ორსული ბალერინას ცხოვრების სტილი - გზაპრესი

ორსული ბალერინას ცხოვრების სტილი

ბალერინა თათა ჯაში შვილის მოლოდინშია. ამბობს, რომ ცხოვრების მშვიდი რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს, მოიწყინა, თუმცა ცდილობს, ეს პერიოდი კითხვისა და ფიქრისთვის გამოიყენოს. დაკავებულია ხელსაქმით და არც კულინარიულ ექსპერიმენტებზე ამბობს უარს. საკვებ პროდუქტს დიდ ყურადღებას აქცევს და მიიჩნევს, რომ ყველა ორსული ასე უნდა მოიქცეს...

- თათა, როგორ ხარ?

- ძალიან კარგად. დეკრეტში ვარ.

- ორსულობის მერამდენე თვემდე მუშაობდი?

- თითქმის 7 თვემდე ვვარჯიშობდი ბალეტში, თუმცა, რა თქმა უნდა, სრული დატვირთვით - ვერა, მაგრამ რაც ნებადართული იყო და სადამდეც ვგრძნობდი, რომ თავის დატვირთვა შემეძლო, ვმუშაობდი.

- ალბათ, ორსულისთვის ბალეტში ვარჯიში რთული იყო...

GzaPress- სიმართლე გითხრა, თავდაპირველად სხვაობას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე და მერე, როცა მუცელი იზრდებოდა, რა თქმა უნდა, ფეხს ძველებურად ვერ ვწევდი, თავს უფრო მძიმედ ვგრძნობდი, ტრიალი მიჭირდა. შებოჭილი და უფრო ფრთხილიც გავხდი.

- ახლა როგორი რეჟიმი გაქვს, როგორ ცხოვრობ?

- ვერ ვიტყვი, აქტიურ ცხოვრებას ბოლომდე მოვწყდი-მეთქი, რადგან აუზზე დავდივარ და იოგას ვვარჯიშობ. სეირნობასაც ვეძალები...

- ნაყოფს როგორი წონა აქვს?

- ნაყოფი საკმაოდ დიდია. ჩემთვის ესეც ერთ-ერთი სირთულეა, რადგან თავს უფრო მძიმედ ვგრძნობ, ვიდრე უნდა ვიყო, მაგრამ ამას ვეჩვევი. აუზზე სიარული ამიტომ ვარჩიე - ვარჯიშის მხრივ, ამ ეტაპზე, ჩემთვის ეს უფრო მარტივია.

- ბავშვის სქესი იცი?

- მხოლოდ მე და ჩემმა ახლობლებმა ვიცით. საჯაროდ არ ვამბობ (იცინის).

- ბავშვის სამოსზე ზრუნვა უკვე დაიწყე?

- დაახლოებით 2 თვეა, რაც ამაზე ზრუნვა დავიწყეთ. თუ სადმე რამე პაწაწუნა სამოსი შემხვდება, გული არ მითმენს, თავს ვერ ვიკავებ და ვყიდულობ.

- პატარის აღზრდა უკვე ხომ არ დაიწყე? ორსული ქალბატონები მუცლად მყოფ შვილს მაგალითად, კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ...

- ორსულობის მესამე თვიდან მოცარტის კომპოზიციები მქონდა ჩართული. სპეციალურად საორსულო, სარელაქსაციო მუსიკას ვუსმენდით. ბავშვს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდა (იღიმის). ასევე, ოპერის თეატრში აქტიურად დავდიოდით, რომ კლასიკური მუსიკა "ცოცხლადაც" მოგვესმინა ორივეს. არ ვიცი, მომავალში ამას ბავშვზე როგორი ზეგავლენა ექნება, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რომ რაღაც მუსიკალური განათლება ბავშვს მუცელშივე მივაღებინე (იცინის).

- მუცლად მყოფი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაცია გქონდა თუ საკითხში გასარკვევად, სპეციალური ლიტერატურა მოიძიე?

- შესაბამისი წიგნი შევიძინე, ინტერნეტშიც აქტიურად ვარ ჩართული - ვცდილობ, მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყო. ბევრი რამ არ ვიცოდი, რადგან მანამდე ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ მქონია. ოდესმე დედა რომ გავხდებოდი, კი ვიცოდი და ამას ვგეგმავდი, მაგრამ ამაზე ფიქრი უფრო მეტად, დაოჯახების შემდეგ დავიწყე.

- ორსულებისთვის როგორი საკვებია უმჯობესი?

- ბევრი ორსულისგან გამიგონია, რომ რეალურად, კვების რაციონს ყურადღებას არ აქცევენ და მიირთმევენ დიდი რაოდენობით ტკბილეულს, შაურმას, "მძიმე" საკვებს, რასაც პირადად მე, ორსულობამდეც ვერიდებოდი, მაგრამ ახლა - განსაკუთრებით. ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად ჯანსაღ კვებაზე გააკეთონ აქცენტი. ხილი და ბოსტნეული აუცილებლად ქართული შეიძინონ, რადგან საზღვარგარეთიდან ბევრი შემოაქვთ და ვფიქრობ, კაცმა არ იცის, როგორ მოიყვანეს. როცა ორსულად ხარ, მიმაჩნია, რომ ამაზე ყურადღება მეტად უნდა გაამახვილო.

- პრეტენზიული ორსული ხარ?

- მე რომ მკითხო - დიდად არა, მაგრამ გარშემო მყოფები აღნიშნავენ, რომ - ვარ (იცინის). რა ცვლილებაც განვიცადე, ის არის, რომ უფრო მეტად ემოციური გავხდი, მაგრამ მაგალითად, ღამის 2 საათზე მჟავე კიტრის ჭამა რომ მომნდომებოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, 2 თვეა, მარწყვი მინდა და როგორც იქნა, "შემოვიდა".

- ორსულობა მოულოდნელი იყო?

- დაუგეგმავი არ ყოფილა. როცა დავოჯახდით, ვგეგმავდით, რომ 1 წელი ბავშვი არ გვყოლოდა. ვფიქრობდით, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა და ა.შ. როცა 1 თვე გავიდა, მივხვდით, რომ კი, ერთად კარგად ვართ, მაგრამ პატარაც გვინდა (იღიმის). ჰოდა, გაგვიმართლა: დავგეგმეთ და დავორსულდი კიდეც. სხვებისგან მსმენია, რომ ეს ასე მარტივად არ ხდება - თვეები სჭირდება, რომ ორგანიზმი მოემზადოს. რეალურად, ჩემი ორსულობა მაინც მოულოდნელი იყო. შევეცადე, ეს სიახლე მეუღლისთვის მაქსიმალურად ორიგინალურად "მიმეწოდებინა". როგორ გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია - გახარებული იყო!

GzaPress- ბავშვის მომავალთან დაკავშირებით, გეგმები, მიზნები უკვე ხომ არ გაქვს?

- ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ ძალიან კარგ პიროვნებად გავზარდო. თუკი ეს გამომივა, უბედნიერესი ვიქნები.

- ბავშვზე ზრუნვას დამოუკიდებლად აპირებ თუ ძიძის დახმარებით?

- რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, მხოლოდ მე გავზარდო, მაგრამ სავარაუდოდ, პროფესიის გამო, ეს გამიჭირდება და მომიწევს, დავიხმარო დედაჩემი, დედამთილი, შიგადაშიგ - ძიძაც...

- მუცლიდან გეკონტაქტებათ პატარა?

- ძალიან აქტიურია (იღიმის). მისი აქტიურობით ექიმებიც გაოცებულები არიან. თუ ასე გააგრძელა, ალბათ, ძალიან გამაწვალებს - ცელქი იქნება.

- წონაში ძალიან მოიმატე?

- როგორც ბალერინას, წონასთან დაკავშირებით, "წიკები" მაქვს. მიმაჩნია, რომ ამ 8 თვის განმავლობაში, ჩემი სხეული საშინლად და საოცრად შეიცვალა, მაგრამ სხვები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მუცელი გამეზარდა და სხეულის ფორმა არ შემცვლია. წონაში დიდი მატება არ მაქვს: ნორმას არ ვცდები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, კილოგრამების დაკლებაზე მომიწევს ზრუნვა.

- როგორ ფიქრობ, პროფესიულ საქმიანობას რამდენ ხანში დაუბრუნდები?

- რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, რომ სამსახურს მალევე დავუბრუნდე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული არ იქნება.

- ბოლო სპექტაკლი, რომელშიც ორსულმა იცეკვე, რომელი იყო?

- "ლაურენსიაში" ერთ-ერთი სოლო პარტია შევასრულე. იმ პერიოდში, ვგრძნობდი, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ ჯერ დარწმუნებით არ ვიცოდი. სიმართლე გითხრა, მეშინოდა, რომ თუ ზუსტ ინფორმაციას გავიგებდი, ისე ვეღარ ვიცეკვებდი, როგორც საჭირო იყო.

- სამსახურში შენი ორსულობის ამბავს როგორ შეხვდნენ?

- ამ მხრივ თეატრში დიდი ხელშეწყობაა... არანაირი შეზღუდვა, პრობლემა არ მქონია. უბრალოდ, სპექტაკლებს "გამოვეთიშე", ვარჯიში კი ჩვეულებრივად განვაგრძე.

- გიორგი როგორი ქმარია?

- მამობისთვის ემზადება (იღიმის). ძალიან მონდომებულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისთვისაც სიახლეა. ვეცნობით ამ პერიოდს, ვსწავლობთ, თუ როგორები უნდა ვიყოთ, როგორც მშობლები. სიმართლე გითხრა, ასეთი მშვიდი პერიოდი არასოდეს მქონია. უკვე მოწყენილიც ვარ (იღიმის)...

- დრო როგორ გაგყავს, რითი ერთობი?

- ხელსაქმეს უფრო "დავუახლოვდი". სამზარეულოში კულინარიული ექსპერიმენტებისთვის მოვიცალე. მეგობრებთან დავდივარ, მაგრამ აქტიური ცხოვრების ხალისი დიდად აღარ მაქვს, რადგან მალე ვიღლები, ხალხმრავლობაში დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ძირითად დროს ბუნებაში ვატარებ და ვკითხულობ. ყველაზე მშვიდი პერიოდი ახლა მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გავიაზრო. რა თქმა უნდა, შესაბამის ლიტერატურას ვეცნობი, როგორც მომავალი დედა.

ეთო ყორღანაშვილი