ნიკა ქაცარიძის სიყვარული და კომპლექსები - გზაპრესი

ნიკა ქაცარიძის სიყვარული და კომპლექსები

"ის გოგო გონებითა და გულით მიყვარდა, მაგრამ დანახვის მეშინოდა. როცა მელაპარაკებოდა, სულ გავურბოდი, საქმეს ვიმიზეზებდი. დიდ კოცონს რომ დაანთებ და აბრიალდება, მერე შეშა თუ არ დაამატე, ჩაქრება. აი, ის გრძნობაც აბრიალებული კოცონივით ჩაქრა, მერე გონებასაც გადაავიწყდა, გულსაც", - ასე იხსენებს პირველ სიყვარულს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. რას ფიქრობს დღეს ამ გრძნობაზე, რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, რა დარიგება ახსოვს შალვა გაწერელიასგან და რისი ეშინია? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 29 ნოემბერი.

- ბავშვობაში...

GzaPress- ...როგორც ყველა ბავშვი, მეც მეხანძრეობასა და პოლიციელობაზე ვფიქრობდი. იმ ასაკში ალბათ, მსახიობობაც მინდოდა... ჯერ გაუცნობიერებლად ვთამაშობდი, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პაროდიების გაკეთება შემეძლო. ვმღეროდი, ვცეკვავდი. ამბობდნენ, არტისტული ბავშვიაო. მოგვიანებით მივხვდი, რთულ და ფსიქოლოგიურად ძალიან ღრმა პროფესიას შევეჭიდე, მაგრამ არასდროს მინანია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი ბიჭიაო. ყოველ შემთხვევაში, ეს სიტყვები მესმის და ზურგს უკან რას ლაპარაკობენ, ეგ არ ვიცი. ოჯახში ჩემზე გიჟდებიან, რადგან მხიარული ვარ და დედას, მეუღლეს, ბავშვს ვართობ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი. ჩემი გოგონა წლისა და 4 თვის არის. ძალიან კარგი მამა ვარ. შემიძლია ბავშვს დამოუკიდებლად, პროფესიონალი ძიძასავით მოვუარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კეთილი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. ნებისყოფა არ მაქვს, რომ გავხდე. საქმის მიმართ უნებისყოფობა არ მჩვევია, მაგრამ წონას რა მოვუხერხო, არ ვიცი.

- არ მჩვევია...

- ...ბოროტების კეთება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ....ალბათ მაშინ იყო, როცა 4 წლის მცდელობის შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. ვიღაც რეჟისორს მოვწონდი, ვიღაცას არა. ალბათ ჩაწყობებიც იყო, მამაჩემს კი ფული არ ჰქონდა... ეს ძალიან დიდ სტიმულს მმატებდა, არ მთრგუნავდა. 4 წელი რომ ცდილობ, რაღაც გააკეთო, ე.ი. ძალიან გინდა.

- მეშინია...

- ...ომის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...წონაში დავიკლებდი, 21 კილო მაქვს მომატებული... გარეგნობაში ალბათ, პატარა ცვლილებებს შევიტანდი, მაგრამ ასეთიც მოვწონვარ ხალხს. მსახიობისთვის მნიშვნელოვანია იყო ტიპაჟი. მთლად მოდელის გარეგნობაც არ არის საჭირო. ცოტა გროტესკული უნდა იყო.

- დღემდე ვერ ვისწავლე...

- ...ზომიერება, მაქსიმალისტი ვარ. გავბრაზდები და მტერს ჩემი გაბრაზება. თავდაუზოგავად ვმუშაობ, ვსვამ ბოლომდე ან საერთოდ უარს ვამბობ...

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...კი არა და, უფრო მაკომპლექსებს სოციალურ ქსელში კომენტარები. ამ ქვეყანაში კრიტიკა და ლანძღვა ერთმანეთში აქვთ არეული და ეს ჩემზე მოქმედებს. რამდენ ტკივილს უნდა გაუძლოს გულმა? სოციალურ ქსელში "ჩემი ცოლის დაქალების" გვერდზე შემთხვევით ჩემი და პაატა გულიაშვილის პერსონაჟ ბარხატაშვილებზე კომენტარები წავიკითხე. ისეთი სიტყვები ეწერა, შევშფოთდი. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ზღვარს გადადიან? უკვე მხოლოდ პერსონაჟებს კი არა, მსახიობებსაც გვეხებიან. სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება ნეგატიური ამბებით იკვებება. ამით საზრდოობენ, თითქოს სიამოვნებას იღებენ. არაჯანმრთელი გარემოა და ეს თითქოს მაკომპლექსებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ეს რთულია. მერე გიჭირს, იფიქრო პოზიტიურად. ეს რომ შეძლო, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი და გაწონასწორებული უნდა იყო. ჩემი ფსიქიკისა და ემოციის მქონე ადამიანისთვის ძნელია.

- ვნანობ, რომ...

GzaPress- ...შემეძლო ბევრი მესწავლა, შეიძლებოდა დღეს თავისუფლად მცოდნოდა 5 უცხო ენა და არ ვიცი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სისუსტეების მეტი რა მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდ სისუსტედ იმას მივიჩნევ, რომ სიმართლეს "ცივად" ვამბობ. თუ არ ვამბობ, სახეზე მაწერია. ეს ცუდია. წარმოიდგინე, რამდენ ადამიანს ეყვარები, ყველას სიმართლე რომ უთხრა.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია. მგონია, რომ არ ვიმსახურებ, ვიძაბები. ამიტომ არ მიყვარს დაბადების დღის გადახდა: ზოგჯერ შექება მეტი მოსდით და ვითრგუნები, უხერხულობას მიქმნის. მსახიობები კომპლექსიანი ხალხი ვართ. სცენაზე რომ გავდივარ, ამ თვისებას ვიღაც პერსონაჟს "ვტენი" და მერე ლაღი ვარ.

- პატიება შემიძლია...

- ...ნებისმიერ შემთხვევაში, ღალატის გარდა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...შანსი რომ მქონდეს, გამოვასწორებდი. ყველაზე ცუდი ის შეცდომებია, რომელსაც ვეღარ გამოასწორებ, მაგრამ შეგიძლია მოინანიო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...დამოკიდებულებები, ვისწავლე როგორ უნდა მოვიქცე სხვადასხვა სიტუაციაში. ჩვენ ხომ თავიდან ჭამაც არ ვიცით, გვასწავლიან, მერე დანა-ჩანგლის გამოყენებას ვსწავლობთ, ხელი რომ მეწვება, უთოს აღარ ვადებ...

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ "ჯარისკაცის მამას" ვუყურებდი. ეს ის ფილმია, რომელიც ჩემში ყოველი ნახვისას მძაფრ ემოციებს იწვევს. სენტიმენტალური ვარ. ფილმების ნახვისას, პერსონაჟთა განცდების თანაზიარი ვხდები და მერე ჩემი მდგომარეობა მომწონს; ისიც მსიამოვნებს, რომ მეტირება, ე.ი. ჩემში რაღაც ადამიანური არის დარჩენილი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, ჭორიკანებს, ამბის მიმტანებს, ცუდ კაცებს... საშინელი ადამიანი ვხდები, ვიგინები. როგორ მინდა, ერთხელ ეს ვინმემ გადაიღოს და მერე მაჩვენოს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დიდი ფულის პატრონი. ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი; ბავშვებს, მოხუცებს, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი.

- სიყვარულია...

- ...როცა საღამოს შინ მეუღლე, შვილი და დედა მელოდება. იგივე ადრე რომ გეკითხა, ვიტყოდი, სიყვარულია ფერია გოგო, ძალიან ლამაზი, რომელიც სადღაც არის და შეიძლება შენი გახდეს. სხვაგვარად მეოცნებე ვიყავი.

- ჩემი მეუღლე გახლავთ...

- ...ნინო ბერიძე, პროფესიით არქიტექტორი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ ემოციას ვერ გამოვხატავდი. იმ ადამიანის დანახვა არ მინდოდა, ვერ ვუყურებდი. ის გოგო გონებითა და გულით მიყვარდა, მაგრამ დანახვის მეშინოდა. როცა მელაპარაკებოდა, სულ გავურბოდი, საქმეს ვიმიზეზებდი.

- ვრისკავ, როცა...

- ...ზუსტად ვიცი, რომ რისკი გაამართლებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დედა მსაყვედურობს, რომ ფიცხი ვარ და მოვლენებს მძაფრად აღვიქვამ.

- თავისუფლება...

- ...ეს არ არის ყველაფრის უფლება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ არა თავხედი.

- როცა მარტო ვარ...

- ...სულ ვოცნებობ, ვფიქრობ მომავალზე, ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავ. ჩემი ფიქრები ყოველთვის პოზიტიურია.

- ბედისწერის...

- ...არსებობის მჯერა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...სპორტსმენი. ბავშვობაში სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი.

- ვჯიუტდები, როცა...

GzaPress- ...ვიცი, მართალი ვარ და საპირისპიროს მიმტკიცებენ. მტყუანი თუ ვარ, ამის აღიარება და ბოდიშის მოხდა შემიძლია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვერთობი კომპიუტერული თამაშებით. ეს ერთგვარი რელაქსაციაა. დაძაბულობის მოხსნაში მეხმარება თეატრი. საკმარისია, ამ შენობაში შემოვიდე, ცუდზე ვეღარ ვფიქრობ. აქ უფრო ამაღლებული, თბილი, სიყვარულით სავსე აზრები მოდის. მსახიობების დიალოგები, მოგონებები, თავს გადახდენილი ამბები მესმის და ეს პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ, მაგრამ დედის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...თეატრალურში მოსახვედრად 4 წელი ხომ ვიწვალე, მერე აკაკი გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. ამ გენიალურმა ადამიანმა ერთხელ გვითხრა, შეიძლება მაგარი მსახიობი ვერა, მაგრამ პატიოსანი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველამ ერთად ვცადოთ, ვიყოთ კეთილები და სასწაულის გვჯეროდეს!

თამუნა კვინიკაძე