"ჩემთვის აუხდენელი ოცნება არ არსებობდა" - გზაპრესი

"ჩემთვის აუხდენელი ოცნება არ არსებობდა"

"...მიყვარს ის, ვარდისფერსათვალიანი, ცხოვრების ტკივილგაუვლელი ბავშვური მარიანა, რომლისთვისაც აუხდენელი ოცნება არ არსებობდა", - ამბობს მსახიობი მარიანა ნინიაშვილი, რომელიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. ის ფიქრობს, რომ საკუთარი ხასიათის გამო, თავის დროზე ბევრი რამ არ გააკეთა და ამის გამო დაზარალდა კიდეც... რას საქმიანობს დღეს და როგორ ცხოვრებს მსახიობი? - ამ და სხვა საკითხებზე ჩვენმა რესპონდენტმა გულახდილად ისაუბრა.

ბავშვობის უდარდელი წლები

- როგორი ბავშვი იყავი, მშობლები ხშირად გიბრაზდებოდნენ? GzaPress- განებივრებული ვიყავი, უდიდეს სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე. ჩემთვის ოცნება არ არსებობდა. სანამ ვიოცნებებდი, უკვე ყველაფერი ასრულებული მქონდა. ცელქი ნაკლებად ვიყავი, უფრო არტისტული და მხიარული გახლდით... მუდმივად ვიღაცას ვბაძავდი ან ხმით, ან სიარულის მანერით. ეს ძალიან ამხიარულებდა ჩემს ოჯახს, დედას, მეგობრებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით მეც ვიწონებდი თავს.

- რის გამო იღებდი მშობლებისგან ყველაზე ხშირად შენიშვნას?

- რაც შეეხება შენიშვნებს, რა თქმა უნდა, ვიღებდი. ვთვლი, რომ ამის გარეშე ბავშვი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. თუ არ მიუთითე, შეუსწორე, ასწავლე - არაფერი გამოვა...

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებს აბრაზებდი?

- სკოლას რაც შეეხება, მიცელქია, მასწავლებელიც გამიბრაზებია, მაგრამ უზრდელი და უპასუხისმგებლო არასოდეს ვყოფილვარ. ლაპარაკი მიყვარდა გაკვეთილებზე და სწორედ ამის გამო ვიღებდი ხოლმე შენიშვნებს.

სიყვარული და პროფესიული არჩევანი - ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი? - თავიდანვე მსახიობობა მინდოდა, სხვა ოცნება არც მქონია.

- სკოლის პერიოდში შეყვარებული გყავდა?

- სკოლაში სწავლის პერიოდში ნამდვილად არ მყვარებია. მოწონებით კი, რამდენიც გინდა... მაგრამ ამაყი და თავნება გოგო როგორ ვაგრძნობინებდი ვინმეს, რომ მომწონდა?!

- ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, სიამაყე კარგია თუ ცუდი?

- დღეს ამ ყველაფერზე მეღიმება, მაგრამ მიყვარს ის ვარდისფერსათვალიანი ცხოვრების ტკივილგაუვლელი ბავშვური მარიანა...

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე გავაგრძელე.

- როგორი სტუდენტობა გქონდა?

- ჩემი სტუდენტობა რთულ პერიოდს დაემთხვა - 90-იანი წლები გახლდათ... მაგრამ თუკი სადმე იყო სიყვარული, მეგობრობა და შემოქმედებითი ბედნიერება, ეს სწორედ ჩვენთან იყო, ინსტიტუტში.

- მიზანდასახული ხარ?

- რა თქმა უნდა, მიზანდასახული ვარ! მიზნის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

- შრომისმოყვარე თუ ხარ? ოდესმე სიზარმაცის გამო, რამე გაგიფუჭებია?

- შრომისმოყვარე ვარ... სიზარმაცე ყველა ადამიანშია და გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ... სიზარმაცის გამო არა, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ბევრი რამ ვერ ან არ გავაკეთე და ამან დამაზარალა, მაგრამ ძნელია, საკუთარ თავს უღალატო...

- როგორი ხასიათი გაქვს? რთული ხარ?

- ჩემი პრინციპები მაქვს და არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი. უბრალოდ ვიცი, რომ ჩემია და მორჩა... რთული ხასიათი არ მაქვს, მაგრამ რაღაცებს ვერ ვეგუები, არ მიყვარს ხელოვნური ადამიანები და ვერც ვერავის ვეპირფერები, ვერც კარს შევუმტვრევ ვინმეს...

პირველი წარმატება და პოპულარობა - მომიყევი შენს პირველ წარმატებაზე... GzaPress- ჩემი პირველი წარმატება საკურსო სპექტაკლს უკავშირდება... მარტო ჩემი არა, ის სპექტაკლი მთლიანად ჩემი ჯგუფისთვის აღმოჩნდა წარმატებული. მხურვალე აპლოდისმენტები, მაყურებლის აღფრთოვანება - ეს განუმეორებელი და საოცარი განცდა იყო... ნუ, მერე რა თქმა უნდა, სერიალი "ძილის წინ" იყო ის, რომლითაც ფართო მაყურებელმა გამიცნო. მადლობელი ვარ იმ სამი წლის და იმ ადამიანების, ვინც ამ სერიალს ქმნიდნენ, ვის გვერდითაც ვთამაშობდი...

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც სერიალში გამოჩნდი და ძალიან პოპულარულიც გახდი?

- პიროვნულად, პოპულარობას ჩემში არაფერი შეუცვლია, უბრალოდ, ჩემი პროფესიის წყალობით ბევრმა ადამიანმა გამიცნო. ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებდი ხალხისგან. მეყვავილე ყვავილს მჩუქნიდა, მენაყინე - ნაყინს, კეთილი ადამიანები ღიმილსა და სითბოს - ამის გამო უზომოდ მადლობელი ვარ...

- ქუჩაში ისევ გცნობენ?

- ისე, როგორც ადრე, ვეღარ, მაგრამ ხშირად, ისეც ხდება, რომ ჩემს დანახვაზე ეღიმებათ და მეუბნებიან, მომენატრეო.

- ოდესმე პროფესიული არჩევანი გინანია?

- პროფესიული არჩევანი არ მინანია, მაგრამ ის, რომ სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა კარიერა, რისი შანსიც მქონდა და რაღაც მიზეზების გამო არ გადავდგი ეს ნაბიჯი - ეს მინანია.

- წლების წინ საკმაოდ პოპულარული გოგო იყავი... როგორ ფიქრობ, პოპულარობა დროებითია?

- ამ ქვეყნაზე ყველაფერი დროებითია, ადამიანური ურთიერთობების გარდა... პოპულარობა არ არის მთავარი და გადამწყვეტი.

- რა უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე პოპულარობის შესანარჩუნებლად?

- ახლა, დღევანდელ დღეს პოპულარობა მარტივია, ეს ადრე იყო რთული. ადამიანები ღირებულებებს ქმნიდნენ, ბევრ სიძნელეს ლახავდნენ, რომ მიეღწიათ პოპულარობისთვის.

ჯანსაღი ცხოვრების წესი - როგორ იწყება შენი დილა? ძილი გიყვარს? - ჩემი დილა ადრე იწყება, დაახლოებით რვის ნახევარზე, რადგანაც 9-ზე სამსახურში უნდა ვიყო. მოკლედ, ჩემი თბილისი და მე ერთად ვიღვიძებთ. ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა მეძინოს 6-7 საათი, რომ მეორე დღეს შრომისუნარიანი ვიყო და თან, კარგად გამოვიყურებოდე. - რას ნიშნავს შენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ბევრს ვარჯიშობ?

- ჯანსაღი ცხოვრების წესი დაბინძურებულ გარემოში კიდევ უფრო საჭირო გახდა. რაც შეეხება ვარჯიშს - აი, სად იღვიძებს ჩემში სიზარმაცე... თუმცა, მთელი ზაფხული ვცურავ, მუდმივად დავდივარ აუზზე.

- ალკოჰოლს თუ ეტანები? სიგარეტს ეწევი?

- არ ვეწევი. ალკოჰოლი რამდენჯერმე თუ მექნება გასინჯული.

გემოვნება და იმიჯი

- ვინ იქონია გავლენა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაში? - გემოვნებას გიყალიბებს გარემო, სადაც იზრდები - პირველ რიგში, დედა და მერე სხვა დანარჩენი. ეს ხომ მარტო ჩაცმულობასთან არ არის დაკავშირებული. ეს ეხება: ლიტერატურას, კინოს, თეატრს, მუსიკას.

- ხშირად იცვლი გარეგნულ იმიჯს?

- ექსპერიმენტები არ მიყვარს და ალბათ, ეს ჩემი ნაკლია.

- შოპინგი თუ გიყვარს?

- შოპინგი ძალიან მიყვარს და შესაბამისად, ხშირად ვშოპინგობ - ეს ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.

- როგორი სტილის სამოსი ჭარბობს შენს გარდერობში - სპორტული თუ კლასიკური?

- სპორტულიც და კლასიკურიც. გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- შავი, წითელი, თეთრი.

- რა დროს უთმობ საკუთარი თავის მოვლას? ნამზეური თუ გიყვარს?

GzaPress- რომ გითხრათ, განსაკუთრებულ პროცედურებს ვიკეთებ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს მუდმივად ვიყენებ... სოლარიუმში არ დავდივარ, ნამზეურის მიღება ბუნებრივი გზით კი ძალიან მიყვარს.

როცა უყვარს... - როგორია შეყვარებული მარიანა და რამდენჯერ გყვარებია? - შეყვარებული მარიანას ორგანიზმში რიგი გართულებები იწყება: არითმია, ჰაერის უკმარისობა... ერთხელ არა, მუდამ უნდა იყო შეყვარებული, რომ არ განაცრისფერდე და მუდმივად იყვავილო.

- რთულია შენი გულის მოგება?

- ჩემი გულის მოგება ნამდვილად რთულია. არ ვარ იოლად მოსაპოვებელი ადამიანი. მაქვს ჩემი შეხედულებები და შეფასების კრიტერიუმები.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე? შეყვარებული ხარ?

- ამჟამად შეყვარებული არ ვარ, ანუ ნაცრისფერი ვარ (იცინის).

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ? რით ხარ დაკავებული?

- დროებით ჩამოვცილდი ჩემს პროფესიას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვაპირებ მსახიობობას მივუბრუნდე. თუ რამე საინტერესო გამოჩნდა, პროფესიულ საქმიანობაზეც ვიფიქრებ. ამჟამად სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და ის ადამიანები, ვის გვერდითაც მიწევს დროის დიდი ნაწილის გატარება.

- ვისი აზრია შენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი?

- დედაჩემის და ჩემი მეგობრების, ვისთვისაც ჩემი შეცდომები და მიღწევები სულერთი არ არის.

სოფო ჭონიშვილი