი ვარ და კარგად ვიცი, თითოეულ მსახიობს რა სტკივა. ბევრჯერ მიწევს კომპრომისზე წასვლა, დათმობა, რადგან ამის გარეშე არაფერი გამოვა.

წინაპრები
- დედაჩემის - ნუნუ მატარაძის პაპამ, ვიქტორ მატარაძემ ნაძალადევის მუშათა თეატრი დააარსა, მასთან ერთად იყო იოსებ გრიშაშვილი. მოგეხსენებათ, პოეტი სიჭაბუკეში მსახიობი გახლდათ. მანამდე ვიქტორი ქუთაისის თეატრში მუშაობდა, სადაც მნიშვნელოვანი როლები შეასრულა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სიღნაღის თეატრი, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. თეატრმცოდნე გახლდათ პაპიდა თინა მატარაძე. ის ქუთაისის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ მუშაობდა, როცა გიგა ლორთქიფანიძე იყო ხელმძღვანელი. პაპაჩემი ვახტანგ ჩელთისპირელი-მატარაძე, ფაღავას სტუდიის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრმა მიიწვია, მაგრამ ფოთელი კაცი იყო და იქ წავიდა სამუშაოდ. ფოთის თეატრში მცირე ხანს დაჰყო, შემდეგ ჭიათურის თეატრში წავიდა, სადაც ლიტერატურული ნაწილის გამგე ლევან გოთუა გახლდათ. ისინი მეგობრები იყვნენ, ლევანი პაპას მეჯვარე იყო. მახსოვს ლევან გოთუა გადასახლებიდან ჩამოსვლის მერე, ჩვენთან რომ მოვიდა. მის მუხლებზე ვიჯექი, როცა "გმირთა ვარამიდან" (ციხეში დაწერა) ნაწყვეტებს უკითხავდა პაპაჩემს. ეს ფაქტი ჩემი ცხოვრების საამაყო მომენტია. პაპა ერთხანს სანკულტურის თეატრშიც თამაშობდა, 1933 წლიდან კი თელავში გადავიდა და საბოლოოდ, ამ ქალაქში დაფუძნდა. იყო თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, წამყვანი მსახიობი. გასტროლზე ვინც ჩამოდიოდა, ყველა აუცილებლად ჩვენი ოჯახის სტუმრები იყო. ვინ არ ყოფილა ჩვენთან: სერგო ზაქარიაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ბუხუტი ზაქარიაძე... თამადა ბატონი სერგო იყო ხოლმე...

22 წლის შემდეგ
GzaPress- დაახლოებით ორი წელია, მე და ჩემი მეუღლე ნათია გოგოჭური თეატრში ვართ, რომლის ძირითადი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის მომსახურება. თეატრი ათ წელზე მეტია, არსებობს და მისი დამფუძნებელია ქალბატონი მანანა ოკუჯავა. ჩვენ ვარჩევთ რეპერტუარს სასკოლო პროგრამის გათვალისწინებით. დღეს გვაქვს პრემიერა, წარმოვადგენთ გოდერძი ჩოხელის რამდენიმე მოთხრობის მიხედვით შექმნილ დადგმას - "სულის პეპელა". წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან ამ თეატრს და ბავშვებსაც. მე ვარ სპექტაკლის რეჟისორი, მხატვარი და ერთ-ერთი როლის - ჯღუნას შემსრულებელი. ჩემთვის დაუვიწყარია ამ სპექტაკლის რეპეტიციები. ძნელია როლსა და დადგმაზე ერთდროულად მუშაობა. მხარში მეუღლე ამომიდგა, დარბაზში იჯდა და კრიტიკულად მიყურებდა. თან, გოდერძი ჩოხელი ჩემი მეგობარი და ძმაკაცი იყო, მინდოდა სათქმელი ისე გამომეხატა, რომ მის სულს არ სწყენოდა. ჩოხელის გვერდით ვიდექი ბევრ ფილმზე მუშაობის დროს. "მგელს" რომ იღებდა, ყოველდღე დავდიოდი გადაღებაზე. გოდერძის უნდოდა ერთ ეპიზოდში მე მეთამაშა, მაგრამ ეს აღარ მოხდა. 22 წელია, თეატრის სცენაზე არ ვმდგარვარ. მიხარია, ვღელავ და მეშინია კიდეც, რადგან საპასუხისმგებლოა ბავშვების წინაშე გამოსვლა... შემდეგ მინდა, "სიზმარა" დავდგა. ვინაიდან თეატრს დაფინანსება არა აქვს, ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ. "სულის პეპელა" არის პირველი სპექტაკლი, რომელიც მერიის კულტურის სამსახურმა დააფინანსა, რისთვისაც მადლობას ვუხდით.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი "პინოქიო" თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
რის მიხედვით შეურჩია გვანცა დარასელიამ შვილს სკოლა
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ხალხი ჩემს ქალაქში - ქუთაისშია - ამას სრულიად გულახდილად ვამბობ. ვიცი ამ ქალაქს რა მდიდარი კულტურა, ისტორია აქვს!..
როგორ დაუმეგობრდა ბაზუკას მოცეკვავე
"პუტინს "ვიხსენებდით" ერთიანი ძალებით"
კვირის სიახლეები
"ხანდახან ცოტათი "შემეგინებინება" ხოლმე"
თამაზ მეჭიაურის გულახდილი ინტერვიუ
4 კომენტარი
"ჯარისკაცებს მაინც არ დავანახვე ცრემლები..." - რით დაემუქრა ბაჩო ახალაია ქართველ მებრძოლს
"ნაციონალურ მოძრაობაში" დღემდე ბევრი მეგობარი მყავს"
0 კომენტარი
გოჩა აბულაძის დებიუტი არენა დი ვერონას სცენაზე
გოჩა აბულაძე უკვე რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ამჯერად ის იტალიაში იმყოფება.
2 კომენტარი
"პლაჟზე კი არა, სარკესთან ვერ ვიხდიდი..."
როგორ დასძლია კომპლექსები გაპრანჭვის მოყვარულმა "პრეზიდენტმა"
2 კომენტარი
"უკან მიხედვის ნამდვილად არ მრცხვენია"
რატომ გადაწყვიტა ნინი შერმადინმა შვილის ამერიკაში წაყვანა
3 კომენტარი
სად იციან საუკეთესო სტუმარმასპინძლობა
რატომ უნდა მოჰყვებოდეს სამეგრელოში გაკეთებულ კატლეტს ვენტილატორი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
სვანი მაჩო, რომელიც განათლებულსა და ჭკვიან ქალს ეძებს
დავით ქურდიანმა პირველი ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ატვირთა და მეორე დილას გაოცდა, იმდენი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდა სიმღერას.
11 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი
"დამეხმარეთ, გადამირჩინეთ ერთადერთი შვილი"
დათო ავარიაში 2 თვის წინ მოხვდა...
6 კომენტარი
მალე შეხვედრამდე, ქართველებო ანუ "ჰეფი ქალარ ჩეინჯინგ"!!!
ვინც წლებია, ჩვენს ჟურნალს კითხულობს, ალბათ ახსოვს, რუბრიკა "გზავნილები" და მისი ერთ-ერთი აქტიური და ნიჭიერი მონაწილე, ულიბკა.
0 კომენტარი