არის თუ არა საშიში "ფეისბუკი" ბავშვებისთვის - გზაპრესი

არის თუ არა საშიში "ფეისბუკი" ბავშვებისთვის

"ფეისბუკის" გახმაურებული სკანდალის შესახებ მოგეხსენებათ - როგორც აღმოჩნდა, მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბრიტანული კომპანიის - "კემბრიჯ ანალიტიკის" ხელში აღმოჩნდა. მომხმარებელთა პირადი ანგარიშის გაჟონვის გამო, მარკ ცუკერბერგმა ბოდიშიც მოიხადა... ამ ფონზე, როცა ადამიანების პირადი მონაცემების უსაფრთხოება საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუკზე" რეგისტრაციისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს, სოციალურ ქსელში ბავშვებიც რეგისტრირდებიან, ზოგჯერ მათ თავად მშობლები არეგისტრირებენ... თუ რატომ ხდება ასე, ამის შესახებ აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მათი შვილების მაგალითის და პირადი გამოცდილების საფუძველზე ვკითხეთ...

მაკა შალიკაშვილი:

- "ფეისბუკზე" დარეგისტრირებული ვარ, პაროლი მაქვს. მგონია, ჩემი ანგარიშით სხვა არავინ სარგებლობს, მაგრამ რადგან შეკითხვა დამისვი, ეჭვი შემეპარა - პირადი ინფორმაცია დაცული მაქვს თუ არა (იცინის)... იცი, რა? ვიღაცას მომხმარებლების პირად მონაცემებზე წვდომა ყოველთვის ექნება - "ფეისბუკზე" თავს 100%-ით დაცულად არ ვგრძნობ.

GzaPress- "ფეისბუკზე" თქვენი შვილიც დარეგისტრირებულია?

- არის, მაგრამ საკუთარი ინიციატივით, აღარ სარგებლობს - არ მომწონსო.

- რამდენი წლის არის?

- 11-ის.

- "ფეისბუკზე" რეგისტრაციისას ასაკობრივი შეზღუდვა რომ არსებობს, იცოდით?

- კი, ვიცოდი. "ფეისბუკზე" ბავშვები ერთმანეთს სწერდნენ, საერთო ჯგუფიც ჰქონდათ. მერე ჩემმა შვილმა უცებ განაცხადა, - საერთოდ აღარ მინდაო. მობილურ ტელეფონში "ფეისბუკის" პროგრამა წაშლილი აქვს, კომპიუტერიდანაც არ შედის.

- აკონტროლებდით, "ფეისბუკიდან" რა ინფორმაციას იღებდა?

- კი, ყველაფერს. სხვათა შორის, თავად თქვა, რომ "ლურჯ ვეშაპზე" რაღაცები იცოდა. - შენც შესული ხარ "ლურჯ ვეშაპში"-მეთქი? - არაო, - კი მიპასუხა, მაგრამ მაინც სერიოზულად დაველაპარაკე. ოჯახის სხვა წევრებიც დელიკატურად ესაუბრნენ, აუხსნეს... კიდევ, ჩემმა მეგობარმა ჩვენი კომპიუტერი შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ არასასიამოვნო ინფორმაციებს თინათინი ინტერნეტით უყურებდა და ისმენდა (ოღონდ - ეს "ფეისბუკს" არ უკავშირდება). იმის თქმა მინდა, რომ შემოწმება აუცილებელია, დიდი ყურადღებაა საჭირო. ბავშვის ტელეფონიც, ლეპტოპიც უნდა შეამოწმოთ... მოკლედ, გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ბავშვს დაველაპარაკეთ, ყველაფერი გავარკვიეთ, პირველწყაროც ვიპოვეთ...

- კონკრეტულად "ფეისბუკზე" ბავშვს როგორ აკონტროლებდით?

- მესიჯებს ერთად ვკითხულობდით. ისე ნამდვილად არ ყოფილა, რომ მისი ტელეფონი მომეპარა და შეტყობინებები ჩუმად წამეკითხა. ვეუბნებოდი, - აბა, დედიკო, მოდი, წამაკითხე, რა ხდება შენთან, ვინ გწერს-მეთქი? მთელ "კედელს" მაჩვენებდა... ჭკვიანი გოგონა გახლავთ, მაგრამ რაღაც შეცდომები დაუშვა. მადლობა ღმერთს, რომ მივასწარით... ჭკვიანი კი არის, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო - ოჯახის წევრებთან დალაპარაკებამ უშველა.

- იმ მშობლებს რას ურჩევთ, რომელთა მცირე ასაკის შვილებსაც "ფეისბუკზე" დარეგისტრირება სურთ?

- ერთმანეთის მიბაძვა, "წამხედურობა" მოქმედებს: ბავშვის ყველა კლასელი "ფეისბუკზე" დარეგისტრირებულია და მასაც სურს, სოციალურ ქსელში თავისი ანგარიში ჰქონდეს. ამიტომ მშობელი ვერაფერს იზამ. თუ შვილს ეტყვი, - არ შეიძლება, პატარა ხარო, გიპასუხებს: აი, ჩემი ყველა კლასელი დარეგისტრირებულია. მე რატომ ვარ პატარაო?! ანუ ეს საკითხი ტოტალურად უნდა გადაიჭრას. რადგან ყველა მშობელს არ ესმის ეს და ვერ გავაგებინებ, სკოლაში რომ მივვარდე - აბა, მშობლებო, "ფეისბუკზე" ბავშვების დარეგისტრირება არ შეიძლება-მეთქი, ჩემს ინიციატივას არასწორად გაიგებენ. ამიტომ ჩემი აზრით, თუ ბავშვი გადარეულია, ისე უნდა "ფეისბუკზე" დარეგისტრირება, უნდა დაარეგისტრირო, ოღონდ უნდა დაგინახოს, რომ სოციალური ქსელის მიმართ თავად ნაკლები ინტერესი გაქვს. თუ გხედავს, რომ "ფეისბუკით" გაცხოველებული სარგებლობ, თავად მას კი უკრძალავ, ვერ გაიგებს... თავად ასე მოვიქეცი: გარკვეული პერიოდით "ფეისბუკზე" ჩემი ანგარიში "დავხურე" - ეს "ლომკა" გადავაგდე, რაც ალბათ, ყველას აქვს. ახლა "ფეისბუკზე" დამოკიდებული აღარ ვარ, თუმცა ხანდახან შევდივარ, გადავათვალიერებ და მალევე გამოვდივარ...

სალომე გოგიაშვილი:

GzaPress- ჩემი შვილები "ფეისბუკზე" დარეგისტრირებულები არიან, მაგრამ - სხვა სახელით, დიდად არ აქტიურობენ.

- რა ასაკის არიან?

- ერთი 15 წლის არის, მეორე - 10-ის. დღესდღეობით, იმდენი უბედურება ხდება, რომ ჩემს შვილებს ინტერნეტში ყოველთვის ვაკონტროლებ. 10 წლის შვილს "ფეისბუკზე" ანგარიში თავად "გავუკეთე", რადგან სოციალურ ქსელში მისი კლასელები არიან, რაღაც ჯგუფი აქვთ, კონტაქტობენ...

- როგორ აკონტროლებთ თუნდაც, ბავშვის პირადი ანგარიშის "ნიუსფიდს"?

- როგორც აღვნიშნე, ხშირი მომხმარებელი არც ერთი არ არის. თან, "ნიუსფიდი" მეგობრების მიერ გაზიარებული სიახლეებისგან შედგება, სამეგობროში კი კლასელები ჰყავთ.

- "ფეისბუკზე" შვილები თუ გყავს დამეგობრებული?

- რა თქმა უნდა.

- შვილების გარდა, სხვა მცირე ასაკის ე.წ. ფრენდებიც გყავთ?

- კი, რა თქმა უნდა, "ფრენდ ლისტში" ჩემი შვილის მეგობრები, კლასელები, ნათესავები მყავს. ისედაც, სხვა მცირეწლოვანი ბავშვებიც მწერენ, ჩემთან დამეგობრება სურთ. ძალიან მიხარია და მეგობრების სიაში ყოველთვის ვამატებ - მათთან ყოველთვის ვურთიერთობ.

- როცა რაიმე ინფორმაციას აზიარებთ, ფიქრობთ, ინფორმაცია თქვენი მცირეწლოვანი მეგობრებისთვის შეუფერებელი ხომ არ არის? "პოსტის" მნახველთა აუდიტორიას ზღუდავთ?

- წინათ ამაზე არ მიფიქრია, ახლა დავფიქრდი... რა თქმა უნდა, მაგალითად, სექსუალური ხასიათის ინფორმაციას ისედაც არ ვაზიარებ, მაგრამ საერთოდ, ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს და არის ინფორმაციები, რაც ნერვებს ძალიან მიშლის, რაც ბავშვისთვის "სწორი" წასაკითხი არ იქნებოდა, მაგრამ გამიზიარებია... ახლა "ფეისბუკს" ძალიან ჩამოვშორდი, იშვიათად ვსარგებლობ. მივხვდი, რომ ამ სოციალური ქსელიდან მხოლოდ ნეგატივი მოდის... "ფეისბუკზე" ბევრი "კონტაქტი" მაქვს. პირად ანგარიშს ამიტომ არ ვაუქმებ, რომ მჭირდება. "ინსტაგრამზე" "გადავერთე", სადაც ნაკლები ნეგატიური კომენტარია.

- ცნობილი ადამიანების სახელით, "ფეისბუკზე" ყალბ ანგარიშებს ხშირად ხსნიან, ბავშვებს კი ფავორიტი მსახიობები, მომღერლები ჰყავთ და მარტივად ტყუვდებიან...

- ამბიციაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი შვილები ისე არ არიან, რომ ვინმეზე გიჟდებოდნენ. თან, თუკი ვინმე მოსწონთ, ყველა ჩემი ნაცნობი და მეგობარია. თუ სამეგობროში ცნობილი ადამიანი ჰყავთ, ე.ი. ის ნამდვილი ანგარიშია და არა - ყალბი.

- თავად აღნიშნეთ, "ფეისბუკიდან" ნეგატიური ინფორმაცია მოდისო. მშობლებს რას ურჩევთ, მცირეწლოვანი შვილები დაარეგისტრირონ (ბავშვის ძლიერი სურვილის შემთხვევაში) სოციალურ ქსელში?

- შესაძლოა, ვინმესთვის ეს აღშფოთების საგანი იყოს, მაგრამ პირადად მე, ჩემი ორივე შვილის პაროლი ვიცი, რადგან მიმაჩნია, რომ მშობელმა ბავშვები უნდა გააკონტროლოს. "ჩემი შვილია და ვენდობი" საკმარისი არ არის - ათასი რაღაც ხდება... როცა ახალი დარეგისტრირებულები იყვნენ, უფრო ხშირად ვამოწმებდი. ახლა ვიცი, სოციალურ ქსელში აქტიურად ჩართულები არ არიან... მშობლისა და შვილის ურთიერთობას გააჩნია - სხვას საკუთარი "გადმოსახედიდან" ვერ ურჩევ. ჩემს სამეგობრო წრეში "ფეისბუკზე" ყველას შვილი დარეგისტრირებულია, მაგრამ ამის გამო, პრობლემა არავის შეჰქმნია. მშობლებმა შვილები უნდა გააკონტროლონ და მათ თავისუფლება ნორმის ფარგლებში მისცენ.

ნინო ძოწენიძე:

- ჩემი შვილი 14 წლის არის. "ფეისბუკზე" 13 წლისა დარეგისტრირდა. ეს თავად გააკეთა - ასეთ საკითხებში ჩემზე უკეთ ერკვევა. სიმართლე გითხრათ, ინტენსიური მომხმარებელი არ გახლავთ. რას ვიზამთ, "ფეისბუკზე" პირადი ანგარიშის ქონა დღევანდელობის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ ვერ ავუკრძალავ. ჩემი შვილის ყველა მეგობარი დარეგისტრირებულია, რაღაც ჯგუფები აქვთ კლასელებს... ვფიქრობ, "ფეისბუკი" ძალიან ცუდიც არ არის..

- "ფეისბუკზე" მეგობრების სიაში შვილიც გყავთ?

- როგორ არა!

- მისი ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციას როგორ ფილტრავთ?

- სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. "ფეისბუკზე" სანდროს ანგარიშით არ შევდივარ. ზოგჯერ "გახსნილი" რომ რჩება, რაღაცებს ვამოწმებ. პრინციპში, რაღაცების წაშლაც შეუძლია, ამისგან დაცული არ ვართ...

ლიზა ყენია:

GzaPress- "ფეისბუკზე" იმაზე უფრო ადრე დავრეგისტრირდი, ვიდრე ეს ნებადართულია. მახსოვს, ეს რატომაც გავაკეთე: ერთგვარი თამაში იყო - კატისთვის უნდა მოგევლო (იცინის). მგონი, ჩემი თანატოლების უმეტესობა სწორედ ამიტომ დარეგისტრირდა.

- სოციალურ ქსელში შენი დარეგისტრირება მშობლებს არ გაუპროტესტებიათ?

- არა. ამ საკითხის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ პროტესტი - არა.

- სხვა მიზნით "ფეისბუკის" გამოყენება როდის დაიწყე?

- როცა პროექტებში ვმონაწილეობდი.

- დღეს როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი, რომ "ფეისბუკზე" ადრეულ ასაკშივე დარეგისტრირდი?

- "ფეისბუკს" არ დავუზარალებივარ. იმას ვგულისხმობ, რომ საწყენი კომენტარების შესახებ სხვაგვარადაც შეიძლებოდა გამეგო (ჩემი პროფესიის გამო), მაგრამ ისე, ვისურვებდი, რომ მცირეწლოვან ბავშვებს სოციალურ ქსელში პირადი ანგარიში არ ჰქონდეთ.

- "ფრენდ ლისტში" ბავშვებიც გყავს?

- კი.

- როცა პირად გვერდზე რამეს აზიარებ, აუდიტორიას ზღუდავ?

- ძირითადად, "ფაბლიქზე" მაქვს "პოსტები", მაგრამ შეძლებისდაგვარად, "ფრენდ ლისტში" ბავშვების ყოფნას ვითვალისწინებ - ბევრნი არიან და ვცდილობ, მათთვის შეუსაბამო ინფორმაციები არ გამოვაქვეყნო.

- გასართობი ტესტებით თუ ინტერესდები - მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველი საიტებისთვის შენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს?

- კი, ასეთი ტესტები გამიკეთებია და "დამიშეარებია" კიდეც, ხუმრობით. "ფეისბუკზე" ისეთი პერსონალური ინფორმაცია არ მაქვს შენახული, რომლის გასაჯაროებამაც შეიძლება, ცხოვრება დამინგრიოს.

- ენდობი "ფეისბუკს"?

- საერთოდ, საიტებს არ უნდა ენდო, მაგრამ "ფეისბუკს" ისეთ საიტად არ მივიჩნევ, რომელიც მაწყენინებს (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი