ზურა მანჯავიძის სინანული და ბედისწერა - გზაპრესი

ზურა მანჯავიძის სინანული და ბედისწერა

რის გამო იღებს საყვედურებს და რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1971 წლის 31 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

GzaPress- ...მილიონერი "მაღაზიონერი". როცა ვხედავდი, ადამიანები მაღაზიებში პროდუქტსა და სხვა ნივთებს ყიდულობდნენ, ყველაფერი გამყიდველის კუთვნილება მეგონა. ჰოდა, მინდოდა, მეც ჩემი მაღაზია მქონოდა. როცა წამოვიზარდე, მსახიობობაზე ოცნება დავიწყე. სცენა, მაყურებელი, მსმენელი - ეს ყველაფერი ბავშვობის ოცნებების შემადგენელი ნაწილი იყო.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ჭკუამხიარული კაციაო. იმასაც ამბობენ, ზურა ძალიან ენერგიულიაო. ოჯახში უმეტესად ვისვენებ, ამ დროს ნაკლებად ენერგიული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ოჯახს, განსაკუთრებით - დედას და ჩემს ძმას, სოსო მანჯავიძეს, რომელმაც პირველმა მიმიყვანა ოთარ რამიშვილთან და დამაკვალიანა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ძირეულად არაფერს შევცვლიდი. გაცილებით მეტ დროს დავუთმობდი განათლების მიღებას, წიგნებს და მუსიკალურ სფეროშიც უფრო მეტს გავაკეთებდი. კიდევ, როიალზე დაკვრას ვისწავლიდი, საკუთარ თავზე მეტს ვიმუშავებდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს დიდი ოჯახი, ჩემს პატარა (ცოლ-შვილს გულისხმობს. - ავტ.) ოჯახთან ერთად. 7 დედმამიშვილი ვართ. სამწუხაროდ, მამა გარდაცვლილია. დედას ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს. მყავს კარგი მეგობრები და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კომფორტული ადამიანი ვარ. პრობლემებს არ ვქმნი. სხვისთვის ჩემი ტკივილის თავს მოხვევა არ მჩვევია. შეიძლება, ბევრი პრობლემაც მაქვს და სანერვიულოც, მაგრამ ამას ვერავინ შემატყობს. ჰოდა, ხალხს ჩემთან ურთიერთობა ალბათ, ამიტომაც უხარია. არაერთხელ უთქვამთ, - როგორი ადამიანი ხარ, არასდროს საკუთარ პრობლემებზე არ ლაპარაკობო. - ვინმე ამას მეკითხება? შემეკითხეთ და მოგიყვებით-მეთქი, - ვპასუხობ (იცინის).

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიფიცხე და თავშეუკავებლობაა. ზოგჯერ ემოციებს ვერ ვთოკავ. ხანდახან ენა მისწრებს წინ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მიყვარს და ვხედავ, ის ადამიანი გულწრფელია, თუ ჩემთან ურთიერთობაში შეცდომის დაშვებას აღიარებს. ყველაფრის პატიება შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...გრძელვადიან მომავალზე ფიქრი მიჭირს. ოპტიმისტი გახლავართ და საკუთარ თავს მომავალში უკეთეს მდგომარეობაში ვხედავ, ვიდრე ახლა ვარ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ლამაზ ქალს ვხედავ და როცა უხერხულ, ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში ვვარდები. უმეტეს შემთხვევაში მაინც, ქალბატონების სილამაზე მაბნევს. ასეთ დროს ენაც მებმება, ხელი სიმღერაშიც მეშლება, ტექსტი მავიწყდება...

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი და გამარჯვებული.

- როცა ამ პროექტიდან შემოთავაზება მივიღე...

- ...თავიდან მეგონა, სირთულეებს იოლად გავუმკლავდებოდი, მაგრამ როცა რეპეტიციები დაიწყო, მივხვდი, ძალიან გამიჭირდებოდა და ასეც მოხდა. მოძრაობების გაკეთება არ გამიძნელდა, მაგრამ სვლების თანამიმდევრობა მავიწყდებოდა. ამ ბოლოს უფრო შევეჩვიე, მუღამი დავუჭირე და თვითრწმენა გამიძლიერდა. პროექტიდან შემოთავაზება შარშანაც მქონდა, მაგრამ ძგიდის ოპერაცია გავიკეთე და ამის გამო ვეღარ დავთანხმდი. ჩემი მეწყვილე მაშინაც მზია ორველაშვილი უნდა ყოფილიყო. ქართულ ტურს ყველაზე მეტად ველოდი. არ მინდოდა, პროექტიდან მანამდე გავვარდნილიყავი, ვიდრე "ქართულს" არ შევასრულებდი. ბაღდადური ცეკვა ავირჩიე. ეს ცეკვა წინა სეზონებზე ცოტათი დაიჩაგრა და მინდა, რეაბილიტაცია მოვახდინო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელ ხალხს, უსამართლობას... წონასწორობიდან პოლიტიკოსებს გამოვყავარ. თავხედი მძღოლებიც მაღიზიანებენ. ვერ ვიტან ჩაგვრას, გინდ ადამიანის იყოს და გინდაც - ცხოველის. გაუწონასწორებელი ვხდები, როცა ბუნებას ანაგვიანებენ. საღორედ აქცევენ ადგილს, სადაც მეორე დღეს თავად უნდა მივიდნენ. ასეთ საქციელს ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი; ვერ გამიგია, რატომ უნდა გძულდეს ასე ბუნება და საკუთარი ქვეყანა?

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა. რა ვქნა, ძილი მიყვარს. ბოლო პერიოდში საკმარისად გამოძინებას ვეღარ ვახერხებ, ასეთი უძილობა ჯერ არ მქონია. მეზარება ოჯახში საყოფაცხოვრებო საქმეების დაწყება, მაგრამ თუ დავიწყებ, ვიდრე ბოლომდე არ გავაკეთებ, არ მოვეშვები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი. აბიტურიენტობის პერიოდში ექიმობას ვაპირებდი, პრაქტიკებსაც გავდიოდი, სტაჟს ვაგროვებდი, მაგრამ მერე ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში მათემატიკა დაამატეს და აღარ ჩავაბარე. ძალიან კარგი, ასე რომ მოხდა. ექიმი უნდა გამოვიდეს ის, ვისთვისაც ეს ნამდვილად მოწოდებაა. ჩემი აზრით, ცუდი ექიმი არ ვიქნებოდი, რადგან გულისხმიერი ადამიანი ვარ და ეს თვისება ექიმისთვის უპირველესია. ექიმიც და სასულიერო პირიც მოწოდებით უნდა იყო. ერთს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა აბარია, მეორეს - სულიერი. ექიმი იმ აზრს უნდა იყოს შეგუებული, რომ საკუთარ თავს კი არა, პაციენტებს ეკუთვნის. მომღერალი თუ კონცერტზე არ გავა და არ იმღერებს, ამით საკუთარი თავის გარდა, არავის არაფერს დაუშავებს. ექიმი მომღერალივით ვერ მოიქცევა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...თავს ვკარგავ. ადამიანმა ასეთ დროს არ იცის, სად არის, როგორ არის, რა განზომილებაშია, როგორ ცხოვრობს, როგორ დადის... გარშემო იმ ერთი ადამიანის გარდა ყველაფერი ფერმკრთალდება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეგობრებმა, კარგმა გარემომ, ქართულმა სუფრამ. ზოგჯერ საქეიფოდ განერვიულებული მივსულვარ და მერე იქ ყველაზე კარგი დრო მიტარებია. კარგ ხასიათზე კარგი სიმღერა და ცეკვაც მაყენებს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ძალიან ხშირად მივდივარ, მაგრამ გაუაზრებელი, გაუმართლებელი რისკები არ მიყვარს. ხშირია შემთხვევა, როცა მძღოლები იმის გამო, რომ სადღაც 2 წუთით ადრე მივიდნენ, გაუმართლებელ მოძრაობებს აკეთებენ. ამას რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვინ დათვლის?! მოითმინე, გაატარე, სად გეჩქარება?..

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, მაგრამ ვერაფრით ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა სიტყვები გულწრფელია. ადვილად ვხვდები, საქებარ სიტყვებს როდის მეუბნებიან გულწრფელად და როდისაა სიყალბე. ყალბ კომპლიმენტებს თავად საერთოდ არ ვამბობ. თუ ნამღერი არ მომეწონება, მირჩევნია, ხმა საერთოდ არ ამოვიღო, ვიდრე ვუთხრა, - რა კარგად მღერი-მეთქი.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ახლობლები მსაყვედურობენ, - დაგვეკარგე, ხშირად ვერ გნახულობთო. ოჯახში მსაყვედურობენ: სახლში არ ხარო. ხშირად ჩემს თავსაც იმავეს ვსაყვედურობ: ბევრი საქმიდან გამომდინარე, დროს სწორად ვერ ვანაწილებ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

GzaPress- ...ფორტეპიანოზე დაკვრა, ემოციების მოთოკვა... ზოგჯერ ვფიქრობ, ემოციების კონტროლი საჭიროა კი? დიახ, ხანდახან საჭიროა!

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების წესი იქნებოდა. ამდენი გაჭირვებული, ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი აღარ იქნებოდა. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანებს რაც შეიძლება ნაკლები ტკივილით ეცხოვრათ. ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩვენს ქუჩებში მეტი ღიმილი იქნებოდა.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას.

- ვნანობ, რომ...

- ...აფხაზეთის ომში ვერ ვიომე და ამის გამო გული ძალიან მტკივა. სურვილი მქონდა, წასასვლელად გამზადებულიც ვიყავი, მეგობრებთან შეთანხმებულიც, მაგრამ... მაშინ ახალი დაქორწინებული ვიყავი, პატარა შვილი მყავდა და მეგობრები მეუბნებოდნენ: ახლა - არა, მერე წავიდეთო. ბოლოს ისე მოხდა, ძმაკაცთან, ზურა კარანაძესთან ერთად უნდა წავსულიყავი, მან კი მომატყუა. მითხრა, ხვალ უნდა წავიდეთო, არადა, თვითონ იმ დღესვე წავიდა. სახლში რომ მივედი, მითხრეს, - ზურა თვითმფრინავით გაფრინდაო და მალე ამ თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი გავიგეთ. მე იმ თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, რომელიც ააფეთქეს. ამ ამბის გახსენება ემოციის გარეშე არ შემიძლია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ყველაზე ხშირად მამის დარიგებები მახსენდება. მეუბნებოდა, - ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ არ იცურო, ხანდახან დინებასაც უნდა გაჰყვეო. ერთხელ მითხრა: იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ ზოგჯერ ქარის მიმართულებით გადაწვე, ფესვებიანად რომ არ მოგგლიჯოსო. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ლავირების უნარის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და ქვეყანა - არა მხოლოდ სადღეგრძელოებში. გიყვარდეთ სამშობლო თავისი ბუნებით, არქიტექტურით, ტრადიციებით... დაბოლოს, გთხოვთ, მე და მზიას დაგვიმესიჯეთ (იღიმის).

თამუნა კვინიკაძე