"რთულ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება მომიხდა" - გზაპრესი

"რთულ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება მომიხდა"

"სუსტ მამაკაცებს ურჩევნიათ, სუსტ არსებასთან ჰქონდეთ საქმე, რათა თავი ძლიერად იგრძნონ და ურთიერთობების სადავე აიღონ ხელში... თამამი, ძლიერი ქალები, თვითონ დგამენ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებენ, მაგრამ ისეთი სუსტი კაცებიც არსებობენ, ძლიერი ქალის ფრთის ქვეშ ყოფნა რომ ურჩევნიათ... მათთვის მთავარი საკუთარი კომფორტია", - მომღერალი სოფო ბედია გვიყვება, თუ როდის არის ის ყველაზე ძლიერი.

- არა მგონია, რომ ძლიერი ქალი კაცს აშინებდეს! უბრალოდ, ძლიერი ქალის გვერდით მასზე ძლიერი მამაკაცი უნდა იდგეს. წარმატებული ქალი სუსტ და შეუმდგარ მამაკაცებს აშინებთ. განათლებულ ადამიანს ეამაყება გვერდით ძლიერი ქალის ყოლა.

- თავად ძლიერი ხარ?

GzaPress- ვთვლი, რომ ცხოვრებამ გამხადა ძლიერი! დამოუკიდებელ და ძლიერ ქალად ჩამომაყალიბა. ძალიან პატარა ვიყავი, როცა რთულ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მომიხდა გამკლავება და შრომა, რომელიც ვთვლი, რომ დამიფასდა.

- რა იყო ეს სირთულეები?

- ეს უკვე წარსულია, ამაზე საუბარი აღარ მინდა.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- საკუთარი თავის სიძლიერეს მუდმივად ვგრძნობ, არასოდეს ვეშვები და ირგვლივ ყველაფერს ვაკონტროლებ. არ ვუშინდები დაბრკოლებებს და ყოველთვის ვიბრძვი დასახული მიზნის მისაღწევად.

- როგორია შენთვის ძლიერი ქალი?

- ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომელთაც მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული პიროვნული თვისებები... წარმოადგენენ პიროვნებას, საკუთარი კონკრეტული ხასიათით, პრინციპებითა და ნიშან-თვისებებით. იციან, რა უნდათ ცხოვრებაში, შრომობენ და იღვწიან საკუთარი მიზნის მისაღწევად, არ უშინდებიან საზოგადოებასა და სხვა გარემო პირობებს... მარცხსაც ღირსეულად ხვდებიან, რის შემდეგაც ისევ უტეხად და თავაწეული აგრძელებენ ცხოვრებას.

- როგორ ფიქრობ, კაცი უნდა იყოს ოჯახისთავი?

- ვფიქრობ, რომ საქართველოში კაცი ყოველთვის უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობს, რადგან კაცია! მაგრამ ჩვენს ოჯახში უფლებები გათანაბრებულია, ურთიერთშეთანხმების პრინციპით ვცხოვრობთ. ერთმანეთის გარეშე არაფერს ვწყვეტთ. ოჯახში უპირველესი ურთიერთპატივისცემაა და არა ის, ვინ თავია და ვინ ბოლო.

- ისეთი ცოდვა ჩაგიდენია, რომელსაც დღემდე ნანობ?

- საშინელება არასდროს ჩამიდენია. ისე კი, ამქვეყნად უცოდველი არავინაა. მთავარია, გამოუსწორებელი და მოუნანიებელი ცოდვა არ ჩავიდინოთ.

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?

- არა მგონია, რომ ქალის მთავარი პრეროგატივა ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლაა.

- ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ? რთულია შენი გულის მოგება?

- არა და არც არასდროს ვყოფილვარ. სიყვარული თავისით მოდის და მას ინიციატივის გამოჩენა არ სჭირდება.

- გიტირია მამაკაცის გამო?

- კი, მიტირია არა იმიტომ, რომ ის ადამიანი ამად ღირდა! მიტირია იმ უანგარო ამაგსა და სიყვარულზე, რომელიც არ დაუფასებიათ. უპატივცემულობა და დაუფასებლობა ყველაზე მტკივნეულია იმ ადამიანისგან, რომელზეც დიდი ამაგი გაქვს. თუმცა, ეს ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდა და გამოცდილებაა, რომლითაც ვიზრდებით და ვსწავლობთ. სხვის მაგალითებზე ადამიანები სამწუხაროდ, ვერაფერს ისწავლიან.

- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?

- დიახ, ბედნიერებისთვის ჭეშმარიტი სიყვარული აუცილებელია! სიყვარული ცხოვრების სტიმულია. როცა გიყვარს, ყველაფერი გიხარია, ბედნიერი ხარ, რასაც ხელს მოჰკიდებ, კარგად გამოგდის...

- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- როცა პატივისცემას კარგავს და აღარ უყვარს. ასეთ დროს წასვლა, მართლაც, სჯობს. ტყუილში ცხოვრება ყველასა და ყველაფერზე ცუდია.

- დაასახელე კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...

- არ მაქვს კომპლექსები. ვფიქრობ, თავისუფალი ადამიანი ვარ. კომპლექსები ადამიანს განვითარებასა და წინსვლაში უშლის ხელს.

- ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავს?

- არა. ისე არასდროს ვსვამ, რომ თავი დავკარგო.

- როგორ ფიქრობ, ძლიერ ქალებს წარმატების მიღწევაში სიყვარული ხელს უშლით?

- ასე ნამდვილად არ არის. ალბათ, იმასაც გააჩნია, გვერდით როგორი მამაკაცი გყავს. ჩემი მეუღლე საქმეში კი არ მზღუდავს, პირიქით - მაქსიმალურად მიწყობს ხელს, საყვარელი საქმე რომ ვაკეთო.

- ძლიერი ქალები ეცემიან, მაგრამ ყოველთვის დგებიან... ბევრჯერ წაქცეულხარ და წამომდგარხარ?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ წაქცევას არასდროს ვიმჩნევ, ყოველთვის ისე ვდგები, რომ ამას ვერავინ ხვდება.

- სხვისი რჩევით ოდესმე თუ გიცხოვრია?

- მას შემდეგ, რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მინდა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მინანია, მაგრამ ამ შეცდომებზე ბევრიც მისწავლია.

- საკუთარი თავი თუ შეგცოდებია?

- კი, ხშირად მიტირია და ვტირი ახლაც... ზედმეტად ემოციური ვარ. პატარა რაღაც მიხარია და უმნიშვნელოც მწყინს. თუმცა, წყენა დიდხანს არასოდეს მიმყვება. ბოღმიანი არ ვარ. ცრემლი სისუსტის გამოხატულება არ არის, ცრემლი ძლიერ ადამიანებსაც მოსდით.

- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?

GzaPress- პოპულარობას ხელი არასოდეს შეუშლია ჩემი პირადი ცხოვრებისთვის. ორივე თავ-თავის ადგილზეა და ერთმანეთში არასოდეს ვურევ.

- გიფიქრია, რომ იღბლიანი ადამიანი ხარ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდი?

- ჩემი წარმატების ფორმულა ურთიერთობების ცოდნაა... ეს არ ისწავლება, ადამიანს ან აქვს, ან არა. ნიჭი და შრომა უმთავრესია. ყველაფერი ერთად, ეს ჩემი წარმატების ფორმულაა. დიახ, თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე შეიძლება აღმოჩნდე, მაგრამ ვერ გამოიყენო.

- პოპულარობა შეიძლება, ადამიანის მუდმივი მდგომარეობა იყოს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ მუდმივად ტონუსში ხარ, არასდროს დუნდები და ყოველთვის ახერხებ მსმენელის თუ მაყურებლის გაოცებას. მოპოვებულს ყოველთვის გაფრთხილება, შრომა და თავდადება სჭირდება. თუ დაკარგე, მერე ძნელია ისევ მოპოვება.

- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?

- აუცილებელი არ არის. ძალიან შეუხედავი ადამიანებიც მინახავს, რომლებიც მართლა სუპერპოპულარულები არიან. თუმცა, ნიჭთან ერთად, თუ კარგი გარეგნობაც გაქვს, ეს საუცხოო ვარიანტია.

- პოპულარობის ზენიტში მყოფს, თავში აგვარდნია?

- არასოდეს არაფერი ამივარდება თავში. ზემოდან არავის ვუყურებ, პირიქით, ხშირად მეუბნებიან, არ უნდა იყო ეგეთი თავმდაბალი და უბრალოო... მე არაფერი შემცვლის. ადამიანი უბრალო უნდა იყო და შენი ზრდილობით, ურთიერთობით, პროფესიონალიზმითა და შრომით დაიმსახურო ხალხის სიყვარული.

- ამბობენ, რომ წარმატების მიღწევის გზაზე ყველაზე დიდი წინაღობა, თავად ადამიანია, რადგან მას ყოველთვის შეუძლია იპოვოს მიზეზი, თუ რატომ ვერ მიაღწია მიზანს... გქონია ასეთი წინაღობა საკუთარ თავთან?

- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძებოს პრობლემა, თუ რატომ ვერ მიაღწია მიზანს. გარეგანი წინაღობები ეს შეიძლება, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ სურთ შენი წარმატება და ამიტომ ცდილობენ, ხელი შეგიშალონ, ჩაგძირონ. თუმცა, ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი!

სოფო ჭონიშვილი