"ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა"
font-large font-small
"ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა"
ვის ჰგავს ჩცდ-ს დარდიმანდი პრეზიდენტი

მსახიობი და რეჟისორი - კახა გოგიძე ახლახან სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის - სულიკო დარდიანიძის როლით გამოჩნდა. სიმღერა ბატონ კახასაც ძალიან უყვარს, თუმცა საქმის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება ნამდვილად არ ახასიათებს. გარდა იმისა, რომ მსახიობი და რეჟისორი გახლავთ, სტუდენტიცაა - ამჯერად, კინორეჟისურის ფაკულტეტს ამთავრებს. მანამდე სამსახიობო და თეატრის რეჟისურის ფაკულტეტები დაამთავრა. 47 წლისაა, უკვე ბაბუაც გახლავთ. აქტიური ადამიანია და ცხოვრების ამ ტემპით გაგრძელებას აპირებს...

- კასტინგის ხელმძღვანელმა, ნიჭიერმა მსახიობმა და კარგმა ადამიანმა - ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, - მოდიო. წინათ, "კლინიკაში" ვთამაშობდი. გიორგი ლიფონავა და საერთოდ, გადამღები ჯგუფი საკმაოდ კარგად მიცნობდა. მივედი, როლზე დამამტკიცეს და გადაღებები დავიწყეთ... ქართულ ტელესივრცეში კარგი სერიალის არსებობა ძალიან მომწონს. ამ სერიალის მაღალ რეიტინგულობას უმთავრესად, პროფესიონალიზმი განაპირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები მუშაობენ, საქმეს ძალიან სერიოზულად უდგებიან. ამიტომ შედეგი არ აყოვნებს - სერიალი მართლა ძალიან კარგია.
- სულიკო დარდიანიძის პერსონაჟი თქვენთვის რამდენად საინტერესოა?
- სულიკო დარდიანიძე საინტერესო სიტუაციაში აღმოჩნდება, თორემ თავად პერსონაჟში საინტერესო რა შეიძლება, იყოს? ჩვეულებრივი მომღერალი, მოქეიფე, ქართველი კაცია, რომლისთვისაც ჭეშმარიტება იქ არის, სადაც კმაყოფილებაა. ქეიფობს, სვამს, დროს ატარებს, "გულაობს", ქალებს ეპრანჭება და უცებ, შარში აღმოჩნდება!.. საპრეზიდენტო არჩევნებშიც იმიტომ მონაწილეობს, რომ თავისი მუსიკალური ალბომის გაყიდვა სურს. ამბობს კიდეც, - უბრალოდ, "გაპიარება" მინდაო. რაღაც სულელური გათვლა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ხალხმა პრეზიდენტად აირჩია... ახლა უკვე ერთად ვადევნოთ თვალი, რა მოხდება. სერიალის წარმომადგენლებს მაყურებლის პულსზე უდევთ ხელი - სცენარი, პერსონაჟის "ხაზი" სოციუმიდან გამომდინარე იწერება.
- თქვენს პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს?
GzaPress- მგონი, არ ჰყავს. დღევანდელ, მოქმედ პრეზიდენტს რომ ვუყურებ, ჩემი პერსონაჟი არც მას ჰგავს და არც - წინამორბედებს... ჩემი გმირი უფრო "ფეხებზე მკიდია" და არასერიოზული ტიპია, ჩვენს მოქმედ თუ ყოფილ პრეზიდენტებს კი არასერიოზულობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ისეთი წარსულის მქონე ქვეყნის პრეზიდენტობა, როგორიც საქართველოა, სახუმარო ნამდვილად არ არის. გარკვეულწილად, პრეზიდენტების მდგომარეობასაც ვიზიარებ, რადგან ეს საქმე და საერთოდ, ხელმძღვანელობა ძალიან რთულია. ამომრჩევლად ყოფნა ყოველთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რადგან ამომრჩეველს შეგიძლია, არჩეულს აგინო, აფურთხო, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის ხდება... მიმაჩნია, რომ ქართველებს მართლა საინტერესო პრეზიდენტები გვყავდა და გვყავს. ჩემი პერსონაჟი ასეთი მაღალი დონის არ არის.
- თუმცა, სერიალის მესვეურები აღნიშნავენ, რომ რეალობას გროტესკულად აღწერენ. ალბათ, სულიკო დარდიანიძეს რომელიმე პრეზიდენტთან რაღაც საერთო მაინც აქვს...
- ჩემი აზრით, საერთო მხოლოდ პოსტი აქვს. ჩემთვის გაცილებით იოლი იქნებოდა, რომ მარგველაშვილის, სააკაშვილის ან წინამორბედების მანერები მეთამაშა, მაგრამ დარდიანიძეს მათთან ვერ ვაკავშირებ. თავადაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელიმე პრეზიდენტის დაცინვა არ მესიამოვნებოდა. შეიძლება, ვინმე არ მომწონდეს, მაგრამ რადგან ის ადამიანი ხელისუფლების სათავეშია, ე.ი. ხალხის უმრავლესობამ აირჩია. გამიხარდა, რომ სულიკო დარდიანიძე არც ერთ პრეზიდენტს არ ჰგავს.
- ოდესმე პრეზიდენტობაზე გიფიქრიათ, თუნდაც - ბავშვობაში?
- არასოდეს. მსახიობის ოჯახში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ხან რომელი პროფესიის დაუფლება მინდოდა, ხან - რომელის. მერე ვიფიქრე, - მოდი, მსახიობი გავხდები და ხან არქეოლოგი ვიქნები, ხან - მეფე თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი-მეთქი. ასეც მოხდა. სცენაზე საკმაოდ ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, ახლა კი აი, "პრეზიდენტად" გამოგეცხადეთ, ჩემო ბატონო (იცინის). ვნახოთ, ეს "პრეზიდენტი" სასიკეთოს რას გააკეთებს, თორემ დროს ტარება და ქეიფი ყველა ქართველმა "ზეპირად და გამოთქმით" იცის... ჩემგან პოლიტიკოსი არასოდეს გამოვა, რადგან ემოციური ვარ. ემოცია და პოლიტიკა ერთმანეთთან არ "მიდის". სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკოსებს გასამართლებელი საბუთი აქვთ - კაცი ვარ და გავმწარდიო. არა, გენაცვალე, კაცი იყავი, მაგრამ ნუ გამწარდები, თუ პოლიტიკოსი ხარ: იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ ის არ ილაპარაკო, რასაც ფიქრობ, რადგან საერთოდ, თუკი იმას ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს, რათა შეახტე და გაიქცე (იცინის).
- რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში თქვენი კანდიდატურის წარდგენა რომ შემოგთავაზოთ, დათანხმდებით?
- წინათ, რაღაც მსგავსი შემოთავაზება მქონდა. პირდაპირ ვუთხარი: თქვენ თუ დამატებით კიდევ ერთი პოლიტიკოსი გინდათ, ვინც პირდაპირ ეთერში დედას იგინება და ხელებს იქნევს, კი, ბატონო, მოვალ-მეთქი (იცინის). ყოველთვის უარს ვამბობ. კი, რეიგანი მაგარი პრეზიდენტი იყო - ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი არტისტი გახლდათ. კარგ არტისტს უკვე თავისი ადგილი აქვს. მისი პოლიტიკაში მისვლა მართებულად არ მიმაჩნია. ეს ჩემი აზრია, საკუთარ თავზე ვსაუბრობ.
- სიმღერასთან რა გაკავშირებთ?
- ალბათ, სიმღერით დავიბადე. ყოველთვის ვმღერი, როცა მარტო ვარ. საჯაროდ ამის გაკეთება და კეკლუცობა არ მიყვარს, რადგან სიმღერა ძალიან ინტიმური რამ მგონია. შეიძლება, ვინმემ ეს პათოლოგიად ჩათვალოს. ეს ჩემი კომპლექსია, რაც ალბათ, სწორი არ არის. სკოლა ისე დავამთავრე, მხოლოდ დედამ იცოდა, რომ ვმღეროდი. ჩემთვის ბანი მტვერსასრუტი იყო. ორნი კარგად ვმღეროდით: ის თავისას უბერავდა, მე - ჩემსას (იცინის). სიმღერასთან დაკავშირებული შემოთავაზებები მიმიღია აწ გარდაცვლილი, ძალიან დიდი ხელოვანის, მომღერლისა და პედაგოგის - ნოდარ ანდღულაძისგან, შემდეგ ასევე, ძალიან კარგი პედაგოგისგან, ბეჟუაშვილისგანაც, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, სიმღერა კარგად გამომდის.
- მართალია, საჯაროდ სიმღერა არ გიყვართ, მაგრამ ალბათ, სერიალში თქვენი რეპერტუარის წარდგენა მაინც მოგიწევთ...
- ეგ პრობლემა არ არის. თუ სპექტაკლს, ფილმს სჭირდება, უარს არასოდეს ვამბობ. საერთოდ, მსახიობს სიმღერა ბევრ რამეში ეხმარება... აწ გარდაცვლილმა გურამ თამაზაშვილმა მთხოვა, "ალილოში" მემღერა. ვცადეთ კიდეც... ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც "ჩემი" არ არის. ეს ბიჭები - "ალილოს" წევრები ჩემი საამაყო მეგობრები არიან. როცა მინდა, ვინმეს ჩემი თავი კარგად გავაცნო, ამ ბიჭებს დავიხმარ ხოლმე - ნახეთ, რა კარგი მეგობრები მყავს, ე.ი. მეც კარგი ბიჭი ვარ-მეთქი (იცინის). მიმაჩნია, რომ მომღერალზე მეტად, მსახიობი და რეჟისორი ვარ.
- ქეიფის სიყვარული, სასიყვარულო ინტრიგები, პიარის უცნაური ხრიკი - ჩამოთვლილთაგან ბატონ სულიკოს რომელი თვისებებით ჰგავხართ?
- როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, ჩემი პერსონაჟის ცხოვრების წესი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია - სულიკო დარდიანიძე ჩემი სრული ანტიპოდი გახლავთ. მეც ჩვეულებრივი ქართველი მამაკაცი ვარ და მქონდა პერიოდი, როცა ვიძინებდი და ვიღვიძებდი მხოლოდ ცხოვრების ერთი წესით: ქეიფი, გადაუდებელი ბანკეტები, შეხვედრები... ამან მხოლოდ ცრუკმაყოფილებამდე მიმიყვანა - როცა ადამიანი სუფრასთან სამშობლოს სადღეგრძელოს იტყვი, ცოტას დალევ და სახლში მისულს, გგონია, აფხაზეთი და ცხინვალი დაიბრუნე. სიტუაციას რომ შევხედე, მივხვდი, "სიტყვებში ვიხარჯებოდი" და საქმე წინ არ მიდიოდა. როცა დავინახე სუფრასთან ჩემი ქეიფი, სმა-ჭამა სიყალბეს ემსახურებოდა, შევეშვი და გადავწყვიტე, საქმისთვის უფრო მეტად მომეკიდა ხელი. ქეიფი და დალევა რადიკალურად მივატოვე. რა თქმა უნდა, შეიძლება, სუფრასთან (მაგალითად, დაბადების დღის წვეულებაზე) მოვხვდე, მაგრამ ეს ისეთი მასშტაბური ფორმით არ ხდება, როგორც - წინათ... ინტრიგებს რაც შეეხება, ტყუილები არ მიყვარს: ისეთი ზარმაცი ვარ, ტყუილების დამახსოვრება მეზარება. ამიტომ ჯობია, სიმართლე ვილაპარაკო. მექალთანეობაზე კი რა გითხრათ? ჩვეულებრივი მამაკაცი ვარ.
- პიარის უცნაური ხრიკებისთვის მიგიმართავთ?
GzaPress- პოპულარულობაზე ორიენტირებული არ ვარ. პრიორიტეტები შემეცვალა. თეატრალურ უნივერსიტეტში პირველად 1987 წელს ჩავაბარე. ცხადია, ნებისმიერ მსახიობს სურს, ქუჩაში ცნობდნენ. მეც მინდოდა. წლები გავიდა, უკვე 50-ს მივუკაკუნე და პრიორიტეტები შემეცვალა. საქმეს პოპულარობისთვის არ ვაკეთებ. თან, ეს ჩემზეც არაა დამოკიდებული: როცა სერიალის გადამღებმა ჯგუფმა დამიძახა, მაშინ მივედი. ჩემს საქმეს ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს და ამით ბედნიერი ვარ. დღეს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები მაქვს და მიხარია, როცა ჩემს მაყურებლებს პრობლემებს ვუმსუბუქებ, ვახალისებ - ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა პოპულარობაც სასიამოვნოა.
- სერიალში მონაწილეობის გარდა, ამჟამად, კიდევ რაზე მუშაობთ?
- 2008 წელს თეატრის რეჟისურის ფაკულტეტიც დავამთავრე - 5 წელი ვისწავლე. ახლა კიდევ ვსწავლობ, ამჯერად - კინორეჟისურაზე. ბედმა გამიღიმა და ისეთი პედაგოგი მყავს, როგორიც ნიჭიერი კინორეჟისორი - ბუბა ხოტივარი გახლავთ. საერთოდ, კარგი პედაგოგები მყავდა: გია ანთაძე, გიორგი შალუტაშვილი, გიზო ჟორდანია, ავთანდილ ვარსიმაშვილი... ამჟამად, ახალციხეში რეპეტიცია მაქვს. უკვე 26-ე სპექტაკლს ვდგამ. სამწუხაროდ და საბედნიეროდაც, გადაღებების გამო, ერთი სპექტაკლი "გავაჩერე" (ერთ-ერთ რაიონში)... მოკლედ, ბევრ კურდღელს დავდევ. შეიძლება, ერთი გამექცეს, მაგრამ 3-4-ს მაინც დავიჭერ (იცინის).
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნანა ლორთქიფანიძე დედისა და ბებიის ამპლუაში
"ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..."
"ტაშით 8 წლის ასაკში მოვიწამლე"
"ქართველები ტრადიციებსა და ჩარჩოებს მაინც ვერ გავურბივართ"
"მინდა საკუთარ ქვეყანაში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს"
"რაც ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, უფრო მეტ ტკბილეულს ვჭამ"
რისთვის იჩაგრება დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი