"პოლიტიკური მეძაობა" და დასასვენებლად შექმნილი თანამდებობა - გზაპრესი

"პოლიტიკური მეძაობა" და დასასვენებლად შექმნილი თანამდებობა

შესავლის გარეშე - გოგი წულაიას ასოციაცია.

პარლამენტი...

- ქუთაისის პარლამენტის შენობა პატარა ბავშვის საფენს მაგონებს, ოღონდ - დიდი ზომისას. პარლამენტარები კი ჯონჯოლები არიან - გინდა ყოფილან, გინდა - არა, კაცისშვილი არ მოიკითხავს, სად არიანო?

პრეზიდენტი...

- დასასვენებლად შექმნილი თანამდებობა. დღეს პრეზიდენტი იმდენად უუფლებოა, რომ ეს პოსტი დასასვენებელ ადგილად გამოსადეგია.

ჩხირი...

- "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო" - ეს სიტუაციაა ახლა ჩვენს ქვეყანაში.

ხე...

- ხეებზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მაგონდება.

შუშის სასახლე...

- ამაზეც ბიძინა ივანიშვილი და მიშა სააკაშვილიც - მას უყვარდა შუშებიანი შენობები.

დროშა...

- (იცინის) ამაზე ჩემი თავი მახსენდება.

GzaPressზოოპარკი...

- დღევანდელი საქართველო, შემოუღობავი, მეტყველი ცხოველებით, ოღონდ, ბოდიშს ვიხდი, რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ და ყველას არ ეხება, მაგრამ რეალობა ესაა, მაიმუნებად ვართ გადაქცეული.

გასაბერი ქალი...

- გასაბერი ქალი (იცინის)? ახლა ისეთი დრო დადგა, ამ ფემინისტების გადამკიდე, მგონი, კაცებს გასაბერი ქალების ყიდვა მოუწევთ, რომ ვინმემ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში არ დაადანაშაულოს. ესენი კიდევ, არც გვიჩივლებენ და არც დაგვიჭერენ. XXI საუკუნის ბოლოსკენ გასაბერი ქალი აუცილებელი რამ იქნება (იცინის).

ყველაზე დიდი მსახიობი...

- გადატანითი მნიშვნელობით? პოლიტიკოსები, ნამდვილად მსახიობები არიან. ისე კი ბევრია, ძველი თაობის მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე და სხვები.

ჰალსტუხი...

- მისი ქართული სახელწოდებაა ყლინჯი და ეს არის საკუთარი ნებით დახრჩობის მცდელობა.

"პოლიტიკური მეძავი"...

- დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ესაა პოლიტიკური "მეძაობა".

კოლორიტი...

- საერთოდ, კოლორიტობა მეობასთან ასოცირდებოდა. ოტია იოსელიანი, სოსო ხარაბაძე, ილო ფოტოგრაფი და ბევრი მართლაც კოლორიტული ადამიანი ჰყავდა ქუთაისსა და საქართველოს, მსახიობები თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს სულ სხვა ხალხი ითვლება კოლორიტებად... არ დავასახელებ (იცინის).

იუმორის მამა...

- ასე უცებ ვერ ვიხსენებ და ალბათ, ასოცირდება რომელიმე დიდ ბერძენთან, რომელსაც კომედიური პიესა ექნებოდა დაწერილი. ჩემთვის კი ყველაზე დიდი იუმორი მამაჩემს - გურამ წულაიას ჰქონდა, "გატელევიზორებული" კაცი არ იყო, მაგრამ მისი ხუმრობები დღემდე გვახსოვს.

საყვარელი ანდაზა...

- "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი".

ფრაზა, გამოთქმა...

- "მთვარის მოტაცებაშია": "თუ ბედისწერის წიგნში სიმართლის ნატამალი დარჩენილა, ენგურს გავალო ამაღამ"...

საგანძური წინაპრისგან...

- სად მაქვს წინაპრების დატოვებული რამე და აწყობილი ცხოვრება (იცინის)? რელიკვია ჩემთვის მიუღწეველ ნივთთან ასოცირდება, მაინცდამაინც მდიდრულ ნივთს არ უნდა წარმოადგენდეს, სულ უბრალო რამ შეიძლება იყოს, მაგრამ შენთვის ძვირფასია და წინაპრებისგან სახსოვრად დაგრჩა. ასეთი განსაკუთრებული არაფერი მაქვს.

ტრადიცია...

- სამწუხაროდ, ტრადიცია დღეს უკვე გარყვნილი, შერყვნილი და ყველასგან აბუჩად ასაგდები რაღაცაა. არადა, ტრადიციების გარეშე, არც ერთი ერი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ და დროთა განმავლობაში, ბევრმა რამემ ცუდი ტრანსფორმაცია განიცადა. პირადად მე და ბევრი ადამიანიც, მაინც ვინარჩუნებთ იმას, რაც ფასეულია. თუნდაც, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები: მეგობრობა, უფროს-უმცროსობის შეგრძნება, მშობლის, ქალისადმი პატივისცემა, სიყვარული და არა მაინცდამაინც ის, რასაც ტრადიციების მგმობი ხალხი გულისხმობს, მაგალითად, მოკვლამდე და გადასვენებამდე დალევა, სამასკაციანი ქელეხი და სხვა. ეს სისულელეა და ჩემთვის არაა ტრადიცია.

სპორტი...

- მთელი ბავშვობა თამაშში გავატარე, თუმცა, სპორტის მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ, არც ფეხბურთი მიტაცებდა და არც - კალათბურთი. აი, ბილიარდის თამაში ყოველთვის მიყვარდა.

ჩემპიონატი...

- ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებიან და რომელიც საქართველოში გადაქცეულია ადგილად, სადაც ნაცნობ-მეგობრობა და ნათესაობა უფრო ჭრის. ჩემპიონატზე მე ისევ და ისევ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მახსენდება, რომელიც ქუთაისში ჩატარდა და მართლაც ემოციურად ვიყავი განწყობილი.

მაღიზიანებს...

- უმადურობა და წეღან რომ ვახსენე - სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო, - ეს დამოკიდებულება. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გათავისებული, რომ როცა სხვისთვის იბრძვი, როცა სხვა ადამიანებს უდგახარ მხარში და მათთან ერთად იბრძვი, შენი თავისთვის იბრძვი. დღეს ქვეყანაში უმადურობის დოღია.

მეშინია...

- სიკვდილის, რა თქმა უნდა. მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ არაფერი შევქმნა.

ვნერვიულობ...

- როცა უმსგავსო საქციელს ვაწყდები, უყურადღებობას, "ფეხებზე მკიდია" დამოკიდებულებას... მმართველობაში ვგულისხმობ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანებს უტიფარ პასუხებს სცემენ. შეუძლიათ, თეთრზე ამტკიცონ, შავიაო და პირიქით, ეს მაღიზიანებს.

სიხარული...

- სიხარული და ბედნიერებაა, როცა შენი შრომით იმდენი შემოსავალი გაქვს, რომ ყოფითი პრობლემების გარეშე ცხოვრობ, კვების, გადასახადების გადახდის თუ ცოლ-შვილის დასვენების პრობლემა არ გაქვს. ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ჩემ გარშემო ადამიანების უმეტესობას დალხენილი ცხოვრება აქვს და სახე უღიმის, თორემ არ შეიძლება განყენებულად, მარტო შენ იყო ბედნიერი.

ოჯახი, შვილები...

- ესაა უდიდესი ღირებულება ჩემთვის. მტკიცე ოჯახი მტკიცე სახელმწიფოა, სახელმწიფოს უჯრედია და რაც უფრო სიცოცხლისუნარიანია, მით უფრო მტკიცეა ქვეყანაც.

დაუვიწყარი დღე...

- ჩემი ქორწილი და ჩემი შვილების დაბადების მომენტი.

აქციები...

- ბევრი აქცია მაქვს დაგეგმილი (იცინის). ბადით თევზის დაჭერა, სასამართლოსთან მისვლა, ჩალის მიტანა და სასახლის აშენება, რათა ვთქვა, - ქვეყანა ჩალითაა დახურული-მეთქი (იცინის). აგერ, ამინდებიც გამოვიდა და ათას რამეს განვახორციელებ.

თამთა დადეშელი