"მაინც ვითამაშებ!" - გზაპრესი

"მაინც ვითამაშებ!"

სიხარული, ნოსტალგია, ტკივილი თუ ყველაზე ბედნიერი წამები, რომლებიც ოჯახსა და სამშობლოს, ფოთსა და აფხაზეთს უკავშირდება - ფოთის თეატრის მსახიობს, ჯანო იზორიას საინტერესო ასოციაციები გაუჩნდა იმ სიტყვებზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ...

ზღვა...

- ენერგია, ძალაა. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, ამდენი ენერგია საიდან გაქვსო? როდესაც ფოთში, სპექტაკლის პრემიერა მაქვს, ტრადიციას არ ვარღვევ და ყოველ დილით, ზღვასთან მივდივარ, ვზივარ, ვუყურებ და მისგან დიდ, უკიდეგანო, დაუშრეტელ ენერგიას ვიღებ.

მზის ჩასვლა...

- ნოსტალგია, მონატრება, ჩემი სოფელი აფხაზეთში. როცა ჰორიზონტს ვუყურებ, მზე, რა თქმა უნდა, ბულგარეთში, ზუსტად ქალაქ ვარნისკენ ჩადის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს მზე ყოველთვის აფხაზეთის მხარეს ეშვება და ჩემი სოფელი მენატრება, მით უმეტეს, საღამოს, როცა ბინდდება, მოგონებები იღვიძებს...

მშობლიური სახლი...

GzaPress- ფოთში, "ობში ჟიტიას" ეძახდნენ, სადაც "მარიახოდკას" სასწავლებელი იყო და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ მეზღვაურები, ახალგაზრდა ბიჭები და ამ საზღვაო სასწავლებელში სწავლობდნენ. მამაჩემიც მეზღვაური იყო და ჩვენი პირველი სახლი ის გახლდათ. დაკომპლექტებული იყო თავისი მოედნებით, აკადემიის სტუდენტებს უნიფორმები ეცვათ და ყელსაბამები ეკეთათ. ახლაც რომ მომცენ ის ფორმა, სიამოვნებით შევიმოსებოდი. ადგილი ჰქონდათ, სადაც ისეთ ტანსაცმელს დებდნენ, რომლებიც აღარ სჭირდებოდათ, ბავშვები კი ვიღებდით და "მეზღვაურობანას" ვთამაშობდით. მათთვის ძალიან კარგი კერძები მზადდებოდა, ბავშვებს მათი ფუნთუშები მოგვწონდა. მეზღვაურებს მწკრივში რომ აყენებდნენ, რიგში ჩვენც მათ შორის გავერეოდით და ამ შაქრის ფხვნილმოყრილ ფუნთუშებს გემრიელად მივირთმევდით.

აფხაზეთი, სოფელი...

- ყოველ ზაფხულს დავდიოდით... იქაა ჩემი ძირი, ფესვები, დიდი სახლი, თავისი ლამაზი ეზოთი. სხვათა შორის, აფხაზეთში ძირითადად, რაჭველები აშენებდნენ ხის სახლებს და ასეთი რაჭველი კაცის აშენებული, პატარა და ლამაზი ხის სახლიც გვაქვს, ქვის სახლთან ერთად...

წინაპრების ნივთი, რელიკვია...

- სამწუხაროდ, მხოლოდ თითო-ოროლა ფოტო შემომრჩა. ბებოს ფოტო მაქვს, დანარჩენი ომის დროს განადგურდა, თორემ წინაპრების საინტერესო ალბომი გვქონდა. საქართველოში ადათ-წესი იყო: მოგეხსენებათ, მიცვალებულს ყველაფერს "ატანდნენ" საფლავში და ჩემს წინაპრებსაც ბევრი ისეთი რამ "ჩაატანეს", რაც შეიძლებოდა რელიკვიის სახით მქონოდა. ბაბუაჩემის მამა სამურზაყანოში ცნობილი კაცი ყოფილა, მის სიტყვას ფასი ჰქონდა... ჰოდა, კარგი ჩოხა-ახალუხი, ქამარ-ხანჯალი, ქარვის კრიალოსანი, ჩიბუხი და სხვა ნივთები, ყველაფერი, წესისამებრ ჩააყოლეს... აფხაზეთში რაცაა დარჩენილი, გვინდა, წამოვიღოთ. როცა ჩემი ახალი სახლი მექნება, რომელსაც ველოდები, ამ ნივთებს მნიშვნელოვან ადგილს მივუჩენ.

ნატვრის თვალი...

- ტერიტორიულ მთლიანობასთან ასოცირდება... ჩემი ოცნებაა, აფხაზეთში ვიცხოვრო!

ზურგის ქარი...

- ჩემთვის კულისები და გადასაღები მოედანია.

რეზო ჩხეიძე...

- შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ... სანთელი მაქვს, რომელიც ბატონი რეზოს დაკრძალვის დღეს, მის ოჯახში გვისახსოვრეს და პრემიერის თამაშის წინ, როცა ვლოცულობ, ტრადიცია მაქვს, ამ სანთელს ვანთებ. მისი ქუდი და შარფიც მაქვს შენახული, ჩემს საგრიმიოროში კი ჩვენი ფოტოებია გაკრული, ჯგუფელებთან ერთად. ვერ ვიპოვი შესაბამის სიტყვას, რომლითაც გადმოვცემ, თუ რას ნიშნავს ბატონი რეზო ჩემთვის. მე რომ დავდივარ, რაღაც დოზით, ამ ადამიანს დავატარებ ჩემში, ჩემი შეგნებით, ჩემი ქცევით და დადებითი ამბებით, რადგან მინდა, მას მივბაძო.

ბერძნული ამფითეატრი...

- ადგილი, სადაც ყოველთვის ტრაგედიები თამაშდებოდა, კომედიებიც, მაგრამ ზოგადად, ჩემთვის ფოთია ბერძნული ამფითეატრი, თავისი დრამითა და ტრაგედიით, ოღონდ - კომედიის გარეშე. ფოთთან მიმართებაში ბევრი ტკივილია, დაბეჩავებულივითაა ეს უდიდესი მნიშვნელობის ქალაქი, დიდი ისტორია და შესაძლებლობები გააჩნია, მათ შორის, ეკონომიკური და ეს ქალაქს არ ეტყობა.

ფოთის თეატრი დალუქულია, ვერც სპექტაკლს ვთამაშობთ, ვერც რეპეტიციებს გავდივართ. უხარისხოდ და უსიყვარულოდ ააშენეს და ვამბობ ხოლმე, ერთ დღეს ეს თეატრი გაიფცქვნება-მეთქი, ჰოდა, მერე მართლა ამფითეატრი იქნება - ღია.

თეატრალური ნიღბები...

- ცხოვრებისეული სასიხარულო ამბები და ტკივილები, რასაც ცხოვრებაში ვატარებ. სიხარული არის შვილის დაბადება, ჩემი ძმის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა, პრემიერები, პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები", ფილმებში გადაღებები და ა.შ. ბედის ირონიაცაა მანდ... მტკივნეულია ახლობელი ადამიანების დაკარგვა. ყველაზე რთული მომენტი ჩემს ცხოვრებაში კი იყო ის, როდესაც ჩემი ძმა პეკინის ოლიმპიადიდან ჩამოფრინდა და აქ ავტოკატასტროფაში მოხვდა, ბეწვზე გადარჩა. ისე ვინერვიულე და ისე გავინადგურე თავი, ის კვალი დღესაცაა ჩემში დარჩენილი. კეთილი ადამიანების წყალობით, ნიკა გადარჩა და დღეს საქართველოს ნაკრებში ჭაბუკებს წვრთნის.

მამაკაცური სისუსტე...

- ალბათ ის, რომ ზედმეტად ვავლენ სითბოსაც და წუხილსაც. დოზირებულად გაცემა არ შემიძლია, მიმნდობი და ერთგული ვარ.

ბედნიერებისგან დაბნეული...

- ჩემი შვილის - ევას დაბადების დღეს დავიბენი. თან იმ დროს პროექტი დაემთხვა, ფოთიდან თბილისში გავიქეცი, აქით ახალდაბადებული შვილი მყავს, იქით ილეთებს, ცეკვას ვსწავლობ, თან ეიფორია, რომ პირდაპირ ეთერში ვიქნები და მთელი ამბები ხდებოდა. მერე, ბინის ჩუქების თემა - ეს ცალკე რაღაც უდიდესი სიხარული იყო. იმედი მაქვს, ეს სიხარული დაგვირგვინდება, მერე ჩემს ახალ ბინაში დაგპატიჟებთ და იქაც მოგცემთ ინტერვიუს.

ახლა სულ გადარბენაზე ვარ, ზურგჩანთა არ მომიშორებია მხრიდან, ლოკოკინასავით დავდივარ (იცინის). ბედნიერი წუთი იყო ასევე, ჩემი ძმის - ნიკას ევროპის ფინალისტობა! მეგობრის სახლში იატაკს ისე დავარტყი მუჭი სიხარულისგან, რომ ორი ცალი პარკეტი ამოვყარე (იცინის).

შთამბეჭდავი მომენტი პიესაში...

- ლაშა ბუღაძის პიესაა "თეატრი", სადაც რეჟისორს ვთამაშობ, ცოტა სევდიანი მომენტია და იქ ასეთი ფრაზაა: "მაინც ვითამაშებ!" მართლაც, ეს მხოლოდ თეატრს არ ეხება, პროფესიასთანაც პირდაპირ კავშირშია და ცხოვრებასთანაც, ძალიან მომწონს.

ეპიზოდი უცხოური ფილმიდან...

- რობერტო ბენინი გამახსენდა... ძალიან მომწონს ეპიზოდი ფილმში "ცხოვრება მშვენიერია", როდესაც გერმანელები პერსონაჟს ხვრეტენ, ის კი ღიმილით შედის, ბავშვს ეთამაშება... სხვათა შორის, ოსკარი და სეზარიც კი მოიპოვა მაგ დალოცვილმა (იღიმის).

დაუვიწყარი პარტნიორი სცენაზე...

- მიჭირს გამორჩევა... გამიმართლა, რომ ბევრი კარგი პარტნიორი მყავს, უფროსი თაობისაც და ახალგაზრდაც. შალვა ლიპარტელიანი, რომელიც სამწუხაროდ, აღარ გვყავს, ჩემთვის დაუვიწყარი პარტნიორია...

ეზოში თამაში...

- ჩემს დროს "მოდაში" იყო "წრეში ბურთი", "ოთხი ქვა", მე "ინდიელობანას" თამაში მიყვარდა და ბებიაჩემის ქათმები და ინდაურები ზაფხულში ნახევრად შიშვლები დარბოდნენ (იცინის). "შტაბობანა" მომწონდა, ხეზე სახლების აშენება...

სათამაშო, რომელზეც ვოცნებობდი...

GzaPress- ვერტმფრენი, რომელიც დაფრინავს. ჩემი ბავშვობისას ასეთი არ იყო. ახლა საოცარი სათამაშოები იყიდება და ბავშვურად პირდაღებული ვუყურებ ხოლმე...

მასწავლებელი...

- ჩემს შემთხვევაში დიდ მორიდებასა და პატივისცემასთან ასოცირდება, მორიდებული ბავშვი ვიყავი.

თბილისი...

- თბილისი ჩემთვის არის ქალაქი, რომელმაც რაღაც დოზით მიმიღო. იგი ცხოვრებისეული ზღვარია, დანის პირზე გავლა, რადგან თბილისში პირდაპირ შემოჭრა არ გამოგივა და არც უნდა შემოიჭრა. თბილისს ადამიანები მოსწონს იმ წეს-ჩვეულებებით, იმ კუთხის ინდივიდუალიზმით, რომელსაც ის ადამიანი ატარებს. ფოთელი რომ ვარ და თბილისში ჩამოსული, რამდენოთახიანი ბინაც უნდა ვიყიდო ვერაზე, ვერელი ვერასდროს გავხდები და არც უნდა მოვინდომო, მაგრამ ვერელისთვის კარგი ფოთელი მეზობელი შეიძლება ვიყო. შენი კუთხის ხელწერა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. ნამდვილი ვერელი ვერელია და შენ ზღვისპირელი რომ ხარ, ნამდვილი ზღვისპირელი უნდა იყო.

საოცნებო სამყარო...

- ბევრი ხე და ბევრი მწვანე ფერი! ბევრი ბუნებრივი მცენარე, ყველაფერი ელექტრონული, რაც შეიძლება მცირე დოზით!..

ჩემი პორტრეტი...

- ადრე მეზღვაურებს ოკეანეებიდან ძალიან დიდი ნიჟარები მოჰქონდათ და ჩემს პორტრეტს წარმოვიდგენდი ასეთს - მე ნიჟარაში წამოწოლილი.

შვილი, ოჯახი...

- ჩემი შვილი ჩემი ხატია, ლოცვაა, ჩაუქრობელი სანთელია ჩემს გულში.

თამთა დადეშელი