"უზარმაზარი, ბდღვრიალა თვალები ჰქონდა..." - გზაპრესი

"უზარმაზარი, ბდღვრიალა თვალები ჰქონდა..."

მისი სამსახიობო შემოქმედების მწვერვალი გრუშეს როლი იყო სპექტაკლიდან "კავკასიური ცარცის წრე", თუმცა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს, იზა გიგოშვილს არაერთი შესანიშნავი როლი შეუსრულებია სცენაზე, ტელესპექტაკლებსა და მხატვრულ ფილმებში. აკი ბრძანა კიდეც რეჟისორმა რობერტ სტურუამ: იზა ყველა სპექტაკლში ძალიან კარგი იყო, მაგრამ მას მხოლოდ გრუშე რომ ეთამაშა, მაინც უბადლო მსახიობად დარჩებოდაო.

მერაბ თავაძე:

- იზა პირველად თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ სექტემბერს ვნახე, როცა სტუდენტები შევიკრიბეთ. ავედით მესამე სართულზე და ვხედავ გოგონას ფაფარივით გაშლილი თმით. ეცვა იმ პერიოდისთვის მოდური გაშლილი კაბა, თითქმის უქუსლო ფეხსაცმელი და უზარმაზარი, ბდღვრიალა თვალები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ჩემთან არის ჯგუფში. ლექციების ნახევარი სულ მისკენ მქონდა ყურადღება. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით. ჩვენ გვქონდა საერთო ინტერესები: ერთნაირად გვიყვარდა მოგზაურობა, ხეტიალი ქუჩაში, ბაღში ჯდომა, ფუნიკულიორზე ასვლა, ცეკვა... ვიყავით წყვილი, რომელიც ყველასგან განსხვავებულად ცეკვავდა. თეატრალურში ცეკვას და სხეულის ლამაზად წარმოჩენას კი გვასწავლიდნენ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებდით იმპროვიზაციებს. მგონი, მე და იზამ შემოვიტანეთ პირველად თავისუფალი ცეკვის ილეთები. ხანდახან სახლში ვამუშავებდით ილეთებს და საჯაროდ მერე გამოგვქონდა. ორივე რუსთაველის თეატრში ვმუშაობდით, თითოეულს ხელფასი 65 მანეთი გვქონდა. არ იყო დალხენილი ცხოვრება, ხელფასი არ გვყოფნიდა. ერთხანს დიღომში ვცხოვრობდით. ერთხელ ავანტიურაზე წავედი და იზას ვეუბნები: იქ რაღაც ბაღებია და მოდი, გავიაროთ-მეთქი. იმ ბაღებში დათესილი იყო კარტოფილი, ბადრიჯანი... აი ასე, ზოგჯერ ვკრეფდით ხოლმე იმიტომ, რომ არ გვყოფნიდა (იცინის). ეს პერიოდი გავიარეთ, მერე მოგვიმატეს ხელფასი, უკეთესად დავიწყეთ ცხოვრება. ერთი რამ მიკვირდა, როგორ ახერხებდა ეს ადამიანი, რომ რაღაც გარკვეული თანხა ჩვენი მწირი შემოსავლიდან შეეგროვებინა - ზაფხულში ყოველთვის მივდიოდით დასასვენებლად.

იზა ძალიან კარგად ხატავდა. მინსკში ცხოვრების პერიოდში სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, თუმცა იმდენად იყო ის თავისი ბუნებითა და სულით მსახიობი, რომ მხატვრის პროფესია მეორე პლანზე გადავიდა. ისე, ხანდახან, როდესაც სახლში ვიყავით ან თუ როლზე მუშაობდა, სულ რაღაცას ხატავდა. გრუშეს კოსტიუმი პრინციპში მისი შექმნილია, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური მხატვარია გოგი ალექსი-მესხიშვილი. სხვათა შორის, "კავკასიური ცარცის წრის" რეპეტიციებს ვესწრებოდი. მაშინ ვსწავლობდი კინოსარეჟისოროზე და გამიჩნდა სურვილი, გადამეღო ეს ძალიან საინტერესო რეპეტიციები. გავაკეთე პატარა ჩანახატები 8 მმ-იან ფირზე. თავიდანვე ვგრძნობდი, რომ კარგი სპექტაკლი იქნებოდა. მართლაც, ფანტასტიკურები იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, მარინა თბილელი, ჯემალ ღაღანიძე... საოცარი შემადგენლობა იყო და სპექტაკლიც საოცარი გამოვიდა. თავიდან შოკი მიიღო მაყურებელმა. დაბნეულობასაც ჰქონდა ადგილი, უცებ ვერ აღიქვეს. როდესაც სპექტაკლი გერმანიაში უჩვენეს, იქ მოხდა წარმოუდგენელი აღიარება. მერე იცით, მთელი მსოფლიო მოიარეს.

იზას არ უყვარდა თავისი დაბადების დღეები. ეს არ იყო მისთვის ზეიმი, ეს იყო მხოლოდ მისი ოჯახის, მეგობრების თავშეყრის საბაბი, სადაც საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, ადამიანებზე და არა იზაზე. ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ იზა არ არის სამეფო უბნის თეატრში; იმ თეატრში, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ჯემალ ღაღანიძე:

GzaPress- ჩვენ ვსაუბრობთ დიდ მსახიობზე, რომელსაც ღმერთმა ნიჭი უხვად დააბერტყა. ნიჭი ერთია, მაგრამ ის თვისებები, რაც საჭიროა მსახიობისთვის, უკვე თავად იზაზე იყო დამოკიდებული და ეს ყველაფერი მას ჰქონდა. ვგულისხმობ პროფესიონალიზმს, თეატრისადმი დიდ სიყვარულს და საკუთარი თავის შეცნობის უნარს. ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა იპოვოს და მერე დაიწყოს ზოგადად ძიება, ასეთია ჩემი ცხოვრების კრედო. ასევე იყო იზა გიგოშვილი. ახლა განუმეორებელი ხელოვანის ტიტულს ბევრს იოლად ანიჭებენ, მაგრამ იზას ეს ზუსტად მიესადაგება. გაბედულად ვამბობ, ის უდიდესი მსახიობი იყო. ბედნიერი ვარ, რომ "კავკასიური ცარცის წრის" გარდა, ბევრ სპექტაკლში მისი პარტნიორი ვიყავი. სპექტაკლში "ხიდი" ეროსი მანჯგალაძისა და იზას საოცარ დუეტს, შემიძლია უმაღლესი "პილოტაჟი" ვუწოდო. როცა რობიკომ "კავკასიური ცარცის წრის" დადგმა გადაწყვიტა, სანამ აზდაკისა და გრუშეს როლების შემსრულებლები არ იპოვა, მანამდე სხვა როლები არ გაუნაწილებია. იზა გასაოცრად თამაშობდა, იმდენად მოირგო ეს როლი და შინაგანი განწყობით შეავსო, რომ ლამაზი ქალი ხომ იყო და სცენაზე კიდევ უფრო ულამაზესად გამოჩნდა.

ხაზი მინდა გავუსვა მის უდიდეს პროფესიონალიზმს და ერთი ფაქტი გავიხსენო: იუგოსლავიაში ცნობილ ფესტივალზე მიგვიწვიეს. "კავკასიური ცარცის წრე" ამ ფესტივალის მენეჯერმა ქალბატონმა თბილისში ნახა და მოიხიბლა. სპექტაკლში ერთი ეპიზოდია, სადაც ეფრეიტორი (გურამ საღარაძე) გრუშეს ეარშიყება. ამ სცენაში იზა ბლუზას იწევს და მკერდი ოდნავ უჩანს. ფესტივალის დირექტორმა იზას ფაქტობრივად მოსთხოვა, რომ არაფერი შეეცვალა. მოვიდა ის სცენა და გრუშე გაშიშვლდა. აი, ასეთი პროფესიონალი იყო. როცა გასტროლებზე მივდიოდით, მიშიკოს როლისთვის ბავშვებს იმ ქვეყანაში ვარჩევდით, სადაც ჩავდიოდით. სასტუმროში რომ შევიდოდით, იზა მოითხოვდა, ბავშვი მომიყვანეთო. რეპეტიციებს გაივლიდა იმ ბავშვთან ერთად და ამის შემდეგ, მთელი დღე ბავშვი სასეირნოდ დაჰყავდა. წარმოდგენამდე სამი დღე გვქონდა და უნდოდა, ბავშვი შესჩვეოდა - ესეც პროფესიული ხაზის დამადასტურებელი მაგალითია. გულდასაწყვეტია, რომ იზა გიგოშვილი ჩვენ შორის აღარ არის. მისი სახელი უკვე ქართული თეატრის ისტორიის ნაწილია.

ნანა ფაჩუაშვილი:

GzaPress- იზა ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა. ძალიან საინტერესო და გამორჩეულ ჯგუფში, იზას გარდა, იყვნენ: გოგი ხარაბაძე, ლია გუდაძე, მერაბ თავაძე... მათი პედაგოგი ბატონი რეზო მირცხულავა იყო. იზა ინსტიტუტში სწავლის დროს უკვე გამოკვეთილად სახიერი მსახიობი გახლდათ. მერე რუსთაველის თეატრში მოვიდა და თავიდანვე მშვენიერი როლები შეასრულა. ბატონ მიშა თუმანიშვილს მის მიმართ არაჩვეულებრივი შეფასება ჰქონდა, ძალიან მოსწონდა და ამიტომაც შესთავაზა მთავარი როლი სპექტაკლში "ხიდი", სადაც იზამ წარმატებულად ითამაშა. რობერტ სტურუასთან "სეილემის პროცესში" აბიგაილს ასევე დიდი წარმატებით ასრულებდა. მისი პირველი როლები ძალიან სახიერი იყო. ამიტომ, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს თაობაში იზა უკვე ითვლებოდა ნომერ პირველ მსახიობად. გულწრფელად გეტყვით, სულ მქონდა ჟინი, იზას როგორმე დავწეოდი შემოქმედებითი თვალსაზრისით. როლები არასოდეს მაკლდა, თუმცა შინაგანად თითოეულმა მსახიობმა ვიცით, ვინ რა საფეხურზე დგას და იზა ყოველთვის ერთი საფეხურით წინ იდგა. იმის განცდა, რომ მეც მის სიმაღლეს მივაღწევდი, არ მტოვებდა. როდესაც იზამ გრუშეს ასე არაჩვეულებრივად განასახიერა, მაშინ "დავყარე ფარ-ხმალი". სხვათა შორის, იზა თავად ამბობდა: "ჩემი გრუშე ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში". მართლაც, სპექტაკლი და მისი გრუშე მსოფლიომ აღიარა და ამას, რა თქმა უნდა, ისიც გრძნობდა. ამ შლეიფს, რომ ის განუმეორებელი გრუშე იყო, ბოლომდე სიამაყით და ერთგვარი სიდიადით ატარებდა.

იზა გიგოშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში დიდ საქმეს შეეჭიდა და ბევრი ბრძოლის შემდეგ, ოჯახთან ერთად მიაღწია იმას, რომ დღეს არსებობს სამეფო უბნის თეატრი. თუმცა, ვფიქრობ, ამას შეეწირა მისი ჯანმრთელობა და იგი ნაადრევად წავიდა ჩვენგან.

მარინა კახიანი:

GzaPress- ერთხელ სკოლის მოსწავლეები ლესელიძის ქუჩაზე ვსეირნობდით. დავინახე ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მოდიოდნენ. უცებ, ასეთი რამ დამემართა: თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა, აღარც ხმაური იყო და არც ხეები შრიალებდნენ. ფილმში კადრი რომ გაჩერდება, ამის მსგავსი რამ მოხდა. ესენი იყვნენ ქალბატონი იზა და ბატონი მერაბი, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთს ხედავდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ იმ ეპიზოდს ახლაც ნათლად ვხედავ. იზა გიგოშვილი სცენაზე პირველად რომელ სპექტაკლში ვნახე, არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ის ჩემთვის ჯადოსნური სამყაროდან მოვლენილი, უნიჭიერესი და უმშვენიერესი ფერია გახდა. რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი იყო მისი გრუშე, რამაც საბოლოოდ მომხიბლა. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს სპექტაკლი "კავკასიური ცარცის წრე" და ქალბატონი იზა სცენაზე არ უნახავთ. ჩანაწერები და ფილმები ვერ გადმოსცემენ მის მშვენებას, მსახიობურ ოსტატობას, განსხვავებულ სტილს, სრულიად ინდივიდუალური ხერხებით გამოხატულს. იშვიათად მინახავს ქალი სცენაზე, რომელიც ასეთსავე საოცარ სინაზეს და სისუფთავეს აფრქვევდეს. ორი წლის მისული ვიყავი თეატრში, როცა გიგა ლორთქიფანიძემ დადგა "რომაული კომედია". გამოიკრა განაწილება და აღმოვაჩინე, რომ იზას დუბლიორი ვარ მთავარ როლზე. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა მსახიობს როგორი აღფრთოვანება მქონდა. ამაყი და ბედნიერი ვიყავი, ხან ის თამაშობდა, ხან მე - რიგში ვიდექი (იცინის). ფილმში "ქართველები ცაში" ვმონაწილეობდით და გადაღების პროცესში თითქმის სულ ერთად ვიყავით. ჩემ მიმართ თბილი და ყურადღებიანი იყო. ყველაფერი, რასაც ის სცენაზე აკეთებდა, მაყურებელს აღაფრთოვანებდა. წლების მანძილზე მისი ნიჭიერებითა და სილამაზით მოხიბლული ვიყავი.

ლია გუდაძე:

- თეატრალურ ინსტიტუტში სკოლის მერხიდან მივედით, იზა კი უკვე გათხოვილი და შვილიანი იყო, ამიტომ მას პატივს ვცემდით. ვგიჟდებოდით, როცა იზას დედას პატარა გოგონა მოჰყავდა. ჩვეულებრივი სტუდენტური ცხოვრება იმით იყო გამორჩეული, რომ მე და იზა ბევრს ვმეცადინეობდით, სულ ერთად ვიყავით, ღამეებს ვათენებდით. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მერე მთელი ჯგუფი ერთად ჩავედით რუსთაველის თეატრში (მე ცოტა მოგვიანებით, პატარა შვილი მყავდა). ბოლოს, ერთ უბანში, მეზობლად ვცხოვრობდით და ოჯახებით ვმეგობრობდით.

სამეფო უბნის თეატრში დაიდგა ძალიან საინტერესო და კარგი სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას მიხედვით, სადაც ჯავარას იზა თამაშობდა. გავიდა დრო, ის ავად გახდა და მთხოვა, ეს როლი მეთამაშა. ცოტა რთული მეჩვენა, მაგრამ უარი არ მითქვამს. სამი რეპეტიცია გავიარე მისი დახმარებით და მერე ვთამაშობდი. იზა პირველსავე სპექტაკლზე მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო. პარტერში იჯდა და კმაყოფილმა დიდი თაიგულიც მომართვა. ცოტათი რომ მომჯობინდა, მითხრა: მოდი, იქნებ, ერთ სპექტაკლი ვითამაშოო. მე და მერაბმა მოვიფიქრეთ და განვახორციელეთ კიდეც - მეც ჯავარას კოსტიუმი მეცვა და სცენაზე ვიდექი ზუსტად იზას უკან. ასეთი რამ თეატრალურ ცხოვრებაში არ მომხდარა, ეს სენსაცია იყო. იზამ როლი მთლიანად ითამაშა, - შენ რომ ჩემ უკან იდექი, ძალა მომეცაო. სპექტაკლის ბოლოს, ხელი მომკიდა და მადლიერების ნიშნად, "პაკლონზე" ერთად გავედით. მძიმე გასახსენებელია იზას ავადმყოფობის ის პერიოდი, როცა ფეხზე ვეღარ დგებოდა. თითქმის ყოველდღე მივდიოდი და მის გვერდით ვიყავი ბოლო წუთამდე. დღეს მერაბთან გრძელდება ურთიერთობა და მეგობრობა. ერთხელ მან მითხრა: მადლობა იზას, შენი თავი რომ დამიტოვაო (არადა, ჯგუფელები ვართ).

იზა ძალიან თავისებური და ცოტა უცნაური ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი. მის უცნაურობებს ეს ნიჭიერება ფარავდა. ერთი ეპიზოდი გამახსენდა: გადაღებებზე წავედი რუსეთში და იზა კარგა ხანს არ მენახა. ჩამოვფრინდი, მოვედი სახლში და... შუაღამისას კარზე ზარია. იზა მოწყენილი დგას: ხომ იცი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო და პატარა ბავშვივით ჩამეხუტა. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი ნამდვილი სიყვარული იყო. თქვენ მეკითხებით, მას ხშირად თუ ვიხსენებ? ყოველ დილას, როგორც ჩემი ქმარ-შვილის სახელზე ვანთებ სანთელს, ზუსტად ასევე, იზასთვის და ზეიკო ბოცვაძისთვის აუცილებლად, თითო სანთელს ვანთებ. ისინი ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ნანული ზოტიკიშვილი