ვინ არის კეკე "ჩემი ცოლის დაქალებიდან"
ახალგაზრდა ქალი - კეკე, რომელიც ფიქრობს, რომ "სახლის მოდას" ჩაუყრის საფუძველს და ამ თემას ტელეგადაცემასაც უძღვნის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟი გახლავთ. მის როლს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - თაკო ჭანუყვაძე ასრულებს. სერიალის მაყურებლებმა იციან, რომ კეკე თავისი შვილის ძიძას ქურდობაში ადანაშაულებს და ამ ამბის გამოსააშკარავებლად დეტექტივსაც ქირაობს. რეალურად, თაკოს ოჯახშიც მუშაობს ძიძა... რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ მსახიობსა და პერსონაჟს, ამაზე მსახიობი გულახდილად გვესაუბრა.
- თაკო, ხალხი კეკესთან გაიგივებთ?
- რა თქმა უნდა, ჩემს პერსონაჟთან მაიგივებენ, თუმცა, კეკესგან რადიკალურად განვსხვავდები - სხვა ფასეულობები და შეხედულებები მაქვს, ყველა თემასთან დაკავშირებით.
- კეკე როგორია?
- ადამიანი, რომელიც ძირითადად, ჩაცმაზეა ორიენტირებული. საკუთარი საქმე არ აქვს. ამის გამო, წვრილმანებით არის დაკავებული. ჩემი პერსონაჟისგან თუნდაც, ამით განვსხვავდები: მე ჩემი საქმე მაქვს, პროფესიით მსახიობი გახლავარ, თეატრში ვმუშაობ და აქტიურად დაკავებული ვარ.
- კეკე საინტერესო პიროვნებაა?
- ასე ვერ გეტყვით... ვიღაცისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს, ვიღაცისთვის - უინტერესო.
- თქვენთვის? მაგალითად, მასთან დაქალობას ისურვებდით?
- რატომაც არა! ასეთი ადამიანები არსებობენ და მათთან მეგობრობა პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მე ცოტათი სხვა შეხედულებები მაქვს.
- როცა კეკეს როლის შესრულება დაიწყეთ, არსებობდა პერსონაჟის რეალური პროტოტიპი, რომლისგანაც გარკვეული მანერები "აიღეთ"?
- რა თქმა უნდა, კეკეს მსგავსი ადამიანები ჩემ გარშემო არიან. ცოტა მათგან "ავიღე", ცოტაც - თავად დავამატე, გავამრავალფეროვნე და გავამთლიანე.
- კეკეს მსგავსი ადამიანი სადაქალოშიც ხომ არ გყავთ?
- კი, მსგავსი ტიპის ადამიანები სამეგობროში მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა მიმსგავსებულები ნამდვილად არიან...
- კეკეს როლი სათამაშოდ საინტერესოა?
- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. საერთოდ, ჩემი პერსონაჟები ყოველთვის ძალიან მიყვარდება. შესაბამისად, კეკესთანაც ჩემი დამოკიდებულება გამიჩნდა და ყოველი გადაღებისას დიდ სიამოვნებას ვიღებ, რადგან რადიკალურად სხვანაირ ადამიანს ვასახიერებ. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს ძალიან საინტერესოა.
- მისი ჩაცმის სტილი ჰგავს თქვენსას?
- ერთადერთი მსგავსება, რაც ჩემსა და კეკეს შორის არის, ის გახლავთ, რომ მას ზუსტად ისე აცვია, როგორც მე, რეალურ თაკოს.
- ეს დამთხვევაა თუ სერიალის წარმომადგენლები ჩაცმულობასთან დაკავშირებულ თქვენს გემოვნებას ენდნენ და ამ მხრივ, სრული თავისუფლება მოგანიჭეს?
- სავარაუდოდ, ორივე ერთად. სამოსს თავად ვარჩევ, მაგრამ გვყავს მხატვარი, რომელთან შეთანხმებითაც ვიცვამ, ანუ დაუკითხავად გადაწყვეტილებას არ ვიღებ. ჩვენი არაჩვეულებრივი მხატვარი მითითებს, ამა თუ იმ სცენისთვის ესა თუ ის კოსტიუმი ჩავიცვა თუ არა.
- ხალხისგან რა სახის კრიტიკა მოგისმენიათ?
- საბედნიეროდ, უფრო მეტად დადებითი კომენტარები და მესიჯებია, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა მე აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვარ - კრიტიკა ჩემთვის უცხო არ არის. ყველას ნამდვილად ვერ მოვეწონები, ეს პერსონაჟიც ვერ მოეწონება... ამაზე პრეტენზია არ მაქვს. კრიტიკის გამო არ ვღიზიანდები, არ ვბრაზდები.
- ღელავდით, როცა თქვენი მონაწილეობით გადაღებული პირველი სერია ეთერში გავიდა?
- დიახ, პირველად მშვიდად ვერ ვუყურე. მერე ხელახლა დავიწყე ყურება. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო - სერიალში ახალი პერსონაჟი შემოდიოდა და ეს ბუნებრივია. გადაღების დროსაც, როგორც კი მითხრეს, რომ ეს არის სერიალში შენი პირველი გამოჩენაო, სიმართლე გითხრათ, ავღელდი, მაგრამ მერე ყველაფერი გადავლახე.
- დაოჯახებული ხართ?
- დაოჯახებული ვარ და მყავს 3 წლის ანასტასია.
- ქმრისთვის თქვენც ისე იბრძოლეთ, როგორც კეკემ?
- (იცინის) ასე არ მიბრძოლია, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ქმარი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ჩემთვის დიდი სტიმულია, როცა მეორე ნახევარი ისეთ მუხტს მაძლევს, რომ საუკეთესო ვიყო... თავად რადიკალურად სხვა პროფესიის გახლავთ - ეკონომისტია.
- თქვენს გოგონაზე რას გვეტყვით, სამსახიობო სფეროს მიმართ ინტერესს ამჟღავნებს?
- ამჟღავნებს, რადგან თეატრის ძალიან ხშირი სტუმარია: სპექტაკლებსა და რეპეტიციებს ხშირად ესწრება. მუდმივად თეატრში ყოფნის დიდი სურვილი აქვს. მომავალში რა იქნება, არ ვიცი...
- კიდევ რა სამსახიობო გამოცდილება გაქვთ?
- გარდა იმისა, რომ თეატრში, ბევრ სპექტაკლში ვარ დაკავებული, ფილმსა თუ სერიალში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია - მხოლოდ რეკლამებში. "ჩემი ცოლის დაქალებში" იყო ჩემი დებიუტი.
- წარმატებული დებიუტი?
- ეს ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია (იღიმის)...
- ბავშვის აღზრდაში თქვენც ძიძა გეხმარებათ?
- ძიძა მყავს, რომელსაც ძალიან დიდ ნდობას ვუცხადებ. ხომ წარმოგიდგენიათ, როცა ადამიანს შვილს ვანდობ, მას 100%-ით ვენდობი. მკითხეს კიდეც, ისეთი სიტუაცია რომ შეიქმნას, როგორშიც კეკეა, თითს ვისკენ გაიშვერდითო? რა თქმა უნდა, ძიძისკენ არ გავიშვერ, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება. ვფიქრობ, მე ეს არ მემუქრება, რადგან ჩემს შვილს არაჩვეულებრივი ქალი ზრდის. მე მას ვენდობი, სრული პასუხისმგებლობით.
- ოდესმე ვინმესთვის რაიმე დაგიბრალებიათ ან თავად გამხდარხართ უსამართლო ბრალდების მსხვერპლი?
- არა. მაგალითად, მყავს მეგობარი, რომელთანაც ძიძა წლობით მუშაობდა, თუმცა ასეთი ფაქტი დაფიქსირდა - ძიძა იმ ადამიანს ნივთებს ჰპარავდა, ვისთან ერთადაც 10 წელი ცხოვრობდა. ასეთი ფაქტები არსებობს. უბრალოდ, მე არ გადამხდენია და არც მინდა, გადამხდეს, თუმცა რეალობასაც ვერ გავექცევით.
- დეტექტივთან საქმიანი ურთიერთობა გქონიათ?
- არასდროს. ახლა პირველად მაქვს, სერიალში (იცინის).
- ამჟამად, თეატრში რაზე მუშაობთ?
- ირაკლი კავსაძე "პატარა უფლისწულს" დგამს. რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში 2-3 სპექტაკლია. ასეთ რეჟიმში ვარ: სპექტაკლი, რეპეტიცია, გადაღება... სამუშაო დღეები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან უმნიშვნელოვანესია, პროფესიით აქტიურად დაკავებული ვიყო. შესაბამისად, გახარებული ვარ, როდესაც ასეთ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი...
P.S. გამოყენებულია ლეკო ჭყონიას ფოტოები.
ეთო ყორღანაშვილი