საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ - გზაპრესი

საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ

საპროდიუსერო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი - ქალბატონი ლელა ასლანიკაშვილი დიდი ხანია, პროდიუსერულ საქმიანობას ეწევა. უთანამშრომლია მსოფლიო ვარსკვლავებთან და დღესაც აგრძელებს საქმიან ურთიერთობებს. მოგეხსენებათ, მალე საქართველოს ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი შემსრულებელი - გორან ბრეგოვიჩი ესტუმრება. ჩვენს ქვეყანაში მისი კონცერტის გამართვა სწორედ ქალბატონ ლელას უკავშირდება, რომელმაც მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ საინტერესო დეტალები გაგვანდო...

- საქართველოში გორან ბრეგოვიჩი პირველად შარშან მოვიწვიეთ. მის კონცერტს დაახლოებით 10 ათასი მაყურებელი დაესწრო. რადგან მაშინ ბევრმა ადამიანმა მისვლა ვერ შეძლო, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოგვეწვია. ამჯერად, მისი კონცერტი სიყვარულის დღეს - 15 აპრილს დავამთხვიეთ. მუსიკოსთან შემდგომ ურთიერთობებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ბრეგოვიჩს მსოფლიოში ცნობილი პროექტი - "3 წერილი სარაევოდან" აქვს, ძალიან პოპულარულია და ბევრ ქვეყანაში განხორციელდა. მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ეს პროექტი ქართულ სიმფონიურ ორკესტრთან და ქართულ გუნდთან ერთად განხორციელდეს. "3 წერილი სარაევოდან" გულისხმობს სხვადასხვა რელიგიის მქონე ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას; რომ რელიგიური ომები არასწორია და ერთად, მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. პროექტის განხორციელების იდეა ახლახან გაჩნდა, როდესაც გორან ბრეგოვიჩის არტ-დირექტორი საქართველოში იმყოფებოდა და აბანოთუბანი დავათვალიერებინე. მისთვის აღმოჩენა იყო, რომ ერთმანეთის გვერდით მეჩეთი, მართლმადიდებლური და იუდაისტური ეკლესია გვერდიგვერდ დგას. გორან ბრეგოვიჩი საქართველოში რომ ჩამოვა, უკვე პრესკონფერენციასაც მოვაწყობთ. ვეცდებით, უკვე ჩამოყალიბებული ვიყოთ, ვისთან ერთად დაუკრავს. ეს პროექტი მთელი მსოფლიოსთვის სერიოზული გზავნილი იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

GzaPress- წელს ჩვენს ქვეყანაში კონცერტის გამართვის იდეას გორან ბრეგოვიჩი როგორ შეხვდა?

- დიდი ენთუზიაზმით, რადგან მას საქართველო ძალიან უყვარს. სხვათა შორის, მისი არტ-დირექტორიც ამბობდა: განსაკუთრებულად ქართული სამზარეულო უყვარს. როცა ისეთ ქვეყანაში ვხვდებით, სადაც იცის, რომ ქართული რესტორანია, ყოველთვის ამბობს, - თუ გშია, ქართულ რესტორანში უნდა წახვიდეო. მოგეხსენებათ, გორან ბრეგოვიჩს ხაჭაპურის შესახებ სიმღერაც აქვს დაწერილი ნანა ჯორჯაძის ფილმისთვის, რომელშიც პიერ რიშარი თამაშობს.

- რაიმე ვარსკვლავური მოთხოვნები არა აქვს ხოლმე?

- სამუშაო პროცესში კომფორტული ადამიანია - არანაირი ვარსკვლავური მოთხოვნები არ აქვს. რა თქმა უნდა, "რაიდერი" მოგვდის, სადაც ის ტექნიკური ნიუანსებია, რაც მას სამუშაოდ სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული - არაფერი. კონცერტის ორგანიზატორს მასთან ხვეწნა არასოდეს სჭირდება, რომ იქნებ, როგორმე ერთი ინტერვიუ ჩაწეროს ან ვინმესთან ფოტო გადაიღოს. ის ჟურნალისტებსა და თაყვანისმცემლებთან ყოველთვის კომუნიკაბელურია. მის ამ თვისებას ვაფასებ.

- სამზარეულოს გარდა, საქართველოში კიდევ რა მოსწონს?

- ქართული ხალხური სიმღერები. აღნიშნა კიდეც: როცა პირველად მოვისმინე, ქართული გუნდი როგორ მღეროდა, შოკში ვიყავიო. სხვათა შორის, ქართულ სიმღერებზე კომპოზიციაც შექმნა და ბალკანურ მუსიკასთან ერთად, თავის კომპოზიციებში შეიტანა. ქართულ ხალხურ სიმღერას მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ მოვლენად მიიჩნევს. ამბობს, - ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც ვეჭვიანობ, რომ მისი მოქალაქე არ ვარ, საქართველოა. უმდიდრესი კულტურა, მუსიკალური მემკვიდრეობა გაქვთო.

- კონცერტი, რომლის გამართვაც ახლა იგეგმება, განსხვავებული იქნება?

- გვინდოდა, გორან ბრეგოვიჩს ქართველებთან ერთად ემღერა ან სტუმარი გვყოლოდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. დროში ძალიან შეზღუდულები ვართ: ბრეგოვიჩი საქართველოში კონცერტის მერე ჩამოვა, აქაც კონცერტს გამართავს და მერე, ისევ სხვა ქვეყანაში მიფრინავს - მეორე დღეს ისევ კონცერტი აქვს. სხვასთან ერთად რომ იმღეროს, რა თქმა უნდა, ამას მომზადება, რეპეტიცია სჭირდება.

- კიდევ რომელი მომღერალი ჩამოგიყვანიათ საქართველოში, კონცერტის გასამართად?

- 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვალერი მელაძეს მსოფლიო ტურნე ჰქონდა. რადგან ქართველი გახლავთ, გადაწყვიტა, ტურნე საქართველოში დაესრულებინა. კონცერტი ჯერ თბილისში ჰქონდა, შემდეგ კი მის მშობლიურ ბათუმში. ასევე, გვინდოდა, ემირ კუსტურიცა ჩამოგვეყვანა. სამწუხაროდ, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ეს ფაქტი ცუდად გამოიყენეს. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ბევრგან ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ კუსტურიცა ცხინვალის რეგიონში იყო ნამყოფი. ზოგმა ეს რუსეთის მხარდაჭერად მიიჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ცნობილი რუსი რეჟისორი და რუსეთის ხელისუფლება კუსტურიცას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ფილმის გადაღებას სთავაზობდა. ამის შესახებ მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა. რაკი ფილმი რუსეთის დაკვეთით უნდა "გაკეთებულიყო", გასაგებია, ქართველები როგორ როლშიც ვიქნებოდით. ამაზე კუსტურიცამ უარი განაცხადა, მაგრამ სამწუხაროდ, ვიღაცებმა ქულების დასაწერად, ყურადღების მისაქცევად თუ პიარისთვის გამოიყენეს და ქართველ საზოგადოებას ინფორმაცია ცოტა სხვაგვარად მიაწოდეს. კუსტურიცამ კატეგორიულად განაცხადა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასოდეს გამოსულა. პირიქით, ქართულ კულტურას ძალიან აფასებს. საერთოდ, საქართველოში მისი ჩამოყვანის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა რუს ჟურნალისტს უთხრა, - ჩემი სისხლი 30%-ით იბერიულიაო. დამეთანხმებით, ბევრმა ქართველმაც კი არ იცის, რას ნიშნავს პროტოიბერიული რასა, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ... მოკლედ, გვინდოდა, მონიკა ბელუჩისთან ერთად ჩამოსულიყო. ასევე, გვსურდა, მასტერკლასები ჩაეტარებინა, ლექციები წაეკითხა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ა.შ. მერე მივიჩნიეთ, რომ იმ დროს ჯობდა, ეს ყველაფერი გადაგვედო და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომ ვიღაცებისთვის საშუალება არ მიგვეცა, დიდი რეჟისორის შეურაცხყოფის ხარჯზე, ქულები დაეწერა და საკუთარი თავი გაეპიარებინა.

- გრეგორი ლეპსიც თქვენ ჩამოიყვანეთ?

- დიახ, ოღონდ 2014 წელს. შარშანაც ჰყავდათ, მაგრამ ამ კონცერტის ორგანიზატორები ჩვენ არ ვყოფილვართ.

- ლეპსის საქართველოში ჩამოყვანა რატომ გადაწყვიტეთ, რა პრინციპით შეარჩიეთ?

GzaPress- როცა საქართველოში მუშაობა დავიწყეთ, გადავწყვიტეთ, სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი ქართველი მომღერლები ჩამოგვეყვანა. ვიცით ბევრი პროდიუსერი, ვინც საქართველოში ლეპსის ჩამოყვანას აპროტესტებდა და წლების განმავლობაში თავად ცდილობდა, ეს მომღერალი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლაზე დაეთანხმებინა. იმ პერიოდში ლეპსი ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული იყო. ვინც მაშინ მის კონცერტზე იმყოფებოდა, დამეთანხმება, დარბაზი გაივსო, სრული ანშლაგი იყო... ჩემთვის გაუგებარია, თუკი რაღაც მოვლენას აპროტესტებენ ერთ დღეს, მეორე დღეს ეს მოვლენა მისაღები როგორ ხდება?..

- რთულია თქვენს სფეროში მუშაობა? კონკურენციის საკითხი როგორ დონეზეა?

- კონკურენციას ყოველთვის მივესალმები. რაც უფრო მეტი ხალხი ვიმუშავებთ, ეს სფეროც უფრო წარმატებული იქნება და ყველაზე წარმატებული პროდიუსერები "გადარჩებიან". საერთოდ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოვიდეს, ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

- რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში მუშაობთ?

- მუშაობა 90-იანი წლების ბოლოდან დავიწყე, მაგრამ დამეთანხმებით, იმ დროს ქართველი მომღერლები ისეთი პოპულარულები იყვნენ, რომ საზღვარგარეთიდან ცნობილი შემსრულებლის ჩამოყვანა უბრალოდ, არ გვჭირდებოდა. უამრავი კონცერტი იმართებოდა, რომელშიც მხოლოდ ქართველები მონაწილეობდნენ. სამწუხაროა, რომ ახლა ჩვენებს სცენაზე იშვიათად ვხედავთ. ნიჭიერი თაობა გვყავს, მაგრამ კონცერტის გამართვა, ახალი რეპერტუარის შექმნა გარკვეულ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც შემსრულებლებს საშუალებას არ აძლევს, განვითარდნენ, დარბაზები გაავსონ, გაყიდვადები გახდნენ და ა.შ. ალბათ, დროთა განმავლობაში, ეს პრობლემა მოიხსნება.

- როგორ საზღვრავთ, თქვენ მიერ ჩამოყვანილი მომღერალი დარბაზის მაყურებლებით გავსებას შეძლებს თუ ვერა?

- მომღერლის შერჩევაში ყველაზე რთული ის არის, რომ ქართველებს კარგი გემოვნება აქვთ. იმ შემსრულებლების ჩამოყვანა, რომლებიც ყველას მოსწონს და ვიცით, მთელი საქართველო მოუსმენს, კოლოსალურად ძვირია. რომელიმე კომპანიისთვის ამხელა ბიუჯეტის მობილიზება, ცოტა არ იყოს, რთულია. ამიტომ ვცდილობთ, ის ვარიანტი ვიპოვოთ, ვის ჩამოყვანასაც შევძლებთ ან მაგალითად, ვინც ტურნეშია და შეიძლება, კარგი პირობები შემოგვთავაზოს ან სპონსორი გვაძლევს მისი ჩამოყვანის საშუალებას... სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, ამ საკითხს ფრთხილად ვუდგებით, რადგან სამწუხაროდ, ჩვენთან არც ერთ კომპანიას მილიონები არა აქვს, რომ მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოიყვანოს - ისინი, ვინც ქართველ ხალხს უნდა. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ კარგი გემოვნება გვაქვს და ზუსტად ის ვარსკვლავები მოგვწონს, რომლებიც ძვირი ღირს...

ეთო ყორღანაშვილი