"ჩემი პირადი ცხოვრება აწყობილი მაქვს" - გზაპრესი

"ჩემი პირადი ცხოვრება აწყობილი მაქვს"

გივი პაპავა "კომედი ჯგუფის" ერთ-ერთი ახალი წევრი გახლავთ. მის მიერ განსახიერებული ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი - მომცრო ტანის კაცი გახლავთ, რომელსაც ცოტა არ იყოს, ზორბა ცოლი ჰყავს... გადავწყვიტეთ, გივი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

- "კომედი შოუში" წელიწად-ნახევრის წინ მოვხვდი: "მანსანკანში" ქუთაისის სახელით ვმონაწილეობდი (2016-17 წლებში). ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გავხდი. "მანსანკანიდან" "კომედი ჯგუფში" ამიყვანეს.

- "კომედი ჯგუფში" თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაზე მაგრად თავს ამ საქმეში და ამ ადამიანებთან ერთად ვგრძნობ. ჩემი აზრით, იუმორისტისთვის "კომედი შოუში" მოხვედრა ახალი საფეხურია. ასე თუ ისე, მე ეს შევძელი და აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- თქვენი პერსონაჟის - გელას შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

GzaPress- სკეტჩი ავირჩიეთ, რომლის გმირებიც პატარა ტანის კაცი და ცოტათი დიდი, ე.წ. მამალი ქალი უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ - გალეული, პატარა ტანის კაცები, რომლებსაც ცოლად "მამალი ქალები" ჰყავთ. საერთოდ, სკეტჩებს რეალურ, სოციალურ თემებთან დაკავშირებით ვქმნით. მოკლედ, ჩემი პერსონაჟის შექმნის იდეა ასე გაჩნდა. თან, "პატარა კაცობაში" ჩემი ფიზიკური აღნაგობა მიწყობდა ხელს, თათია სულუაშვილს კი - თავისი "მამალი ქალობა".

- ანუ ფიქრობთ, რომ თათია რეალურად, "მამალი ქალია"?

- არა, თათია "მამალი" არაა, მაგრამ სკეტჩებში მორგებული ჰქონდა "მამალი ქალის" როლი.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ქუთაისის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე. მაგისტრატურაზე არ ჩამიბარებია: "კომედი შოუში" სწავლის დასრულებამდე მოვხვდი და მაგისტრატურის კურსის გავლა ვერ მოვასწარი. საკუთარ თავს "იუმორისტს" უფრო ვუწოდებ, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელს, მაგრამ გვიან არც ახლა არის, რომ მეორე პროფესია მქონდეს: თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვფიქრობ. ჩემი მეორე პროფესია მსახიობობა იქნება, რომ იუმორისტულის გარდა, ცოტათი სერიოზული როლებიც ვითამაშო. რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი კიდეც.

- სამაგალითო იუმორისტი გყავთ?

- კი, ნიკა გრიგოლია, რომელიც ამჟამად, "კომედი შოუში" არ არის დაკავებული. იუმორშიც საერთო გვაქვს, გარეგნობაშიც - ორივე პატარა ტანის ვართ. ერთმანეთს გვამსგავსებენ, ძირითადად - გარეგნობით.

- ალბათ, ნიკას იცნობთ, არა?

- კი, ძალიან კარგი, მეგობრული ადამიანია. კარგი სალამი და მოკითხვა იცის.

- თქვენი გმირი გოგონებში პოპულარობით სარგებლობს?

- რამდენიმეს უთქვამს, - ეს პერსონაჟი მომწონსო. სავარაუდოდ, ეცინებათ და იმიტომ მოსწონთ, თორემ არა მგონია, ასე ჩაცმული და თმაგადავარცხნილი კაცი გოგოს მოეწონოს. ისე, რა ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს.

- პირადად თქვენ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ?

- რომ ვთქვა, ბევრია-მეთქი, მოგატყუებთ. სიმართლე გითხრათ, ამით არც ვინტერესდები: ჩემი პირადი ცხოვრება აწყობილი მაქვს. თაყვანისმცემლებს, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა, მაინტერესებს, ვის მოვწონვარ - ადამიანს ეს ყოველთვის უნდა გაინტერესებდეს. როცა შეგიყვარებენ, მერე უფრო და უფრო მეტად უნდა შეაყვარო თავი. ამიტომ ვინტერესდები, თორემ ის ნამდვილად არ მაინტერესებს, რამდენ გოგოს მოვწონვარ. ვისაც მინდა, რომ მოვწონდე და ვუყვარდე, მას ვუყვარვარ.

- გადაღების შესახებ გვიამბეთ. არ გეცინებათ?

- გადაღებები და რეპეტიციები ყველაზე კარგია, რადგან ბევრი რამ სცენარს რეპეტიციის დროს, იმპროვიზაციით ემატება და სკეტჩიც უფრო სასაცილო გამოდის. კი გვეცინება, მაგრამ ხშირად - არა. საქმეს სერიოზულად ვეკიდებით, რომ სწრაფად და ხარისხიანად ჩავწეროთ. იშვიათად გვეცინება, მაგრამ თუ ერთხელ გაგვეცინა, მერე დიდხანს ვიცინით.

- "მამალი ქალები" თქვენს გემოვნებას შეესაბამება?

- ნამდვილად არ მინდა, გვერდით ასეთი ქალი მყავდეს. ადამიანი გამაღიზიანებელი არ იყოს, თორემ ზოგი ქალი ნაზი იქნება, ზოგი - "პატარა გოგო", ზოგი - "მამალი" და ზოგიც - "დედალი", ამას მნიშვნელობა არ აქვს. "დამა ქალები", ასე თუ ისე, ყველას მოსწონს (იცინის).

- გამაღიზიანებლად როგორ ქალს მიიჩნევთ?

- თვითონაც რომ არ იცის, რა აღიზიანებს, მაგრამ უნდა იჩხუბოს. ყოველთვის გაბრაზებულია. მაგრამ ცხოვრების წესად აქვს, რომ გაბრაზებული უნდა იყოს და ყველას აჩვენოს - მე ვარ და ჩემი ქალობაო...

- ურთიერთობის ინიციატორი ქალები გიზიდავთ? გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენთან ურთიერთობის ინიციატივა ქალს გამოუჩენია?

- კი, ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ გააჩნია, ინიციატივას როგორ გამოიჩენს. ზოგი "შორიდან მოგივლის", "შებმას" ცდილობს, ზოგი - პირდაპირ გეტყვის, რა უნდა. ასეთი პირდაპირობა კარგია, მაგრამ სიტუაციასაც გააჩნია. საერთოდ, ინიციატივა ქალმაც უნდა გამოიჩინოს და კაცმაც, როცა საჭიროა.

- გივი, უცხო ადამიანები ქუჩაში გცნობენ?

- კი, მცნობენ, თუნდაც - სამარშრუტო ტაქსიში, მეტროში... თან, არც მეგონა, ამდენი ხალხი თუ მცნობდა და პოპულარობა კარგი იქნებოდა. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა 13-14 წლის ე.წ. ბაბულიკა ბიჭები რაღაცას მოგაძახებენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ; ზოგჯერ უხასიათოდ ხარ და ვიღაც გაგაჩერებს... ყველას ისეთი ვგონივარ, როგორიც ეკრანზე ვარ. არადა, განსხვავებული ვარ, სერიოზული სახით დავდივარ. ხალხი როცა მცნობს, მიხარია.

- რაიმე უსიამოვნოს მოგაძახებენ ხოლმე?

GzaPress- მაგალითად, ერთხელ უბანში მივდიოდი და 13-14 წლის ბიჭებმა ჩემი მისამართით თქვეს: დავითრიოთ და ვაღადაოთო. ჩემი აზრით, ასეთი შემთხვევა ყველა ცნობილ ადამიანს აქვს. შეიძლება, შენ არ მოგაძახონ, მაგრამ შენს გასაგონად ის ფრაზა, ხუმრობა თქვან, რაც ტელეეკრანიდან გითქვამს. გამაღიზიანებლად არავის მოუძახებია, თუ იმ ერთ შემთხვევას არ ჩავთვლით...

- გვითხარით, რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- სერიოზული ვარ. ხანდახან ვფიქრობ, "კომედი შოუში" ახალი რა გავაკეთო, ახალი ხუმრობა, ახალი სკეტჩი, პერსონაჟი მოვიფიქრო... სერიოზული სახე ფიქრისას მაქვს, თორემ თუნდაც, სუფრასთან როცა დავჯდები, ვხუმრობ, ვიცინი. ცეკვა მიყვარს. ცხოვრებაში მხიარული ადამიანი ვარ. ქუჩაში სერიოზული სახით იმიტომ დავდივარ, რომ ფიქრი ასეთ დროს მომწონს, თორემ სკეტჩსა და რეალურ ცხოვრებაში თითქმის ერთნაირი ვარ: ცხოვრებაშიც იმერული აქცენტით ვლაპარაკობ. რეალურად ვინც ვარ, სკეტჩშიც ის "გადმომაქვს", რომ უფრო კარგად ვითამაშო, თამამი და უფრო "ნამდვილი" ვიყო ეკრანზე...

- თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით?

- მყავს მშობლები და და (სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს). თბილისში ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუა კი - სოფელში. ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას.

- წარმოშობით ქუთაისიდან ხართ?

- რადგან "მანსანკანში" ქუთაისის სახელით ვთამაშობდი, 90%-ს ქუთაისელი ვგონივარ. სინამდვილეში, ხონელი ვარ. ქუთაისში რამდენიმე წელი გავატარე: "ქუთაისის სახელით, 4 წელი "კავეენში" ვთამაშობდი და რეპეტიციებზე ჩასვლა მიწევდა. იქ მეგობრები, ძმაკაცები მყავს. თან, ქუთაისში ხომ ვსწავლობდი? შემდეგ, მე და ჩემი მეგობარი - თემო ნიქაბაძე ე.წ. ვაინებს ვიღებდით და "ფეისბუკზე" ვდებდით. ჩემი მეგობარი ფარცხანაყანებიდანაა. ერთმანეთს ქუთაისში შევხვდით. "მანსანკანში" ჩემპიონები ქუთაისის სახელით გავხდით და ამ ქალაქს წარმატება მოვუტანეთ. ასე რომ, ეს ქალაქი ხონზე ნაკლებად არ მიყვარს. ჩემპიონატის ფინალზე გვითხრეს, - "კომედი შოუში" უნდა აგიყვანოთო და აგვიყვანეს.

- თქვენი რჩეულის შესახებაც მოგვიყევით. დიდი ხანია, შეყვარებული ხართ?

- მეორე წელია, ერთად ვართ. მასთან ბედნიერი ვარ. ყველანაირად მხარში მიდგას. ოთხშაბათის დადგომა იმიტომ მიხარია, რომ სკეტჩების ჩაწერის დღეა და თან, ჩაწერის წინ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი წარმატებებს მისურვებს. მეც უფრო მხიარულად, მხნედ და გაბედულად ვმუშაობ.

- თქვენი საყვარელი ადამიანი რა სფეროში მუშაობს?

- ფოტოგრაფი გახლავთ. ერთმანეთი 3 წლის წინ, ბავშვთა გასართობ ცენტრში გავიცანით. იქ იყო, როგორც ფოტოგრაფი. ერთად ბედნიერები ვართ და ალბათ, მომავალში უფრო მეტად ბედნიერები ვიქნებით...

ეთო ყორღანაშვილი