"ბედნიერებისთვის მამაკაცის არსებობა არ არის აუცილებელი" - გზაპრესი

"ბედნიერებისთვის მამაკაცის არსებობა არ არის აუცილებელი"

"ძლიერ ქალებსაც უყვარდებათ, თუმცა სუსტებისგან განსხვავებით, ისინი სიყვარულს არ აძლევენ უფლებას, გრძნობამ გავლენა იქონიოს მათზე. ძლიერ ქალებს ის ვერ ეხება. ძლიერები ტკბებიან სიყვარულით, ფლირტით და ფრთხილად უშვებენ მას საკუთარ ცხოვრებაში... თუ საჭირო გახდა, უმტკივნეულოდაც ტოვებენ... მხოლოდ სუსტი ქალები აძლევენ სიყვარულს უფლებს, რომ ამის გამო ღვარონ ცრემლი და ჩავარდნენ დეპრესიაში", - ამბობს მომღერალი სოფო საჟინიანი, რომელიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.

- ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- ძლიერი ქალები აშინებთ არარეალიზებულ, მშიშარა და არათავდაჯერებულ მამაკაცებს. ძლიერი მანდილოსნები კი ასეთი მამაკაცით არასოდეს დაინტერესდებიან. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი ქალი ქორწინებაში არასოდეს არის, რადგან ქორწინება წინაღობასთან, ჩარჩოებსა და შეზღუდვებთან ასოცირდება, ეს კი მათთვის რთული ასატანია. ბევრი ძლიერი თვითრეალიზებული ქალი მინახავს განქორწინებაში ან არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.

- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

GzaPress- ალბათ, მე უფრო ძლიერი ვარ. ზოგადად, სირთულეები მაძლიერებს, სტიმულს მმატებს. ამ დროს მეტად ბრძოლისუნარიანი ვხდები. საკუთარ თავს ბევრჯერ დავუმტკიცე, რომ ძლიერი ვარ. რა სისუსტე მაქვს? - ზედმეტად კარგი ვარ ადამიანებისთვის, რითაც შემდეგ სარგებლობენ და ბოლოს თავად ვრჩები იმედგაცრუებული. ბოლო დროს ვცდილობ, ზედმეტად კარგი არ ვიყო... თუმცა ხან გამომდის, ხან არა. რაც შეეხება ძლიერ მხარეებს: ყველაზე მნიშვნელოვნად მიზანდასახულობა და შეუპოვრობა მიმაჩნია. რქებით ვაწვები ყველაფერს. არ მიყვარს დანებება, დეპრესიაში ყოფნა და სასოწარკვეთა.

- როდის ხდები ძლიერი?

- როცა წინააღმდეგობებს ვეჯახები ძლიერი სწორედ მაშინ ვხდები. ვერ ვიტან უსამართლობას და ყოველთვის მზად ვარ, ვიბრძოლო. თუმცა, "სამართალის", როგორც ცნების აღქმა მიჭირს. რატომღაც მგონია, რომ არ არსებობს... სამართალში სუსტი ადამიანების დაცვას ვგულისხმობ, ადამიანების დაცვას ჩაგვრისა და ყოველგვარი დისკრიმინაციისგან. შემიძლია სიმართლის დასაცავად ვიომო კიდეც. სწორედ წინააღმდეგობა და მათი დაძლევა ქმნის ადამიანის ხასიათს, ხასიათი კი მომავალს.

- დამარცხებულხარ სიმართლისთვის ბრძოლაში?

- კი, დავმარცხებულვარ ისეთ ადამიანებთან ბრძოლაში, რომლებმაც არ იციან ერთგულებისა და მეგობრობის ფასი.

- კაცი უნდა იყოს ოჯახისთავი?

- ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა, რომ მაინცდამაინც კაცი უნდა იყოს ოჯახისთავი. ქალსაც შეუძლია ეს იკისროს. უბრალოდ, მე თანასწორუფლებიანობის მომხრე ვარ. ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ერთხმად გადაწყვიტონ საკითხები. ოჯახში, სადაც ასეთი არასწორი მიდგომაა - "მე ვარ უფროსი და ჩემი სიტყვა კანონია", ურთიერთობა არასრულფასოვანია და განწირულია დანგრევისთვის.

- ოდესმე გაგიკეთებია ისეთი რამ, რაც მერე სანანებლად გაგიხდა?

- არასოდეს ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც ვინანებდი. ხშირ შემთხვევაში, ჯერ ვფიქრობ და მერე ვაკეთებ. "ცხელ გულზე" გადაწყვეტილებებს არასოდეს ვიღებ.

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?

- არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, არც ვცდილობ, რომ ყველას მოვწონდე. ყველას ვერ მოეწონები, ეს შეუძლებელია. არასდროს ვთამაშობ და ვმსახიობობ.

- ურთიერთობის ინიციატორი ხარ? რთულია შენი გულის მოგება?

- ურთიერთობის ინიციატორობა ცუდი სულაც არ არის. ქალსაც შეუძლია გადადგას გარკვეული ნაბიჯები ურთიერთობის ასაწყობად. ხშირ შემთხვევაში საკუთარ ბედს წყვეტენ ქალები ამ ნაბიჯის გადადგმით ან არ გადადგმით. რაც შეეხება ჩემი გულის მოგებას, ეს რთულია. ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, დაახლოებით სამი და აქედან ერთი დედაჩემია. მიყვარს ნამდვილი ადამიანები: ნამდვილები ურთიერთობაში, ყოველგვარი სიყალბის გარეშე.

- გიტირია მამაკაცის გამო?

- მამაკაცის გამო ტირილი არ არის ნორმალური. თუ ტირი, ე.ი. ეს ის არ არის, რაც გაბედნიერებს და იმის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ გაგაბედნიერებს. ამიტომ ასეთი ურთიერთობა უნდა დაასრულო.

- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?

- ჩემი აზრით, ბედნიერებისთვის მამაკაცის არსებობა არ არის აუცილებელი. თუმცა, ყველა ქალი ინდივიდუალურია. მამაკაცი ვიღაცისთვის მთელი ცხოვრებაა, ვიღაცისთვის - არაფერი. ვფიქრობ, თავად უნდა იყო სავსე და აკეთო საქმე, რომელიც გაბედნიერებს.

- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, თუ რატომ მიდის მამაკაცი ქალისგან. არის რიგი საკითხები, რაც ძალიან ინდივიდუალურია და უბრალოდ ვერ განიხილავ, "ბეჭედს ვერ დაარტყამ". ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ურთიერთობების შესწავლამ, რისი სკოლაც საქართველოში არ არის, მაგრამ ძალიან პოპულარულია ევროპის ყველაზე ძლიერ ქვეყნებში და ძალიან წარმატებულად მუშაობს. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც ეხმარებიან მარტოხელებს, დასაოჯახებელ პირებს, ოჯახის დანგრევის პირას ან უბრალოდ, ქორწინებაში მყოფ ადამიანებს, რომ უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ ან იპოვონ "ის ერთადერთი". ეს მთელი ფილოსოფიაა. შემიძლია სტატისტიკის მიხედვით ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში, გათხოვილი ქალები აღარ უვლიან თავს, აღარაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ. ერთი და იგივე ძალიან მალე მოგბეზრდება... ზოგი მამაკაცი უბრალოდ ბუნებითაა ისეთი, რომ ვერ ცხოვრობს ერთ ქალთან, როგორი ქალღმერთიც უნდა ჰყავდეს გვერდით. ყველა ქალს ვთხოვ, რომ ჯერ თქვენს თავზე იფიქრეთ და მერე დანარჩენ ყველაფერზე!

- გაქვს კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე?

- სულ მგონია, რომ მსუქანი ვარ.

- ხშირად დიეტობ?

GzaPress- არა, დიეტაზე არასოდეს არ ვარ. სწორად ვიკვებები და ინტენსიურად ვვარჯიშობ. დიეტა ჩემთვის მიუღებელია. ორგანიზმს რაც უფრო მეტს აუკრძალავ, მეტად დაიწყებს რეაგირებას. ადამიანმა ყველანაირი პროდუქტი უნდა მიიღო დაბალანსებულად.

- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?

- საერთოდ არ ვსვამ და შესაბამისად, თავიც არასოდეს დამიკარგავს.

- ძლიერი ქალები თავის ცხოვრებით ცხოვრებენ... სიყვარული მათ აფერხებთ წარმატების მიღწევაში. ასე?

- ძლიერი ქალი ქმნის საკუთარ ცხოვრებას, ადგენს წესებს და თავისი ცხოვრება აქვს. მხოლოდ მასზე ძლიერ ადამიანს მისცემს უფლებას, რომ ფეხი შეადგას მის ცხოვრებაში. ძლიერ ქალებს სიყვარული არ აფერხებთ, პირიქით, სიყვარული აძლიერებთ.

- ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან, იმაზე მეტჯერ - ვიდრე სხვები... ბევრჯერ წაქცეულხარ და წამომდგარხარ?

- ძლიერი ქალები ბევრჯერ ეცემიან, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო გამართულად დგებიან. ბევრჯერ დავცემულვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ 23 წლის ასაკში არსებულ წინააღმდეგობებზე ვისაუბრებ, დიახ, ბევრჯერ წამოვმდგარვარ და მეტი თავდაჯერებულობითა და ენთუზიაზმითაც კი.

- სხვისი რჩევით ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გიცხოვრია? და შემდეგ რა იყო?

- ძლიერი ქალი თავად ქმნის საკუთარ ცხოვრებას და არასოდეს შეეკითხება სხვას, თუ როგორ იცხოვროს. ასე რომ, არასოდეს არავის რჩევით არ ვდგამ ნაბიჯებს, ზუსტად ვიცი, რა დროს როგორ უნდა მოვიქცე! ესეც ძლიერი ქალების პრეროგატივაა.

- თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- ძალიან პატარა პროცენტით, საკუთარ თავს წარმატებულად მივიჩნევ. ყველას გვინდა ვიყოთ წარმატებულები, ამისათვის კი შრომა და ბრძოლაა საჭირო, რასაც ყოველდღე ვაკეთებ.

- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?

- საკუთარი თავი შემცოდებია, მაგრამ მალევე გამიაზრებია, რომ ეს არასწორი მიდგომაა. საკუთარი თავი სუსტ ადამიანებს ეცოდებათ, მე ხომ მათ რიგში არ ვარ!

- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?

- არასოდეს! პირიქით, მეხმარება. ეს სტიმულია და სასიხარულო.

სოფო ჭონიშვილი