რისი ეშინია ყველაზე მეტად ნიკა ქაცარიძეს - გზაპრესი

რისი ეშინია ყველაზე მეტად ნიკა ქაცარიძეს

ამჯერად ჩვენს ასოციაციურ თამაშში რუსთაველის თეატრის მსახიობი და ერთ-ერთი ტელესერიალის - "სკვითი" გმირი ნიკა ქაცარიძე ავიყოლიეთ. ჩემ მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე პასუხი რომ მოეძებნა, ამისთვის დაფიქრება არც დასჭირვებია...

თეატრი...

- ჩემთვის არის სულიერი მდგომარეობა, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ, დიდ სიხარულს, რწმენასა და იმედს მაძლევს.

კამერა...

- საქართველოში კამერა ფულთან ასოცირდება. აქ მსახიობისთვის გადაღება შემოსავლის წყაროა.

საუკეთესო კინოკადრი...

GzaPress- "მონანიებაში" ავთო მახარაძე თევზს რომ ჭამს გემრიელად და კიდევ, "სოფლის აშიკში" ჭამს რამაზ ჩხიკვაძე ეგრე გემრიელად ლობიოს, თან ამბავს ჰყვება.

ყველაზე უცნაური რეკვიზიტი...

- "შობის მეთორმეტე ღამეში" სცენაზე რომ შემოვდიოდი, ჩიბუხის მსგავსი, ამდაგვარი ფორმის ნივთი შემომქონდა, ბორბლებზე, ოღონდ ეს არავინ იცოდა, რა იყო. თეატრმცოდნეები მსჯელობდნენ, რა ჩაიფიქრა სტურუამ, მეტაფორული დატვირთვა ხომ არ აქვსო, მაგრამ არაფერიც არ ჰქონდა, ცოტა პროვოკაციული იყო და ზუსტად იმიტომ, რომ ეგრე ეფიქრათ.

ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- რამაზ ჩხიკვაძე და სერგო ზაქარიაძე.

უჩინმაჩინის ქუდი...

- მაგრად გავერთობოდი, რომ მქონდეს (იცინის). ზოგი გიპასუხებს, ბანკს გავიტანდიო. არა! რად მინდა?! ადამიანებს ფოკუსებს ჩავუტარებდი და ვიხალისებდი.

ჩარლი ჩაპლინი...

- თავისი საქმის ფანატიკოსი; ადამიანი, რომელიც შემოქმედებითაა დაავადებული და მისით სუნთქავს. ეს რომ გამოაცალო, დაიფერფლება, როგორც ცეცხლწაკიდებული შეშა. ჩარლი გენიოსი იყო!

უილიამ შექსპირი...

- შექსპირზე სიყვარული მახსენდება, თან ისეთი სიყვარული, რომელსაც საინტერესო დასასრული მოუძებნა. რომეო და ჯულიეტა რომ არ მოეკლა, ასეთი შედევრი არ იქნებოდა.

ტაში, ფარდის მიღმა...

- სიმართლე უნდა ვთქვა... არ ვარ ტაშის მსახიობი. მეტ-ნაკლებად პატიოსნად ვაკეთებ ჩემს საქმეს და თუ დამიკრავენ ტაშს, კარგია. არქიტექტორები რომ კარგ სახლს აშენებენ და მხატვრები შედევრებს ქმნიან, მათ ხომ არავინ უკრავს ტაშს? ქმნიან და არიან თავიანთთვის. ახლა, მირიან შველიძეს, ტაში!

ჭეშმარიტი სკვითი...

- (იცინის) არც ვიცი, როგორია... ბევრნაირია... ფული რომ გაქვს, თავს ექსპერიმენტების უფლებასაც აძლევ, რაღაცებს სწავლობ, მერე უფრო ძვირიანი საათი გინდა გაიკეთო, მერე მეტყველების პედაგოგი დაიქირაო და ა.შ. ვფიქრობ, ამ პერსონაჟს ახალი რაღაცები შევმატო.

ინტერნეტი...

- ჩემთვის არის ინფორმაცია და გართობა - რაღაც სისულელეებს დავწერ, რომლებიც ხანდახან ჭკვიანური მგონია, მეორე წუთში კი აღმოვაჩენ, რომ აბსოლუტური იდიოტიზმია.

ტელეფონი...

- ბანკის მესიჯები მახსენდება. ძმაკაცები მირეკავენ, როცა საქეიფოდ მივდივარ; ნინო მირეკავს და მიყვება, რას შვრება მარიტუნა.

პატეფონი...

- იმერელი ვარ და ძველი ნივთები ალბათ, ასეთ სიტუაციასთან ასოცირდება: იმერული სახლი, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მამაკაცები, მანდილოსნები ძველი ქართული კაბებით, დები იშხნელების სიმღერა შორიდან მოისმის, პურ-მარილის მზადება მიდის, სუფრას ახალგაზრდა გოგონები შლიან, ვიღაც ღვინოს ასხამს, აქეთ ძველი ნივთები დევს - "სამოვარი", პატეფონი და ა.შ.

90-იანების "პრისტავკა"...

- რემბოსთან ასოცირდება. პირველად რემბო და როკი ვნახე, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ნიჭიერი...

- ნიჭიერი ადამიანი თავისთავად მხიარულია, სხვისი არ შურს, მეგობრულია, პოზიტიური, კარგი მოქეიფე, პოეტური.

საკუთარი თავი ვიპოვე, როცა...

- არა, რა ვიპოვე, არც ვიცი, როგორი ვარ. დღეს ასეთი ვარ, ხვალ - ისეთი, ზეგ სულ სხვანაირი მინდა ვიყო.

როლი, პერსონაჟი, რომელიც მგავს...

- შეიძლება შენი ხმა, ემოცია, მიმიკა მისცე, თორემ შენ თუ გგავს, მაშინ რატომ თამაშობ? რა უნდა როლში საკუთარ თავს? პირიქით, უნდა გაექცე.

ვნერვიულობდი...

- სამშობიარო სახლში. მარიტუნას დაბადებას გარეთ რომ ველოდებოდი და ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ვიყავი, როცა ვერაფრით ვეხმარებოდი ადამიანს, რომელიც მიყვარს. ასე ცხოვრებაში არ მინერვიულია, არც გამოცდებზე, არც სპექტაკლზე, არაფერზე! იმ სამ საათში მივხვდი, რომ რაღაც დიდი წონა დავიკელი.

სიხარული...

- მარიტუნას დაბადება. მსახიობებმა რომ იციან, ყველა როლი შვილივით მიყვარსო, ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი სიაფანდი და იდიოტობაა. როგორ შეიძლება, როლი და შვილი კავშირში იყოს? შვილი სხვა განზომილებაა. შვილივით გამოვზარდე - სიყალბის მაღალი კლასია! თქვი, რომ ძვირფასია, დაგიჯერებთ.

მამობა...

- ნელ-ნელა ვსწავლობ. მართლაც, უდიდესი პასუხისმგებლობაა. დიდი სიფრთხილე, მაგარი განათლება და ცოდნა უნდა გქონდეს, რომ შვილი სწორად გაზარდო, რაც ჩვენ არ გვაქვს და ბავშვები ავტოპილოტზე იზრდებიან, რას უნდა მოუმატო და რა დააკლო, რთულია განსაზღვრო. ეს მთელი პროცესია, მასში ხომ ახლა ვაღვიძებ ყველა თვისებას - ადამიანურობას, სიკეთეს, ფიქრებს, ოცნებას, სილამაზე მინდა ვაჩვენო, თან სულ კუდში უნდა სდიო, მით უმეტეს, გოგონას. მამობა საოცარი შეგრძნებაა. ზოგჯერ ვაჭმევ და ვაძინებ კიდეც. ისეთი ენერგია მიაქვს, საღამოს ლიმონივით ვარ გამოწურული. ბევრი შვილი რომ ჰყავთ, ეს ემოცია ხომ ყველას უნდა გადაუნაწილონ და ეს როგორ უნდა მოახერხო, არ ვიცი. საქმე რაოდენობაში ხომ არ არის?

ნელი - დედა, რომელიც...

GzaPress- დილასთან და მზესთან ასოცირდება. ნელის თუ წნევა აქვს, ის დღე ჩემთვისაც არაა მხიარული. როცა დედა კარგადაა, ის დღე საათივით მაქვს აწყობილი.

მეუღლე...

- საოცარი გოგონა გამაცნო ღმერთმა. ნინო პროფესიით არქიტექტორია. ჰარმონიულად ვცხოვრობთ, კეთილი და დამთმობია. როცა ვეტყვი, ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ მივდივარ-მეთქი, არ არსებობს, დამირეკოს და შემამოწმოს. ზოგი ცოლი რომ აიკლებს კაცს, როდის მოხვალო, ასეთი რამ არ ახასიათებს.

- ეტყობა, გენდობათ.

- რა თქმა უნდა! ქალს როგორც მოექცევი, მისგან ორმაგად და სამმაგად მეტს იღებ; ათმაგად კარგად გექცევა, თუ შენგან სითბოს, სიყვარულსა და ნდობას იღებს. ამის მერე, ათასჯერ აღარ დაგირეკავს.

ცხოვრებისეული სიმდიდრე, ქონება...

- შვილი და სიყვარული - ეს სხვა სიმდიდრეა, არ იყიდება. ღმერთი ან გაჩუქებს, ან არა. ფინანსურსაც ვისურვებდი.

კადრი მეხსიერებაში...

- უჰ... მამა რომ გარდაიცვალა. ბოლო მომენტი, როცა ის მიწას მივაბარე... ცუდად გავხდი, გული წამივიდა, წყალი შემასხეს... ეს არ დამავიწყდება.

ბედნიერება...

- ბედნიერებაა ის ყველაფერი, როცა საყვარელი საქმე გაქვს და საყვარელი ოჯახი, მეგობრები გყავს, ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ, ღმერთის გწამს და სიყვარულის გჯერა. როცა ქვეყანაში თბილა.

ყველაზე ბიჭური სათამაშო...

- ბურთი. მამაჩემს თბილისის "დინამოს" რომელიღაც ფეხბურთელმა აჩუქა, შავ-თეთრი, ზუსტად ისეთით თამაშობდა თბილისის "დინამო" და ეს ბურთი რომ მომიტანა, ის წუთი არ დამავიწყდება! კარგა ხანს კარადის თავზე მქონდა შემოდებული და ვტკბებოდი, მერე, რა თქმა უნდა, ჩავიტანე ეზოში და ვთამაშობდით.

იარაღი...

- ბავშვობისას, თოფები, რა თქმა უნდა, მქონდა. ნადირობა არ მიყვარს, თუმცა, სიამოვნებით წავიდოდი სანადიროდ, იმ სნაიპერის ვინტოვკით, რომელიც მინდა, რომ მქონდეს. ბოლო მოდელი, რომლითაც აშშ-ის სნაიპერები არიან შეიარაღებულები, სასწაულია - ოთხ კილომეტრზე ხედავს და რვა კილომეტრზე ისვრის.

ჯარი...

- მშვიდობასთან ასოცირდება. როცა ჯარი გყავს, მგონია, რომ მშვიდობა იქნება და ეს მშვიდობა დაცულია. არ არის ჯარი, არ არის მშვიდობა! არ არის შეიარაღება, ვერ ხარ უსაფრთხოდ, რადგან სამყაროს მაინც ბოროტი ძალები მართავენ, გვინდა ეს თუ - არა.

სიკეთე, სილამაზე...

- მაინც დედასთან ასოცირდება. ჩემთვის ეს არის ხატი, რომელმაც ინფორმაცია მომცა. დედაჩემზე ლამაზი ქალი სამყაროში არ მეგულება, დედას ხომ სხვა სილამაზით ვუყურებთ. სიკეთით გაჟღენთილი ადამიანია, ქრისტიანი, მისი ბოროტება არც გამიგია. უმისოდ რა მეშველება, წარმოდგენაც არ მინდა. არაფრის მეშინია, დედაჩემის სიკვდილის გარდა. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს.

თამთა დადეშელი