რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში იმედა არაბულს
"ქალბატონებიც და მამაკაცებიც რაც მეტად მოუვლიან თავს, მივესალმები. მამაკაცს ბოდიბილდერის "კუბიკები" და პრესი შეიძლება არ ჰქონდეს და ეს არცაა საჭირო, მაგრამ სასურველია, კარგ ფორმაში იყოს, ქალს კი ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს", - ამბობს მსახიობი იმედა არაბული, რომელიც სპორტული, არამწეველი, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, წონისა და ფიგურის შესაბამის სწორად ჩაცმასა და სხვა თემებზე გვესაუბრება. თუ როგორი ქალბატონები მოსწონებია მას, ამას ინტერვიუში წაიკითხავთ.
- ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი მქონდეს, მაგრამ ხან გამომდის, ხან - არა. სიგარეტს არ ვეწევი, რადგან არ მიყვარს. აქტიური მწეველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოფილა პერიოდები, როცა გამიბოლებია, ვერთობოდი და ეს გართობის პერიოდი ერთი-ორჯერ რომ გამეწელა, მე თვითონ გადავაგდე. სპორტით ყოველდღე დაკავებული არ ვარ, მაგრამ პერიოდულად ვვარჯიშობდი ხოლმე. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტილი ძალიან მომწონს, ამას მივესალმები. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ისიც არაჯანსაღად რატომ უნდა ვიყოთ, ვერ ვხვდები.
- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცმა თავის გარეგნობას ყურადღება მიაქციოს, მით უმეტეს, მსახიობმა, რადგან სცენაზე მაყურებელი ყოველ დეტალს ამჩნევს?
- მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. პრესის "კუბიკებით" დიდად ვერც მე დავიკვეხნი, მაგრამ ვცდილობ, დიდი ღიპი არ მქონდეს (იცინის). მუცელზე ცოტა ცხიმს მეც ვებრძვი და გეთანხმებით, რომ ადამიანი, მსახიობი მამაკაცი, ესთეტიკურად ლამაზი შესახედავი უნდა იყოს. ბოდიბილდერის "კუბიკები" და პრესი შეიძლება არ ჰქონდეს და ეს არცაა საჭირო, მაგრამ სასურველია კარგ ფორმაში იყოს. მოუვლელი სხეული არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ახალგაზრდა მამაკაცს ან ქალბატონს. საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი ქალი რომ წუწუნებს, ზედმეტი წონა მაქვსო, მე სულაც არ მომჩვენებია ის წონა ზედმეტად, პირიქით - უხდებათ. მთავარი პროპორციებია. საქართველოში მამაკაცების უმეტესობას 30 წლის ზემოთ, უკვე მუცლის ცხიმთან აქვს პრობლემები. ქალს სასურველია, ცელულიტი არ ჰქონდეს. ზოგადად, ძალიან გამხდარი ქალები არ მომწონს, ძვალზე ტყავები რომ არიან და ვერ ვიგებ, თვითონ რატომ მოსწონთ ან დიეტებით რატომ იკლავენ თავს? ქალს ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს. მინახავს ისეთი ხორციანი, ჯანიანი ქალები, თვითონ რომ წუწუნებენ, მსუქანი ვარო და ამ დროს, რომ შემიხედავს, მომწონებია. უბრალოდ, თვალს არ მოსწონს ის, რაც ზედმეტი და ფორმადაკარგულია, უპროპორციო.
- ალბათ, ჩაცმის სტილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ ასეა? რამდენად იპოვი საკუთარი თავი ამა თუ იმ იმიჯში.
- დიახ, გამარჯობა, აი, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი. უნდა იცოდეს, რა უხდება და რა არა. მოდაში არის ყველაფერი ის, რაც გიხდება - ჩემთვის ასეა. მე რომ ვიცი, ასეთი სხეული მაქვს და ვთქვათ, ჩემს ტანს ვიწრო შარვლები არ უხდება, რატომ უნდა ჩავიცვა? მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია და "სვეცკი" ტიპი გამოვჩნდე? ამ დროს შეიძლება პირიქით, ძალიან სასაცილო გახდე. სარკე არსებობს, ღვთის წყალობით და შეგვიძლია მოვიშველიოთ (იცინის). ესეც ისეთი რამაა, ადამიანის გადასაწყვეტია, დოგმები და დადგენილი რაღაცები მაღიზიანებს, ეცვას, რაც უნდა, თვითონ ხომ მოსწონს.
- რას ანიჭებთ უპირატესობას - სახლის პირობებში ვარჯიშს, ბუნებაში თუ სპორტულ დარბაზებში?
- თბილისის თითქმის ყველა სპორტდარბაზში მაქვს ნავარჯიშები (იცინის). სახლში ვერასდროს ვივარჯიშებ, განწყობა არ მაქვს. გარეთ გასვლა, სეირნობა, ძუნძული, ველოსიპედით სიარული მიყვარს. ზოგჯერ ვარჯიშისგან ტაიმ-აუტის აღება და დასვენებაც საჭიროა, ოღონდ სწორი კვების რეჟიმი არ უნდა დაარღვიო. სულ ვარჯიში და ერთ რეჟიმში ცხოვრება ცოტა მომაბეზრებელია. ისე, სპორტდარბაზში ვარჯიშს, ბუნების წიაღში ვარჯიშს ვამჯობინებდი, კარგ ჰაერზე, ქალაქგარეთ. ზოგადად, გენეტიკაში არ მაქვს სიმსუქნე, ახლა მუცელზე ცოტა ცხიმს ვუჩივი და ეს უფრო ასაკობრივია, არასწორი კვებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დიეტებს, მარაზმია, ქართველების დიეტა შიმშილია და ეს გამოსავალი არ არის, დამიჯერეთ. ორი ვაშლი, ორი კოვზი მაწონი და ა.შ. ამით ჯანმრთელობას დაინგრევენ. უბრალოდ უნდა იცოდე, შენ რა გასუქებს. მაგალითად მე, ბოლოს ცოტა რომ მოვიმატე წონაში, მივხვდი, ეს ღამე გვიან ჭამის ბრალი იყო და ახლა, როცა 8 საათის მერე აღარ ვჭამ, უკვე შედეგი მაქვს. ვცდილობ, პური დღეში 2-3 ნაჭერი ვჭამო, ბევრი ტკბილეული არ მივიღო...
- ესთეტიკურ ცენტრებში თუ ყოფილხართ?
- ხშირად არა, მაგრამ რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. მაგალითად, ბოლოს სახის კანის პროცედურაზე ვიყავი. მიუღებლად არ მიმაჩნია, კაცი თავს უვლიდეს, პირიქით, მაგრამ მე ხშირად არ დავდივარ. განა "მიტყდება", უბრალოდ, ვერ ვერკვევი საცხებში და ასეთ საკითხებში. თუ სჭირდებათ, უნდა წაისვან კიდეც. ქალბატონებიც და მამაკაცებიც რაც მეტად მოუვლიან თავს, ამას მივესალმები.
თამთა დადეშელი