რა აბედნიერებს ეთო გუგავას - გზაპრესი

რა აბედნიერებს ეთო გუგავას

მსახიობ ეთო გუგავას ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდი ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას დაემთხვა. დედობა მოსიყვარულე დამ გაუწია. ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი. მსახიობის უფროსმა გოგონამ დედის პროფესიული გზა აირჩია და ამისთვის გულმოდგინედ ემზადება... ეთო გუგავასთან საუბარი "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟის - პრეზიდენტის მრჩევლის შესახებ დავიწყეთ...

- პირადად ჩემთვის, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა არასოდეს შემოუთავაზებიათ და არც რომელიმე პოლიტიკოსს ვიცნობ (იცინის).

- პრეზიდენტის მრჩევლის ან რომელიმე მსგავს თანამდებობაზე საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ?

- რა ვიცი, ვინმეს პრეზიდენტის მრჩევლად საკუთარი თავი არ წარმოუდგენია?! ჩვენს ქვეყანაში უკვე ბავშვებიც "მრჩევლები" არიან. საერთოდ, უკვე ყველანი "პროფესორები" ვართ - პოლიტიკაში ვერკვევით (იცინის).

- ამ საქმეს თავს გაართმევდით?

- რასაკვირველია, ვერ გავართმევდი. ეს სამზარეულოში ტრიალი არ არის, სულ სხვა სპეციფიკაა. ამას დიდი ცოდნა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა სჭირდება.

- რეალურ ცხოვრებაში ვინმესთან ისეთი ურთიერთობა თუ გქონიათ, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას და თქვენს პერსონაჟს - თათია ეგაძეს აქვთ?

- არა. საერთოდ, ქალების მიმართ ძალიან სოლიდარული ვარ. ალბათ, მსგავსი რამ მხოლოდ ბავშვობაში მომხდარა.

- როცა მეგობართან დაძაბული სიტუაცია გექმნებათ, როგორ იქცევით?

GzaPress- გაბუტვა ყველაზე მეტად არ მიყვარს, არ შემიძლია. შესაძლოა, კონფლიქტი, დისკუსია, გარჩევა, გარკვევა მოხდეს, რაღაც საკითხზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ყველა ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. თუკი ვხედავ, რომ ეს ადამიანი უფსკრულშია და არასწორად აზროვნებს, უბრალოდ, ვეცდები, რომ ლოგიკურად ავუხსნა... არ ვიბუტები, მაგრამ თუ ვამჩნევ, ურთიერთობაში რაღაც ნაპრალი გაჩნდა, მე კი ის ადამიანი მიყვარს და მასთან ურთიერთობა მინდა, რა თქმა უნდა, პირველ ნაბიჯსაც გადავდგამ და ყველაფერს გავაკეთებ. ადამიანების დაკარგვა არ შემიძლია.

- გყავთ სადაქალო, რომელსაც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებით? იკრიბებით?

- მთელი ცხოვრების განმავლობაში, ეს ასე გრძელდებოდა. ბოლო რამდენიმე წელია, უკვე ყოველკვირა შეკრებას ვერ ვახერხებთ, რადგან ყველას შვილები გვყავს, სამსახურები გვაქვს... ცხოვრება რაღაცნაირი გახდა: წინათ ადამიანებს ეცალათ, საღამოობით იკრიბებოდნენ მეზობლები, მეგობრები... ახლა ვერავინ ვერაფერს ვასწრებთ. ის კი არა, მეგობართან დარეკვა მინდა ხოლმე, მთელი დღე მასზე ვფიქრობ, მაგრამ დროს ვერ ვპოულობ, რომ დავურეკო.A ამიტომ კვირაში ერთხელ სამეგობროს ნახვის ფუფუნება არ მაქვს. ცალ-ცალკე, "ალაგ-ალაგ" ერთმანეთს ვნახულობთ, ყველა ერთად კი ხშირად ვერ ვგროვდებით, ყველა ერთდროულად ვერ მოვიცლით ხოლმე.

- იშვიათი შეხვედრების გამო, მეგობრების მიმართ გაუცხოება გიგრძნიათ?

- არა, რასაკვირველია. ტელეფონით ან სოციალური ქსელით კომუნიკაცია სულ გვაქვს - ერთმანეთის შესახებ ვიცით, ვინ როგორ არის და ა.შ. შეიძლება, ორი კვირა ყველას ერთად ვერ ვნახულობ, მაგრამ მერე ვხვდებით ერთმანეთს. როგორ უნდა გაუცხოვდეს ადამიანი, რომელიც ჩემი ძალიან ახლო მეგობარია?!

- საკუთარ თავს ძლიერ ქალად მიიჩნევთ?

- კი, მე ძლიერი ქალი ვარ. ასე თვითონ ცხოვრებამ განაპირობა: ისეთ ფუფუნებაში არასდროს მიცხოვრია, რასაც "ხელისგულზე ტარება" ჰქვია, თუნდაც - ოჯახური მდგომარეობის გამო. თან, ბავშვი და მოზარდი ისეთ პერიოდში ვიყავი, როდესაც ჩემი და ჩემი თანატოლების გართობაზე, კეთილდღეობაზე, ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვისთვის არავის ეცალა. ყველა იმისთვის იბრძოდა, თუ როგორ მიეტანა საკვები სახლში. რაღაცნაირად, ბავშვები ერთმანეთს ვზრდიდით. სულ ეზოში ვიყავით, ვთამაშობდით, ვერთობოდით. გარკვეული კონფლიქტები გვქონდა, რომლებშიც მშობლები არასოდეს ერეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პრობლემების მოგვარება თავად მიწევდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ამას მივეჩვიე, რომ თუკი რაიმე არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, თავად ვუმკლავდებოდი. პრობლემების მოგვარება ან მათგან თავის დაღწევა ვისწავლე... მერე ჩემს ცხოვრებაში ოჯახი, ოჯახის დანგრევა, მარტოხელა დედობა იყო... ადამიანს ეს ყველაფერი ისე გწვრთნის, რომ შეუძლებელია, ძლიერი ქალი არ იყო და ყველაფერთან გამკლავება არ შეძლო. ოღონდ - "შეძლოში" იმას არ ვგულისხმობ, რომ დინებას მიჰყვებოდე და ინერციით იზრდებოდე - საკუთარ თავსაც და შენს შვილებსაც კარგი პირობები უნდა შეუქმნა... შემდეგ, მეორე ოჯახი შევქმენი. საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი რთულად "მეძლევა". ხანდახან მგონია, რომ სურვილები და ოცნებები მაშინ მიხდება, როდესაც აღარ მინდა ხოლმე. ამისგან ისე ვარ დაღლილი, რომ ვფიქრობ: ადამიანი ძლიერი რომ არ იყო, ალბათ, ბევრ რამეს ვერ შეძლებ. სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილვარ, აპათიის განცდა არასოდეს მქონია. ყოველთვის ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა არაფერი ხდება, შემიძლია, რაღაც მოვახერხო... მე ძლიერი ქალი ვარ!

- ცოლქმრული ურთიერთობა იდეალური როდის არის?

- როდესაც შენი მეორე ნახევრის შეცვლას კი არა, იმას ცდილობ, რომ მასთან ერთად ისწავლო ცხოვრება. ასეთი დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს. ჩემი მეუღლე განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს, რომ ისიც ასე ფიქრობს. არ შეიძლება, სულ ერთი ადამიანი ზრუნავდეს ოჯახურ კეთილდღეობაზე, მეორე კი უბრალოდ, კომფორტულად ცხოვრობდეს; არ შეიძლება, მე ვფიქრობდე ჩემს მეუღლეზე, ის კი - საკუთარ თავზე. ერთმანეთზე, ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, პრობლემები, კონფლიქტებიც ყველგან, ყოველთვის არის - შეუძლებელია, ადამიანთან ცხოვრება ისე დაიწყო, რომ ყველაფერი ლამაზად, რუსავით იღვენთებოდეს - შანსი არაა, მაგრამ ადამიანმა შენი მეორე ნახევარი უნდა შეისწავლო. როცა მის ხასიათს კარგად იცნობ და გინდა, ორივე კარგად იყოთ, რაღაცებსაც თმობ, თვალს ხუჭავ და ასეთი დამოკიდებულება ორმხრივია, ყველაფერი კარგად არის. ჩემს შემთხვევაში ასეა.

- შვილების აღზრდისას სირთულეები შეგქმნიათ?

GzaPress- რა თქმა უნდა, სირთულეები არის. ჩემი უფროსი გოგონა - ნიაკო 14 წლის ხდება. მოგეხსენებათ, ეს ასაკი ძალიან რთულია. მე არ მახსოვს, ამ ასაკში ასეთი რთული, შეუვალი, უკონტაქტო ვყოფილიყავი. ეს თაობა ცოტათი რთული ხასიათისაა: არც ახლოს გიშვებენ, არც ახლოს მოდიან. მოზარდს რომ ჰკითხო, რა უნდა რეალურად, პასუხი არ იცის. ძიების ასაკი აქვთ. მათთან ურთიერთობა რთულია, მეც ძალიან მიჭირს. ხანდახან მგონია, რომ ჩემს შვილს აღარ ვიცნობ. ამ დროს ნათელი დღეებიც არის ხოლმე (იცინის)... წინათ, 3 წლის განმავლობაში, საბავშვო ცენტრში ვმუშაობდი. ნიაკო ისეთი კარგი, სასიამოვნოდ გასაზრდელი ბავშვი იყო, რომ სულ ვფიქრობდი, - ეტყობა, იმდენი ბავშვი გავახარე, რომ ასეთი კარგი შვილი ჯილდოსავით მივიღე-მეთქი... უმცროსი გოგონა 4 წლის არის. უკვე ჰგონია, რომ "დიდია" და რაღაცები იცის - შენიშვნების მიღება, აკრძალვები აღარ უნდა. არადა, მე ცოტათი მკაცრი ვარ, უფრო ზუსტად მომთხოვნი - ზრდილობის, კულტურის, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში. ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია. ერთმანეთთან კონფლიქტი რომ აქვთ, სასაცილოები არიან. უმცროსი უფროსს ჰბაძავს, მის მსგავსად დადის, იქცევა. უმცროსს მელანია-მია ჰქვია. ნიაკოს სურდა, დაიკოსთვის მისი სახელის მსგავსი დაგვერქმია. მე "მელანიას" დარქმევა მსურდა. არც ერთს რომ არ დაგვწყვეტოდა გული, მელანია-მია დავარქვით (იცინის)... ძალიან საყვარლები და ლამაზები არიან. თავისი შვილი ყველა დედას ლამაზად მიაჩნია, მაგრამ ქუჩაში გვაჩერებენ ხოლმე - ვაიმე, რა ლამაზი ბავშვები არიანო! ჩემს გოგონებს განსაკუთრებული გარეგნობა აქვთ. ეს ძალიან მახარებს და ასევე, მაკომპლექსებს, როცა მეკითხებიან, - ვაიმე, შენი შვილები არიანო?!ნუთუ, ასეთი შეუხედავი ვარ (იცინის)? ნიაკოსაც მსახიობობა უნდა. ინგლისურს სწავლობს, ლოს-ანჯელესში, კინოაკადემიაში სწავლას აპირებს. დედის გზას ადგას. ვნახოთ, რას იზამს... რაც მე ვერ შევძელი, ნიაკომ უნდა შეძლოს. ყოველ შემთხვევაში, დამპირდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო. კარგად სწავლობს. გარეგნობაც ისეთი აქვს, რომ ქართველს დიდად არ ჰგავს...

- სხვებისგან ქალური შური ხშირად გიგრძნიათ?

- მტკივნეულად რომ მეგრძნო, ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ყოფილა სიტუაციები, როცა გარკვეულწილად, მიგრძნია. ხომ იცი, როცა კარგად ხარ, ვიღაცებს შურთ. შეიძლება, მოსწონთ, უხარიათ, რომ კარგად ხარ, მაგრამ თავადაც უნდათ... ქალური შური ჩემი უახლოესი მეგობრებისგან არა, მაგრამ სხვებისგან (მინიმალური დოზით) მიგრძნია.

- ყველაზე მეტად რა გაბედნიერებთ, კომფორტს რა გიქმნით ცხოვრებაში?

- ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ოჯახთან ერთად სადმე მივემგზავრები და მანქანაში ყველანი ერთად ვმღერით. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ.

- ეთო, როგორ ფიქრობთ, უდედოდ გაზრდამ თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა?

- უდედობა დიდად არ მიგრძნია. ჩემი უფროსი და მზრდიდა, რომელიც ჩემთვის ძალიან ახალგაზრდა "დედა" იყო. სულ მანებივრებდა, მახალისებდა... დაქალებივით ვიყავით. ცოტათი რომ წამოვიზარდე, ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და ახლაც არის. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ დედის კალთას მოგლეჯილ ბავშვად გავიზარდე. არა, ეს არ მიგრძნია. ეს არც კი მახსოვს... უბრალოდ, დედის ძებნა მაშინ დავიწყე, როდესაც დედა თავად გავხდი და რაღაცნაირად, მაშინ მომინდა ამ ქალის ნახვა... ვერ ვნახე და ეგ თემა დავივიწყე, მაგრამ მე მყავს "დედა" - ჩემი თინიკო (ჩემი და), რომელზეც მზე და მთვარე ამომდის. როგორი თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველიც ის იყო, მეც ისეთი დედა ვარ ჩემი შვილებისთვის...

ეთო ყორღანაშვილი