რატომ არ უყვარდა ზურა ყიფშიძეს "როცა აყვავდა ნუში" - გზაპრესი

რატომ არ უყვარდა ზურა ყიფშიძეს "როცა აყვავდა ნუში"

ზურა ყიფშიძე ლანა ღოღობერიძესთან ფილმშია დაკავებული. მსახიობი ამბობს, რომ კარგი როლი აქვს. მთავარი გმირის ასაკოვან შეყვარებულს ასახიერებს, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის. ის ქალბატონიც ხანში შესულია, უკვე ჯოხით დადის. ფილმი აგებულია მათ სატელეფონო საუბრებსა და ზოგადად ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამყაროზე... ფილმს "მინდვრის ყვავილები" ჰქვია. ვიღაცამ იხუმრა თურმე, პირველ ფილმში "როცა აყვავდა ნუში", ზურას გმირი ლანამ ველოსიპედზე დასვა, ხოლო ბოლო ფილმში ინვალიდის სავარძელში, ბორბლების გარეშე არ შეუძლიაო.

- ბატონო ზურა, ქალბატონ ლანასთან პირველი ფილმის გადაღების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რეჟისორის ხასიათში ან მისი მუშაობის სტილში რაიმე ცვლილება აღმოაჩინეთ?

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალი საერთოდ, გაცილებით ჭკვიანი და საზრიანია, ვიდრე მამაკაცი. ქალბატონი ლანა მუდამ იყო და ახლაც არის ძალიან ძლიერი და ბრძენი პიროვნება. 90 წლისაა და მიხარია, რომ მშვენივრად გამოიყურება, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ფილმში "მინდვრის ყვავილები" ქალბატონი ლანა თავის დამოკიდებულებას გვიჩვენებს ცხოვრებასთან, საკუთარ შეცდომებთან, პოლიტიკასთან. თითქოს აღსარების მსგავსად უნდა, რომ ყველაფერი თქვას...

GzaPressსამწუხაროდ, "როცა აყვავდა ნუშის" სამი მთავარი გმირიდან მარტო მე დავრჩი, გოგა ფიფია და თინა ვარდანაშვილი ადრე წავიდნენ ამ ქვეყნიდან. სხვათა შორის, ფილმის პოპულარობას თავიდან ვერ შევესწარი. როგორც კი დამთავრდა მუშაობა და როლი გავახმოვანე, მაშინვე მოსკოვში წავედი. აქ თურმე ამბავი ატყდა... როცა ჩამოვედი, მერე გავხდი იმ ყველაფრის მონაწილე.

- "როცა აყვავდა ნუშის" მსგავსი პოპულარობა რომელმა ფილმმა მოგიტანათ?

- დღემდე ამ ფილმზეა ლაპარაკი, არადა, 70 ფილმში ვმონაწილეობდი. გაცილებით სერიოზული როლები მითამაშია, ავიღოთ თუნდაც, ჩოხელის "ცოდვის შვილები", ამ ფილმის არ მრცხვენია. "როცა აყვავდა ნუში" არ მიყვარდა. დღეს ამ ფილმს სხვა გადასახედიდან ვუყურებ. თუ მსახიობის ოსტატობაზე ვისაუბრებთ, ქალბატონი ლანას დამსახურებაა, რომ გოგა ფიფიამ, რომელიც არ იყო მსახიობი, როლი ზუსტად "გააკეთა". მაგას უფრო ვაფასებ, ვიდრე ჩემს პრანჭიკელობას - გაბუშტული ტუჩებითა და ბაკენბარდებით.

- "ცოდვის შვილების" გადაღების წინა პერიოდში მთაში ცხოვრობდით. გაგიჭირდათ?

- საერთოდ, ჩოხელზე ვგიჟდებოდი - არაჩვეულებრივი, თვითნაბადი, სასწაული მწერალი მოგვევლინა. ჩემმა მეუღლემ მირჩია, წაიკითხე, მოგეწონებაო. დავიწყე და ვეღარ გავჩერდი, ყველაფერი წავიკითხე. მერე უცებ გოდერძიმ როლი შემომთავაზა. წავიკითხე სცენარი და ვუთხარი: იცი, რა უნდა გააკეთო? აიყვანე ზაზა კოლელიშვილი და მზია არაბული, როლებზე ამათ ვხედავ და მე თავი დამანებე. ქალაქელი ზურა ხევსურულ ტანსაცმელში არ გამოვა-მეთქი. არაო, გოდერძიმ აიჩემა. წავედი მთაში საცხოვრებლად, კენკროვანებს ვჭამდი, შიმშილიც გამომიცდია... ჩამოვედი და ისე ვიყავი, ერთხელაც არ დამიცემინებია. იქ სხვანაირად ცხოვრობს ხალხი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გახმოვანებას. გოდერძის ვუთხარი, არ გავახმოვანებ, სანამ ერთ კაცს არ ჩამომიყვან-მეთქი. ის კაცი ფილმში მთვრალს თამაშობდა და არაჩვეულებრივად საუბრობდა. გახმოვანების დროს გვერდით მედგა, მთის აქცენტს მის გარეშე, ხელს ვერ ჩავავლებდი. კარგი ნამუშევარი გამოვიდა, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის ბუბა ხოტივარს, ის გოდერძის ყველა საქმეში ეხმარებოდა.

- რა ფილმზე გწყდებათ კიდევ გული?

- გამიმართლა და 90-იან წლებში ელდარ შენგელაიასთან მოვხვდი ფილმზე "ექსპრესინფორმაცია". არ მომწონს ჩემი როლი. ბედის რა ვთქვი, ასეთ რეჟისორთან ვმუშაობდი და... საოცრება იყო თემო ჩირგაძესთან ურთიერთობა, ეს იყო ბედნიერების 8 თვე. ფილმს კუპონებზე ვიღებდით. კინოწარმოებას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება. როგორც ვიცი, გერმანელები დაგვეხმარნენ ფინანსურად. ზაფხულია, გადაღებებს მოვრჩით. მირეკავს ბატონი ელდარი: გერმანელები ჩამოვიდნენ და ლუდი ჩამოიტანეს. მოდი, შენ ხომ ლუდი გიყვარსო. ბატონ თემოზე ვკითხე და უკვე აქ არის, გელოდებითო. მართალია, ჩირგაძე ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ ვძმაკაცობდით. ვსხედვართ გერმანელები და ქართველები. წარმოიდგინეთ, იმათ ქართული არ იციან და არც ინგლისური, ჩვენ არ ვიცით გერმანული. ყველა თემოს უყურებს, ის არის თამადა. ინსტრუმენტიო, თქვა თემომ და მოაგორეს პიანინო. დაუკრა პატარა ნაწყვეტი და დაიწყო: ახტუნგ, ახტუნგ! შრახტენ, ბრახტენ, ბუხტინ და ა.შ. გერმანელები გაგიჟდნენ, რა ენაზე ამბობს? თითქოს გერმანულს ჰგავსო. თამადამ სადღეგრძელო თქვა, ჩამოვარდა სიჩუმე, არ გამოდის ურთიერთობა. თემო ისევ იმეორებს იმავეს: ჯერ პიანინო და ახტუნგ, ახტუნგ... გერმანულად მხოლოდ ეს ერთი სიტყვა იცოდა. ეგეთი რამე არ მინახავს, სიცილისგან მაგიდის ქვეშ აღმოვჩნდი. ამის მოყოლას აზრი არა აქვს, ეს უნდა გადაეღო ვინმეს. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, განათლებული და წიგნიერი.

- მარჯანიშვილის თეატრის უდიდესი მსახიობებიდან ვის გაიხსენებთ?

- თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, მარჯანიშვილის თეატრის დადგმებში მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი. დგამდნენ სპექტაკლს, სადაც ვასო გოძიაშვილი მთავარ როლს თამაშობდა. ერთ-ერთ რეპეტიციაზე ფეხსაცმელს ქუსლი მოსძვრა და ფეხი მოვიტეხე, პრემიერაზე ვერ ვითამაშე. ძალიან განვიცადე, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შევძელი გამოსვლა. ასეთი სცენაა - ბიჭები შემოვვარდებით და ვასოს დავადგებით თავზე, რომელიც ცუდად არის. ამ ეპიზოდში ვასო ზურგითაა მაყურებლისკენ, ჩვენ კი სახით. უცებ, გოძიაშვილი ჩუმად მომმართავს: "ვა, ვირიშვილო, შენც აქა ხარ?" თავი ვერ შევიკავე და ისეთი სიცილი ამიტყდა, სცენიდან გამომაგდეს. კინაღამ ჩაიშალა სპექტაკლი, უკვე ხალხიც იცინოდა. ვასო გოძიაშვილი ერთი კაცის თეატრია. ასევე ცალკე თეატრი იყო თითოეული მათგანი, ვისაც მე მოვესწარი: ჟორჟოლიანი, კვანტალიანი, ანჯაფარიძე, თაყაიშვილი... ბედნიერებაა ამდენი გენიოსი ერთად.

- მოსკოვში "ვგიკში" სერგეი გერასიმოვთან სწავლობდით. მან იგივე კვალი დატოვა თქვენზე, რაც მიხეილ თუმანიშვილმა? როგორ შეადარებდით მათ ერთმანეთს?

- გერასიმოვს, როგორც რეჟისორსა და პედაგოგს, თუმანიშვილთან საერთო არაფერი ჰქონდა. თუმცა, ეს იყო პიროვნება, რომლის ყურება და მოსმენა ცალკე უნივერსიტეტი გახლდათ. "ვგიკში" ისეთ მაღალ დონეზე გვასწავლიდნენ ცეკვას, მეტყველებას, მოძრაობას, რომ ჩვენი გამოცდების სანახავად, რომლებიც სპექტაკლების ტოლფასი იყო, ხალხი სპეციალურად მოდიოდა. ის პერიოდი იმითაც იყო საინტერესო, რომ სულ თეატრებში დავდიოდი. დიდ თეატრში, სადაც მოხვედრა ძნელი გახლდათ, ორი ბალეტი: "სპარტაკი" და პლისეცკაიას "კარმენი" ვნახე. ასაკში შესულ ქალს არც ერთი ნახტომი არ გაუკეთებია, მაგრამ დაუვიწყარი იყო... ანატოლი ეფროსის ყველა სპექტაკლი ვნახე. "ოტელოს" დგამდა და რეპეტიციებს ვესწრებოდი, სასწაული იყო.

ერთი კურსელი გვყავდა, რეჟისორი იური ზიაბლიცევი, რომელიც მერე მაღალი იერარქიის სამღვდელო პირი გახდა. როცა ვსწავლობდით, სულ დოსტოევსკის დგამდა და მე მთხოვდა მონაწილეობას. ქართული იერი მაქვს-მეთქი, უარს ვეუბნებოდი. შენ არ გესმისო, - მეტყოდა ხოლმე. მატარებელში ჩამსვამდა, პეტერბურგში წამიყვანდა და მიხსნიდა: აი, შენ რასაც კითხულობ, ეს აქ მოხდა, ის იქ მოხდა... ეს ყველაფერი კვალს ტოვებს. იური 17 წლისა მიიღეს სარეჟისოროზე, ასეთ პატარებს უარს ეუბნებიან, მაგრამ ის ძალიან განათლებული და ერუდირებული იყო. ასე მგონია, აბსოლუტურად ყველაფერი წაკითხული ჰქონდა. მოულოდნელად გავიგე მისი სიკვდილის ამბავი, პეტერბურგში გადაღებებზე ვიყავი და იქ მითხრეს: მოსკოვში, ალბათ, შემთხვევით მოკლესო. ეს ფრაზა ზუსტად მახსოვს. გაოგნებისგან ლამის სკამიდან გადმოვვარდი. საოცრად დამენანა.

კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა. პოეტი ბიჭი იყო, გვარად პალიტაევი. ჩვენთან ინსტიტუტში გამოცდაზე მოვიდა და მნახა, როგორ ვკითხულობდი არტურ რემბოს ლექსს და დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელიდან" ნაწყვეტს. ჩამაცივდა, - შენ უნდა წაიკითხო ჩემი ლექსებიო. უარი ვუთხარი. მეტყველების გამოცდა მქონდა და იმიტომ ვკითხულობდი, შენ ამას შეესწარი და მოგეწონა, დიდი მადლობა, მაგრამ მკითხველი არა ვარ-მეთქი. პოეზია ისეთი ინტიმია, საჯაროდ კითხვა ცოტა რთულია. გავიდა დრო, ის ბიჭი დაიკარგა. ერთ დღესაც "ვგიკში" მეუბნებიან, ქალბატონი გელოდებაო. დგას ვიღაც ქალი შავებში ჩაცმული, შეწუხებული - პალიტაევის დედაა თურმე. რა მოხდა-მეთქი? შვილი მომიკლესო. ბიჭი გორკის ქუჩაზე გასტრონომში შევიდა, იქიდან გამოსული შავ ვოლგასთან მივიდა, უკანა კარი გამოაღო. ამ დროს, შიგნიდან ორი ტყვია დაახალეს. იქვე მოკვდა. ვინც ესროლა, ის კაცი ინკასატორი ყოფილა. ბიჭმა წინადადება ბოლომდე ვერც კი დაამთავრა. გესმით? ასე უბედურად და აბსურდულად მოკლეს გადასარევი ახალგაზრდა კაცი. დედამისმა მითხრა: ჩემი შვილი სულ იმას იძახდა, ლექსები ზურამ უნდა წაიკითხოსო და მისი ხსოვნის საღამოზე გამოსვლა მთხოვა. რა თქმა უნდა, გამოვედი და ვეცადე ისე წამეკითხა, როგორც იმას მოეწონებოდა. მოსკოვთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. იმ მომენტში რაღაცებს ვერ გრძნობ, იმიტომ რომ შატაბუტა ხარ, თუმცა პარალელურად, შენ პროფესიას მაინც სწავლობ, რადგან მოგწონს, გიყვარს და ქვეცნობიერად სულ იქ დაძვრები.

- თქვენ და თაზო თოლორაია ბავშვობიდან მეგობრობდით. ხშირად რამდენიმე დღით ისე იკარგებოდით, რომ მშობლებმა არაფერი იცოდნენ. ყველაზე ხშირად სად მიდიოდით?

- სად და ბათუმში, ჯერ ერთი ზღვა გვიყვარდა და მერე, თვითონ ბათუმი. მე სოხუმიც ძალიან მიყვარდა, იქ მამაჩემის ძმა ცხოვრობდა, თეატრის მხატვარი იყო. სოხუმის გარდა, არსად ცხოვრება არ უნდოდა და ბოლომდე იქ დარჩა. მე და თაზო პატარაობიდან ვიყავით ძმაკაცები. ყველგან ერთად დავდიოდით. დავუშვათ, ფუნიკულიორზე ვართ, დავლიეთ ორი ჭიქა შამპანურს და მერე შეიძლებოდა ბათუმშიც წავსულიყავით...

- მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ ჯგუფში უკრავდით, ვინ იყვნენ თქვენ გვერდით?

GzaPress- თეატრთან ჩამოყალიბდა ანსამბლი "ჯეჯილი": ნუგზარ კვაშალი, გია ეძგვერაძე, მამუკა დუმბაძე, მე. მოგეხსენებათ, დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი. ეს დედაჩემის დამსახურებაა, ქუჩას აგვაცილა. სერიოზული ანსამბლი ვიყავით, გასტროლებზე ხშირად დავდიოდით. ერთხელ სიმღერაც დავწერე. უფრო მელოდიასავით იყო და იმის ფონზე "ტანო, ტატანოს" ვკითხულობდი. საკმაოდ დიდხანს ვუკრავდი. ყირიმში საცეკვაო მოედნებზე გამოვდიოდით, ოღონდ მაშინ სხვა ჯგუფთან ერთად ვიყავი. ვთვლი, რომ სიმღერის ნიჭი არა მაქვს, თუმცა სცენაზე და ფილმშიც მიმღერია. ნანა ხატისკაცის ფილმში "არსენას ლექსი" ვმღერი და ოთხ როლს (ზაალ ბარათაშვილი, ფარსადანი, ოფიცერი, კუჭატნელი) ვასრულებ. ამ ფილმის პრემიერაზე რამაზ ჩხიკვაძე და მე ერთად ვისხედით, ტიტრებში ოთხ როლში ზურა ყიფშიძე რომ დაეწერა, რამაზი მეუბნება: რა იყო, ღორი ხარ, კაცო? ერთი როლი ჩემთვის დაგეთმოო. ისე შემრცხვა. ფილმი დამთავრდა და "მალადეც", მითხრა რამაზმა.

- ამჟამად რაიმე გატაცება ან ჰობი გაქვთ?

- მანქანის საბარგულში ყოველთვის მქონდა გალიფე შარვალი და ჩექმები, ცხენოსნებთან ვმეგობრობდი და "ჩემი" ცხენები მყავდა, სულ ვვარჯიშობდი. კინოშიც ხომ ცხენოსნობის გამო მოვხვდი, 13 წლისამ "მაცი ხვიტიაში" ვითამაშე. ცხენივით ლამაზი, ერთგული და სასიამოვნო ცხოველი არის ძაღლი. მყავდა გერმანული ნაგაზი, რომელიც მოკვდა; მერე 8 თვე ქუჩის ძაღლი შევიფარე. ახლა მყავს კანე კორსოს ჯიშის ორი ძაღლი - 9 წლის ბაგირა და 9 თვის ბენტრი. ცოტა ხნის წინ ორივე ერთ-ერთი გადაცემის პრომოში გადაიღეს.

მე არ ვიყენებ კომპიუტერს, ამიტომ წიგნი ჩემთვის განუყრელი რამ არის. ახლა წავიკითხე სერგო ზაქარიაძის მოგონებები. ამ კაცზე ვგიჟდებოდი, "სამანიშვილის დედინაცვალის" მსგავსი სპექტაკლი დღემდე არ მინახავს. ბევრია შესანიშნავი და გადასარევი სპექტაკლი, "კავკასიური ცარცის წრე" ხომ სასწაულია, მაგრამ რა ვქნა, იმას ვერ შევადარებ. "სამანიშვილის დედინაცვალი" ბევრჯერ ვნახე. ვჯდებოდი იმ მხარეს, სადაც სერგოს ერთი სცენა ჰქონდა, რა დროსაც ეუბნებიან, რომ მისი ცოლი დაორსულდა. სერგო უხმოდ, იცით, რას აკეთებდა? წითლდებოდა, შავდებოდა, ყვითლდებოდა... ე.ი. თან შერცხვა, თან ძალიან გაუხარდა, თან ვაიმე დედა, ეს რა მომივიდა? რა უხერხულია! - აი, ამას უხმოდ გვეუბნებოდა. იქ რამაზ ჩხიკვაძის კოსტაია-პროსტაია იყო შამპანური. ლეილა ძიგრაშვილს ერთი არაჩვეულებრივი გავლა ჰქონდა - პატარაზე რომ გადახტება. ასევე განუმეორებელია კარლო საკანდელიძის გავლა "კავკასიურ ცარცის წრეში" - ასეთი ეპიზოდები დაუვიწყარია.

- თეატრში რაზე მუშაობთ?

- გელა კანდელაკისგან შემოთავაზება მაქვს და კლდიაშვილზე მუშაობას დავიწყებთ. ზურა გეწაძე "ჰამლეტს" დადგამს, ოღონდ არ ვიცით, ვის რა როლი ექნება. ჯერ წინასწარი სამუშაოები მიდის, იმდენი რამეა მოსამზადებელი.

ნანული ზოტიკიშვილი