ამერიკაში წარმატებულმა პიანისტმა ამერიკელ მეუღლეს საქართველო შეაყვარა - გზაპრესი

ამერიკაში წარმატებულმა პიანისტმა ამერიკელ მეუღლეს საქართველო შეაყვარა

ბატონ ლექსოსთან სწავლის პერიოდში გავიმარჯვე არაერთ საერთაშორისო კონკურსზე, რეგულარულად ვმონაწილეობდი მისი სტუდიის კონცერტებში, მოვიპოვე აგენტი და ამის შემდეგ დავიწყე კონცერტების ჩატარება ამერიკის სხვადასხვა შტატში..." - ამერიკაში მცხოვრები პიანისტი ქეთევან ქართველიშვილი საკუთარ პირად ცხოვრებაზე გვესაუბრა...

GzaPress- დაახლოებით 2-3 წლის ასაკიდან უკვე მკვეთრ რეაქციას ვავლენდი მუსიკისადმი. მამა ხშირად უსმენდა ცნობილი მომღერლების და ჯგუფების სიმღერებს. მე კი სულ პატარა, ურეაქციოდ არ ვტოვებდი არც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს. 4-5 წლის ასაკში თვითონ ვცადე დაკვრა ბავშვურ დონეზე. შემდგომში უკვე კლასიკური პიესების შესრულება დავიწყე სმენით. ჩემი მშობლები არიან ფიზიკოსები და აქედან გამომდინარე, ცოტა უჩვეულო იყო ჩემი ნიჭის ასეთი გამოვლინება. 7 წლის ასაკში ოფიციალურად დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება და ჩემი პედაგოგი გახლდათ შესანიშნავი მუსიკოსი, ქალბატონი ეთერ გუნია. მე-5 კლასში ვიყავი, როცა ქალბატონი ეთერის დაჟინებული თხოვნით ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში გადამიყვანეს. ჩემთვის ეს საკმაოდ სტრესული იყო, რადგან ზოგადად, ცვლილებებს ადვილად ვერ ვეგუებოდი. ასევე, არ მინდოდა კლასელების დატოვება 57-ე საშუალო სკოლაში, სადაც პარალელურად ვსწავლობდი. ნიჭიერთა ათწლედში სწავლა გავაგრძელე ქალბატონ რუსუდან ბეგიშვილთან. ძალიან გამიმართლა და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ შევხვდი ასეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსს, ადამიანს, პედაგოგს. მქონდა არაერთი შესანიშნავი გამოსვლა მასთან სწავლის პერიოდში. მინდა აღვნიშნო ჩემი პირველი გამოსვლა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, როდესაც ვიყავი 12 წლის. ქალბატონმა რუსიკომ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პიანისტად ჩამოყალიბებაში.

- რა ასაკამდე სწავლობდით და ცხოვრობდით საქართველოში?

- საქართველოში 26 წლამდე ვსწავლობდი. დავამთავრე ბაკალავრის, მაგისტრატურის და ასპირანტურის სრული კურსი თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გიზი იყო იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ასეთი უნიკალური მუსიკოსის სტუდენტი. მასთან სწავლის პერიოდში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: ხშირად გვქონდა კლასის კონცერტები კონსერვატორიის დიდ დარბაზში. დავდიოდით გასტროლებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. გავმართე არაერთი სოლო და კამერული ანსამბლის კონცერტი. ასევე, ვმონაწილეობდი ევროპის ქვეყნების სხვადასხვა კონკურსში. საქართველოში მიღებულმა განათლებამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს შემდგომ წარმატებებში.

- ცოტას ხვდა წილად ბედნიერება გამხდარიყო მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ლექსო თორაძის სტუდენტი...

- ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა გავმხდარიყავი ლეგენდარული პიანისტის, ბატონი ლექსო თორაძის სტუდიის წევრი და ასეც მოხდა. გამიმართლა და მივიღე სასწავლებლიდან სრული დაფინანსება და ამის საფუძველზე, 2009 წელს გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 4 წელზე მეტი ვიყავი მისი სტუდიის წევრი ინდიანის უნივერსიტეტში, სადაც სწავლის პერიოდში მივიღე ე.წ. Aრტისტ და Pერფორმერ დიპლომები. ეს იყო საოცრად დატვირთული და საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ დამავიწყდება ბატონი ლექსოს განუმეორებელი გაკვეთილები და ყოველი გაკვეთილის წინ ღელვა. ამ ყველაფერმა, მისმა უდიდესმა ტალანტმა სულ სხვა ეტაპზე ამიყვანა როგორც პიანისტი და მუსიკოსი. ბატონ ლექსოსთან სწავლის პერიოდში გავიმარჯვე არაერთ საერთაშორისო კონკურსზე. რეგულარულად ვმონაწილეობდი მისი სტუდიის კონცერტებში. მოვიპოვე აგენტი და ამის შემდეგ დავიწყე კონცერტების ჩატარება ამერიკის სხვადასხვა შტატში. მქონდა არაერთი გამოსვლა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. ასევე, სოლო კონცერტები. გამოვეცი კომპაქტდისკი თჰე ჩჰასე, რომელშიც მოისმენთ საფორტეპიანო პიესების ურთულეს შედევრებს. ამ დისკს შემდგომში მოჰყვა სერიოზული გამოხმაურება კრიტიკოსების მიერ, დაიწერა არაერთი საინტერესო სტატია...

- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ამერიკაში?

GzaPress- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ამერიკაში ძირითადად შემოიფარგლება საკუთარ თავზე მუშაობით. ვცდილობ, არ ჩავაგდო დღე, თუმცა სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როცა ვერ მიმუშავია საკუთარ თავზე სხვადასხვა მიზეზის გამო. როგორც მოგეხსენებათ, პიანისტის ცხოვრება მეცადინეობის რთულ რეჟიმს მოითხოვს. როგორც წესი, ვემზადები კონცერტებისთვის, უმეტეს შემთხვევაში, ახალი რეპერტუარით და ამას ყოველდღიური შრომა და დიდი ნებისყოფა სჭირდება. თუ მაქვს თავისუფალი დრო, ჩემს მეგობრებს ვხვდები. ზოგადად ძალიან მიყვარს გართობა და კარგი დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან ერთად. ყოველთვის მინდოდა უფრო მეტი დრო მქონოდა ამისთვის, მაგრამ ასე არ გამოვიდა. თუმცა, ამას არ ვნანობ.

- ახლახან ამერიკელზე იქორწინეთ...

- დიახ, ახლახან შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლეც მუსიკოსი, დრამერი გახლავთ. მასაც ჰქონდა გამოსვლები არაერთ შესანიშნავ ჯგუფთან ერთად ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. მას უკვე ბევრი რამ ვუამბე ჩვენს ტრადიციებზე და დიდი სურვილი აქვს, მოინახულოს საქართველო. ფიქრობს, რომ ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და თბილი ხალხი ვართ. უკვე რამდენიმე ქართული სიტყვაც იცის. ზოგადად, ძალიან აინტერესებს ძველი კულტურის ქვეყნები. ვფიქრობ, საქართველო ძალიან მოეწონება...

ჩვენ ხელი მოვაწერეთ და მეგობრების ვიწრო წრეში აღვნიშნეთ. რაც შეეხება ქორწილს, ზაფხულში გვაქვს დაგეგმილი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები დაესწრონ ჩვენს ქორწილს, თუმცა, ეს საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

- საქართველოში კონცერტის გამართვას გეგმავთ?

- ამის დიდი სურვილი მაქვს. რამდენიმე წელია, არ ვყოფილვარ ჩემს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, დიდი ხანია აღარ წარვმდგარვარ ქართველი ხალხის წინაშე. თუ მიმიწვევენ, სიამოვნებით ჩამოვალ. სულ სხვა ემოცია მეუფლება, როდესაც ჩემი ხალხის წინაშე ვდგავარ სცენაზე. ეს დიდი ბედნიერება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნებაა!

მანანა გაბრიჭიძე