გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა ქართველი მუსიკოსი თავის გუნდში მიიწვია - გზაპრესი

გრემის მფლობელმა ვარსკვლავმა ქართველი მუსიკოსი თავის გუნდში მიიწვია

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველმა მუსიკოსმა, გიორგი მიქაძემ ცნობილ მსახიობთან, პროდიუსერთან, პოპმუსიკოსთან და გრემის მფლობელ ლიჰომ ვანგთან კონტრაქტი გააფორმა. ამჟამად გიორგი ჩინელი პოპმუსიკოსის მუსიკალური გუნდის წევრია და მსოფლიო ტურნეებში მონაწილეობს. რასაკვირველია, გიორგის ამ დიდი წარმატებით დავინტერესდით და მას ამერიკაში დავუკავშირდით.

- მსოფლიო პრესა აჭრელებულია ინფორმაციით, რომ პოპმუსიკოსთან, ლიჰომ ვანგთან კონტრაქტი გააფორმეთ. როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება, რა იყო ამის წინა პირობა?

- ეს ჩემი საშემსრულებლო ცხოვრების ერთ-ერთი ძალზე სასიხარულო სიახლეა. რამდენიმე თვის წინ მასთან კონტრაქტი გავაფორმე. მას "ჩინური პოპმუსიკის მეფეს" უწოდებენ. მისი სახელი პირველად მაშინ გავიგე, როდესაც Berklee College of Music-ის პირველ კურსზე ვსწავლობდი. ლიჰომ ვანგს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და მისი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის სახელი, სასწავლებელში ხშირად ისმოდა. მას შემდეგ დაახლოებით 6 წელი გავიდა. ერთ მშვენიერ დღეს, ბერკლის პრეზიდენტისგან, ბატონი როჯერ ბრაუნისგან ელექტრონული ფოსტით წერილი მივიღე. მწერდა, რომ ვანგთან რეკომენდაცია გამიწია. შემდეგ ჩვენი აგენტები პირობებზე შეთანხმდნენ, ლიჰომ ვანგი ლოს-ანჯელესში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა და ერთმანეთს Yamaha-ს სალონში შევხვდით. სწორედ იქ ვისაუბრეთ დეტალებზე, პროექტის კონცეფციაზე და კონტრაქტიც გავაფორმეთ. ამჟამად რამდენიმეწლიანი მსოფლიო ტურნეა გაწერილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უდიდეს საკონცერტო სტადიონებსა და არენებზე გაიმართება. ამ ტურნეს DDescendants of the Dragon ჰქვია.

- ეს ტურნე უკვე დაიწყო. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? რა შეგრძნებაა, როცა სცენაზე ასეთ ვარსკვლავთან ერთად დგახართ?

- პირველი მეგაშოუ 13 აპრილს, პეკინის ოლიმპიური სტადიონის, "კადილაკის" არენაზე გაიმართა. ჩემთვის ასევე ძალზე სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ შოუს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის რესპუბლიკაში, დავით აფციაური თავის გუნდთან ერთად ესწრებოდა და მათ ჩემი დიდი სიხარული გაიზიარეს. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. რაც შეეხება შეგრძნებას, სცენაზე 6 წლის ასაკიდან ვდგავარ. იმ დროიდან სიმფონიურ და კამერულ ორკესტრთან ერთად ვუკრავ. ასევე, დამიკრავს არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ კონკურსზე, დიდი არტისტების გვერდით ჯაზკლუბებში, მაგრამ კლასიკური მუსიკის სპეციფიკა ჯაზმუსიკისა და საკონცერტო დარბაზებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ჩვენი მსოფლიო ტურის ფარგლებში კონცერტები უდიდეს სტადიონებზე ტარდება და 50000-80000 მსმენელი ესწრება. შესაბამისად, ამ გრანდიოზული მეგაშოუებისთვის საგანგებო მზადება მიმდინარეობს, რათა რისკები მინიმუმამდე დავიდეს და უმაღლესი დონის შოუ გაიმართოს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ლიჰომ ვანგი უდიდესი პოპარტისტია, ყველა შოუზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად გამკაცრებულია. კონცერტებისა და რეპეტიციების დროს, თითოეულ ჩვენგანს დაცვა დაგვყვება და პროექტის აგენტები ყოველი ლოჯისტიკური დეტალის სისწორეს აკონტროლებენ.

- როგორი პიროვნებაა ლიჰომ ვანგი? ბენდის წევრებთან როგორი ურთიერთობა აქვს, რამდენად მომთხოვნია?

- ვანგი ძალზე განათლებული ადამიანია. გარდა უამრავი მუსიკალური ჯილდოსი, იგი ვილიამის კოლეჯისა და ბერკლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ტაივანისა და მალაიზიის მშვიდობის ელჩი, ერთ-ერთი ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეა, რომელიც უამრავი სოციალური და ახალგაზრდული პროექტის ინიციატორია. ის ასევე, საქმის უდიდესი პროფესიონალი და მულტიინსტრუმენტალისტია. თითქმის ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტს ერთნაირად კარგად ფლობს. პიროვნულად, ისიც და მისი მეუღლეც ძალიან სასიამოვნო, კეთილგანწყობილი ადამიანები არიან.

- როგორც ვიცი, თქვენი მსოფლიო ტურნე 2020 წლამდეა გაწერილი. ამ დროის განმავლობაში კონცერტი რამდენ ქვეყანაში იგეგმება?

- პირველ ეტაპზე, შოუები დაგეგმილია ჩინეთში, შემდეგ, შტატებსა და ევროპაში.

- წარსულზეც ვისაუბროთ. როგორც აღნიშნეთ, მუსიკით ბავშვობიდან იყავით გატაცებული...

GzaPress- მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დედა მომღერალი და საგუნდო დირიჟორია. მე და ჩემს დას გამორჩეული მუსიკალური სმენა ჯერ კიდევ ერთი წლის ასაკში აღმოგვაჩნდა. ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლიდან დავიწყე. როგორც მშობლები იხსენებენ, აბსოლუტურმა სმენამ, მუსიკისადმი განსაკუთრებულმა რეაგირებისა და ინტერპრეტირების უნარმა მშობლები დაარწმუნა, რომ ჩემი მომავალი მუსიკალურ ხელოვნებას უნდა დაჰკავშირებოდა. კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მივიღე. 2006 წელს, მუსიკალური სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი", ნოდარ ნაკაიძის და კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის ხელმძღვანელობით დავამთავრე. 2010 წელს სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული გავხდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელი რევაზ თავაძე გახლდათ. აშშ-ში გამგზავრებამდე, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატის წოდება მოვიპოვე. ასევე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრთან არსებულ ბიჭუნათა გუნდში ვმღეროდი, სოლისტი გახლდით. თბილისში სწავლის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის (2003 წ.), ეთერ ანჯაფარიძის (2007 წ.), გია ყანჩელის (2009-2010 წწ.) სახელობის სტიპენდიანტი ვიყავი. 2009 წელს ტეხასის საერთაშორისო ფესტივალ-ინსტიტუტ ღოუნდ თოპ-ში მონაწილეობისთვის გრანტი მოვიპოვე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ განათლებას არაჩვეულებრივ პიროვნებებთან და მაღალი დონის სპეციალისტებთან ვიღებდი. დღემდე, ჩემი თითოეული პედაგოგის მადლიერი ვარ.

- ბერკლის კოლეჯში როგორ მოხვდით?

- ბერკლის კოლეჯი ყველა მუსიკოსისთვის ერთ-ერთი ყველაზე საოცნებო სასწავლებელია. გამონაკლისი არც ჩემი შემთხვევა იყო. აპლიკაცია შევავსე, საბუთები გავგზავნე და მისაღებ გამოცდაზე ბოსტონში ჩავედი, სადაც სხვადასხვა კომპოზიციასთან ერთად, ნოდარ გაბუნიას "იმპროვიზაცია და ტოკატა" შევასრულე. ამან ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ასეთ რეზულტატს მაინც არ ველოდი. ერთი თვის შემდეგ ელექტრონული წერილი მივიღე, რომელიც იუწყებოდა, რომ 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელი გავხდი. ეს ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. 2014 წელს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music-ის საშემსრულებლო და საკომპოზიციო ფაკულტეტის წარმატებით დამთავრება პირადად "ლედ ზეპელინის" გიტარისტმა, ჯიმი ფეიჯიმ მომილოცა, რომელიც ბერკლის კურსდამთავრებულთა ცერემონიალზე სპეციალური სტუმრის რანგში იყო მოწვეული. შემდეგ ნიუ-იორკის უდიდესი ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემია Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე, სადაც ერთადერთი მუსიკოსი აღმოვჩნდი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ 3000 აპლიკანტს შორის, მაგისტრატურის სრული სასწავლო სტიპენდია მოვიპოვე. პარალელურად, კონკურსში გავიმარჯვე და განათლების საერთაშორისო ვენტრის ბენეფიციარი გავხდი, რომელიც ამერიკაში ცხოვრებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარა.

- ამერიკაში დასამკვიდრებლად რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ? როგორ ცხოვრობდით მანამ, ვიდრე ცნობილი მუსიკოსი გახდებოდით?

- აქ დამკვიდრება უდიდესი შრომის შედეგია. ძალზე სტრესული და დაძაბული გარემო, ცხოვრების ჩქარი ტემპი, მუდმივად აუარებელი მასალის ათვისების პროცესი, უძილო ღამეები, უდიდესი კონკურენტული გარემო - ეს მუდმივი წნეხია, რომელსაც ბევრი სტუდენტი ფიზიკურად ვერ უძლებს. საბედნიეროდ, სირთულეების გადალახა შევძელი.

- თქვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ რას გვეტყვით?

- დასაოჯახებელი ვარ...

- თქვენი დაც ამერიკაში ცხოვრობს. თუ არ ვცდები, თამუნაც მუსიკოსია...

- ხომ გითხარით, მუსიკალური ოჯახი მყავს-მეთქი. თუმცა, მამა პროფესიით მუსიკოსი არ არის, მაგრამ არაჩვეულებრივი სმენა აქვს. ჩემი ძმა, ლექსო მიქაძე პროფესიით არქეოლოგია, მაგრამ ისიც მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და დახვეწილი გემოვნება აქვს. არქეოლოგიაში წარმატებით მოღვაწეობს. რაც შეეხება თამუნას, ის ნამდვილად კარგი მუსიკოსია, მაგრამ შტატებში არ ცხოვრობს. საკმაოდ ხშირად ჩამოდის. თამუნას ლომის წილი აქვს ჩემი პროფესიული დაოსტატებისა და კარიერული წინსვლის საქმეში. ის პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და ძლიერი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო და მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში წარმატებით მოღვაწეობს, დღემდე თითქმის ყველა დეტალს ერთმანეთთან ვათანხმებთ. მეგობრები ჩვენზე ხშირად ხუმრობენ: თამუნას ძმა გიორგი თუ გიორგის და თამუნაო...

- საქართველოს რამდენად ხშირად სტუმრობთ?

- იქიდან გამომდინარე, რომ შტატები საკმაოდ შორს არის, საქართველოში დაახლოებით წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ. ლიჰომ ვანგის ტურების პარალელურად, 23 მაისს ვაშინგტონის მშვიდობის ინსტიტუტში და 24 მაისს ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში ჩემი პროექტი Georgian Overtones შესრულდება. ეს კონცერტები ჩემთვის განსაკუთრებით საპატიო და საპასუხისმგებლოა, რადგან ორივე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მერე ბერმუდაში, საერთაშორისო ფესტივალზე მივემგზავრები, სადაც კონცერტები უნიჭიერეს ქართველ პიანისტთან, ეთერ ანჯაფარიძესთან ერთად მექნება. რაც შეეხება საქართველოში კონცერტის გამართვას, ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დეტალებს ჯერ ვერ გაგიმხელთ, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

- დაბოლოს, თქვენი გულშემატკივრებისთვის რისი თქმა გსურთ?

- თითოეულ ჩემს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის გულითად მადლობას ვუხდი...

ნათია ჟივიძე