გალაკტიონის გალაქტიკა - გზაპრესი

გალაკტიონის გალაქტიკა

ახლახან ლიტერატურის მუზეუმის ოთხ დარბაზში რეზო-ემელიანე ადამიას გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა - "გალაკტიონი და კოსმოსი" გაიხსნა. ნოდარ ტაბიძის თქმით, "რეზო პირველი ბრძანდება, ვინც გალაკტიონი კოსმოსთან დაკავშირებით წარმოაჩინა". სურათებზე, რომლებსაც ერთი ტკივილი აერთიანებდა, კედლებზე პოეტის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრების გზის მანიშნებლად, თითქოს, შთამაგონებელი ფერებითა და ფორმებით დატვირთული ერთი უწყვეტი ხაზი იყო გავლებული... იმერეთის დღისა თუ ღამის პეიზაჟები, მზის ჩასვლა და ამოსვლა სხვადასხვა ვარიაციით, თოვლი... მგოსნის სისხლის შხეფებით დაღდასმული კოსმოსი, ტრაგედიის გამო მგლოვიარე, დაბნელებული მზე და კოსმოსური სასაფლაო; თეთრად, იისფრად და მზისფრად მოელვარე პლანეტები, კოსმოსური ბნელეთი და იქვე - სიცოცხლის ვარსკვლავი... მხატვრული ტილოები, თითქოს, ერთმანეთში საუბრობენ, ერთი მეორიდან გამომდინარეობენ და არსებობენ ერთად და დამოუკიდებლად თავისი საერთო და ინდივიდუალური სათქმელით... მათი გლოვის ობიექტი კი - "სულთა მედროშე" გალაკტიონია... ნახატებით გადმოცემული უხილავი, მოუხელთებელი სამყარო, ამავდროულად, იმდენად ხელშესახები იყო, რომ ოთახებში მგოსნის მძიმე ნაბიჯებისა და ხშირი სუნთქვის ხმაც ისმოდა...

GzaPressრეზო ადამია, მხატვარი, მწერალი: - პლანეტარიუმის ახალი ტექნიკით შესრულებით, სულიერი წვდომით, ფერწერის არასტანდარტული აზროვნების მიდგომით გალაკტიონის პოეზიის სიდიადე გამოვხატე. ძველი მხატვრული ხერხებით გალაკტიონის პოეზიის იდუმალების ხატვა შეუძლებელია. რეალური ხერხებით ვერ მივუახლოვდებოდი მის გენიას. ის ილუსტრაცია იქნებოდა და არა სულის სურათი თავისი უცნაური ფერებით, ხაზებითა და ფორმით. რამდენიმე ათეული წელია კოსმოსური, ჩემეული ხერხებით ვცდილობ მივუახლოვდე გალაკტიონისა და ტერენტი გრანელის სულიერ იდუმალებას, რითიც ისინი იტანჯებოდნენ, იმ ტანჯვას მეც გავდივარ და მათ ამ გზით ვუახლოვდები... ყოველი დიდი შემოქმედების ძირფესვიანად შესწავლა, ღრმად გარკვევა და შეგრძნება, შორეულ იდუმალებაში ჩაწვდომა, განხილვა და მეცნიერული აღწერა პიროვნების ჯეროვან სულიერ და ფიზიკურ შეწირვას მოითხოვს. სხვა მხრივ ყოველი ცდა მარცხით მთავრდება. გალაკტიონზე "პლანეტარიუმის" 200-ზე მეტი სურათი მაქვს შექმნილი. მე 200-ზე მეტჯერ ავად ვიყავი... ამ ნამუშევრებს რვა წელია ვქმნი. ტერენტი გრანელზე კიდევ უფრო მეტი, თხუთმეტი წელი ვიმუშავე და ჯერაც არ დამისრულებია. ყოველი ზომიერი ინტელექტუალი ნამუშევრების წინ აღელვებული დგება საკუთარი აზროვნებით - შეუზღუდავი შინაგანი შეხედულებებით, უცნაური კითხვებით, ემოციებით და მისეული, ინდივიდუალური გალაკტიონით ივსება...

GzaPress- სურათების მიხედვით გალაკტიონი და მისი შემოქმედება მთელ სამყაროშია განფენილი, თითქოს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული... მიუხედავად ამისა, რიგ ნამუშევრებში წარმოჩენილია, როგორ ბოჭავს მას ცივილიზაციის მარწუხები...

- ჩემი არ ესმით, ძამიკოო, - წუხდა გალაკტიონი და საყვედურობდა კოლეგებსა და უცნობ თანამედროვეებს. ხშირად ამბობდა: "მდევნიან, ვერ მიგებენ, ვძულვარ, რას მერჩიან?!" მოზღვავებულ მუზებთან და წარმოსახვებთან ერთად, აბსტრაქტული ხილვები დასდევდა და ნაადრევად აბერებდა სულიერად მარტოხელა მგოსანს. კომუნისტური ეპოქის ფანატიკოსი მესვეურები რკინის ჩარჩოებში ამწყვდევდნენ, მისი ზეციდან მოვლენილი მუზები და წარმოსახვები მარქსისტებმა უმოწყალოდ გაფანტეს. პოეტი შეგნებულად გაურბოდა პირადი ინდივიდის ურთულეს სახეს ალკოჰოლის მეშვეობით. სმა გახლდათ ცხოვრებისა და გარემოსგან დაქანცული მგოსნის უკიდურესი ქმედება. ამით ის სულიერ შვებას პოულობდა თავისი პოეზიის ნიჭისაგან აწიოკებული. ბახუსის თანადგომით არბილებდა კოსმოსური ნიჭის ზეწოლას, რომელიც დღე და ღამე ბორბალივით ატრიალებდა გაწამებულ მგოსანს და ამ გზით იბადებოდა მეორის დასასრულის და მესამე ათასწლეულის შედევრები.

- ციკლი გალაკტიონის შესახებ დასრულდა თუ შემოქმედებითი პროცესი კვლავ გრძელდება?

- შემოქმედებითი პროცესი გრძელდება, გალაკტიონის დაუოკებელი ლურჯი რაში სპირალურად მიაჭენებს უსასრულობისკენ. მას ვერ შეაჩერებ, ვერც მოთოკავ. ჩემსა და გალაკტიონს შორის ფერები, მუზები, სიტყვის საკრავზე აჟღერებული მუსიკა, კოსმოსური აზროვნება, პოეზიის იდუმალება და წმიდანური ხიბლი, ფერწერის ღვთიური რაობა და სიყვარული აღმართულა ურღვევ კედლად...

შორენა ლაბაძე