"ემოციებით ვყვებოდი, რომ დავასრულე კონკურსში მონაწილეობა..." - გზაპრესი

"ემოციებით ვყვებოდი, რომ დავასრულე კონკურსში მონაწილეობა..."

21 წლის ანრი გუჩმანიძე ბათუმიდანაა. უკრავს გიტარაზე, უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა და როგორც ისინი აღნიშნავენ, ხელგაშლილია, მიზანსწრაფული და გოგონების დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ნანუკა ხაზარაძემ კი მას მშვიდი, სიმპათიური და ლამაზი მამაკაცი უწოდა და მინიმუმ 20 წლით გაახალგაზრდავება ინატრა. "X ფაქტორის" ბათუმელ კონკურსანტს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

- ფინანსისტის პროფესიას ვეუფლები. მართალია, ეს არაფერ კავშირშია სიმღერასთან, მაგრამ ასე გამოვიდა. მუსიკა რომ მიყვარს, მამაჩემის დამსახურებაა. ის პროფესიონალი მუსიკოსია, ჯგუფ "ბეთლემის" წევრი იყო. ამჟამად რესტორანში მღერის და უკრავს არა მარტო გიტარაზე, არამედ ყველანაირ სიმებიან საკრავზე. პატარაობიდანვე ხშირად ვმღეროდით ერთად. რაც შეეხება დედას, ის ექიმია და ყოველთვის მკაცრი იყო ჩვენ მიმართ. ისწავლეთ! - ეს იყო მისი თხოვნაცა და მოთხოვნაც. ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ ზარმაცი. საბედნიეროდ, დედა არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. მისი დამსახურებაა, რომ კარგად ვსწავლობდი და უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოვიპოვე. მყავს უფროსი და, რომელიც ინგლისური ენის პედაგოგია და 10 წლის ძმა. ბავშვობისას თეატრში მიუზიკლებში ვთამაშობდი, 17 წლის ასაკში კი დავიწყე კარაოკეებში სიმღერა; რესტორანსა და ბარშიც მიმღერია და მიმუშავია, რამაც გარკვეული გამოცდილება შემძინა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც "X ფაქტორში" მონაწილეობით მივიღე. დიდ სცენაზე გამოსვლა არაჩვეულებრივი განცდაა და ისეთი ადრენალინია, რომ ამას სიტყვებით ვერ აღვწერ.

- ამ პროექტში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ძალების მოსინჯვა თავად გადაწყვიტე თუ მამამ გირჩია?

- მეგობარმა დილაადრიანად გამაღვიძა, პრეკასტინგზე მივდივარ და გასამხნევებლად გამომყევიო. იქ ბევრი ნაცნობი ვნახე და ყველამ მისაყვედურა, რატომ არ მონაწილეობო? ანკეტა იქვე შევავსე და არც შევცდი. გულწრფელად რომ გითხრათ, თავდაჯერებულიც ვიყავი. ვიცოდი, რომ შევძლებდი. ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა.

- ჟიურისა და მსმენელის წინაშე წარდგომა კიდევ უფრო ემოციური იყო, არა?

- ეს იყო საოცრება. ბუნებით ძალიან მშვიდი ვარ და კულისებში ყველას მე ვაწყნარებდი, მაგრამ როცა გავედი და მუსიკა ჩაირთო, გული "ამითამაშდა", ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი და საბოლოო ჯამში, დიდი სიამოვნებაც მივიღე. მახსოვს, სტეფანემ რომ თქვა ჩემზე, შენ ხარ "X ფაქტორი", რაც ჩვენ გვჭირდებაო და მოვხვდი კიდეც სტეფანესთან, რომელთანაც საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყაზბეგშიც ვიყავით და იქ ყველა კარგად გავერთეთ. ბიჭები დავმეგობრდით და ვცდილობთ, მეტი დრო გავატაროთ ერთად.

- გინდა თქვა, რომ კონკურენციის მომენტი არ გაქვთ?

- არა, ჩვენს ურთიერთობაში ნამდვილად არ იგრძნობა კონკურენცია. ყველა მონაწილე საკმაოდ ძლიერია და ამიტომ, ჟიური ძალიან ცუდ დღეშია, მათ ადგილას ყოფნას არ ვისურვებდი, რთულია გადაწყვეტილებების მიღება...

- ნანუკამ ბევრი ქათინაური გითხრა და ინატრა, 20 წლით პატარა ყოფილიყო... ალბათ, შენი თანატოლი გოგონებისგანაც გრძნობ სიმპათიას, არა?

- სხვათა შორის, კი (იცინის), აქტიურად მწერენ, წარმატებებს მისურვებენ. დიდი სიყვარული იგრძნობა მსმენელისგან, რაც სტიმულს მაძლევს. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად ყველას ვუპასუხო.

- შეყვარებული თუ ჰყავს მშვიდსა და სიმპათიურ კონკურსანტს?

- არასდროს ვყოფილვარ შეყვარებული, ჯერ კარიერულ წინსვლას ვგეგმავ. მინდა, რაც მიზნად მაქვს დასახული, განვახორციელო და მერე, ალბათ სიყვარულიც მოვა. ბუნებით მებრძოლი ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო ნებისმიერ საქმეში.

- ელოდი, რომ "2 სკამის" ტური წარუმატებელი აღმოჩნდებოდა შენთვის?

- როდესაც ჩემი სახელი და გვარი გავიგე და სკამიდან ავდექი, როგორც იცით, ალექსი კიკვიძემ ჩამანაცვლა, აღელვებისგან ვეღარ გავიგე ანრი ჯოხაძის სიტყვები. თურმე უთქვამს, მე ამ ბიჭთან ერთად ვიქნები ფინალშიო. გამოვედი და ემოციებით ვყვებოდი, რომ დავასრულე კონკურში მონაწილეობა, რის გამოც ვწუხვარ, მაგრამ ბოლომდე მაინც ჩემს ბიჭებთან ერთად ვიქნები და თანაც, პროექტიდან გამოთიშვა ყველაფრის დასასრულს არ ნიშნავს-მეთქი. უცებ, მეუბნებიან, ანრიმ ასე და ასე თქვა, ისევ პროექტში ხარო. მაშინ ჩემი ბოლო სიტყვები ამოჭერით-მეთქი, გამეცინა...

- ალბათ, ბათუმელებისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობ...

- ბათუმი პატარა ქალაქია და ქუჩაში რომ მივდივარ, თითქმის ყოველი მეორე ადამიანის გადაკოცნა და მოკითხვა მიწევს ხოლმე. თბილი და კეთილი ხალხი ცხოვრობს ჩემს ქალაქში, ერთმანეთის მხარდაჭერა უყვართ. ბათუმი ჩემთვის სილამაზეს, სიყვარულს, მეგობრობას ნიშნავს, იქ სულ სხვანაირად ვსუნთქავ...

- შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ჩემი ოჯახი, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც, მამა ღელავს ჩემს ყოველ გამოსვლაზე. ყოველთვის მეუბნება, მეტის გაკეთება შეგიძლია და გთხოვ, შენი მაქსიმუმი აჩვენე, არ იზარმაცოო.

ნინო ჯავახიშვილი