ალექს კიკვიძის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება - გზაპრესი

ალექს კიკვიძის თავგადასავლებით სავსე ცხოვრება

ალექს კიკვიძისთვის, რომელიც "X ფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ, ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია. მუდმივად ცდილობს, კარგ ხასიათზე დააყენოს ნაცნობები თუ უცნობები და ცოტა ხანს მაინც დაავიწყოს მათ ყოველდღიური საფიქრალი და სანერვიულო. ამაში კი იუმორი ეხმარება. "ეგია მთავრობა? ა, რამდენი ხალხია დასაქმებული, უყურებ?" - იხუმრა რედაქციაში სტუმრად მოსულმა იქ დასაქმებული ადამიანების შემხედვარემ. მეტროში რომ შევდივარ და ხალხის შეწუხებულ სახეებს ვუყურებ, მომინდება ხოლმე მათი გაცინება და უცებ, იმპროვიზაციას მივმართავ. ზოგს მართლა გულიანად გაეცინება ხოლმე ჩემს საქციელსა თუ სიტყვებზე, ზოგი კი ისე მიყურებს, ალბათ ფიქრობს, ვერ არისო, - ამბობს კონკურსანტი. ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, თუ რა გზა გაიარა ალექსმა პროექტამდე, რა უნდოდა ბარსელონაში და რატომ ეტკინა გული შვილის სიტყვების გამო.

- თუ გახსოვთ რეალითი შოუ - "მაგთი ფანი", მასში ვმონაწილეობდი ნათია თოდუასთან ერთად და სწორედ ნათიასთან წავაგე GSMS-ებში. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ და მისი საახლობლო წრე მე მგულშემატკივრობს. რაც შეეხება "X ფაქტორს", სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ პროექტში. ბარსელონაში ვიყავი და იქიდან რომ დავბრუნდი, მეგობარს - სოსო ახალკაციშვილს მივყევი დასარეგისტრირებლად. სოსომ, ბარემ აქ ხარ და განცხადება შეავსეო. ნასვამი ვიყავი და გავჯიუტდი, არა-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დავთანხმდი. ერთი-ორი სიმღერა ვიმღერე. არ მეგონა, თუ დამირეკავდნენ. რაკი შემარჩიეს, გადავწყვიტე, ყველაფერი ჩემი შვილებისა და ოჯახისთვის მიმეძღვნა.

- ბარსელონაში რატომ იყავი?

- ბარსელონაში რამდენიმე მეგობარი წავედით, ქუჩაში ვუკრავდით და ვმღეროდით. აქ ბარებში დაკვრას ცოტა ხნით იქ წასვლა და მუშაობა ვამჯობინეთ. პირველად 3 თვე ვიყავი, ვიზა არ დავარღვიე და დავბრუნდი, პატიოსანი მოქალაქე ვარ. მერე მეორედაც წავედით. მაგარი იყო ბარსელონა, უბრალოდ, იქ ქართველები არ უყვართ. გაფუჭებული გვაქვს სახელი, მაგრამ სულ ცოტათი მაინც მოვახერხე და შევაყვარე ჩემი ქვეყანა. მოსწონდათ ჩვენი დაკრული და გვეკითხებოდნენ, საიდან ხართო? საქართველო რომ ესმოდათ, გარბოდნენ. მგონი, პირველი ქართველი ვიყავი, რომელიც არ იპარავდა არაფერს, მარტო მეტროში ვიპარებოდი ხოლმე (იცინის).

- სადაური ხარ?

- წყალტუბოში დავიბადე. 9 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მოსკოვში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, იქ დავამთავრე სკოლა, დავბრუნდი და 2-3 წელი წყალტუბოსა და ქუთაისში ვიცხოვრე, მერე უკვე თბილისში. პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და დედამ გაგვზარდა. არ ვიცი, რა არის ბავშვობა ან რას ნიშნავს ბედნიერი ბავშვობა... მოსკოვში დედას ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ლავაშებს აცხობდა, მე კი მაღაზიებში ვარიგებდი. 10 წლის ვიყავი მაშინ. რთულია ცხოვრება, მაგრამ მაინც მშვენიერია. ყველაფერი ცუდად მახსენდება, რაც წყალტუბოში გატარებულ პერიოდს უკავშირდება და ამიტომაც არ მიყვარს იქ ჩასვლა.

- მუსიკით როდის მოიხიბლე?

- დედა ადრე ფორტეპიანოზე უკრავდა და უნდოდა, მეც მესწავლა. მოსკოვში ცხოვრებისას სტუდიაში დავდიოდი. იქ ქართველების კაფეში შაბათ-კვირას რამდენიმე ქართულ სიმღერას ვმღეროდი და მსმენელიც მახალისებდა. ისე, მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ქუთაისსა და წყალტუბოში "ბირჟაობის" მეტი, რა უნდა მესწავლა? სკოლის შემდეგ საცირკო-საესტრადოზე ჩავაბარე, ვოკალის განხრით. დაკვრა თვითონ ვისწავლე. ვახერხებ ფორტეპიანოზე, დრამზე, გიტარასა და ბასზე დაკვრას. ერთხანს მეგობართან ვცხოვრობდი, თან ერთად ვსწავლობდით. 2004-2005 წლები იქნებოდა, მე და მისმა ძმამ მიწისქვეშა გადასასვლელში რომ დავიწყეთ დაკვრა, თავისუფლების მოედანზე - მაშინ 20 წლის ვიყავი.

- გახსოვს პირველი დღე?

GzaPress- როგორ არ მახსოვს. მოვკვდი, ისე შემრცხვა, როდესაც გიტარის "ჩიხოლი" ძირს დავაგდე და ხალხის მზერა "დავიჭირე". მერე ფულის აღება - ეს საშინელება იყო, მაგრამ თანდათან შევეჩვიე და სმენა ისე განმივითარდა, ხმაზეც კი ვხვდებოდი, ლარიანს აგდებდნენ თუ ორლარიანს. დიდხანს ვუკრავდი ქუჩაში, 2010 წლამდე, რამაც განაპირობა ის, რომ არ ვარ მუსიკოსი ჩარჩოებში. რაც გონებასა და გულში მოდის, იმას ვაკეთებ. შეიძლებოდა, დღეში ან რამდენიმე საათში მეშოვა 50 და 100 ლარი მაშინ, როცა დილიდან საღამომდე ხალხი წვალობდა და 20 ლარს ძლივს იღებდა, მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა განვითარების თვალსაზრისით. არაჩვეულებრივი მსმენელი გვყავდა, პატარა კონცერტს ვმართავდით, ჩაგვქონდა დინამიკები, "ბარაბანი" და იმდენი ხალხი გროვდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელი იკეტებოდა. თან, მაშინ ამდენი მუსიკოსიც არ იდგა ქუჩაში.

- არ გიცდია სადმე მუშაობა?

- როგორ არა! როდესაც თამთა ნანოზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ ძალიან მიჭირდა და შუშების მწმენდავად დავიწყე მუშაობა. დილით 9 საათზე იწყებოდა სამუშაო, 6-ზე ვამთავრებდი და მერე მივდიოდი დასაკრავად. ძალიან ვიღლებოდი. არ არის ეს ჩემი საქმე და მირჩევნია, ისევ ქუჩაში დავუკრა-მეთქი, გადავწყვიტე. მუსიკა ჩემია, მსიამოვნებს, ხალხსაც ვაბედნიერებ ამით და საერთოდ, მუსიკა სიყვარულთანაა დაკავშირებული.

- ოჯახზე რას იტყვი? ალბათ, ყველაზე მეტად ისინი გგულშემატკივრობენ, არა?

- ჩემი მეუღლე თამთა კილასონია სტუდენტობისას გავიცანი. მის მეზობლად ვიქირავე ბინა. ერთმანეთს გავეპრანჭეთ, 3 წელი რომანი გვქონდა, ვხვდებოდით, მერე თერჯოლაში, დედაჩემის ბიძაშვილთან გავიპარეთ. 15 ლარი გვქონდა სულ. ძველი იკარუსით ვიმგზავრეთ, 10 ლარი მგზავრობაში გადავიხადეთ, 5 ლარად "კოკა-კოლა" და პური ვიყიდეთ. იქ კი კარგი იმერული სუფრა დაგვხვდა. მერე გვეყოლა ლუკა და ნანო.

- საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შექმნილმა ოჯახმა, როგორც ჩანს, გაამართლა.

- ჩვენნაირი გიჟი და ხმაურიანი ოჯახი არ არსებობს, სულ დაკა-დაკა გვაქვს, სულ ვკამათობთ რაღაცაზე, მაგრამ მაინც ერთად ვართ, აგერ, უკვე 12 წელია. შეიძლება, უაზრობაზე ვიკამათოთ და მეორე წუთში ამაზე გაგვეცინოს. ბედნიერები ვართ მიუხედავად იმისა, რომ დალხენილად და მდიდრულად არასდროს გვიცხოვრია. პატარა ოთახში ვეტევით, სულ 6 კვ მ-ია, თან ნაქირავებში, ერთ ბავშვს მე ვიწვენ, მეორეს თამთა, მაგრამ არ ვუშინდებით არაფერს. თურმე სკოლაში ბავშვებს ყოველდღე მიაქვთ ფული, 5 ლარი ბუფეტში შესასვლელად და ჩემს შვილს არაერთხელ დასწყვეტია ამის გამო გული. ერთხელ, როდესაც ლუკამ მითხრა, შენ სკოლაში არ წამიყვანო, სხვების მამებს მანქანით მოჰყავთ შვილებიო, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე და სკოლაში მართლა აღარ მიმყავდა. ლუკა ჩემნაირად ემოციურია, გულთან მიაქვს ყველაფერი, მაგრამ ახლა ბედნიერი და ამაყია. სკოლაში ყველა სცნობს, ეკითხებიან ჩემს ამბავს, მაგრამ თავში არ აუვარდა. კარგი ბავშვები არიან. გარეგნული იმიჯის მიუხედავად, ძალიან ტრადიციული ვარ, მიყვარს საქართველო, პატივს ვცემ წარსულს, წინაპრებს, ქართულ ადათ-წესებს, სუფრას, უბრალოდ, იმიჯი სხვანაირი მაქვს. რაც საქართველოს უხდება, ის ყველაფერი გულში მაქვს. მეამაყება ქართველობა და ასე ვზრდი ჩემს შვილებსაც, პირველ რიგში, სამშობლოს ვაყვარებ.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი? რა მოლოდინი გაქვს პროექტში?

- პირველ რიგში, მინდა, შვილები სწორად და კარგად აღვზარდო, გზა გავუკვალო და მიმართულება მივცე. ლუკას დიჯეობა უნდა, ნანო ელექტრონულ მუსიკას უსმენს და მინდა, შვილებთან ერთად სამომავლოდ საინტერესო პროექტი გავაკეთო. მე თვითონ ვწერ მუსიკასაც და ტექსტსაც, მაგრამ ჯერჯერობით არ მაქვს თანხა სიმღერის ჩასაწერად. რაც შეეხება "X ფაქტორს", მართლაც ძლიერი მონაწილეები არიან და დაძაბული ორშაბათები გველოდება წინ...

ნინო ჯავახიშვილი