ძველი და ახალი ბარბარიკა - რატომ შეცვალეს მსახიობი? - გზაპრესი

ძველი და ახალი ბარბარიკა - რატომ შეცვალეს მსახიობი?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებს მოგეხსენებათ, ბარბარე მანტკავა (ბარბარიკა) ახალ სეზონში "ახალი გარეგნობით" გამოჩნდა: მარიშკა ჯავახაძის ნაცვლად, ბარბარიკას როლს თაკო კორინთელი ასრულებს. თუ რატომ გახდა საჭირო მსახიობის შეცვლა, ამის შესახებ თაკოსაც და მარიშკასაც ვესაუბრეთ...

თაკო კორინთელი ტელემაყურებლებმა ტელეწამყვანის ამპლუაში გაიცნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის "პალიტრა თV"-ის წამყვანიც გახლდათ, ახლა კი მთელ დროს სერიალს უთმობს...

- ჩემმა მეგობარმა "ფორმულა კრეატივში" ფოტოები გაგზავნა. კასტინგზე დამიბარეს და მოგვიანებით, ბარბარიკას როლზე დამამტკიცეს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდურ როლშიც მახსოვხარ...

GzaPress- მაშინაც მსგავსი შემთხვევა იყო: ახლობელმა ჩემი ფოტოები ეკა მჟავანაძესთან მიიტანა. ეს დაახლოებით 3 წლის წინ იყო. დიახ, მაშინ ეპიზოდურ სცენაში ვმონაწილეობდი.

- ალბათ, მსახიობის ჩანაცვლების შემოთავაზება შენთვის მოულოდნელი იყო...

- კი, ნამდვილად. მით უმეტეს, რომ იმის ამბიცია საერთოდ არ მქონდა, რომ "ფორმულა კრეატივისთვის" ან ფოტოები გამეგზავნა, ან ჩემი კანდიდატურა შემეთავაზებინა - ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. ეს მთლიანად ჩემი მეგობრის დამსახურება გახლავთ.

- ბარბარიკას როლთან დაკავშირებული შეთავაზება როგორ მიიღე?

- კასტინგზე უბრალოდ, მივედი - იმედი არ მქონია. როცა დამირეკეს, რა თქმა უნდა, გამიხარდა. პირდაპირ მითხრეს, - ხვალ დილიდან გადაღებები იწყებაო...

- როგორ გაითავისე ბარბარე მანტკავას როლი?

- ჩემთვის ამ როლის შესრულება საპასუხისმგებლო საქმე იყო, რადგან მარიშკა ჯავახაძე უნდა შემეცვალა, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ლამაზი გოგოა. მაყურებელს უყვარს. სიმართლე გითხრათ, ვინერვიულე...

- გარკვეული უხერხულობა ხომ არ იგრძენი მარიშკას და სერიალის მაყურებლების წინაშე?

- კი, ნამდვილად ვიგრძენი, თუმცა მერე მივხვდი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო, უნებურად მოხდა.

- როცა შეიტყვე, რომ მარიშკა ჯავახაძე უნდა ჩაგენაცვლებინა, პირველად რა იფიქრე, ვიდრე მიზეზს გაიგებდი?

- მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ კასტინგი იყო გამოცხადებული და "ახალ ბარბარიკას" ეძებდნენ. მერე, როცა დამამტკიცეს და მეორე დილით გადაღებაზე მივედი, გავიგე, რომ მარიშკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ხელი მოიტეხა...

- შენ მიერ განსახიერებული ბარბარე მარიშკამ როგორ შეაფასა?

- მარიშკასთან კონტაქტი მქონდა. ვისაუბრეთ. ერთმანეთთან ბევრი საერთო გვაქვს. ძალიან მგულშემატკივრობს და მითხრა, რომ მოეწონა.

- სერიალის შემოქმედებით გუნდზე რას გვეტყვი? ახალი წევრი როგორ მიგიღეს?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ დაგხვდებიან პირველად. პოზიტიურად განწყობილები შემხვდნენ. განსაკუთრებით, "დოჩისთან" ვარ ძალიან ახლოს. ყველა კარგი ადამიანია, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. თავიდანვე კარგად მიმიღეს და ნერვიულობაც "მომეხსნა".

- "დოჩიმ" (ნანუკა გულუამ) მეგრულიც ხომ არ გასწავლა?

- კი, რაღაცები მასწავლა. მერე და მერე, ეს სერიალშიც აისახება.

- თაკო, შენი თვალით დანახული ბარბარიკა როგორია?

- ძალიან ლამაზი, საყვარელი, ნაზი გოგონაა, თუმცა - განებივრებული, გათამამებული და გათავხედებული, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა მისი, ასე ვთქვათ, თითის დატკაცუნებაზე უნდა იყოს აწყობილი.

- რაიმეთი გგავს?

- მგონი, მე და ბარბარიკას საერთო არაფერი გვაქვს.

- ამ სერიალში მონაწილეობამდე, სამსახიობო სფეროში რაიმე გამოცდილება გქონია?

- ადრე სხვადასხვა რეკლამაში, კლიპში ვმონაწილეობდი, თუმცა მასშტაბური არაფერი ყოფილა.

- სამსახიობო სფეროში მუშაობაზე სერიოზულად ფიქრობ?

- წინათ არ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ისე მომწონს და ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ მგონი, დავფიქრდები (იღიმის).

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ, ტელეწამყვანად მუშაობდი. ამ სფეროში რატომ აღარ ხარ დაკავებული?

- ჩემი პროფესია არ მიმიტოვებია - ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ, თუმცა ახლა, დროებითი პაუზა მაქვს აღებული. მთელი დრო სერიალს დავუთმე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პროფესია მივატოვე და აღარ დავუბრუნდები.

- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- დედა. მას ჩემი ყველა წარმატება უხარია. შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი პირველი გულშემატკივარია.

- თაკო, კრიტიკას როგორ ხვდები?

- ჩემ მიმართ ნეგატიური კომენტარები იყო. გავეცანი მათ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიამოვნო არ ყოფილა, პირიქით - გული ძალიან დამწყდა, რადგან ის ადამიანები მაფასებდნენ, რომლებიც საერთოდ არ მიცნობდნენ, ერთწამიან კადრში დამინახეს და ამით ყველაფერი გადამიწყვიტეს. მერე, როცა გავაანალიზე, მივხვდი, რომ ამ ნეგატიურმა კომენტარებმა დიდი სტიმული მომცა. თანაც, აქვე ვიტყვი, პოზიტიური კომენტარი იმდენი იყო, რომ ნეგატიური გადაფარა (იღიმის).

- სერიალში შენს ნამუშევარს თავად როგორ აფასებ?

- საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. ამიტომ ჩემი თავით კმაყოფილი არასოდეს ვარ და არასოდეს ვამბობ, რომ მე კარგი ვიყავი...

- "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლები პერსონაჟსა და მსახიობს აიგივებენ ხოლმე. უკვე "ბარბარიკათი" ხომ არ მოგმართავენ?

GzaPress- კი, ძალიან ბევრი უკვე ასე მომმართავს. როცა გარეთ გამოვდივარ, "თაკოს" ნაცვლად, "ბარბარიკა" მესმის და ვიბნევი, მაგრამ მერე ვხვდები, რომ თურმე, მე მეძახიან.

- როგორც ვიცი, შენს ოთხფეხა მეგობარს - ძაღლს ენდი ჰქვია...

- დიახ, ენდი სერიალშიც მყავს (ბარბარიკას ქმარი) და სახლშიც. ჩემი ძაღლი - ენდი ჩემს ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როცა 2 კვირის იყო (მეუღლემ მაჩუქა). ახლა 2 წლის არის. თითქმის 24 საათს ერთად ვატარებთ. ის ჩემი "თანამშრომელიც" იყო: როცა ერთ-ერთ ტელევიზიაში გასართობი გადაცემის წამყვანი ვიყავი, ენდის მარტო ვერ ვტოვებდი. სამსახურმაც ხელი შემიწყო და ისე დაემთხვა, რომ გადაღებისას ენდი სტუდიაში იყო, ჩემთან ერთად დაბოდიალებდა (იცინის).

- ეკრანს მიღმა როგორი ხარ, ცხოვრების როგორი სტილი გაქვს?

- ძირითადად, თავისუფალ დროს მეგობრებთან და ენდისთან ერთად ვატარებ. როგორც კი საშუალება მომეცემა, ვცდილობ, ენდისთან ერთად ვიყო...

ჩვენ მარიშკა ჯავახაძესაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, თავად განემარტა, თუ რატომ აღარ ასრულებს ბარბარიკას როლს:

- ხელი მოვიტეხე, წოლითი რეჟიმი მქონდა, გადაღებებზე ვერ დავდიოდი. სერიები გადასაღები იყო - ვერ გადაიდებოდა. "ფორმულა კრეატივის გუნდთან" ვისაუბრე - ერთად დავსხედით და ვილაპარაკეთ. მივხვდით, რომ ბარბარეს როლის შემსრულებელი უნდა შეგვეცვალა, სხვაგვარად სერიალი დაზიანდებოდა. მოკლედ, საჭირო გახდა, რომ "ახალი ბარბარიკა" - მშვენიერი, ძალიან კარგი გოგო მოსულიყო. სხვა მიზეზი მართლა არ ყოფილა.

- გული დაგწყდა?

- რა თქმა უნდა, რადგან რაღაცნაირად, თითქოს ბარბარიკა შვილივით მყავდა - მგონია, რომ მე გავზარდე (იცინის). რას ვიზამ? ცხოვრებაში მუდმივი არაფერია.

- თაკო კორინთელის მიერ განსახიერებული ბარბარე ნახეთ?

- კი, რა თქმა უნდა და ძალიან მომეწონა.

P.S. გარეკანზე გამოყენებული მარიშკა ჯავახაძის ფოტო გადაღებულია დათუნა აგასის (რადიო "ფორტუნა") მიერ.

ეთო ყორღანაშვილი