"რატომღაც სიყვარულში არაფერი გამომდის" - გზაპრესი

"რატომღაც სიყვარულში არაფერი გამომდის"

წელს კი უკვე სიმღერით სცადა მსმენელის გაოცება. მეტსახელად ბაჯოს ეძახიან. ის საკმაოდ გულახდილად საუბრობს განვლილ რთულ ცხოვრებასა და ტკივილებზე. რა გზა გაიარა ჭიდაობის არენიდან სცენამდე და რატომ იყო ყოველთვის ცალმხრივად შეყვარებული, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბაჯოს რატომ გეძახიან?

- ბავშვობაში მსუქანა, ბაჯბაჯა ვიყავი, დედა და და მეძახდნენ ასე. გორის რაიონში, სოფელ ხიდისთავში გავიზარდე, მრავალშვილიან ოჯახში - სამი ძმა და ერთი და მყავს. მე რომ გავჩნდი, მამა 60 წლის ყოფილა, დედა - 44-ის. ისე ვგავდი მამას, ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი შვილი ვარ (იცინის). ის აგრონომი იყო, მძღოლადაც მუშაობდა, ერთი უბრალო გლეხი კაცი იყო, მაგრამ ღირსეული, ყველასგან გამორჩეული და ამიტომაც, განსაკუთრებულად მიყვარდა. 81 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა, მანამდე 8-9 წელი უსინათლო იყო. მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი. 21 წლის ვიყავი მაშინ და დღემდე გული მტკივა. სიკვდილის შემდეგაც მაძლევს სტიმულს, რომ საკუთარ თავს ვაჯობო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო - ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში: ბრძოლა, სირთულეებთან გამკლავება, პირველ რიგში კი - შრომისმოყვარეობა. მისი წყალობით, რაც უნდა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არასდროს ვწუწუნებ და არ ვამბობ: რა უსამართლოა წუთისოფელი, არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს და ა.შ. მამამ მიმახვედრა, რომ შრომითა და საქმის სიყვარულით ყველაფერი მიიღწევა და თუ რაღაც არ გამოგდის, ე.ი. თვითონ ხარ დამნაშავე.

- როგორც ჩანს, რთული ცხოვრება გქონდა...

- ძალიან რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი. საქართველოში რთული სიტუაციაა და სამსახური არ არისო, წუწუნებენ, მაგრამ თუ შრომა გინდა, ყოველთვის და ყველგან ნახავ საქმეს. სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი - ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი მოსწავლე ვიყავი. მომზადებისა და სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს და ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული გადამზადების კურსები გავიარე და გავხდი სანტექნიკოსი. ვმუშაობდი გორში, თბილისში, ზაფხულობით თურქეთშიც, მშენებლობაზე.

- "ნიჭიერში" შენი გარეგნობითა და პროფესიით არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ პირველი ლედიც აღაფრთოვანე. მახსოვს, გითხრა, ძალიან ლამაზი ნომერი იყო და ისეთივე პროფესიონალი სანტექნიკოსიც თუ ხართ, როგორი აკრობატიც იყავით, თქვენი ტელეფონის ნომერი მინდაო...

- როდესაც "ნიჭიერში" გამოსვლა გადავწყვიტე, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერს შევძლებდი, მაგრამ ჟიურის ასეთი აღფრთოვანება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. პირველი ლედის შეფასებამ ხომ საერთოდ წამართვა აზროვნების უნარი. კარგი შეგრძნება იყო. მთავარი მაინც ხალხის ემოცია და სიყვარულია.

- აკრობატობით როდის დაინტერესდი?

- აკრობატობით 7-8 წლის ასაკიდან დავინტერესდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჭიდაობაზე დავდიოდი და თავისუფალ დროს სალტოებს ვაკეთებდი. მერე რატომღაც, თავი მივანებე ჭიდაობას და დავინტერესდი პარკურითა. საქართველოს ჩემპიონატი პარკურში ორჯერ მოვიგე - 2010 და 2014 წელს. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, დღეში 5 საათს და მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. სხვათა შორის, ფილმებმაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე - ექსტრემალური ილეთების ყურება მსიამოვნებდა. ჯეკი ჩანი მომწონდა და მისი ილეთების გამეორებას ვცდილობდი. ყველა აღნიშნავდა, რომ კარგად გამომდიოდა. ასე შემიყვარდა აკრობატიკა. ნელ-ნელა დავხელოვნდი და უფრო რისკიანი ილეთების შესრულებაც დავიწყე. ისე, ბავშვობიდანვე ძალიან მოქნილი და სხარტი ვიყავი, მიყვარდა ხეებზე ძრომიალი და მახსოვს, მშობლები თავიანთ შვილებს ეუბნებოდნენ ხოლმე: კუდში რას დაჰყვებით და რას დაძრომიალობთ ხეებზე, მაგას არაფერი მოუვა, თქვენ ჩამოდითო.

- რაც შეეხება სიმღერას, მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა შენი გამოჩენა "X ფაქტორში".

- სიმღერა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დავიწყე, დაახლოებით 5 წლის წინ. იქამდე არც მიცდია, არც სურვილი მქონია, არც მუსიკაზე მივლია. ამერიკულ ბენდს - Linkin park მოვუსმინე, მოვიხიბლე მათი მუსიკით და აქედან დაიწყო ჩემი ამღერება. მერე ერთმა მეგობარმა მომცა მათი კონცერტის ჩანაწერი, რამაც უფრო მეტად მომხიბლა. მგონი, ამ ბენდის ვოკალისტის დამსახურებაა ჩემი სიმღერით გატაცება. ერთხელ მიწისქვეშა გადასასვლელში ბიჭები სწორედ ამ ბენდის სიმღერას უკრავდნენ და ძალიან წვალობდნენ, მაღალ ნოტს ვერ იღებდა ვერც ერთი. მივედი, გააგრძელე დაკვრა-მეთქი, ვთხოვე და ვიმღერე. ის ბიჭი გაგიჟდა, რა მაგრად იმღერეო და აი, მაშინ ვიფიქრე, რომ რაღაც შემეძლო. ნამდვილად არ ველოდი მსმენელისა და ჟიურისგან ასეთ დადებით რეაქციასა და შეფასებას. როდესაც მითხრეს, რომ 4 "კი" მაქვს, არც მახსოვს ჩემი მაშინდელი ემოციები. დედაა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. უნდოდათ, გადაცემის ჩაწერაზე ჩამომეყვანა, მაგრამ ასაკიანია, თან ავადმყოფობს და თანაც, ძალიან ინერვიულებდა...

- ამჟამად რას საქმიანობ, სად მუშაობ?

- შოუებს ვაკეთებ, ძირითადად, ამით ვარ დაკავებული. ისე გამოვიდა, რომ სანტექნიკოსობას თავი დავანებე. ახლა ბრეიკდანსით ვარ გატაცებული. ვფიქრობ, ჭიდაობასაც ხომ არ მივუბრუნდე...

- დაოჯახებას არ აპირებ?

- რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი, ოღონდ ცალმხრივად, "ნიჭიერის" შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და ყველა ცალმხრივად არის ჩემზე შეყვარებული (იცინის)...

- ე.ი. ცნობილი გახდი და გოგონები ამით მოიხიბლნენ, არა? სხვა რა შეიცვალა ამ პროექტებში მონაწილეობის შემდეგ?

- ისედაც არ მიჭირდა გოგონებთან ურთიერთობა. ზედმეტად გახსნილი და უბრალო ვარ, გულწრფელიც, მაგრამ რატომღაც, სიყვარულში არაფერი გამომდის... მომწონს დამოუკიდებელი, ძლიერი ქალები. რაც შეხება პოპულარობას, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს არასასიამოვნო და ცუდია. ამას წინათ მეგობრის დაბადების დღე იყო რომელიღაც კლუბში, სადაც პირადობის მოწმობები მოგვთხოვეს შესვლის დროს. რომ დამინახეს, შენ არ გინდა, შემოდიო, მითხრეს. მესიამოვნა, რომ მიცნეს. თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება. ხშირად მივდივარ კარაოკე ბარში სამღერად და კათხა ლუდის დასალევად.

ნინო ჯავახიშვილი