"ჩემი ცხოვრება ჩარლი ჩაპლინის აჩქარებული კადრია, მოვარდნილი ქარიშხალი" - გზაპრესი

"ჩემი ცხოვრება ჩარლი ჩაპლინის აჩქარებული კადრია, მოვარდნილი ქარიშხალი"

ის გენერალური მენეჯერი და ქართული სკოლის ხელმძღვანელია; ასევე, საბავშვო (4-დან 10 წლამდე) თეატრის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი გახლავთ.

როგორც ცუცა ამბობს: ქართველი პედაგოგები ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა სახეობასა და თეორიულ საგნებს ასწავლიან, ისინი აქ ჭეშმარიტი ქართველები იზრდებიან, ქართულ კულტურასა და ხელოვნებას ეზიარებიან. 17 მარტს ჩვენი ცენტრის 22 წლის იუბილე გვქონდა. იგი ამერიკელმა დააარსა, რომელსაც ქართული კულტურა ძალიან უყვარს და სწორედ მან გადაგვარჩინა აქ ქართველი ხელოვანები, რომ სულიერად არ გავტყდით. ერთი დიდი ლამაზი ოჯახი ვართ, არაერთი წარმატებული ხელოვანი აღვზარდეთ. ჩვენთან უკრაინელი, რუსი, ჩინელი ბავშვებიც დადიან, შერეული ოჯახების შვილები.

ნიუ-იორკის ქართული თეატრი...

- ჩემთვის მეორე სახლია, რომელმაც სამშობლოსგან შორს მყოფი გადამარჩინა. როცა მე აქ ჩამოვედი, საქართველოში, ფაქტობრივად, სამსახური არ მქონდა. თეატრში ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, სატელევიზიო პროექტები კი გაჩერდა. მეგობრებმა მითხრეს, შანსი გაქვს, მწვანე ბარათი მიიღო და აშშ-ის მოქალაქე გახდე, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვაო და მეც დავუჯერე. ჩამოსვლიდან ექვს თვეში მწვანე ბარათი მივიღე. ასე "გადავრჩი" მეც და ჩემიანებსაც დავეხმარე.

"პა-სეანსი"...

- სხვათა შორის, 13 აპრილს "პა-სეანსი" 26 წლის გახდა. სიცილი საუკეთესო მკურნალია, ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს და "პა-სეანსი" ზუსტად სიცილთან ასოცირდება. 90-იანი წლების პირველი იუმორისტული გადაცემა იყო მსახიობების მონაწილეობით, რომელმაც მაყურებელს ის მძიმე პერიოდი გადაატანინა. ოთხშაბათ დღეს ყველა ელოდა. სიმართლე გითხრა, ის დრო ძალიან მენატრება. რთული, მაგრამ ყველაზე კარგი პერიოდი იყო, ადამიანებს შორის თბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, მეგობრებსა და მეზობლებს შორის შური არ იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. გაოცებული ვარ, ამდენი ბოღმა საიდან აქვთ? ინტერნეტში ერთმანეთს მიწასთან

ასწორებენ...

თეთრი ბაფთა თმაზე...

GzaPress- რა თქმა უნდა, "მერვეკლასელთან" ასოცირდება. ასევე, სკოლასთან: ჩანთა, თეთრი წინსაფარი, შავი ფორმა, რომელსაც ჩვენ, საბჭოთა ბავშვები ვატარებდით. ფრიადოსნობით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი სიმღერაში, ცეკვაში, იუმორში. ცხონებული მამაჩემი სულ მაშაყირებდა, გავლა-გამოვლაში, ფიზკულტურასა და ხატვაში ხუთები გიწერია, დანარჩენი რავა შენსავით არეული ნიშნები გყავსო (იცინის). ბავშვობა საოცარი იყო, ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ბიჭებთან ერთად ლახტს, "გრძელ ვირს" ვთამაშობდი - მეათე კლასის გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ახტებოდნენ ზურგზე. ახლა რომ ეს ქნან, წარმოგიდგენია, რა მოხდება (იცინის). სხვა ურთიერთობა, სხვანაირი მეგობრობა იყო.

საყვარელი სათამაშო...

- ბურთი და თოჯინები. თუ ბიჭებთან ერთად არ ვიყავი და ფეხბურთს არ ვთამაშობდი, გოგონები "სახლობანას" ვთამაშობდით. სახლის ლამაზად მოწყობა მიყვარდა და ეს ჩვევა დიდობაშიც გადმომყვა - მოწესრიგებული და გაკუსკუსებული სახლი მიყვარს, დაწკრიალებული.

მშობლიური სახლი...

- ზემო იმერეთის კოპწია სახლი, სადაც ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბებია პენსიიდან გადანახულ ათ მანეთს რომ მომცემდა, ამას სხვა გემო ჰქონდა. რა კარგი იყო, რამდენ შოკოლადს, ფუნთუშას და "პონჩიკს" ვყიდულობდი... სამაისო ბალს და ახალშემოსულ სიმინდებს ვიპარავდით ხოლმე, განა, მე არ მქონდა? მაგრამ მოპარული სხვანაირად გემრიელი იყო. ბებოს გაკეთებული ხაჭაპური მახსენდება, ბუხარში, ორ კეცს შორის, ნაღვერდალში რომ ჩადებდა. წიწილასაც ასე წვავდა და ნიორწყალში აწყობდა, უგემრიელესი იყო.

სოლოლაკური ეზო...

- იტალიური ეზო, ჩემი საოცარი სამეზობლო ძალიან მენატრება. ჩემთვის ერთი დიდი ლამაზი ოჯახია, დღემდე იქ ვცხოვრობ და უზომოდ მიყვარს. 90-იან წლებში, ომი რომ იყო და სოლოლაკი იწვოდა, მამაკაცები მორიგეობით დარაჯობდნენ ეზოს. შიმშილობის პერიოდში დიდ ქვაბში საჭმელს ამზადებდნენ, თოკებით პატარა კოლოფებს ჩავუშვებდით ხოლმე და შიგნით ცხელ კერძს გვისხამდნენ. შესანიშნავი დამოკიდებულება იყო. ლადო ბურდული ჩემ ზემოთ ცხოვრობს და მძიმე როკის დაკვრას რომ იწყებდნენ, მთელ ეზოს გვესმოდა. ღამე თუ არ მაძინებდნენ, ქვემოდან იატაკის ჯოხს ვურტყამდი (იცინის).

თავისუფლება...

- თავისუფლების ქანდაკება აქვე მაქვს, ყურის ძირში. ჩვენი ერი ყოველთვის თავისუფალი იყო და ასეც იქნება. იმიტომ ვართ ასე მოდებული მსოფლიოს და ამდენი წარმატებული ქართველი გვყავს, მარგალიტებივით არიან მიმოფანტული სხვადასხვა ქვეყანაში, ყველა სფეროში. მთავარია, ისინი ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდნენ. ნიუ-იორკის სითი ბალეტი დღემდე ჯორჯ ბალანჩინის სახელობისაა. ნიჭიერები ვართ, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომის შნო არ გვაქვს.

სტიმული...

- სტიმულს სიყვარული მაძლევს, ყველანაირ სიყვარულზე მაქვს საუბარი. მისით ბრუნავს დედამიწა. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

- ცუცა, თბილისში ზოგს ჰგონია, რომ თქვენ ამერიკელ მამაკაცზე დაქორწინდით. ასეა?

- არა, არ გავთხოვილვარ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ თუ არ დავოჯახდი. ველოდები პრინცს და აღარ ჩამოიარა. ეტყობა, მე დამაგვიანდა, ჩაიქროლა და ცხენზე ახტომა ვერ მოვასწარი (იცინის). თუ გამოჩნდება ამერიკელი, დავფიქრდები. ძალიან რომანტიკული ვარ და თუ ისიც ასეთი იქნება, რატომაც არა?! თუმცა, უპირატესობას ქართველ მამაკაცს ვანიჭებ... უვარგისი ყველა ქვეყანაშია და ღმერთმა ნუ ქნას, ქართველი მამაკაცი ისე დაკნინდეს, რომ ქალის მიმართ პატივისცემა დაკარგოს.

ფლირტი...

- მამაკაცთან თუ ფლირტი არ გააბი, რა არის ცხოვრება? თვალებით ფლირტს რა ჯობია?! მერე იბმება სიყვარულის ძაფები (იცინის). მამაკაცს იმაზე ვუჩივლოთ, რატომ შემომხედაო? - ეს დიდი სისულელე მგონია.

ისე, ადრე ბევრი "პაკლონიკი" მყავდა და ახლა რომ მივიხედ-მოვიხედე, უცებ მარტო არ აღმოვჩნდი? მაგრამ ხომ იცი, ნათქვამია, მაშინ მოვა სიყვარული, როცა არ ელიო. მე ჯერ ისეთი ენერგიული ვარ, რომ მთას გადავდგამ (იცინის).

მამაკაცი უნდა იყოს...

GzaPress- კაცი უნდა იყოს, კაცური! დიდი მხრებით - "მოდექი და იცურავე", ცისფერი ან მწვანე თვალებით და მაღალი. ვინმე იკითხავს, შენ თვითონ რომ არ ხარ მაღალიო? მაღალი არ ვარ, მაგრამ ცისფერთვალება ვარ, ქერათმიანი და ყველაფერი თავის ადგილას მაქვს (იცინის). ჰო, კიდევ, უნდა იყოს ჯენტლმენი, სულით ხორცამდე რომანტიკოსი, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს და ფული თუ არ გადასდის, არა უშავს, სულიერებაა მთავარი. პრობლემების ლამაზად მოგვარებაც შეიძლება. მოწესრიგებული მამაკაცი მომწონს. მეც ასეთი ვარ, სამსახურში ისე არ წავალ, თუ არ გამოვიპრანჭე.

პაემანი, საჩუქარი...

- რამდენიმე წლის განმავლობაში ვიღაც მამაკაცი, რომლის სახელი და გვარი დღემდე არ ვიცი (ვეძებ, იქნებ, გამოჩნდეს), ჩემს დაბადების დღეზე - ორ იანვარს, ჩემს სიგრძე ვარდებს მიგზავნიდა. რომელი მურტალო ის იყო და რომელი ინგა მე ვიყავი. სულიკოს საფლავივით კი ვეძებ იმ კაცს, მაგრამ ვერ ვიპოვე. იყო დრო, როცა სერენადებს მიმღეროდნენ და ერთხელ ისე ჩამეძინა, მეზობელი მაღვიძებდა, - ადექი, ყველამ გაიღვიძა შენ გარდა და გადმოხედე იმ კაცსო (იცინის). ცხოვრებაში ბევრი ლამაზი პერიოდი მქონია სიყვარულთან დაკავშირებით და კარგი მოსაგონარიც მაქვს. სიყვარული შეიძლება რამდენჯერმეც მოვიდეს. მეცოდება ადამიანი, ვისაც ეს არასდროს განუცდია.

ახლა მომწონს...

- ერთი პიროვნება კი მომწონს, მაგრამ მან ეს არ იცის, არასდროს ვეტყვი. თუ თვითონ მიხვდება, თვალებით ფლირტით, კარგია, თუ არა და, კარგად იყოს (იცინის). ქართველია. ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით. მეუბნებოდა, როგორ მიყვარდა შენი გადაცემა და შენც ძალიან მიყვარდიო, მაგრამ ახლა თუ ვუყვარვარ, ეგ არ უთქვამს (იცინის).

ბედნიერება...

- ბედნიერებაა, როდესაც შენ გარშემო ადამიანები ბედნიერები, ჯანმრთელები არიან და შენ შეგიძლია ისინი კიდევ უფრო გააბედნიერო. როდესაც მსოფლიოში მშვიდობაა, ყველაფერი დალაგებულია და შენს ქვეყანაში, შენს ოჯახთან ერთად ცხოვრობ, ამაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე დამიჯერეთ, არ არსებობს! როდესაც ხელოვანი ხარ, შენს ხალხს უყვარხარ და გაფასებენ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.

ჩემი ცხოვრება...

- მოვარდნილი ქარიშხალია. ქარიშხალივით დაიწყო - ანცი ბავშვი ვიყავი, ასევე გაგრძელდა და ახლაც ბობოქარი ცხოვრება მაქვს. ჩემი ცხოვრება ჩარლი ჩაპლინის აჩქარებული კადრია, ბავშვობიდან ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ - ნელი ტემპი არასდროს მქონია.

თამთა დადეშელი