"სუხიშვილების" მოცეკვავის გულახდილი ინტერვიუ
ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავე - ნათია ბაკურაძე 23 წელია, ცეკვავს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. საქმის გამო, ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს, თუმცა დანაკლისს მაყურებლების სიყვარული უმსუბუქებს. ალბათ, რთული წარმოსადგენია, მაგრამ წარმატებული მოცეკვავის ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როცა "ცეკვის" გაგონებაც არ სურდა...
- "სუხიშვილების" მოცეკვავის სტატუსი ჩემთვის საამაყოა და დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ, რადგან სახელოვან ანსამბლში ვცეკვავ, სადაც ყველა ვარსკვლავია. "სუხიშვილების" მოცეკვავემ უნდა გაამართლო და ისეთივე ძლიერი იყო, როგორიც ანსამბლის თითოეული წევრია.
- საზოგადოების კრიტიკას როგორ აღიქვამთ?
- კრიტიკა არასოდეს მაშინებს, პირიქით - მავსებს და სტიმულს მაძლევს - სურვილი მიჩნდება, უფრო მეტი გავაკეთო. ნებისმიერი სახის კრიტიკა მაინც კარგია, ე.ი. ყურადღებას იქცევ. შემდეგ უნდა გაძლიერდე, რომ ეს კრიტიკა დადებით ფაზაში გადავიდეს.
- როგორი სამუშაო რეჟიმი გაქვთ? ოჯახურ ცხოვრებაში საქმე ხელს ხომ არ გიშლით?
- რა თქმა უნდა, ძალიან დაკავებული ვარ. საერთოდ, ისეთი პროფესია მაქვს, რომ თუ მისთვის "გადადებული" არ ხარ, ამ ანსამბლში ვერ იცეკვებ. შესაბამისად, ცხადია, ცოტათი ყურადღება აკლდება ჩემს შვილებს, ოჯახს, საკუთარ თავს... გასტროლებზე თვეობით მივდივარ - სხვა გზა არ მაქვს. ეს არის ჩემი პროფესია და ჩემი ცხოვრების ნაწილი, რაც თავად ავირჩიე. უკვე მიჩვეულები ვართ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ასე უნდა იყოს. "სუხიშვილებში" ყველა ხომ ვერ იცეკვებს? რადგან ეს ხვედრი ჩვენ გვხვდა წილად, ამ "მძიმე ჯვარს" სიამოვნებით ვატარებთ.
- ილიკოსა და ნინოსთან ურთიერთობის შესახებ გვიამბეთ...
- ძალიან მეგობრულები არიან. თითოეული ჩვენგანის გულისტკივილს, ნებისმიერ რამეს ითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, საერთოდ, ნიანუ მკაცრი გახლავთ - "გეშინოდეს და გიყვარდეს" (იცინის). ყველას გვიყვარს, თუმცა ძალიან მკაცრიც არის, რაც აუცილებელია.
- ანსამბლის წევრებს როგორი ურთიერთობა გაქვთ? მეტოქეობის განცდა გეუფლებათ? თქვენ შორის დაძაბულობაც ხომ არ იგრძნობა?
- დაძაბულობა - არა, მეტოქეობის განცდა კი ყოველთვის იგრძნობა, რადგან ყველა საუკეთესო მოცეკვავეა, ყველა ერთიმეორეზე უკეთესია, თუმცა ძალიან მეგობრულები ვართ. ერთი დიდი ოჯახი გვაქვს - ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიც გახლავართ. წლების განმავლობაში, ნათესაური კავშირებიც ჩამოგვიყალიბდა: ერთმანეთის მეჯვარეები, ბავშვის ნათლიები ვართ... მეტოქეობის შეგრძნებას რაც შეეხება, ეს გადამტერებას არ ნიშნავს, პირიქით - ერთმანეთს სტიმულს ვაძლევთ, რომ ერთიმეორეზე უკეთესები ვიყოთ.
- როგორც ვიცი, 9 წლიდან ცეკვავთ. კარიერაში კრიზისული პერიოდი გქონიათ?
- კი. როცა საბალეტო სკოლა დავამთავრე, ცეკვის გაგონებაც არ მინდოდა - რატომღაც, 16 წლისამ ცეკვაზე გული ავიცრუე. შეიძლება, გარდატეხის ასაკის ბრალი იყო. თან, ამას ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდი დაემთხვა - მამა გარდამეცვალა... მოკლედ, არაფერი აღარ მინდოდა. რამდენიმე წელი საერთოდ "გაჩერებული" ვიყავი. მერე, როცა ნელ-ნელა ძალა მოვიკრიბე და ჭკუაში ჩავვარდი, გადავწყვიტე, მეცეკვა. თუ ქართულ ხალხურ ცეკვებს ასრულებ, რა თქმა უნდა, "სუხიშვილებში" უნდა ცეკვავდე. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, სხვა ანსამბლში ცეკვა ვერ წარმომიდგენია.
- მოცეკვავე რომ არ იყოთ, რომელი პროფესიის წარმომადგენელი იქნებოდით, გიფიქრიათ ამაზე?
- ალბათ - ჟურნალისტი (იცინის).
- რატომ?
- უბრალოდ, ეს პროფესია ჩემთან ძალიან "ახლოს" არის - მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ მაყურებლები, მათი შეფასება, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს. ტელეწამყვანი ვიქნებოდი თუ სხვა მედიასაშუალებაში ვიმუშავებდი, ჟურნალისტური საქმიანობა მაინც მაყურებლების წინაშე წარდგენა იქნებოდა.
- რომელ სფეროს გააშუქებდით?
- ალბათ, ჩემი ეთერი უფრო კულტურას დაეთმებოდა, თუმცა შეიძლება, სოციალური პრობლემებიც გამეშუქებინა...
- ინტერნეტში ე.წ. სუხიშვილების დიეტა ვრცელდება ხოლმე. რეალურად, ცეკვის გარდა, თქვენი ფორმაში ყოფნის საიდუმლო რა არის?
- ფორმაში ყოფნისთვის უნდა ვივარჯიშოთ. არ აქვს მნიშვნელობა, იმ წონის ხართ თუ არა, რაც თავად გსურთ. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ სხეული არ მოეშვას. რა თქმა უნდა, ჩვენი გარეგნობის შესანარჩუნებლად, ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია. ბევრი წყალი უნდა მივირთვათ (დღეში მინიმუმ, 1,5 ლ).
- კვების რამე კონკრეტული რეჟიმი - "სუხიშვილების დიეტა" მართლა არსებობს?
- არა, რა თქმა უნდა, ეს ხალხის გამოგონილია, რადგან ალბათ, ასე უფრო უმარტივდებათ, რომ ფორმაში იყვნენ - ფიქრობენ, რომ "სუხიშვილების დიეტა" უფრო გამართლებულია, თუმცა ასეთი დიეტა არ არსებობს. უმნიშვნელოვანესია სწორი კვება და ვარჯიში. ასევე, უნდა ვიყოთ მუდამ შეყვარებულები, ერთმანეთი გვიყვარდეს... ჩვენი სილამაზეც შინაგანი სამყაროდან, სულიერებიდან გამოსჭვივის.
- 2 შვილის დედას, მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ?
- არა. პირველი შვილი 3 თვისაც არ იყო, როცა ანსამბლში დავბრუნდი, მეორე კი - 2 თვის იყო, თვე-ნახევარში გასტროლზე წავედი. როდესაც სამუშაო რეჟიმს ვუბრუნდები, წონა თავისთავად "მიდის". ამის პრობლემა არ მაქვს, ძალისხმევა არ მჭირდება. თან, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა... უბრალოდ, რეპეტიციებზე სიარულს მალევე ვიწყებ. ზედმეტი კალორიების დასაწვავად და ფორმის შესანარჩუნებლად ეს უმნიშვნელოვანესია.
- ბავშვების გაზრდაში ვინმე გეხმარებათ თუ დამოუკიდებლად ართმევთ თავს?
- არა, რა თქმა უნდა, ამას დამოუკიდებლად ვერ ვართმევ თავს, რადგან მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურში ვართ. ბავშვების გაზრდაში ჩემი საყვარელი დედამთილი ძალიან მეხმარება. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.
- თქვენი შვილები ცეკვის მიმართ ინტერესს ამჟღავნებენ?
- ორი ვაჟი მყავს - 6 წლის ანდრია და 9 თვის გიორგი გელოვანი. სხვათა შორის, ორივე ძალიან მუსიკალურია. ცეკვაზე ივლიან თუ არა, არ ვიცი. თავად როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება - მე ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა.
- თქვენი მეუღლე რა პროფესიის არის? თქვენს სამუშაო რეჟიმთან შეგუება არ გაუჭირდა?
- როცა გავიცანი, უკვე "სუხიშვილების" მოცეკვავე ვიყავი. ასე რომ, ჩემს სამუშაოს თავიდანვე შეგუებული იყო და პრობლემებიც არ გვქონია. ჩემი მეუღლე მოცეკვავე არ გახლავთ, ხელოვნების სფეროში არ მუშაობს - დიპლომატია. ასე რომ, ჩემი პროფესიის მიმართ მისი მიდგომა დიპლომატიურია (იღიმის).
- თაყვანისმცემლები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?
- ძირითადად, გასახდელ ოთახში ყვავილებს გვიგზავნიან. ასე ხდება საქართველოს რეგიონებშიც, დედაქალაქშიც და უცხოეთშიც.
- ცეკვის გამო, უარი რაზე გითქვამთ?
- მაგალითად, თმაზე ვთქვი უარი. 10 დღე ვიფიქრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მერე ნინოს და ილიკოს ვენდე - ისინი ცუდს არაფერს შემომთავაზებდნენ, პირიქით... დაახლოებით, ერთი ტიპის სამი გოგო ვიყავით. ერთ-ერთს თმა უკვე გადაპარსული ჰქონდა, შემდეგ მეორეც ასე მოიქცა. მერე სალონში მეც ჩამწერეს, გადამპარსეს და თეთრად შემღებეს. ძალიან მომეწონა, მაგრამ ვიდრე იმიჯს შევიცვლიდი, ბევრი ვინერვიულე. თმის შეჭრა, ვარცხნილობის რადიკალური ცვლილება თითქოს სხვანაირს გხდის. ამის მეშინოდა, მაგრამ გაამართლა.
- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა? ალბათ, თქვენი ვარცხნილობის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საქმის კურსში იყო...
- რა თქმა უნდა, ჩემ შესახებ მეუღლემ ყველაფერი იცის. ძალიან მოეწონა. მას ასეთი ცვლილებების არ ეშინია.
- მას შემდეგ ღია ფერის თმა, მოკლე ვარცხნილობა გაქვთ...
- კი. ერთი პერიოდი, "გავმუქდი", თუმცა მალევე გადავიღებე და ისევ თეთრი თმით ვარ.
- "სუხიშვილების" სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- "სუხიშვილები" სულ ნოვატორული იდეებითაა აღსავსე. ილიკოსგან ყოველდღიურად მოლოდინის რეჟიმში ვართ. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
- თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ?
- აუცილებლად! მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ნამდვილად გამიმართლა, პირველ რიგში - ოჯახის თვალსაზრისით და შემდეგ - პროფესიულად.
- წარმატებისთვის აუცილებელი რა არის, დამწყებ მოცეკვავეებს რას ურჩევთ?
- კარგი მოცეკვავეები უნდა ვიყოთ, თუ ამ პროფესიაში მუშაობა გვინდა, რადგან საკუთარ საქმეს თუკი 100%-ით არ ასრულებ, ე.ი. ის საქმე შენი არ არის. გარდა ამისა, მომთმენები, მიზანდასახულები, შეგნებულები, მონდომებულები უნდა ვიყოთ, კოლეგებთან ურთიერთობა და ნაკლები ლაპარაკი, მეტი მოსმენა უნდა შეგვეძლოს. ასევე, დამწყებ მოცეკვავეებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ და პედაგოგებს დაუჯერონ.
ეთო ყორღანაშვილი