ნათია ქოროღლიშვილის ორი სამყარო - გზაპრესი

ნათია ქოროღლიშვილის ორი სამყარო

მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ "ნიჭიერის" პერიოდში გაიცნო. მანამდე კი იყო ბევრი კონკურსი თუ ფესტივალი, რომლებსაც მომღერალი ყოველთვის გამარჯვებული ტოვებდა. დედის გავლენით ორი წლიდან მღერის ნათიას 17 წლის ქალიშვილიც, რომელიც პროფესიად დიპლომატიის არჩევას აპირებს, ვაჟი კი ფიქრობს, მომავალი ფეხბურთს დაუკავშიროს. სცენისა და ოჯახის შესახებ, სადაც ასაკობრივი ზღვარი მეგობრობაზე გადის, ოჯახის დიასახლისი სიამოვნებით გვესაუბრა...

GzaPress- მამა ლოტბარია. სიმღერა ძირითადად, მასთან მოსული მოსწავლეების რეპეტიციებისას ვისწავლე. გაგიკვირდებათ, მაგრამ მამა ყველა ინსტრუმენტზე თანაბრად კარგად უკრავს: ფანდური, გიტარა, ფორტეპიანო, სალამური, დოლი, გარმონი... ძალიან შრომისმოყვარეა. უნდა ვაღიარო, რომ ბუნებით ზარმაცი ვარ. მამა არასოდეს მაქებდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა ეთქვა თუნდაც ერთი "ყოჩაღ!". მცირედ კომპლიმენტს თუ გამოიმეტებდა, უკვე დიდი საქმე იყო და მეც უბედნიერესი ვიყავი. ამბობდა, ნიჭი თავს არ დამალავსო. სტუდიაში, სადაც მე ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მამა დოლს უკრავდა... ჩემი ძმა, დათო გამორჩეული მსმენელია. მის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- ალბათ, ქალიშვილის სიმღერის ნიჭიც მამამ აღმოაჩინა...

- დიახ, ასე იყო. სხვათა შორის, ეს ცოტა მოგვიანებით, უკვე სკოლის პერიოდში მოხდა. საბავშვო ბაღში არასოდეს მიმღერია, მხოლოდ მაცეკვებდნენ. პირველი კლასის ზეიმზე დამრიგებელმა საზოგადოებრივი არხის წარმომადგენლები მოიწვია. მე ვმღეროდი და ფანდურზე ვუკრავდი. სწორედ ამ ზეიმისთვის მასწავლა მამამ "თუ ასე ტურფა იყავი". მახსოვს, ისეთი პატარა ვიყავი, ფანდურს თითებს გაჭირვებით ვაწვდენდი, მაგრამ მაინც თავგამეტებით ვუკრავდი (იცინის). ასე რომ, სიმღერა ექვსი წლის ასაკში დავიწყე, შვიდი წლიდან კი უკვე მიწვევები მქონდა... საერთოდ, რაიონში უფრო შესამჩნევი ხდები, ვიდრე დედაქალაქში. მიფიქრია კიდეც, კახეთიდან რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, გამიჭირდებოდა თავის დამკვიდრება. განათლებისა და კულტურის სამსახური გამორჩეულ ბავშვებს ხელს უწყობდა, რომ რაიონი ესახელებინათ. მახსოვს, რუსთაველის თეატრში ჩამომიყვანეს. ჩოხა ბიჭურად მეცვა, კახური ქუდი მეხურა, რომ თმა არ გამოჩენილიყო და "ლალეს" დავასრულებდი თუ არა, ქუდს ვიხსნიდი. ახლაც მახსოვს მაყურებლის ცრემლიანი თვალები. ხალხი ფეხზე იდგა და ტიროდა. მამას ვეკითხებოდი, რატომ ტირიან-მეთქი?..

- ცეკვასა და სიმღერას შორის არჩევანის გაკეთება მოგიხდა?

GzaPress- წლების მანძილზე სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. დიახ, მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, არ ვიცოდი სიმღერა მინდოდა თუ ცეკვა. სხვათა შორის, თენგიზ სუხიშვილი იყო კახეთში ჩამოსული და როცა ცეკვისას მნახა, ჩემს ხელმძღვანელს უთხრა, თუ წამოვა, სიამოვნებით მივიღებ ანსამბლშიო... ეს ორჭოფობა მალე ჩემმა გათხოვებამ დაასრულა... ვფიქრობ, უფრო სწორად, ვოცნებობ სოლო კონცერტზე. მესიზმრება, რომ სცენაზე თან ვცეკვავ, თან ვმღერი (იცინის).

- კონკურსებს გამარჯვებული ხშირად ტოვებდი?

- იცით, დამარცხება საერთოდ არ მიგემია... იღბალი მაქვს, ალბათ. ჩემზე გაცილებით ნიჭიერი ადამიანები ვიცი, მაგრამ ყოველთვის რაღაც უშლით ხელს წარმატების მიღწევაში... მართლაც, ძალიან ადრე გავთხოვდი - ფაქტობრივად, ბავშვი ვიყავი. 17 წლისას უკვე შვილი მყავდა.

- ოჯახის წევრებს ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ?

- მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ და ჩვენი ქორწინება მათი ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ჩემი მეუღლე არაფერს დამპირებია, უბრალოდ, თანაცხოვრებისას გაიაზრა, რომ სიმღერის გარეშე არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ლაღი ვარ, უსიმღეროდ "ვნულდები". თუმცა, იშვიათად ვწერ სიმღერას, ვერ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვოკალის პედაგოგიც არასოდეს მყოლია. მაინტერესებს, "რა გამოვა ჩემგან" პედაგოგთან მუშაობის შემთხვევაში...

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?

- მას ვიცნობ ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი მახსოვს. მეზობელ უბანში ცხოვრობდა. რვა წელი ანუ მთელი ბავშვობა ვუყვარდი, ერთ სკოლაში დავდიოდით. იმდენი ეცადა, რომ მეც მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით. როგორც თავად ამბობს, ამით ოცნება ავუსრულე.

- და ამას დღემდე აფასებს?

- დიახ. ძალიან კარგი ადამიანია. სიყვარულის გამოხატვის თვალსაზრისით დღემდე ოდნავაც არ მოდუნებულა. მე ზოგჯერ ყოფითი, ყოველდღიური პრობლემები მღლის. მას ეს არასოდეს ემართება, მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა. საერთოდ, მოსიყვარულე ადამიანია.

- ოჯახში საქმეს თანაბრად ინაწილებთ?

- ის "საგარეო საქმეთა მინისტრია", მე - საშინაო... ბავშვების აღზრდა, ძირითადად, ჩემზე აქვს მონდობილი. მას იშვიათად, ბავშვების შესაშინებლად ვიშველიებ. თუმცა, დიდად არ ეშინიათ, რადგან გამორჩეულად მეგობრული ოჯახი ვართ და ცოტა გვიჭირს სიმკაცრის გამოჩენა. მადლობა უფალს, დიდი სიმკაცრე არ გვჭირდება, რადგან დამჯერი შვილები გვყავს.

- ამბობ, რომ გინდა აქტიურად მღეროდე, მაგრამ ამის საშუალება არ გეძლევა. ამ დანაკლისს ბევრი შენი კოლეგა რესტორანში სიმღერით ივსებს...

- ამას ბევრი დადებითი აქვს, შენს თავზეც მუშაობ, მსმენელთან, სცენასთან ყოველდღიური შეხება გაქვს, არ დუნდები... მაგრამ არის დისკომფორტიც. მახსოვს, ერთხელ ვიმღერე და სუფრის ერთ-ერთმა წევრმა სიმღერის ბოლოს ლექსი მომიძღვნა. ზედმეტი და ზღვარგადასული არასოდეს არაფერი მიგრძნია, გიორგიც ითვალისწინებს, რომ ჩემი პროფესია მსგავს ფაქტებს მოიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე ვთანხმდებით - სჯობს, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებისგან თავი შევიკაოთ.

- რა გზებით ცდილობთ პროფესიულად განვითარდეთ?

- მაქვს ხოლმე გასტროლი. ხშირად დავდივარ რეგიონებში, ისრაელში. ახლახან ლელუკასთან ერთად უკრაინაში ვიყავი, მალე ყაზახეთში მივდივარ.

- ლელუკაც მომღერლობას ხომ არ აპირებს?

GzaPress- ლელუკა ორი წლიდან მღერის, თუმცა, დიპლომატობა სურს.

- როგორც ამბობენ, "გიჟი დედა" ხართ...

- ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამება შვილების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. წარმოიდგინეთ, თავადაც ბავშვი ვიყავი, როცა ლელუკა დაიბადა, მაგრამ მას არავის ვაკარებდი. "კრუხს" მეძახდნენ. მართლაც, არანორმალური დედა ვიყავი და ახლაც ასეა. ბიჭი, აკაკი დედას მალამოა... კარგად სწავლობს, ფეხბურთს თამაშობს, გამოირჩევა საოცარი იუმორით.

- სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ?

- საერთოდ, მიყვარს სახლში ყოფნა. ვამბობ ხოლმე, "პარკეტის" გოგო ვარ-მეთქი... ჩემი ტკბილი ბლინები საქვეყნოდაა ცნობილი. ასევე, ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ჩიხირთმას ვამზადებ. ჩემი დედამთილი საუკეთესო კულინარია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ბავშვობაშიც ხშირად ვაცხობდი. დედა ექთანია, ბავშვთა განყოფილებაში მუშაობდა, მორიგეობა უხდებოდა და შესაბამისად, ხშირად ვაკეთებდი სადილს, სახლსაც ვუვლიდი.

- რთული არ არის, როცა სცენიდან "ჩამოსული" სამზარეულოში შედიხარ?

- ნეტა ბევრი იყოს კონცერტი და არანაირად არ არის რთული. არის შემთხვევა, თვე გადის და კონცერტი არ იგეგმება, ამ დროს აღარ ვიცი, ვის ვუმღერო (იცინის).

შორენა ლაბაძე