ნინო ლეჟავას მთავარი ჯილდო, სინანული და წარმატება, რომელიც მეძავის როლმა მოუტანა - გზაპრესი

ნინო ლეჟავას მთავარი ჯილდო, სინანული და წარმატება, რომელიც მეძავის როლმა მოუტანა

მსახიობ ნინო ლეჟავას მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილეზე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო გადაეცა. "ეს არის დაფასება. უღრმესი მადლობა დიმა ხვთისიაშვილს და ქორეოგრაფ გია მარღანიას, რომ მომცეს საშუალება, თავი ქორეოდრამაში მომესინჯა", - ამბობს მსახიობი. გააქტიურდა მისი პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში", ნაილა "პრეზიდენტის" დაქალია. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რისი ეშინია, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და რა დროს მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1974 წლის 10 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდან ეს სურვილი მქონდა. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია. ამ ქვეყანაში ზოგიერთი პროფესია (მათ შორის, მსახიობობაც) იმდენად დაუფასებელია, რამდენჯერმე გულდაწყვეტით მითქვამს, ხომ არ აჯობებდა, სხვა პროფესია ამერჩია, ღმერთმა ეს საქმე ასე ძალიან რატომ შემაყვარა-მეთქი? მეორე წუთში, ვინმემ არჩევანის წინაშე რომ დამაყენოს და არტისტობის სანაცვლოდ, ჩემთვის უინტერესო სამსახური, მაღალი ანაზღაურებით შემომთავაზოს, ისევ მსახიობობას ავირჩევ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დღე-ღამეში 24 საათია, როგორ ახერხებ ამდენი საქმე აკეთო, ყველაფერს როგორ ასწრებო? მეუღლე და 4 შვილი მყავს, შინ ყველაფერი დალაგებული მაქვს, სადილი მომზადებული. დიდ დროს მოითხოვს თეატრი, რეპეტიციები, გადაღებები...

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს უსაყვარლესი შვილები, ძალიან კარგი ოჯახი და პროფესიაში რეალიზების საშუალება მაქვს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დადის ქუჩაში, რომელსაც არ აქვს ასპარეზი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. ზოგადად, მადლიერი ადამიანი ვარ, ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც მაქვს. სხვა საკითხია, რა მინდა მქონდეს, მაგრამ რაც მაქვს, მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

GzaPress- ...შრომისმოყვარეობა და პროფესიის დიდი სიყვარულია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია, ამ ასაკში ვეღარ გამოვსწორდები.

- არ მჩვევია...

- ...უპასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებ. რასაც დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო პირველი ფილმი 18 წლის ასაკში - "თბილისი ჩემი სახლია", რომელშიც "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" "ოქროს არწივი" გადმომეცა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო პირველი შვილი იყო, პროფესიაში - ეს ფილმი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს პედაგოგს, ლილი იოსელიანს და გულსუნდა სიხარულიძეს, რომელთანაც საკურსო სპექტაკლზე ვიმუშავე. რაც ვიცი და რაც არ ვიცი, ამ ორი ქალბატონის ბრალია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...იყოს მშვიდობა. ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ ერთმანეთის მიმართ არა შურით, ტყუილით, ბოღმით ვიყოთ განწყობილი, არამედ - დიდი სიყვარულით. ხომ შეიძლება, ერთ მუშტად შეკრულობით გამოვირჩეოდეთ, არა მხოლოდ მაშინ, როცა მტერი შემოგვესევა. ხომ შეიძლება, ერთმანეთის მიმართ ალალები და მართლები ვიყოთ, ერთმანეთის წარმატება გვახარებდეს.

- მეშინია...

- ...ცოდვების. რაც ნაკლებს შევცოდავ, უკეთესია.

- საკუთარ შეცდომებზე...

- ...ბევრი რამ ვისწავლე. ადამიანი მთელი ცხოვრება საკუთარი შეცდომების გამოსწორებას უნდა ცდილობდეს. მთავარია, არ დავუშვა ისეთი შეცდომები, რომლითაც ადამიანებს გულს ვატკენ. ყველაზე მეტად ამას ვუფრთხი. ძალიან ემოციური ვარ. როცა მეშლება, ბოდიშის მოხდაც შემიძლია. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი გრძნობს დანაშაულს და ჩვენ ერთმანეთში გავარკვევთ. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, ეს ურთიერთობებში გაურკვევლობაა. მე ვინ ვარ, რომ არ ვაპატიო, უფალი ყველაფერს გვპატიობს. ალბათ, ადამიანური სისუსტეა, ზოგჯერ ყველაფრის პატიების ძალა არ შემწევს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ცოტათი სიმაღლეს მოვიმატებდი, ცხვირს გავისწორებდი. როცა ამას ვამბობ, მხატვრები და რეჟისორები მეჩხუბებიან, ეგ შენი შარმიაო... ყველანი ბედნიერები ვიყოთ და ამას როგორმე ავიტანთ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჭკუა. ვერ ვისწავლე, რომ ზოგჯერ ჩემი ენა მღუპავს. რამეს წინასწარ თუ ვიტყვი, საქმე ფუჭდება. რაღაცები ახლობლებსაც არ უნდა ვუთხრა, ოჯახის წევრებსაც არ უნდა გაუმხილო, თორემ მეთარსება.

- მეზარება...

- ...სიცივე. როცა მცივა, ყველაფერს იძულებით ვაკეთებ. სიცხეში ძალიან კარგად ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ბავშვები და ცხოველები. უმწეოს ჩაგვრაზე აფექტი მაქვს, შემიძლია, მკვლელი გავხდე. ვერასდროს ვუყურებ ომის კადრებს და ფილმებს, სადაც ბავშვი იჩაგრება.

- ვნანობ...

- ...როცა მშობლებს ვკარგავთ, გვაქვს განცდა, რამე ხომ არ დავაკელი? ვნანობ, რომ სათანადოდ ვერ გამოვხატე ის დიდი სიყვარული, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი. არ არის სირცხვილი მშობელს სიყვარული ზედმეტადაც კი უხსნა. ჩვენ არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა ხდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ეს არის სასტიკი უხერხულობა, მაგრამ თან მსიამოვნებს. არავინ მოიტყუოს, იმის მოსმენა, რომ მაყურებელს უყვარხარ, უსიამოვნოაო. ცხოვრებაში არც ჯილდოს, არც საქებარ სიტყვებს, არც პრიზს არ უმოქმედია ისე, რომ ვინმესთვის ზემოდან ყურება დამეწყოს. მეამაყება, რომ დღემდე სავსე თავთავივით ვარ. თეატრში ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობები რომ მოდიან, მიხარია, აღარ ვიცი, რა გავუკეთო, როგორ დავეხმარო.

- ბოლოს ვიტირე...

- ...არ მიყვარს, როცა ჩემს ცრემლს ვინმე ხედავს. ბავშვობიდან დედა ასე მზრდიდა, - ეცადე, ცრემლი არავის დაანახოო. ჩემს შვილებსაც იმავეს ვეუბნები. შენი ცრემლი ახლობელ ადამიანს თუ ეტკინება, დანარჩენი უბრალოდ გეტყვის: კარგი, დაწყნარდი და ა.შ. გულწრფელი თანაგრძნობა იშვიათობაა. ბოლოს ვიტირე სპექტაკლის პრემიერაზე, ცრემლები სიხარულისგან წამომივიდა. სპექტაკლს - "არ დამივიწყო" რამდენჯერაც ვთამაშობ, სულ ვტირი. ახლა 6 საათზეც ვიტირებ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ხდება ძალიან დიდი მოთმინების შემდეგ. თვალზე ლიბრი თუ გადამეკრა, 10 კაცი ვერ გამაკავებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ისეთ როლზე ვმუშაობდე, რომლითაც ადამიანებს რაღაცას შევმატებ. როცა პირველ ფილმში მეძავის როლი შევასრულე. ხაშურში ასეთი რამ მიამბეს: ერთი ქალბატონი მეუღლეს დაშორებია, შვილი მიუტოვებია და მეძავი გამხდარა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ, გზას აცდენილ გოგოს მიუღია გადაწყვეტილება, რომ აღარასდროს დაშორებოდა შვილს. ხელი მიჰყო პატიოსან ცხოვრებას - აი, ეს ამბავი იყო ჩემი მთავარი ჯილდო.

- სიყვარული ეს...

- ...სათქმელად და გადმოსაცემად რთული ასახსნელია, რადგან შეგრძნებების გადმოცემა მარტივად არ ხდება. სიყვარული არის ურთიერთობა, გაგება, თანამოაზრეობა, ერთგულება და - არასდროს ტყუილი. სიყვარული ამოუცნობი ფენომენია, ამ დროს რა ქიმია ხდება, ძნელია ილაპარაკო. ამ სიტყვას იმდენად ვუფრთხილდები, ოჯახის წევრებთანაც იშვიათად ვამბობ, არ მინდა გაცვდეს. სიყვარულს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემი დამოკიდებულებით გამოვხატავ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მახსოვს, მუცელში გრძელი ჭია დამდიოდა, სულ ვცქმუტავდი, სულ ზარის მოლოდინში ვიყავი. ვფიქრობდი, ნეტავ, მასაც ისევე ვუყვარვარ, როგორც მე? ნეტავ, ქალის და მამაკაცის ეს შეგრძნება, შინაგანად რაიმეთი განსხვავდება თუ ერთნაირია-მეთქი?

- ვრისკავ...

- ...ზოდიაქოთი თხის რქა ვარ და სულ ვრისკავ. არის მომენტები, როცა თუ არ გარისკე, არაფერი გამოგივა. სიცოცხლით არ ვრისკავ. განა იმიტომ, რომ სიკვდილის მეშინია. ძალიან ბევრი სიკვდილის შიშით დეპრესიას "იკიდებს". სინამდვილეში, რაც არ იცი, იმის როგორ შეიძლება გეშინოდეს? გვეშინოდეს ცოდვის, გარდაცვალების შემდეგ დამსახურებულად უნდა დავიმკვიდროთ ადგილი მართალთა ან ცოდვილთა შორის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ ფიქრობ, სხვა არ გააკეთებს იმას, რაც შენთვის მიუღებელიაო? ადამიანს თუ ჩემგან დახმარების ხელის გაწვდენა სჭირდება, გულგრილი ვერ დავრჩები; მაშინაც კი, ერთ დროს ბოროტება თუ გამიკეთა. მეც მის მსგავსად ხომ არ მოვიქცევი, მაშინ მისგან რით ვიქნები განსხვავებული? ვცდილობ, ათმაგი სიკეთე დავანახვო, იქნებ რამე ისწავლოს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემი ოცნებაა, ღმერთმა ერთხელ მაინც დიდ ფულში გამომცადოს. სასწაული რომ მოხდეს და ბევრი ფული ვიშოვო, ყველა ვალს გავანულებ. ვიყიდი სახლს, რომელიც დღემდე არ მაქვს, პატარა ღუნღულა ძაღლი მეყოლება. ჩემს მეგობრებს სახლებს ვუყიდდი, ვალებს გავასტუმრებინებდი; კახეთში, ჩემს სოფელში წყალს გავიყვანდი და სხვა ბევრ სიკეთესაც გავაკეთებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს საუკეთესო გამოსავალი მეგობრებთან ურთიერთობა და საქმეა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ლილი იოსელიანის სიტყვები მახსენდება: დაიმახსოვრე, შენ რომ კბილი გტკივა, სხვას ისევე თუ არ ასტკივდა, ვერასდროს გაგიგებსო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ხშირად იარეთ თეატრებში! განსაკუთრებით - მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

თამუნა კვინიკაძე