ქეთი ქიტიაშვილის "გარითმული" და "გაურითმავი" ემოციები - გზაპრესი

ქეთი ქიტიაშვილის "გარითმული" და "გაურითმავი" ემოციები

"მაქმანებია გაშლილი მთაზე.../ ფრიალებს თითზე, კისერზე, მკლავზე.../ ფირუზის მძივი მედება კანზე,/ ჩალმას თვლებიანს მოვიხვევ თავზე.../ მომნატრებიხარ, ჩურჩულებ ასე,/ შენზე ფიქრებით გული მაქვს სავსე,/ ძველი ნიღბები დავყარე გზაზე,/ შენი ლექსებით მოვდივარ მთაზე.../ ექოა ირგვლივ... ზურმუხტი ბარზე.../ შემაბმევინე მაქმანი ცაზე..." - მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ქეთი ქიტიაშვილი მის მიერ დაწერილ ლექსებს მხოლოდ "გარითმულ ემოციებს" უწოდებს და ფიქრობს, რომ მათი გამომზეურება არ ღირს. ალბათ ამიტომაც, მისი ამ ნიჭის შესახებ ახლო მეგობრებმაც არ იციან. ქეთი დრამის თეატრისა და კინოს მსახიობის გარდა, მიმი და მუსიკოსიცაა. დაკავებულია არაერთ პროექტში სხვადასხვა თეატრის სცენაზე. ახლახან ის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლში "47=46" ვნახე. მსახიობი წარმოდგენისა და მონაწილეების შესახებ ემოციებს ვერ ფარავდა... საუბარი პირად ცხოვრებაზე, 9 აპრილზე, 90-იან წლებსა და მისი ოცნების თეატრზე თავისთავად გაგრძელდა...

- დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების შესაძლებლობებით სრულიად გაოგნებული ვარ. ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო, რომ შემიძლია რაღაცები მათგან ვისწავლო. პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად მივიჩნევი, იმდენად, რომ ზოგჯერ ეს მაწუხებს კიდეც, მაგრამ ამ ბავშვების პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ სხვა რამეა, მსგავსი არაფერი მინახავს. მათთვის არ არსებობს დაგვიანების, მით უმეტეს, არმოსვლის მიზეზი. მათთან მუშაობა ბევრი ახალი დასკვნის წინა პირობა გახდა. როცა ხედავ, რამდენად უხვად გამოხატავენ გრძნობებს, გიჩნდება სურვილი, უფრო მეტი სითბო გამოამჟღავნო, მეტი სიყვარულით იცხოვრო. ვცდილობ, მაგრამ მათსავით არ გამომდის... იმ ემოციური სიყვარულის შრეებისგან, რომლებშიც ისინი ნებსით თუ უნებლიეთ "გადიან", ჩვენ ძალიან შორს ვართ... ყველას ვურჩევდი, მათთან რაც შეიძლება მეტი იკონტაქტონ. ჩვენი თეატრი პირველია, რომელმაც მსგავსი ერთობლივი წარმოდგენა გამართა და მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ეს მოიფიქრა და განახორციელა.

GzaPress- ბავშვობიდან არტისტული იყავით?

- ამბობდნენ, რომ არტისტული და ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ალბათ, ყველა ბავშვშია ნიჭიცა და არტისტიზმიც. ჩემს შესაძლებლობებს ეჭვით ვუყურებდი და არც ახლა ვარ ბოლომდე თავდაჯერებული. ერთი კი იყო, ბევრს ვშრომობდი. ძირითადად, მუსიკით ვიყავი დაკავებული. მინდოდა, ფორტეპიანოს გავყოლოდი.

- პროფესიული არჩევანის შეცვლა არ გინანიათ?

- მინანია. არ ვიცი, დავიპყრობდი თუ არა მწვერვალებს, მაგრამ ასეთი დამოკიდებული მაინც არ ვიქნებოდი, რის გამოც მსახიობი ხშირად დრამატიზმამდე, ტრაგიზმამდე მიდის. როცა დაკავებული არ ვარ, ვცდილობ, თავი დავიმშვიდო, რომ საინტერესო მსახიობი ვარ და ვინმე აუცილებლად დამინახავს. სხვათა შორის, ასეც ხდება ხოლმე (იცინის).

- ფორტეპიანოს ახლაც "ემეგობრებით"?

- ისე კარგად ვუკრავდი, არ მინდა "თამასის დაწევა". საჯაროდ არა, მაგრამ ჩემთვის ვუკრავ. თუ სპექტაკლში ან ფილმში დამჭირდა, აუცილებლად სერიოზულად ვიმეცადინებ და ყველაფერს ძველებურად აღვიდგენ. პროფესიის შეცვლა ხელის ტრავმამ გადამაწყვეტინა. თუმცა, ამას ასაკობრივი დამოკიდებულებები და განწყობებიც ერთვოდა - ხერხემლის სერიოზული ტრავმა სცენაზეც მივიღე, პროფესიის შეცვლა არც მიფიქრია... მუსიკალურში ისე დამაჯერეს, რომ კარგი არტისტი ვიყავი და ვიფიქრე, მსახიობობა მომესინჯა... პედაგოგები გაოცებული დარჩნენ, შენ თუ არა, ვინ უნდა ჩააბაროს კონსერვატორიაშიო?.. კიდევ ერთი მიზეზი იყო: როგორც ჩანს, ნერვიულობის ფონზე კლავიშებზე ხელი მიცურავდა, ეს კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ამას ტრავმის გამო მიღებული პირველი "ოთხიანი" დაემატა და ალბათ, პროტესტის თავისებური ფორმაც იყო.

- განხიბვლის პროცესი თეატრალურ ინსტიტუტში არ გაგრძელდა?

- მაშინვე... სია რომ გამოიკრა, ყველა კითხულობდა, ვინ იყო ქიტიაშვილი. ერთი-ორი სტუდენტის გარდა ყველა ვიღაცის შვილი, ნათესავი გახლდათ. ქუჩიდან შემოსულ ნიჭიერს ნაკლებად ნიჭიერ ახლობლის ნათესავს ამჯობინებდნენ და ვინც მართლა გამოირჩეოდა, წლობით ცდილობდა ინსტიტუტში მოხვედრას. მეც შემთხვევით მოვხვდი. ჩემთან ერთად ერთ-ერთი ცნობილი რეჟისორის ქალიშვილი აბარებდა, მე მასზე ნახევარი ქულით მეტი მქონდა. ის აუცილებლად უნდა გამხდარიყო სტუდენტი და გამსვლელი ქულა მისი ქულების საერთო რაოდენობა აღმოჩნდა... მიღების პროცესი საშინელი იყო, მაგრამ სწავლა - ბევრად მაღალი ხარისხის, ვიდრე ახლაა. ჩვენი თაობა ლილი იოსელიანმა, გიზო ჟორდანიამ, მიშა თუმანიშვილმა აღზარდა.

- 90-იან წლები გაიხსენეთ...

GzaPress- როგორც ყველასთვის, ეს წლები ჩემთვისაც რთული იყო. ამას დაემატა ის, რომ მეუღლეს დავშორდი და მარტო აღმოვჩნდი ჩვილით, დედით და ორი ბებიით. მიმოდრამის თეატრში ცნობილ მიმთან, ქორეოგრაფთან და რეჟისორთან, გოგი ოსეფაშვილთან მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. შემდეგ იყო ახმეტელის თეატრი, სადაც დიდხანს და პროდუქტიულად ვიმუშავე. არაჩვეულებრივმა რეჟისორმა, ნუკრი ქანთარიამ ახლებური, კრეატიული სივრცე შექმნა და თანამედროვე, მხატვრული ღირებულებების მქონე პიესები დადგა. გული მწყდება, რომ ის დღეს, როგორც რეჟისორი, რეალიზებული არ არის. ახმეტელის თეატრში გოგიმ სპექტაკლი "ვირის ჩრდილი" დადგა. სწორედ მაშინ მითხრა, ერთად ხომ არ ვიმუშაოთო? ინსტიტუტში ჩემი პედაგოგი იყო და ჩემთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა. შევკარით პანტომიმური ნოველები, სხვადასხვა ჟანრი გავაერთიანეთ, მივამატეთ დრამის თეატრის, პანტომიმისა და კლოუნადის ელემენტები... უამრავი ქვეყანა მოვიარეთ, ენის ბარიერი არ იყო, რადგან სათქმელს მოძრაობით ვამბობდით. დასანანია, რომ დღეს გოგის საკუთარი თეატრი არ აქვს და სპექტაკლების დადგმა სხვადასხვა თეატრში უხდება. ისეთი დრო იყო, სახელმწიფო თეატრების სცენიდან ჩამოსულებს თამაში კლუბებში, რესტორნებში გვიწევდა. უცხოეთში ქუჩაშიც გამოვსულვართ - სხვა გამოსავალი არ გვქონდა, რადგან ჩვენ უკან ოჯახები იყო... მიუხედავად იმისა, რომ დედამ ნავთქურის შესაძენად ძვირფასი ბეჭედი გაყიდა, მსგავს ფაქტებს ტრაგედიად არ ვაქცევდი, არ ვიყავი ფრთებშეკვეცილი და უიმედო... ვფიქრობდი, ბოლოს და ბოლოს, ედიტ პიაფი, ივ მონტანი, ჩარლი ჩაპლინი გამოდიოდნენ კლუბებში, მე ვისღა დავკვარგვივარ-მეთქი?! მართალია, ხშირად გარემო ხელს გვიშლიდა მუშაობაში, მაგრამ ამასაც ჯანსაღად შევხედე, როგორც ახალ გამოცდილებას. ერთ-ერთ ღამის კლუბში 2-დან 6 საათამდე გვიწევდა ყოფნა. ნესტი, სიცივე იყო, მე კი სასცენო კოსტიუმით გამოვდიოდი, რის გამოც პლევრიტი დამემართა. ერთ დღეს თუ ნომრებს მეტისმეტად მცირე სცენაზე ვდგამდით, მალე მაგალითად, იაპონიაში ისეთ დარბაზში გამოვედით, სადაც ერთი კვირის შემდეგ ჰიუსტონმა იმღერა. გვქონდა დიდი საგასტროლო ცხოვრება იაპონიასა და ევროპაში.

- 9 აპრილს შევეხოთ... უმძიმეს დღეს, რომლის ეპიცენტრში სხვებთან ერთად, თქვენც აღმოჩნდით...

- ვფიქრობ, ისეთი გულწრფელი მიტინგი, თავყრილობა არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა... 9 აპრილი იყო დღე, როცა საკუთარ თავზე არავინ ფიქრობდა. მაშინ ბოლო კურსზე ვიყავი, ინსტიტუტს ვამთავრებდი. ერთი საათითაც არ დაგვიტოვებია იქაურობა... იმ ავბედით წუთებში, როცა უკვე ტანკები შემოვიდნენ, უსინათლო მომღერლებთან ერთად, შუაგულში ვიდექი... ტანკების დანახვაზე ბიჭები პირდაპირ შიშველი ხელებით გაცვივდნენ და წინ დაუხვდნენ, ჩვენთვის კი ცდილობდნენ, ქაშუეთის ეზოში მიეჩინათ ადგილი... სწორედ მაშინ, როცა უკვე გვიახლოვდებოდნენ და მხოლოდ ღმერთმა იცის, რას გვიპირებდნენ, მეგობრის მამამ მეც ქაშუეთის ეზოში ჩამსვა... ამის შემდეგ ქაშუეთს შემოეწყვნენ და გვაშინებდნენ... მაგრამ არ გვეშინოდა. უცნაურია, მაგრამ ნამდვილად ასეა - როცა იცი, რომ სამშობლოს ეწირები, შიშის გრძნობა სადღაც ქრება და სასიამოვნო განცდაც კი გეუფლება... ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელი იყო. იქვე მყავდა ჩემზე შვიდი წლით უმცროსი დაც, რომელიც არეულობისას დავკარგე... მოგვიანებით გავიგე, რომ სახლში ნაცნობს წაუყვანია. მართლაც, შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს...

- მოიწამლეთ?

- მოვიწამლე, თანაც საკმაოდ სერიოზულად, არა მხოლოდ მე - მთელი ჯგუფი. ერთი თვე ვერ გამოვდიოდი სახლიდან. თუმცა, ახლაც არ ვაპირებდი თქმას, რომ არ გეკითხათ... არც ერთი ცნობა არ ამიღია და ამით არასოდეს მისარგებლია.

- ალბათ, 9 აპრილზე ბევრად უარესი მომდევნო დღეების შოკი და სიჩუმე იყო...

- აუტანელი სიჩუმე... სიყრუე... იმედგაცრუება... გარინდება მოულოდნელობისაგან... კომენდანტის საათი და რუსის ტანკების თავაშვებული თარეში შუაგულ რუსთაველზე... ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ შეიძლებოდა ამ სისხლის ღვრის თავიდან აცილება, პატრიარქისთვის რომ დაგვეჯერებინა... მართალია, მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ 9 აპრილს სულ გულით დავატარებ... მგონია, ისევ ისეთი, ისევ იმ ასაკის ვარ... შემდეგ რაც მოხდა - როცა ადამიანები სიტუაციას უკვე სათავისოდ მოერგნენ, ძალიან გულსატკენი იყო და ბუნებრივად, დიდი განხიბვლა მოიტანა... საზოგადოება არ იყო მზად დამოუკიდებლობისთვის. თუმცა, ნელ-ნელა ვანგრევთ კლიშეებს. ვფიქრობ, 9 აპრილმა საზოგადოების ზრდას, გარდატეხას შეუწყო ხელი... მგონია, რომ უკვე დასრულდა კერპთაყვანისმცემლობა ჩვენს ქვეყანაში... ჩემი შვილების თაობა ჯანსაღად აზროვნებს, მათ კერპები არ სჭირდებათ, არამედ საქმის გამკეთებელი პროფესიონალი, რომელიც ქვეყანას, დარგებს წაწევს წინ.

- თქვენი ცხოვრების რამდენიმე მძიმე ეტაპს შევეხეთ. მაინც რომელს გამოარჩევდით, როგორც ყველაზე რთულად გადასატანს?

GzaPress- მეუღლესთან დაშორებას. ჩვენ ერთი პროფესიის, ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, რაც თანდათან დიდ გრძნობაში გადაიზარდა. ყოველთვის შემიძლია იმ გრძნობაზე ზეაღმატებულად ვისაუბრო. შვილი, საერთოდ, უფრო მეტად აერთიანებს, აახლოებს ცოლ-ქმარს. ჩვენს შემთხვევაში, რატომღაც, პირიქით მოხდა... იმედია, საწყენად არ ჩამითვლის, მაგრამ ვფიქრობ, ის არ იყო მზად ოჯახისთვის. თუმცა, როცა ოჯახი ინგრევა, ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ალბათ, მეც უნდა წავსულიყავი კომპრომისზე. ძალიან დიდი გრძნობა იყო და ალბათ ამიტომ, ერთმანეთს არაფერი ვაპატიეთ. ეს არ შეიძლება! ჩემს შვილს სულ ვურჩევ, რომ თუ უყვარს, აუცილებლად უნდა წავიდეს გონივრულ კომპრომისზე. სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და შენც უნდა გაიღო ის...

- შერიგების მცდელობა არ იყო?

- იყო... მაგრამ შემდეგ უკვე შვილის წინაშე ჩადენილი შეცდომები ვერ ვაპატიე... დღეს სხვა ოჯახი და არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, რომელთანაც მარიამს ახლო ურთიერთობა აქვს. ბედნიერი ვარ, რომ მისი სახით ჩემს შვილს და ჰყავს... თანაც, საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. ჩემს ყოფილ მეუღლესთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. განათლებული, არაჩვეულებრივი მეგობარი და მოსაუბრეა...

- ლექსებს წერთ... თუმცა, ამის შესახებ თითქმის არავინ იცის...

- იცით, არ ვუყურებ ამ ფაქტს სერიოზულად. ნებისმიერი შემოქმედი გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. როცა ჩემმა მეგობრებმა ჩემი ლექსები ნაბეჭდი სახით ნახეს, ეწყინათ კიდეც, რადგან ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა... მე მათ უბრალოდ, გარითმულ ემოციებს ვეძახი და არა - ლექსებს. "და სკამზე, როგორც ნანადირევი, ჰკიდია შენი ლამაზი კაბა" - ლექსი, აი, ესაა...

შორენა ლაბაძე