რა სურვილს აისრულებს გიორგი ასანიძე მომდევნო ცხოვრებაში - გზაპრესი

რა სურვილს აისრულებს გიორგი ასანიძე მომდევნო ცხოვრებაში

ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი პარლამენტარი, პროფესიით პედაგოგ-მწვრთნელი და ეკონომისტი - გიორგი ასანიძე თავისი სპორტული და პირადი ცხოვრების, ინტერესების, ამჟამინდელი საქმიანობისა და სხვა თემების შესახებ გვესაუბრა. კითხვაზე - როგორია თქვენი პოლიტიკური შეხედულებები? მიპასუხა: "ჩემი პოლიტიკური შეხედულება სამშობლოს სიყვარულია. ესაა ჩემი მთავარი მიზანი - ვიყო ჯარისკაცი, კიდევ ჯარისკაცი და კიდევ ჯარისკაცი!"

- სპორტს ცხოვრება 80-იან წლებში დავუკავშირე. ძალოსნობა იმდენად მომწონდა, სპორტის სხვა სახეობაზე არც მიფიქრია. ძალოსნობა საჩხერეში ათწლეულების წინ განვითარდა, მძლავრი ფესვები ჰქონდა და რაიონში პოპულარული იყო, წრეზე 200-ზე მეტი ბავშვი დადიოდა და წლების შემდეგ, სპეციალური სკოლაც კი ჩამოყალიბდა. დარბაზი ჩემი სახლიდან სულ რაღაც, ოც მეტრში მდებარეობდა და დიდი ბიჭების ვარჯიშს, წარმატებით გამოწვეულ მათ სიხარულსა და ყიჟინას რომ ვადევნებდი თვალს, ამან იმოქმედა. საერთოდ, სპორტული ოჯახი მაქვს, მამაჩემიც აქტიურად იყო ჩართული სპორტულ სფეროში; სამოყვარულო დონეზე, ჩემი უფროსი ძმა კარგი მოკრივე იყო, შუათანა ძმა - ფეხბურთელი. როცა ვარჯიშობ, იზრდები, ყალიბდები, ხასიათი გიმტკიცდება, მერე უფრო მყარდება შენი ჟინიც და ამოცანებიც. დრო გკარნახობს, თუ რა შეგიძლია გააკეთო.

- როდის გქონდათ პირველი მცდელობა, გარკვეულ სიმძიმეებს შესჭიდებოდით და შეჯიბრებაზე გამოსულიყავით?

- სურვილი ჯერ კიდევ 7 წლისას მქონდა, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში ეს მიზანშეწონილი არ იყო და არც მიმიღეს. მერე, ჩემით რაღაცებს ვაკეთებდი. პროფესიონალურად ვარჯიში კი 12 წლიდან დავიწყე და პირველი წარმატება საქართველოს ჩემპიონატში ასაკობრივ შეჯიბრებაში გამარჯვება იყო. საერთაშორისო შეჯიბრებებში 1993 წლიდან ჩავერთე და მას მერე, სულ სადღაც დავფრინავ. ჩემთვის ყოველი შეჯიბრება, მოგებულიც და წაგებულიც, იმ ფოლადის გამოწვრთნაა, რომელსაც დრო და ტემპერატურა ცდის.

- ოლიმპიური ჩემპიონობა ყველა სპორტსმენის საოცნებო მწვერვალია. რა შეგრძნებაა, როცა ამ სიმაღლესაც იპყრობ?

GzaPress- ოლიმპიურ ჩემპიონობას 19 წელი მოვანდომე, მანამდე ურთულესი გზა გავიარე. ოლიმპიური ჩემპიონი ასე ვთქვათ, "სპორტული კაცობის" ასაკში გავხდი და პროფესიონალურ დონეზე, ფაქტობრივად, ეს ჩემი ბოლო შეჯიბრება იყო. შეგრძნება დღესაც საამაყოა და ტკბილად გასახსენებელი. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სწორედ 2004 წლის 21 აგვისტო იყო, როცა სპორტული კარიერის მაქსიმუმს მივაღწიე. ამას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვა, ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომლითაც ასევე ვამაყობ - თურმანიძის ბრინჯაო, პლანეტის გოლიათის - ლაშა ტალახაძის უდიდესი სიხარული და სხვები.

- წარმატებული სპორტსმენისთვის თეორიული განათლებაც მნიშვნელოვანია. სპორტის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ეკონომისტობაც გადაწყვიტეთ, არა?

- დიახ, სპორტის აკადემია 1996 წელს დავამთავრე და მერე, თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი. სკოლის პერიოდში იყო საგნები, რომლებსაც სიამოვნებით ვსწავლობდი: მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა. პირველ კურსზე წარჩინებული სტუდენტიც ვიყავი, ისეთ საგნებში, როგორიც იყო ბიოლოგია, სამედიცინო რეაბილიტაციის მხარე.

საერთოდ, როდესაც პროფესიული სპორტით ხარ დაკავებული, იდეალების რაღაცაზე გაცვლა ხდება, თუ მაშინ ჩემი რომელიმე კლასელის მიზანი სკოლის წითელ დიპლომზე დამთავრება იყო, ჩემი მიზანი გახლდათ მინიმალური განათლება მაინც მიმეღო იმაში, რაც სპორტში გამომადგებოდა; მსურდა, სპორტში ვყოფილიყავი "წითელდიპლომიანი"... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტში, მაგალითი მივცეთ, მოვიზიდოთ. სპორტსმენები სპორტის ელჩები ვართ.

- ერთხანს სამხედრო მოსამსახურეც იყავით. 90-იანი წლების თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობამ რა შეგმატათ გამოცდილების მხრივ?

- პირველად, 1991 წელს, რუსულ ჯარში გამიწვიეს და მაშინვე უარი განვაცხადე, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობის, თანამედროვე ისტორიის ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანი გარდატეხის წელი იყო. ჩემი ძმები სამხედროები იყვნენ, ორივე ომში იბრძოდა და სამხედრო თემა ჩემთვის უცხო არ იყო. გეცოდინებათ, გვარდია პირველად საჩხერეში, სოფელ კვერეთში შეიქმნა. მაშინდელი ლიდერი - ზვიად გამსახურდიაც ჩამოვიდა ბესიკ ქუთათელაძესთან ერთად და ეროვნული გვარდია შექმნეს. დღევანდელი ბევრი პოლიტიკოსი იქ იყო. სამხედრო მუხტი ახალგაზრდებში ისედაცაა და მით უმეტეს, პატრიოტიზმს თუ სწორად დაანახვებ, სამშობლოს სიყვარული უფრო მწიფდება და მეც დავინტერესდი. თუმცა, მერე კვლავ სპორტული კუთხით გავაგრძელე საქმიანობა. სამხედრო მოსამსახურე დაახლოებით 10 წელი ვიყავი. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ სპორტის აკადემიაში სამხედრო კათედრა გავიარეთ, იქ უმცროსი ლეიტენანტის წოდება მივიღე და სამხედრო ნაწილში ჩვენი აყვანა უკვე იოლი იყო, მაიორიც გავხდი. 2003 წლის ბოლოს წამოვედი და შემდეგ იყო ოლიმპიადა.

- ახლა მთავარი მწვრთნელი ხართ. ალბათ არანაკლებ საინტერესოა მომავალი თაობის აღზრდა.

GzaPress- ნამდვილად, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს ნაკრებს ვავარჯიშებთ და 20 სხვადასხვა სპორტსმენის გზაზე დაყენება გვიწევს. 10 მაისს 5 წელი გახდება, რაც უფროს მწვრთნელად დამნიშნეს და მადლობელი ვარ, რომ ჩემმა სპორტსმენებმა 200-მდე სხვადასხვა რანგის მედალი მოიპოვეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქვეყნო საქმეს აკეთებს ჩემთან ერთად.

საამაყოა, რომ დღევანდელ საქართველოს ლაშა ტალახაძე ჰყავს. მისმა აწეულმა შტანგამ ძალოსნების ისტორია შეცვალა. ის კიდევ არაერთხელ გაგვახარებს, მჯერა. უნდა აღვნიშნო სხვა ბიჭების წარმატებებიც: თურმანიძის, მიშველიძის, დავითაძის და სხვების. ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას ასახელებენ! წინ ახალი გამარჯვებებისკენ!

- "ნაციონალური მოძრაობის" დროს ორგზის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი იყავით და ამის გამო ზოგიერთმა გაგაკრიტიკათ კიდეც. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში წასვლა იმ დროისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო?

- ვიცი, რომ ჩემი ეს არჩევანი ვიღაცებს არ მოსწონდათ. მე ყოველთვის ძალიან კარგად ვიცოდი, რატომ წავედი პოლიტიკაში თუ სპორტში, დღეს რატომ ვარ უფროსი მწვრთნელი და ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას თავი ავარიდე ან ვინმეს ვუღალატე. ხოლო თუ ვინმეს კონკრეტული პარტიის წევრების გვერდით არ მოსწონდა ჩემი დანახვა და ამის გამო წერდნენ ინტერნეტში ჩემზე რაღაცებს, ეს მათი პრობლემაა. სამშობლოს სიყვარული არ იწონება, ის საქმის კეთებაში ჩანს და ჩემს საქმეს, მგონი, ცუდად არ ვაკეთებ. მე ვარ გიორგი ასანიძე, არც ერთი პარტიის წევრი; მე ჩემი ქვეყნის წევრი ვარ და ჩემს სამშობლოს დავიცავ ბოლომდე. მინდა მადლობა გადავუხადო კრწანისისა და გლდანის რაიონის მოსახლეობას, რომ მხარი დამიჭირეს და მენდნენ. არჩევნებზე ყველგან ღირსეული მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ ჩემმა ჩემპიონობამ ეტყობა, იმ მომენტში მეტი სიმპათია გამოიწვია. შეხვედრებისას მე მათ დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ხალხის სიყვარული კი დიდი ჯილდოა და ძნელი მისაღწევია. შესაძლებელია, გადაცდომები ხდებოდეს, მაგრამ ჩემგან ნაწყენი და უკმაყოფილო ადამიანი არ წასულა. გიორგი ასანიძეს თავისი ჯიბიდან ნამდვილად არ ამოუღია ფული, რომ გზა დაეგო, რაიმე გაეკეთებინა, მაგრამ არსებული ბიუჯეტით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, გლდანის რაიონში რომ მივედი, ბიუჯეტი 4 მილიონამდე ლარი იყო, წამოსვლისას კი 44 მილიონი გახლდათ...

- დღეს როგორია თქვენი პოლიტიკური შეხედულებები?

- ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ცუდად არის დღეს ან ყველაფერი კარგად იყო მაშინ. ჩემი პოლიტიკური შეხედულება სამშობლოს სიყვარულია.

- როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას?

- რა თქმა უნდა, ერთიან საქართველოში! ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა, მისი სიყვარული. ჩვენი მოძმე აფხაზებისა და ოსების ისტორია ქართველის გარეშე არასდროს ყოფილა. ადამიანს ხომ დანახვის უნარიც აქვს? უბრალოდ, კავკასიონს შეხედონ და ამით ყველაფერს გაეცემა პასუხი - როგორია განლაგება და როგორი იყო საქართველო! ჩვენ ერთმანეთის მეტი სიყვარული უნდა გვქონდეს და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ვიბრძოლოთ. ყოვლად მიუღებელია რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვიკლან ბიჭები, სამშობლოს სიყვარულის გამო!

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- დიდი ოჯახი მაქვს - ოთხი შვილი მყავს, უკვე დიდები არიან: მარიამი უნივერსიტეტს ამთავრებს, უფროსი ბიჭი აბიტურიენტია, ტყუპი კი 15 წლის გახდა.

- რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

GzaPress- დარბაზში ყოფნა, აქ ბევრად საღი და პოზიტიური ვარ. იყო პერიოდი, როდესაც დისკოთეკებზეც დავდიოდი და ღამის კლუბებშიც. ახლაც მშვენივრად გავერთობოდი, ვინაიდან, მეც ადამიანი ვარ და განტვირთვა, რელაქსაცია მჭირდება. ადამიანები ენერგიის დახარჯვით ახალ ენერგიას ვიღებთ.

- რა არის თქვენი ჰობი?

- არ დაიჯერებთ და მინდა, კოსმოსში გავფრინდე (იცინის). ეს გალაქტიკური თემები სულ მიტაცებდა. ნუთუ, მართლა ისეთი უსუსურები ვართ ზემოდან, როგორც წარმოგვიდგენია? ამის დანახვა მინდა. ამ სურვილს ალბათ, მომდევნო ცხოვრებაში ავისრულებ (იცინის).

- სასმელთან, კულინარიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ჩემს მეუღლეს - თეას რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ მე თუ სამზარეულოში ვარ, ფაქტობრივად საჭმლის გაკეთებას არ ვაცდი, რადგან ვეუბნები, - ასე გააკეთე, ისე გააკეთე-მეთქი... მეც "კარგი ხელი" მაქვს და მიყვარს კერძების მომზადება, მერე "ვბლატაობ", - ნახეთ, რა გემრიელი გამომივიდა-მეთქი.

რაც შეეხება სასმელს, ბოლო ოთხი წელიწადია იშვიათად ვსვამ, ადრე უფრო მიწევდა, დეპუტატობის პერიოდში... ქართული ღვინო მომწონს. სად იყვნენ სხვები, მე რომ ვამბობდი, ღვინო ქართულია-მეთქი (იცინის)!

- როგორია ძალოსნების უახლოესი გეგმები?

- წინ მსოფლიო ჩემპიონატია! შემოდგომაზე. მანამდეც ბევრი შეჯიბრებაა, მთავარი სწორება კი ოლიმპიადაზე გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრის იმედი უნდა გავამართლოთ!

თამთა დადეშელი