"მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს თვეში სამჯერ მაინც ვხვდებით" - გზაპრესი

"მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს თვეში სამჯერ მაინც ვხვდებით"

ჰყავს 13 წლის შვილი, რომელიც უფროსი ადამიანივით აზროვნებს და მეუღლე, რომელიც 5 წელია, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს; არ უყვარს მელანქოლიური ფიქრები - სევდის მოძალებისთანავე, ჩვეულ "თერაპიას" მიმართავს. მოსწონს თავისი საქმე და ისიც იცის, რომ არ ემღერა, რა საქმით დაკავდებოდა... მომღერალი ნინო ჩხეიძე გულახდილად გვესაუბრა...

- როდის გააცნობიერეთ, რომ მომხიბვლელი ქალი ხართ?

- არ ვიცი. რომ გითხრათ, გაცნობიერებული მაქვს, ძალიან მომხიბვლელი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ (იცინის).

- გაპრანჭვა როდის დაიწყეთ?

GzaPress- ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. 13-14 წლისამ, როდესაც მინდოდა, ხალხს მოვწონებოდი, დიეტის დაცვა დავიწყე, რაც არასწორი იყო - მხოლოდ ვაშლს ვჭამდი (მაშინ კარგი დიეტების კულტურა არ იყო). 2 წელი მხოლოდ ვაშლს მივირთმევდი. წონაში დავიკელი. მაშინ უკვე გაპრანჭვა დავიწყე. ბავშვობიდან ლამაზად ჩაცმა მიყვარდა, რაც დღემდე მიყვარს და ჩემს ერთ-ერთ სუსტ წერტილად მივიჩნევ. 13-14 წლიდან უკვე "დიდური" სამოსის შეძენა დავიწყე. ისეთი ვარცხნილობის, მაკიაჟის გაკეთება მომწონდა, რაც ასაკს მმატებდა. რა თქმა უნდა, ახლა პირიქით ვცდილობ (იცინის). დედა ძალიან მიწყობდა ხელს და მეხმარებოდა. მახსოვს, თანხას ერთად ვაგროვებდით, რომ ტანსაცმელი გვეყიდა. უარს არაფერზე მეუბნებოდა - ამ მხრივ, მათამამებდა. საბოლოო ჯამში, ასე გავხდი პრანჭია.

- 2 წლის განმავლობაში, ვაშლის გარდა, მართლა არაფერი გიჭამიათ?

- სხვა საკვებს იშვიათად ვჭამდი. თითქმის დამავიწყდა ყველანაირი საჭმლის გემო. პურზე ლაპარაკი ზედმეტი იყო - 13-დან 28 წლამდე არანაირი ცომეული არ მიჭამია (არც - ტკბილეული, არც - ნამცხვარი). ფაქტობრივად, არაფერს ვჭამდი. მთელი ცხოვრება შეზღუდული კვების რაციონი მქონდა - ვაშლზე და საერთოდ, ვეგეტარიანულ საკვებზე ვიყავი. გემრიელი კერძების გემო დავიწყებული მქონდა. 33 წლიდან რაღაცების გასინჯვა დავიწყე, მაგრამ ახლა ისევ ავკრძალე.

- დიეტის გარდა, სხეულის ფორმაში ყოფნისთვის სხვა მეთოდებს თუ მიმართავთ?

- ჩემდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, არასდროს მივარჯიშია. მაინც ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან ასე თუ ისე, სხეულის ნორმალური ფორმები მაქვს. სპორტდარბაზის აბონემენტი სწორედ დღეს ავიღე და არ ვიცი, უკვე მერამდენედ გადავწყვიტე, ვარჯიში დავიწყო. ახლა ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა, რადგან ჯანმრთელობისა და ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში ერთადერთი სწორი გზაა. ჩემი მეგობრები (ვინც ვარჯიშობენ) დღითი დღე ახალგაზრდავდებიან და ლამაზდებიან. რაც უნდა შეზღუდულ კვებაზე იყო, სწორი ვარჯიშით მიღებულ შედეგთან შედარებით, ეს არაფერია.

- მატერიალური სურვილების ასახდენად რა თანხა გჭირდებათ - გიფიქრიათ ამაზე?

- მატერიალური შესაძლებლობა ბედნიერების განმსაზღვრელი არ არის, რადგან ახლაც ბევრი რაღაც არის, რაც არ შემიძლია, ვიყიდო. მაგალითად - ახალი მანქანა, კაბა და ა.შ. ეს ძალიან "მომავალი და წარმავალია": შეძლება ერთ დღეს გქონდეს, მეორე დღეს - არა, მაგრამ ეს არც ხასიათს განმისაზღვრავს და არც - ბედნიერებას, რადგან შემიძლია, ყველაზე ძველი მანქანით ვიარო - არანაირი გართულება არ მაქვს. მატერიალური შემოსავალი იმდენი უნდა გქონდეს, რამდენიც საჭიროა, რომ იარსებო და ელემენტარული ნივთები შეიძინო, თორემ სხვა დანარჩენი ფუფუნების საგნებია, რომელიც ზოგჯერ გექნება, ზოგჯერ - არა.

- რა გაბედნიერებთ, ცხოვრებაში კომფორტს რა გიქმნით ყველაზე მეტად?

- სადმე რომ შევალ და თავდაჯერებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, ეს ძალიან მაბედნიერებს. კომპლიმენტებიც მახარებს.

- გყავთ სადაქალო, ვისაც ხშირად, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით?

- კი, რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები ყველას ჰყავს. გვერდით ისეთი მეგობრები მყავს, რომ ლამის ერთად ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებით. ჩვენი ურთიერთობის გამოსახატავად, ტერმინი "უახლოესი მეგობარიც" ცოტაა.

- როცა ერთად სხდებით, თქვენი საუბრის, "ჭორაობის" ძირითადი თემები რა არის?

GzaPress- აქტუალური თემაა, თუ სად გავერთოთ თბილისში, სად რა ხდება, რა არის ახალი... ჩემს საქმიანობაზე საუბარს ბევრ დროს ვუთმობთ. მე და ჩემი სამეგობრო კინოთეატრებში ბევრ დროს ვატარებთ. ამ სახის გართობა ჩვენთვის ყოველთვის აქტუალურია - კინომანები ვართ.

- ბოლოს რომელი შთამბეჭდავი ფილმი ნახეთ?

- "ვარსკვლავურ ომებს" გამოვყოფ. ბევრი ფილმი ვნახე. სიმართლე გითხრათ, სათაურებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ "ვარსკვლავური ომები" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, რაც ბოლოს ვნახე.

- კინოთეატრს შვილთან ერთად თუ სტუმრობთ?

- კი, მაგრამ ჩემი შვილი უფრო არჩევს ფილმებს, მე კი ყველანაირი ჟანრის ნახვა შემიძლია, რადგან კინოთეატრი ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალება გახლავთ - ტვინი "მეთიშება" და მხოლოდ ფილმზე ვფიქრობ. ჩემს შვილს პოლიტიკური ფილმები მოსწონს. ნებისმიერის სანახავად არ მომყვება, მაგრამ, რა თქმა უნდა, კინოთეატრში ხშირად დავდივართ.

- დღის განმავლობაში, შვილთან რამდენ დროს ატარებთ?

- მარიკო უკვე დიდი გოგოა - 14 წლის ხდება. ვცდილობ, მაქსიმალური თავისუფლება მივცე, არ შევზღუდო, ჩემი აზრები თავს არ მოვახვიო, პიროვნებად ჩამოყალიბდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს. თვითონვე უფროსი ასაკის ადამიანივით აზროვნებს. პრინციპში, პატარაც არ არის. თან, ახალი თაობა ჩემი თაობისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მაქსიმალურად მინდა, ავყვე და მოვერგო იმ ნოვაციებს, რაც ჩემთვის სიახლეა და მარიკოს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდეს.

- დღევანდელი გადასახედიდან, რას ფიქრობთ - შვილი როგორ აღზარდეთ? საკუთარ თავთან რაიმე შენიშვნა ხომ არ გაქვთ, რამეს ხომ არ ნანობთ?

- ალბათ, როცა ასაკი მოემატება, მერე გამოჩნდება, აღზრდის ჩემი მეთოდი რამდენად სწორია, მაგრამ ჯერჯერობით, ამართლებს. კარგი პიროვნებაა, ძალიან სათუთი ბუნება აქვს. ჭკვიანი ბავშვია. არის სიტუაციები, როდესაც მარიკო ჩემზე ბევრად უფროსივით აზროვნებს. მე მაინც ცოტათი ბავშვური "ჩანართები" მაქვს - შეიძლება, ასეთი რამ ჩემი თაობის ადამიანებს ახასიათებდეთ. მარიკო უფრო რეალისტია. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ასე რომ, მის აღზრდასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერს ვნანობ.

- ნინო, ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისი შეგქმნიათ?

- კრიზისი არ დადგება, თუ თავად არ შექმნი. რაკი გიორგი (ჩემი მეუღლე) უკვე 5 წელია, უკრაინაშია, შეიძლება, ვიღაცამ ეს ოჯახურ კრიზისად მიიჩნიოს, მაგრამ ასე არ არის: ერთმანეთს თვეში სამჯერ მაინც ვხვდებით, ინტერნეტით თუ ტელეფონით კი თითქმის ყოველწუთიერი ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, დღევანდელ დროში დიდი პრობლემა აღარ არის, თუკი ადამიანი სულ გვერდით არ გყავს, თუმცა გააჩნია, ამ საკითხს როგორ შეხედავ. მიმაჩნია, რომ ცხოვრების ყველა ეტაპი იმისთვის არის საჭირო, რომ "გაიზარდო".

- როდესაც უკრაინაში თქვენი მეუღლის გამგზავრება დღის წესრიგში დადგა, ამ საკითხს მაშინვე გაგებით შეხვდით თუ თავდაპირველად, პრობლემები გქონდათ?

- არა, არანაირი პრობლემა არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, მისთვის კითხვებიც არ დამისვამს, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთ დროს ადამიანი არ უნდა "დასტრესო"... მოკლედ, ჩვენ შორის არც კონფლიქტი ყოფილა და არც ბევრი შეკითხვა დამისვამს.

- მელანქოლიურ, სევდიან ფიქრებს როგორ უმკლავდებით? იქნებ, თქვენეული "თერაპია" გაგვიმხილოთ?

GzaPress- ასეთ ფიქრებს ვერ ვიტან. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. თუ ცუდი ფიქრები შემომაწვება, ვიცი, რომ ჩემს სულიერებას რაღაც დავაკელი (ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანები ჩვენს სულიერ მდგომარეობას ყურადღებას ვერ ვაქცევთ). ასეთ დროს სანთელს ვანთებ ან ბუნებაში დიდხანს ვსეირნობ, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ცუდი ფიქრებიც ძალიან მალე "გადის".

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ასაკის შესაფერისად გამოიყურებით?

- 36 წლის ვარ. ჯერჯერობით, არც კორექციას ვიკეთებ - მოგეხსენებათ, ფილერები მოდურია. მინდა, ცოტა ხანს ბუნებრივად ვიყო, სადამდეც შეიძლება. რამდენიმე წელიწადში, როცა ასაკი "წამოვა", კორექციას სიამოვნებით გავიკეთებ. მაინც მიმაჩნია, რომ გარეგნობაში ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ადამიანს ასაკს მატებს, თქვენს შეკითხვას რაც შეეხება: თქვენ უნდა მითხრათ, როგორ გამოვიყურები (იღიმის)...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- ორსულობის პერიოდში სასოწარკვეთილი - არა, მაგრამ დიასახლისი ვიყავი. დიასახლისობა ბევრ პროფესიაზე რთულია. პირადად მე, როგორ გავუმკლავდებოდი, არ ვიცი. მინდა, ყველა დიასახლისის მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვხატო...

- შინ დამხმარე გყავთ?

- დამხმარე ქალი მყავს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის. ისეთი არაფერია გასაკეთებელი... როცა დიდი (მაგალითად - ექვსსულიანი) ოჯახი გყავს, დიასახლისობა ურთულესია.

- მომღერალი რომ არ იყოთ, რა საქმით დაკავდებოდით, რა იქნებოდა თქვენი შემოსავლის წყარო?

- რომ არ ვმღეროდე, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პროდიუსერი. ისეთ პროდუქტს შევქმნიდი, რომელიც კარგად გაიყიდებოდა.

- საქართველოში ვინმე გეგულებათ, ვისგანაც კარგ "პროდუქტს" შექმნიდით?

- ამაზე არ მიფიქრია, რადგან ამ საქმიანობას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, ბევრ საქმეს ერთად კი ვერ გააკეთებ, მაგრამ ისეთ ვინმეს აუცილებლად ვიპოვიდი, ვისგანაც კარგ "პროდუქტს" გავაკეთებდი.

- დღესდღეობით, საკუთარი თავის პროდიუსერი თავად ხართ?

- მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან თავად ვწყვეტ, რომელი სიმღერა შევასრულო, სად გავაშუქო და ა.შ. რა თქმა უნდა, მყავს ჯგუფი, რომელიც მეხმარება - ჩემს სტუდიაში მენეჯერები არიან, მაგრამ ჩემი იდეებით ვმოქმედებ, თუმცა შეიძლება, სხვისი აზრიც გავითვალისწინო, ამიტომ გამიჩნდა იდეა: თავად მომღერალი რომ არ ვიყო, აუცილებლად სხვა კარგ მომღერალს "გავაკეთებდი".

ეთო ყორღანაშვილი