იგეგმება თუ არა "ჩემი ცოლის დაქალების" წიგნად გამოცემა - გზაპრესი

იგეგმება თუ არა "ჩემი ცოლის დაქალების" წიგნად გამოცემა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი - ირაკლი საღინაძე "გზის" მკითხველებს რიჩარდ ბახის ნაწარმოების - "თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი" წაკითხვას ურჩევს იმისთვის, რომ ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან და არა - ისეთები, როგორც საზოგადოება კარნახობს მათ... რა ადგილი უჭირავს წიგნებს ირაკლის ცხოვრებაში და როგორი ლიტერატურული გემოვნება აქვს, ამის შესახებ პროდიუსერი თავად გვიამბობს:

- ჩემს ცხოვრებაში წიგნს ზოგჯერ დიდი ადგილი უჭირავს, ზოგჯერ - ნაკლები, რადგან მოუცლელობის გამო, იმდენის კითხვას ვერ ვასწრებ, რამდენის სურვილიც მაქვს.

- ამჟამად, რას კითხულობთ?

- ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილი) "რუსეთის სახელმწიფოს ისტორიას". ჩემი აზრით, პუტინთან ოპოზიციაში მყოფი ადამიანის დაწერილი რუსეთის ისტორია საინტერესოა. საერთოდ, ისტორიაც მიყვარს. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად პოლიტიკაც მაინტერესებს. ამ წიგნის შერჩევის მიზეზიც ეს იყო - ჩემს ინტერესს აკმაყოფილებს.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ჟან-პოლ სარტრის "სიტყვები". ესეც ფილოსოფიური ესეა. ჟან-პოლ სარტრი XX საუკუნის ევროპის იდეოლოგი, ევროპული ეგზისტენციალიზმის მამაა. "სიტყვები" ჩვენი ყოფიერების შესახებ მხატვრულ ფორმაში მოქცეული ნაწარმოებია - კონკრეტულ ადამიანურ კრიზისებზე, საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე...

- შთამბეჭდავი მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან პირველი რა გახსენდებათ?

GzaPress- ჩემი საყვარელი წიგნია მარკესის "მარტოობის 100 წელი". კიდევ უამრავი მხატვრული ნაწარმოები მახსენდება, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომწონს. მიყვარს ეს ჟანრი - მისტიკური რეალიზმი, წერის სიურრეალისტური მანერა, სადაც პირობითი სამყარო იქმნება, რომელსაც ისეთი თვისებები ახასიათებს, რაც შეიძლება, რეალურ გარემოში წარმოუდგენელია, მაგრამ მკითხველისთვის ემოციები ასოციაციური მეთოდებითაა გადმოცემული, სიმბოლოებს შეიცავს. მარკესს ბევრი საუბარი არ სჭირდება. მგონი, ისეთი პოპულარული წიგნი დავასახელე, რომლის შესახებაც თავისი აზრი ყველას აქვს, ვისაც წაუკითხავს.

- თქვენ როდის წაიკითხეთ?

- როცა 14 წლის ვიყავი. დამოუკიდებლად შევარჩიე: დეიდაჩემის წიგნების თაროზე ვნახე. წავიკითხე და მაშინვე საოცრების სამყაროში აღმოვჩნდი. მერე მივხვდი, თურმე, გენიალური მწერლის გენიალური ნაწარმოები წამიკითხავს.

- ნაწარმოების გენიალურობა იმ ასაკშივე გააცნობიერეთ?

- ფაქტია, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მას მერე, ეს წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე.

- მშობლებს, ახლობლებს თქვენთვის წიგნის კითხვის დაძალება დასჭირვებიათ?

- კი, როგორ არა! მაგალითად, რასაც ყველა კითხულობდა, მე იმ ლიტერატურის წაკითხვა არ მიყვარდა. "ტომ სოიერის თავგადასავალი" სულ ძალით წამაკითხეს, ასევე - "სამი მუშკეტერი".

- "ტომ სოიერის თავგადასავალი" მოგეწონათ?

- არა, არ გავგიჟებულვარ. "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" უფრო მიყვარდა. ყველა "ტომ სოიერს" კითხულობდა, მე კი "ჰეკლბერი ფინი" წავიკითხე, ჩემი ინიციატივით.

- პროტესტის ნიშნად თუ მართლა გაინტერესებდათ?

- იმ დროს, ეს ერთგვარი მატრაკვეცობა იყო - მინდოდა, რაღაც განსხვავებული მცოდნოდა. მერე აღმოჩნდა, რომ უამრავი რაღაც არ ვიცოდი, რაც ყველამ იცოდა და საბოლოო ჯამში, რომელი იყო უპირატესი, ვეღარ გავარჩიე. მერე ისეთი რაღაცებიც წავიკითხე, რაც ყველას ჰქონდა წაკითხული.

- საკუთარი სურვილით წაკითხული პირველი წიგნი რომელი იყო, გახსოვთ?

- ჟიულ ვერნის "კაპიტან გრანტის შვილები" და მაინ რიდის "უთავო მხედარი". მაშინ 7-8 წლის ვიყავი, როცა ვაცნობიერებდი, რისი წაკითხვა მინდოდა. ამ წიგნების შერჩევაზე კიდევ, იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ფილმებს, რაღაც ნაწარმოებების ეკრანიზაციებს ვუყურებდი ან ვინმესგან გაგონილი მქონდა. შესაბამისად, წაკითხვის სურვილი გამიჩნდა. შემდეგ ჟიულ ვერნის ყველა ნაწარმოები წავიკითხე, ასევე - მაინ რიდისაც, მერე - კიპლინგის...

- ასაკისთვის შეუფერებელი ნაწარმოები წაგიკითხავთ?

- სიმართლე გითხრათ, "ასაკისთვის შეუფერებელი" რას ნიშნავს, არ ვიცი, თუმცა ლიტერატურის დიდ ნაწილს უბრალოდ, მცირე ასაკში ვერ გაიგებ. წამიკითხავს წიგნები, რომლებიც ვერ გამიგია და ხელმეორედ წაკითხვის შემდეგ მივმხვდარვარ, რომ თურმე, ავტორი სულ სხვა რაღაცის შესახებ მიყვებოდა, მე კი სხვა რამ გავიგე. მაგალითად, კაფკას "პროცესს" 8 წლის ასაკში რომ წაიკითხავ, ბუნებრივია, ვერ გაიგებ... უამრავი რაღაც წამიკითხავს, რაც ჩემი ასაკისთვის შეუსაბამო იყო, რადგან "ვდიდობდი". "აკრძალული ლიტერატურის" არ მწამს. "დეკამერონი" ადრეულ ასაკში წავიკითხე, რადგან ვიცოდი, რომ "სექსებზე" იყო ლაპარაკი, მაგრამ წიგნი სულ სხვა რამეზეა. ასეთი "პროვოკაციული" რაღაცები წამიკითხავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემს ოჯახში კითხვა ხელშეწყობილი იყო და არავინ მიკრძალავდა რაიმე სახის ლიტერატურის გაცნობას. ჩემზე იყო დამოკიდებული, წავიკითხავდი თუ არა - მთავარი იყო, სურვილი გამომეჩინა.

- მცირე ასაკში "დეკამერონი" როგორ აღიქვით?

- ვერ აღვიქვი. დაახლოებით გავიგე, რომ ვიღაც ადამიანების ცხოვრების შესახებ იყო, რომლებიც უცნაურად მეჩვენებოდა... მერე გავაცნობიერე, რომ იმ დროს ცხოვრება გაცილებით კონსერვატიული იყო, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, მეც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ჯოვანი ბოკაჩოს შემოქმედება დიდად არც მომეწონა.

- მოზრდილ ასაკში საბავშვო ლიტერატურა ინტერესით თუ წაგიკითხავთ?

- როგორ არა! "პეპისა" და "კარლსონს" დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ, თუ შემთხვევით, ხელში ჩამივარდა.

- ახალ საბავშვო ლიტერატურულ ნაწარმოებებს არ კითხულობთ?

- მათ შესახებ უკვე ჩემი შვილებისგან ვიგებ, მაგალითად - "წრიპა ბიჭის ამბები". სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო, იმის წაკითხვასაც ვერ ვასწრებ, რაც მინდა და პერიოდულად, თვალს გადავავლებ ხოლმე. "ჰარი პოტერი" წამიკითხავს. ეს არცთუ ისე საბავშვოა - ჩემი აზრით, ყველასთვისაა განკუთვნილი. ჯოან როულინგი ღირსშესანიშნავი თანამედროვე მწერალია. საერთოდ, ფენტეზი მიყვარს. ამ ჟანრის ფილმები მომწონს, მაგრამ წაკითხულიც არ არის ცუდი.

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები ძირითადად, მოგწონთ ხოლმე?

- კარგიც მინახავს და ცუდიც. როცა ნაწარმოებს კითხულობ, უკვე "შენი ფილმი" ნანახი გაქვს და ეკრანიზაცია ხშირად იმედგაცრუებას იწვევს - განწყობა, ტიპაჟები შენ მიერ წარმოდგენილს არ ემთხვევა, მაგრამ მაგარი ეკრანიზაციებიც მინახავს. მაგალითად, მარიო პიუზოს "ნათლია" აბსოლუტური უსუსურობაა იმასთან შედარებით, რაც მერე კოპოლამ გადაიღო. ასევე, კუბრიკის გადაღებული "მექანიკური ფორთოხალი" ბევრად უკეთესია, ვიდრე ენტონი ბერჯესის დაწერილი.

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

- ხანდახან - ძალიან ბევრს, ხან - არც ერთს. ზუსტად ჩემნაირი პერსონაჟი არ შემხვედრია, მაგრამ ყოფილან ისეთები, როგორიც მინდოდა, თავად ვყოფილიყავი. ეს უფრო ახალგაზრდული პათოსია. ყველაზე მაგარი მოხმალავე, მოჩხუბარი მინდოდა, ვყოფილიყავი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ეს უკვე ინტიმური კითხვა გამოდის, თუ რომელი პერსონაჟი ვარ. რთულია, რომელიმე გმირთან იდენტიფიცირება მიჭირს...

GzaPress- რომელიმე ნაწარმოებმა თქვენი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეცვალა?

- ერთმნიშვნელოვნად რადიკალური ცვლილებები არ გამოუწვევია, მაგრამ საკუთარი თავისუფლების გააზრებაში დამეხმარა რიჩარდ ბახის - "თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი". ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. საკმაოდ ადრეულ ასაკში წავიკითხე და ამ წიგნიდან თავისუფლების ჰაერმა დამიბერა. ჰემინგუეის ნაწარმოებმა - "მოხუცი და ზღვა" მაჩვენა და მიკარნახა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულისკვეთებას, განწყობას, ბრძოლის სურვილს, რომ მთავარი ბრძოლის პროცესია და ის არასდროს სრულდება, ვიდრე ადამიანი ცოცხალი ხარ... მოკლედ, ბევრი ნაწარმოები ყოფილა, რომლის კითხვისას უცებ, "სუფთა ჰაერი", სასიამოვნო განცდა მიგრძნია, რაღაც აღმომიჩენია...

- სამაგიდო წიგნი გაქვთ?

- არა. რაც მაგიდაზე აღმოჩნდება, ისაა ჩემი "სამაგიდო წიგნი", ანუ ის, რასაც იმ პერიოდში ვკითხულობ...

- რომელიმე ავტორის წერის მანერა განსაკუთრებულად მოგწონთ?

- ისევ მარკესს ვახსენებ: არა მხოლოდ "მარტოობის ასი წელი", არამედ საერთოდ, მარკესის წერის სტილი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და კარგი საკითხავია. აქვე, ქართველი ავტორებიდან აკა მორჩილაძეს აღვნიშნავ, რომელიც ჩემი აზრით, თანამედროვეობის დიდი მწერალია. მისი წერის სტილი მიყვარს.

- ირაკლი, "ჩემი ცოლის დაქალების" წიგნად გამოცემაზე გიფიქრიათ? ასეთი პრეცედენტები არსებობს, მოგეხსენებათ...

- არა, არ გვიფიქრია. იმისათვის, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს, მას სპეციფიკური გადამუშავება სჭირდება. უბრალოდ, სცენარის წიგნად გადაბეჭდვა არასწორი იქნება. მით უმეტეს, როდესაც სერიალი "ცოცხალია" და სამუშაო პროცესშია, განსაკუთრებულ აზრს ვერ ვხედავ, რომ წერილობითი ფორმატით გამოიცეს. შეიძლება, ოდესმე საინტერესო იყოს. ელექტრონულ საუკუნეში ვცხოვრობთ. ინფორმაცია ციფრულად არსებობს. შესაბამისად, იმის აუცილებლობა აღარ არის, რომ პროდუქტი, რომელიც აუდიო-ვიდეონაწარმოებია, ლიტერატურულად გადააქციო, როგორადაც თავდაპირველად, ჩაფიქრებული არ იყო.

ეთო ყორღანაშვილი