სურთ თუ არა ქალებს "ქართვლის დედის" სტატუსის მიღება - გზაპრესი

სურთ თუ არა ქალებს "ქართვლის დედის" სტატუსის მიღება

ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ დედას, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სამშობლოს წინაშე, მიენიჭოს ქართვლის დედის სტატუსი, რა ეროვნებისაც უნდა იყოს ის. ამ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესს ეხება. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით და UშAID-ის კვლევების მიხედვით, 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. სწორედ არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გახდა დეპუტატის ამ ინიციატივის საფუძველი, რაც მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საქილიკო თემად იქცა.

სიმონ ნოზაძე: - ჩემი უმთავრესი მიზანია, მადლიერება გამოვხატო მრავალშვილიანი დედების მიმართ. მე ინიციატივა კი არ დავაყენე, როგორც ეს მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, უბრალოდ, მოსაზრება გამოვთქვი და მომხსენებელს - დიმიტრი ხუნდაძეს დავუსვი კითხვა: ხომ არ გიფიქრიათ ქართვლის დედის სტატუსის შემოღებაზე-მეთქი? უარყოფითი პასუხი მივიღე და ამ თემაზე საუბარი აღარ გავაგრძელე. ჩემი აზრი ასეთია: რადგან საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, ნებისმიერი ქმედება - მორალური თუ მატერიალური, რომელიც სტიმულს მისცემს ქალებს და შობადობას გაზრდის, მისასალმებელია. თუ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და მედია ამ თემით დაინტერესდება და შემდგომ ამას საკანონმდებლო ინიციატივის სახეც მიეცემა, მაშინ ვფიქრობ, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედებს, რომლებიც 4-5 და მეტ შვილს გაზრდიან ქართული ცნობიერებით, ანუ თუ ეცოდინებათ საქართველოს ისტორია, მშობლიური ენა, იქნებიან ქვეყნის სამსახურში და ა.შ. ეს სტატუსი, რა თქმა უნდა, მატერიალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს, დედების წახალისება რომ მოხდეს. მე არაფერი დამიჟინია და მომითხოვია, მხოლოდ იდეა შევთავაზე.

- ბატონო სიმონ, თქვენ რამდენი შვილი გყავთ? თქვენი მეუღლე თუ მიიღებს ქართვლის დედის სტატუსს?

GzaPress- ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს, რადგან მხოლოდ 2 შვილი გვყავს, რის გამოც დღემდე გული მწყდება. მეუღლე მეხვეწებოდა, მეტი ვიყოლიოთო, 4 შვილი უნდოდა, მაგრამ ვერ გავრისკე. იმ პერიოდში აირია ცხოვრება, თან ოფიცერი ვიყავი და ჩემი პროფესიის გამო მეშინოდა, ბავშვები ობლად არ დარჩენილიყვნენ. ქალბატონი ბრძანდებით და აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა გმირობაა, 7 და 8 შვილი აღუზარდო ქვეყანას? პატრიარქის ინიციატივამ, მესამე შვილის მონათვლის შესახებ, რამდენს გადააწყვეტინა ბავშვის გაჩენა. ასე რომ, მორალურ მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ფინანსურსაც...

სალომე გოგიაშვილი, ჟურნალისტი: - ეს მხოლოდ და მხოლოდ წახალისების მიზნით თუ იქნება, არა მგონია, ამან დემოგრაფიული მდგომარეობა გააუმჯობესოს და ბევრს გაუჩინოს მრავალშვილიანობის სურვილი. გააჩნია, რა თანხით დაეხმარებიან, რადგან 4 შვილის გაზრდა იოლი არ არის. ფუფუნებაა ბევრი შვილის ყოლა, გაზრდა და მათთვის სწვალა-განათლების მიცემა. თუ მატერიალურადაც დაეხმარებიან, კარგი იქნება, ოღონდ - 100 ლარით კი არა, ისეთი თანხით, შვილების შენახვა რომ გაუადვილდეთ. მხოლოდ სტატუსების მინიჭება, ტიტულების დარიგება და სიგელების გადაცემა არაფრისმომცემი და არაეფექტიანი იქნება. თუ იმაზე ვზრუნავთ, რომ ერი გამრავლდეს და მეტ ქალს გაუჩნდეს სტიმული, არ გაიკეთოს აბორტი და ბევრი შვილი იყოლიოს, მაშინ ფინანსური ხელშეწყობა აუცილებელია.

- თქვენ რომ მოგანიჭონ ეს სტატუსი, არ გესიამოვნებათ?

- ამ ეტაპზე, ღმერთის წყალობით, მატერიალურად მაქვს იმის საშუალება, რომ 4 შვილი გავზარდო და შეიძლება არ მივიჩნიო, რომ ამის გამო გმირი დედა ვარ, მაგრამ სხვაში, ვინც გაჭირვებით ზრდის შვილებს, ეს აგრესიასა და გაღიზიანებას გამოიწვევს, ასე მგონია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სასიამოვნო იქნება ამ სტატუსის მონიჭება. რაც შეეხება ქართული ცნობიერებით აღზრდას, მე ზუსტად ისე ვზრდი შვილებს, როგორც გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ანუ არ ვაცხოვრებ ზღაპარში. მათ იციან ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ და რომ გაიზრდებიან, თვითონ უკეთესად მიხვდებიან, ვინ რა გააკეთა ქვეყნისთვის და რას ნიშნავს იყო პატრიოტი. გამიზნულად პატრიოტად აღზრდას მიზანშეწონილად არ ვთვლი, რადგან ჯერ პატარები არიან. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, ისინი გავზარდო ნამდვილ კაცებად, ეს კი თავისთავად გულისხმობს, იყვნენ პატრიოტები!

თიკა ფაცაცია, მომღერალი: - მიჭირს იმაზე საუბარი, თუ როგორ ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის მთავარია, ემპათიის შეგრძნება ჰქონდეთ, ადამიანები უყვარდეთ და მორალურად და ზნეობრივად ჩამოყალიბებულები იყვნენ. რამდენად გამოასწორებს ამ სტატუსის მინიჭება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას, ძნელი სათქმელია.

ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი: - ზოგადად, იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელთათვისაც რაიმე სახის სტატუსი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამას ექნება წამახალისებელი, სამოტივაციო მიზანი და შედეგებსაც მოიტანს, რატომაც არა? მაშინ ეს ფორმა მისაღებია. თუმცა ეს საკითხი მაინც ოჯახისა და ცოლ-ქმრის გადასაწყვეტი და დასაგეგმი მგონია. თუ სამაგალითო დედა ხარ, კარგი შვილების აღმზრდელი და პატრიოტებად ზრდი შვილებს, ამას პირველ რიგში, მეუღლე დააფასებს და ასეთი სტატუსი მის თვალში ისედაც გექნება, ხომ ასეა? რაც უნდა მიკიჟინოს ვიღაცამ, ბევრი შვილი იყოლიე, ერის გამრავლება კარგიაო, მარტო ვერ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას და მარტო ვერ გავზრდი ბევრ შვილს. ამიტომაც, მეორე ნახევრის კეთილი ნებაც გასათვალისწინებელია.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი: GzaPress- რატომღაც მგონია, არასერიოზულია ეს ყველაფერი. თვითონ მრავალშვილიან დედებს ვკითხოთ, რამდენად თვლიან თავს ქართვლის დედებად და რა სჭირდებათ მათ. მსგავსი განცხადებები და დამოკიდებულება არ მომწონს. ვფიქრობ, რომ მრავალშვილიანებს სხვა პრივილეგიები უნდა მივანიჭოთ. თუნდაც ის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ საშუალება, იარონ კარგ სკოლებში, მაქსიმალურად დაიტვირთონ სხვადასხვა წრეზე სიარულით და სახელმწიფომ დააფინანსოს ეს, დაასაქმონ მრავალშვილიანი ქალები, კომუნალურ გადასახადებზე მისცენ შეღავათი და ა.შ. აი, ამით უნდა მისცენ მოტივაცია ქალებს და არა ცარიელი სტატუსის მინიჭებით. რად უნდათ სტატუსი, თუ თვითონაც მშიერი იქნება და შვილებიც მშივრები ეყოლება? ასეთ შემთხვევაში, ეს სტატუსი დაკარგავს იმ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობას, რასაც ქართვლის დედობა გულისხმობს. წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ თუ მხოლოდ ამით შემოიფარგლება, მაშინ რა აზრი აქვს? რა შვებას იგრძნობს სტატუსმინიჭებული ქალი? როგორ ფიქრობთ, ეს საზოგადოებისთვის საქილიკო თემა არ გახდება და არ გაუბრალოვდება ქართვლის დედის მნიშვნელობა? ვფიქრობ, სხვა რამით უნდა გამოვხატოთ მადლიერება მათ მიმართ, ვიდრე წოდებები ვარიგოთ. მაპატიეთ, მაგრამ ქართველ დედას წოდება არ სჭირდება იმისთვის, რომ შვილები გაზარდოს!

ირმა ცქიფაშვილი, მრავალშვილიანი დედა: - ქართვლის დედობას ვერ დავიბრალებ, სირცხვილია! მე უფალმა მომანიჭა მრავალშვილიანი დედის სტატუსი და მეამაყება კიდეც. ვფიქრობ, მხოლოდ სტატუსის მინიჭება ვერ შეცვლის დემოგრაფიულ მდგომარეობას, იმას კი, ქართული ცნობიერებით ვზრდი თუ არა ჩემს შვილებს, თქვენთვის, საზოგადოებისთვის მომინდვია. ამ სტატუსის ღირსი მაშინ ვიქნები, თუ ჩემი ათივე შვილი თითო აგურს შემატებს სამშობლოს!

ნინო ჯავახიშვილი