იარაღის ტარება - უსუსური ადამიანის საქციელი - გზაპრესი

იარაღის ტარება - უსუსური ადამიანის საქციელი

ადამიანების დაშინება და ჩაგვრა, ე.წ. ბულინგი რომ ძალიან ცუდია, ამაზე ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება თანხმდება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული რთული სიტუაციები მაინც თავს იჩენს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოზარდებს ეხებათ... რა არის გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვის ცხოვრებაში უხეშადაც არ შეიჭრას და მისი თავისუფლება ზედმეტად არ შეზღუდოს, თან - არც მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩეს?

16 წლის მსახიობი - გიორგი ბარბაქაძე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" იმ მოზარდის (ჯეკოს) როლს ასრულებს, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა. გიორგის პერსონაჟის თავს დატეხილ ამბავს სერიალის მაყურებლები უემოციოდ ვერ შეხვდნენ - ისინი მოზარდებს შორის ჩაგვრის ამსახველ ეპიზოდებს სოციალურ ქსელში სტატუსებით ეხმაურებოდნენ...

გიორგი ბარბაქაძე: - მსგავსი რამ პირადად ნამდვილად არ გადამხდენია, თუმცა ბულინგი ყველა სკოლაში საკმაოდ პოპულარული თემა გახლავთ.

- შესწრებიხარ მოზარდების ჩაგვრას?

- არა, არ შევსწრებივარ, მაგრამ მაინც ნაცნობი თემაა - თუნდაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბები გავიხსენოთ...

- როლში როგორ "შეხვედი"?

- უბრალოდ, მაქსიმალურად ვეცადე, რომ იმ თემაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული, რასაც ვიღებდით. ალბათ, ნორმალურად გამომივიდა.

- ბულინგის ეპიზოდებში მონაწილეობა არ გაგიჭირდა?

- არა, რადგან მათეს (ვინც ჯეკოს ჩაგრავდა) როლის შემსრულებელი ჩემი ბავშვობის მეგობარია.

- ბევრი დუბლი დაგჭირდა?

- 6-7 და მგონი, ეს ბევრი არ არის.

- შენი აზრით, ჯეკოსთან დაკავშირებული პერსონაჟები ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ?

- ჩემი აზრით, როცა ჯეკომ ბიჭები მოიყვანა და მჩაგვრელები აცემინა, მოსაწონი არ იყო. მშობლების თემას რაც შეეხება, ალბათ ყველა დედ-მამა ასე მოიქცეოდა - თავის შვილს ყურადღებას მიაქცევდა.

- მშობლებთან თავად როგორი ურთიერთობა გაქვს? არის საკითხები, რასაც მათ ვერ უმხელ?

- მშობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათთან ვმეგობრობ, მაგრამ ალბათ, რაღაცები არის, რასაც ვერ ვუმხელ (იცინის).

- შენი აზრით, ბულინგის თემაზე გადაღებული ეპიზოდები მოზარდებზე როგორ იმოქმედებს?

- ალბათ, დადებითად. იქნებ ვიღაცებმა შეწყვიტონ ასე მოქცევა, ვინ იცის.

ჩვენ ჯეკოს მამის როლის შემსრულებელს, ლევან ყოჩიაშვილსაც დავუკავშირდით:

- ბულინგის თემასთან დაკავშირებით იმას ვფიქრობ, რასაც ყველა ადამიანი - ეს ძალიან ცუდია!

- გადაღების პროცესი დამთრგუნველი იყო?

- იცით, სერიალში მოვლენები ისე განვითარდა, რომ მშობლების "ხაზი" არ "ამოწეულა" - ეს ამბავი მშობლებს ასცდა, სხვამ მოაგვარა. გარკვეულწილად, ჯეკოს დედა - ნინა აქტიურობდა, მაგრამ ისიც მხოლოდ სკოლით შემოიფარგლა. როდესაც სერიები ვნახე, არ მესიამოვნა. სცენარი რომ წავიკითხე, ესეც დამთრგუნველი იყო.

- როგორ ფიქრობთ, ასეთ სიტუაციაში (როდესაც ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხდება) მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?

- არ ვიცი. ჯერ ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია და მერე - თავად რომ შეგემთხვევა... ბავშვებს დიდი ყურადღება სჭირდებათ გარშემო მყოფებისგან...

- თქვენი მოსწავლეობის პერიოდი გაიხსენეთ: თანაკლასელებს, თანასკოლელებს როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- იცით, უცნაურია, მაგრამ ჩვენს დროს სხვაგვარი სიტუაცია იყო. ჩხუბი ვის არ მოსვლია? მაგრამ ჩვენ მერე ვრიგდებოდით. ასეთი დაუნდობლობა, ჩაგვრისა და დამცირების პათოლოგიური სურვილი არ მახსოვს. გასაკვირი სწორედ ის არის, რომ ეს ახალი თაობა თითქოს უფრო ნათელი დროის თაობაა. დღეს ხომ 90-იანი წლები არ არის? ცოტა არ იყოს, უცნაურია, რა...

- როგორ ფიქრობთ, სერიალში ბულინგის ეპიზოდებს მოზარდები სწორად გაიგებენ? ეს სერიები მათზე როგორ ზეგავლენას მოახდენს?

- მგონი, კი, რადგან ისე იყო ნაჩვენები და "ხაზგასმული", რომ უნდა მიხვდნენ - ეს ცუდია და ადამიანს კარგს არაფერს მოუტანს, პირიქით - მის ღირსებას აკნინებს, ამცირებს... ადრე თუ გვიან, შენი საქციელი ადამიანს ყოველთვის მოგეკითხება - "ისე" არაფერი რჩება დედამიწაზე. ზუსტად ისე მოგექცევიან, როგორც თავად მოექცევი სხვებს და ეს სასიამოვნო არ იქნება. ალბათ, სერიალის ეს ეპიზოდები მოზარდებმაც და უფროსებმაც უნდა ნახონ და რაღაცებს მიხვდნენ...

ასმათ ტყაბლაძე: - საშინელებაა, როდესაც ბავშვები ერთმანეთს ჩაგრავენ, ხოლო როცა ეს ჩაგვრა სიცოცხლის მოსპობით სრულდება, უარესია! ამაში კომპლექსურადაა დამნაშავე ოჯახიც, სკოლაც, ქვეყანაში არსებული სოციალური სიტუაციაც და განათლების სისტემაც.

- კონკრეტულად, მშობლები რა შეცდომას უშვებენ?

- დამნაშავეს რომ მფარველობენ, ეს უკვე დიდი შეცდომაა. მოზარდს მეორედაც უჩნდება სურვილი, რაღაც დააშავოს და იმედი აქვს, მშობელი მფარველობას გაუწევს (მით უმეტეს, თუ მას ამის საშუალება აქვს).

- თუმცა, არა მგონია, რომელიმე მშობელს უნდოდეს, მისი შვილი დამნაშავედ ჩამოყალიბდეს...

- რა თქმა უნდა, მაგრამ საქმითაც ისე უნდა გააკეთონ, რომ ეს არ მოხდეს - სათანადოდ გაზარდონ და გააგებინონ. საბჭოთა კავშირის პერიოდში კარგი რაღაცებიც იყო და უნდა დაეტოვებინათ: ბავშვებს ქუჩაშიც ამოწმებდნენ, ჯიბეში იარაღი ჰქონდათ თუ არა. მოზარდებს ჯიბეში ლურსმნის ჩადების უფლებაც არ ჰქონდათ. დღეს ლამის ყოველდღე გვესმის: "2 კაცი მოკლეს ცივი იარაღით..." საერთოდ, წინათ სიტყვას უფრო დიდი ძალა ჰქონდა. იარაღის ტარება ყველაზე უსუსური ადამიანის საქციელია: როდესაც სხვა ძალა არ აქვს - არც სიტყვით და არც საქმით, იარაღს ატარებს - ეს ყველაზე დიდი უბედურებაა!

- ბავშვის აღზრდისას მშობლებს რა მნიშვნელოვანი დეტალები არ უნდა გამორჩეთ?

- შვილებს წიგნი, დადებითი ზღაპარი უნდა წააკითხონ, დადებითი პერსონაჟებით ასწავლონ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. ბავშვებმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაონ სიკეთე და ბოროტება, კარგი და ცუდი, დადებითი და უარყოფითი. ეს მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდნენ!

- ბულინგის მსხვერპლი ოდესმე თუ გამხდარხართ ან ასეთ შემთხვევას შესწრებიხართ?

- მაპატიეთ, სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ისეთი კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი, რომ როცა ბიჭები ჩხუბობდნენ, ჩავერეოდი და ვაშველებდი. ახალგაზრდა ბიჭები მოზრდილ ასაკშიც გამიშველებია...

ნინო ძოწენიძე: GzaPress- სხვათა შორის, როცა მშობელთა კრებაზე დავდივარ, ყოველთვის ვამბობ: მე ნიშნები არ მაინტერესებს, მნიშვნელოვანი ბავშვების ურთიერთობებია-მეთქი. როცა სკოლაში რაღაც პრობლემა იყო, ყოველთვის ვითხოვდი, რომ 1 საათი ან 40 წუთი ურთიერთობის თემას დათმობოდა. კლასში ბულინგი ხდებოდა. ჩემს შვილს ეგ პრობლემა არ ჰქონია და ღმერთმა ნუ ქნას, ჰქონდეს, მაგრამ მარტივად შეიძლება, რომ პრობლემა მასაც შეექმნას. ამიტომ ურთიერთობის საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამაზე პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ.

- მშობლების როლი როგორ გესახებათ?

- ბევრი პრობლემა ოჯახიდან მოდის. გამიგია, რომ ბიჭებს შინ ეუბნებიან, - თუ ვინმე წაგეჩხუბება და დაგარტყამს, ადექი და შენც დაარტყიო. სიმართლე გითხრათ, ასეთი მიდგომა არ მომწონს. ჩემს შვილს არასოდეს ვეუბნები, - ადექი და შენც დაარტყი-მეთქი. შეიძლება, სანდრომ პრობლემა საუბრით მოაგვაროს. ასეთ საკითხებზე ხშირად ველაპარაკები. ოჯახში ამ თემას ზოგი არასწორად უდგება და ბავშვებს ცოტათი უხეშ თავისუფლებას აძლევენ. შემდეგ, ამ თავისუფლებაში ალბათ, ბავშვი ცოტათი "ირევა" - გარე სამყაროსთან, სოციუმთან პრობლემა აქვს. ამიტომ სკოლაში ამ საკითხზე სამუშაოდ 40 წუთი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი...

გიორგი მეგრელიშვილი: - ბულინგი ძალიან მტკივნეული თემაა. ეს მხოლოდ თავის დამკვიდრების გამო არ ხდება. მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, მაინც უფრო ვიღაცას ჰბაძავ, ინფორმაცია არასწორად გაქვს მიღებული, თუ როგორ დაიმკვიდრო თავი მეგობრებს შორის... მშობლებმა დიდი წვლილი უნდა შეიტანონ იმაში, რომ შვილებს აუხსნან, რა არის კარგი და რა - ცუდი.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვის ცხოვრებაში არც ზედმეტად ჩავერიოთ და არც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, პრობლემები გამოგვრჩეს?

GzaPress- რა ვიცი, ყველანაირად. ამისკენ უნდა იყოს პროპაგანდა მიმართული, ამაზე ყველგან უნდა საუბრობდნენ, რომ არ შეიძლება, ვიღაც დაჩაგრო. თუ ძალა გერჩის, ე.ი. სპორტზე უნდა იარო, მაგრამ თუ სპორტზე ვერ დადიხარ, ე.ი. საშუალება არ გაქვს, თუმცა სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი ხომ არის და ხედავს, რომ ამ ბიჭს ძალა ერჩის? ბავშვისთვის ხელშეწყობას ყველანაირად უნდა ეცადონ. ბავშვი რაც უფრო დაკავებულია, უკეთესია. თუ უსაქმურად დაყიალებს, რაღაც ცუდს დაიმართებს. დაკავებული თუ არ არის, ესეც ყველას ბრალია - მშობლის, სკოლის, გარშემო მყოფების, მით უმეტეს - თუ ბავშვს სოციალურად უჭირს. საერთოდ, მგონია, რომ აგრესია მატერიალური სიდუხჭირის გამო იჩენს თავს, რაც უკვე სახელმწიფოებრივი პრობლემაა.

- თქვენს 15 წლის ვაჟთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? - პირადად მე, მამასთან ძალიან ახლო და "გახსნილი" ურთიერთობა არ მქონია. მინდა, ჩემი შვილის შემთხვევაში პირიქით იყოს... მსურს, ჩემი ვაჟი სპორტით "დაღლილი" იყოს, რომ სხვა რამისთვის დრო არ ჰქონდეს. როგორ შეიძლება, ბიჭი ისე გაიზარდოს, რომ ვინმესთან არ წაკინკლავდეს? მთავარია, არ დაჩაგროს და არ დაიჩაგროს. რაღაცნაირად, შვილებისთვის მაგალითის მიმცემი მშობლები უნდა ვიყოთ. კიდევ, ბავშვს ოჯახში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს - შინ თუ რაღაც არასწორადაა, ბავშვის ფსიქიკა მაშინ ინგრევა, აგრესიული ხდება, უნდა, რომ ვიღაცას ყოფა უტიროს... გაჭირვების გამოა, რომ ადამიანები ცუდ რაღაცებს სჩადიან... ჩემს შვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. რაღაც პრობლემები მასაც აქვს, მაგრამ ვცდილობ, არ გაბოროტდეს - მთავარი ეს არის. ბავშვს ცხოვრება სიკეთით, საუბრით, კარგი ურთიერთობით, მიტევებით უნდა ასწავლო. ასე უკეთესი ვაჟკაცი გაიზრდება, ერთი დარტყმით კი შეიძლება, მომავალი დაკარგოს. საზოგადოებაში თავი განათლებით, პროფესიონალიზმით უნდა დაიმკვიდრო და შენი წარმატებით ქვეყანა ასახელო. დაჩაგვრა უნდა "ამოვიღოთ", მით უმეტეს - ყველა ერთმანეთის ახლობლები ვართ. ყველაზე მურტალი იცი, რა არის? საუკეთესო ტიპები ერთმანეთს ირჩევენ და ბოლოს უღებენ, იმის ნაცვლად, რომ ერთად ვიყოთ და გავძლიერდეთ...

ეთო ყორღანაშვილი