"ჰოლივუდის მსახიობობაზე ვოცნებობდი..." - გზაპრესი

"ჰოლივუდის მსახიობობაზე ვოცნებობდი..."

"ადამიანებს შეგვიძლია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და დიდ წარმატებასაც მივაღწიოთ, თუ ამის ძალას ვიპოვით საკუთარ თავში. სწავლა გვიანი არასდროს არის", - ამბობს მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე, რომელსაც დასახული მიზნის მისაღწევად ზოგჯერ გარისკვაც უწევს...

- ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გამოუცდია წარუმატებლობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივი საკუთარი თავის განვითარებისთვის. წარუმატებლობის გემო თუ არ იცი, წარმატებას ვერ შეიგრძნობ ისე, როგორც საჭიროა.

- ხშირად ვწუწუნებთ, თუ რა ხანმოკლეა ცხოვრება... რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ადამიანებს ცხოვრებაში ისეთი პასუხისმგებლობები აქვთ, რაც აიძულებთ, აკეთონ ის, რაც არ მოსწონთ. ასევე, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ტერმინი - "რას იტყვის ხალხი?" რის გამოც საკუთარ ოცნებებსა თუ სურვილებზე ხშირად უარს ამბობენ. და კიდევ, არასწორად არჩეული პროფესიაც არის ამ ყველაფერის მიზეზი - ამის გამო ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

GzaPress- რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?

- უფრო მეტად თავდაჯერებულს გავხდიდი საკუთარ თავს. რატომღაც მგონია, რომ ეს თვისება უფრო მეტს გამაკეთებინებდა, ვიდრე დღეს ვაკეთებ.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ალბათ, ისევ ის პროფესია, რომელიც ავირჩიე - მსახიობობა ან ოპერის მომღერლობა.

- საქმეს ყოველთვის თავდაჯერებული აკეთებ?

- ხშირ შემთხვევაში, იმას ვაკეთებ, რისიც მჯერა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის? ხანდახან რაღაცებს ვრისკავთ, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საკუთარი შესაძლებლობების.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, ასეთ შემთხვევაში რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- სწორად გამოვიყენებდი დროს. არ მივანიჭებდი მნიშვნელობას წვრილმანებს, ბევრს ვიმოგზაურებდი, უფრო გახსნილად გამოვხატავდი საკუთარ გრძნობებს საყვარელი ადამიანების მიმართ. პრინციპში, ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია, თუ გავიაზრებთ, რომ ცხოვრება მართლაც ძალიან ხანმოკლეა.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- შეუძლებელია ადამიანმა თავისი ცხოვრება 100%-ით გააკონტროლოს, რადგან მჯერა ბედისწერის; ცხოვრებაში რაღაცები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. თუმცა, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია გააკეთოს არჩევანი.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- ალბათ, დავარღვევდი... გააჩნია კანონს. რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება თქვა, რომ აუცილებლად დაარღვევ კანონს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა ეს ვერ გააკეთო, ვერ გაბედო, შეგეშინდეს... მე მინდა, რომ ვიყო ძლიერი და ამიტომაც, ყველანაირად შევეცდებოდი საყვარელი ადამიანის გადარჩენას.

- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?

- ერთი შეხედვით, არაფრით, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირადად მე, გამუდმებით ვმღერი და ალბათ, ამით ვარ სხვებისგან განსხვავებული (იცინის).

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია...

- პატარა რომ ვიყავი, მსახიობობა მინდოდა - ეს ავისრულე, თუმცა მე ჰოლივუდის მსახიობობაზე ვოცნებობდი... გავიზარდე და მივხვდი, რომ ეს რთული გზაა. ვფიქრობ, იღბალიც საჭიროა, მაგრამ არ უნდა იჯდე და ელოდო იღბალს, უნდა იმოქმედო... პირველ რიგში, საჭიროა დიდი შრომა, რათა მიაღწიო სასურველ შედეგს. რაღაცნაირ ზღაპრულ სიყვარულზე ვოცნებობდი და მინდა გითხრათ, რომ კიდევ ვოცნებობ.

- რომ შემოგთავაზონ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლა, სად წახვიდოდი?

- სხვა ქვეყანაში სამუდამოდ წასვლა ძალიან გამიჭირდებოდა. მიფიქრია ამ საკითხზე და რთულად მეჩვენება ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან შორს ყოფნა. ამჟამად კონსერვატორიაში ვსწავლობ და სამომავლოდ ვფიქრობ, სწავლის გასაგრძელებლად სადმე გავემგზავრები. იტალიაში სიამოვნებით წავიდოდი.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად, რამდენჯერმე აჭერ თითს, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო მალე მოვა?

- (იცინის) კი, ალბათ... მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ამ დროს ნებისყოფის ნაკლებობას უფრო განვიცდით.

- რომელს ისურვებდი იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

- ყველა ადამიანს უნდა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი დარჩეს ამქვეყნად. გენიოსობა რთულ ცხოვრებას გულისხმობს, მაგრამ ალბათ, მაინც ღირს დაიბადო გენიოსად! ისე, სულელი ბედნიერიც ვიქნებოდი.

- ისურვებდი ისეთი მეგობრის ყოლას, როგორიც თავად ხარ სხვებისთვის?

- დიახ, ვისურვებდი, რადგან ვფიქრობ, მაქვს ის თვისებები, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ კარგი მეგობარი ვარ.

- რომელს ისურვებდი: შენი ყველაზე ახლო მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად თუ ახლოს გყავდეს და შეწყვიტო ურთიერთობა?

- ახლოს იყოს და არ მქონდეს ურთიერთობა - ასე სჯობს.

- ყველაზე მეტად, რის გამო ხარ სამყაროსადმი მადლიერი?

- მადლიერება საოცარი რამაა. კარგია, როცა ადამიანს მადლიერების გრძნობა გააჩნია. რომ გითხრა, მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ყველა ძვირფასი ადამიანი ჯანმრთელი და უვნებელი მყავს-მეთქი, ბანალური იქნება. ვფიქრობ, ყოველი ადამიანი მადლიერი უნდა იყოს იმ ნიჭის, უნარებისა და შესაძლებლობების, რომლითაც სამყარომ დაასაჩუქრა, რათა ემსახუროს საყვარელ საქმეს. ვფიქრობ, სამყარომ მეც დამასაჩუქრა.

- რომელს აირჩევ: ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოპოვებას?

- ალბათ, ახლის მოპოვებას. ძველს ისედაც დრო შლის და გავიწყებს. წყენის გულში ჩადება და დაბოღმვა არ მჩვევია. ყოველთვის ვცდილობ, ცუდი დავივიწყო და სასიამოვნო გავიხსენო.

- შესაძლებელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- ხშირად, სიმართლის დამტკიცებას ბრძოლა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ მჯერა, სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება, არ დაიმალება.

- შენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გამხდარა?

- არა, არასოდეს. რეალობა, რომელშიც ვარ, ჩემი ცხოვრებაა... არასდროს არაფერს ვუშინდები და არ ვნებდები. მაქვს ბრძოლის უნარი და ფარ-ხმალს არასდროს ვყრი.

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

GzaPress- ჩემი ოჯახი და თავად ჩემი ბავშვობა ბედნიერი მოგონებაა.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი გაქვს?

- ნამდვილად არაა ასე. შეგიძლია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაიწყო ყველაფერი თავიდან, თუ ამის ძალას იპოვი საკუთარ თავში და მიაღწიო დიდ წარმატებას - ამის არაერთი მაგალითი არსებობს...

- ახლა წინ მილიონი დოლარი რომ დაგიდონ და გითხრან, აიღე, მაგრამ სამსახური უნდა მიატოვოო, როგორ მოიქცევი?

- (იცინის) არავინ დამიდებს ამის გამო მილიონ დოლარს... კონკრეტული შემოთავაზებისას ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.

- გაყიდდი ცხოვრების 10 წელს მსოფლიო აღიარებაზე?

- მსოფლიო აღიარება კარგი იქნებოდა, მაგრამ ალბათ, ვერ გავიმეტებდი ამისთვის სიცოცხლის 10 წელს.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- ხან ვსწავლობთ და ხან ვერ ვსწავლობთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ შეცდომა. უნდა დაფიქრდე და ისე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

- ბოლოს როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- ორი დღის წინ, როდესაც თეატრის კიბეზე ავირბინე... თუმცა, ის გულისცემა, რასაც თქვენ გულისხმობთ, დიდი ხანია, აღარ მომისმენია.

- ანუ დიდი ხანია, შეყვარებული არ ყოფილხარ?

- ასე გამოდის (იღიმის)...

სოფო ჭონიშვილი