"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..." - გზაპრესი

"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..."

ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა. მისი მოლოდინი, რომ კარგი დუეტი გამოვიდოდა, გამართლდა. "ჩამოყალიბებული არტისტი", "გონიერი მომღერალი", "შენ შეძელი და ამატირე. მე თუ ვტირი, ე.ი. ძალიან მომწონს", "როდესაც ვუსმენ, სიცოცხლე მიხარია, დაბადებულია სიმღერისთვის", "გარდა ფენომენალური ვოკალისა, აქვს საოცარი არტისტული მონაცემები", - ასეთი იყო სხვადასხვა დროს ჟიურის წევრების შეფასება... ლიკუნა 15 წლისაა, უყვარს ჯაზი, ბლუზი, პოპი, უსმენს სტივ უანდერს, რეი ჩარლზს, არიანა გრანდეს, ანეტა ფრანკლინს...

- 6 წლიდან ვმღერი. დავამთავრე გოგი ცაბაძის სახელობის მუსიკალური სკოლა, შემდეგ კი კერძო პედაგოგებთან გავაგრძელე სწავლა. მშობლების დიდი სურვილი იყო, მიმეღო მუსიკალური განათლება. დედასაც დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებელი, თუმცა მხოლოდ საახლობლო წრეში მღერის. მყავს უფროსი და, 18 წლის, რომელიც კარგად ხატავს, უმცროსი კი 5 წლისაა. მას კარგი სმენა აქვს და ეჭვი მაქვს, ისიც იმღერებს. ის ჩემს დაბადების დღეზე დაიბადა, 5 ივლისს და უბედნიერესი ვიყავი, რომ დედამ ასეთი საჩუქარი გამიკეთა.

- როგორი იყავი პატარაობისას?

GzaPress- ცელქი, თავისუფალი, გახსნილი, გიჟი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ (იცინის). მიყვარს ფრენბურთი, კალათბურთი, ფიგურული სრიალი. მოკლედ, სპორტულად აქტიური ვარ. დავდიოდი თეატრალურ სტუდიაშიც. ბუნებით მეოცნებე და რომანტიკული ვარ. ყველგან სიყვარულსა და სითბოს ვეძებ, ვწერ დღიურს, გულჩვილი ვარ და მალე მწყინს რაღაცები, გაბუტვაც ვიცი. მართალია, ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ მგონი, სხვები მაინც მამჩნევენ. მეგობრული ვარ, გამორჩეულად იკაკო ალექსიძეს დავასახელებ. იკაკო 6 წლის წინ, "ახალი ხმის" კასტინგზე გავიცანი და დავმეგობრდით. ამიტომაც ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც "4 სკამის" ტურზე შეიძლებოდა მე აღმოვჩენილიყავი მის ნაცვლად. მართლა უახლოესი მეგობარია. ისე მიყვარს, რომ მგონი, სხვა არავინ არ მყვარებია ასე და როდესაც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა იკაკო ჩემ გამო პროექტს გამოთიშოდა, საშინლად ცუდად ვგრძნობდი თავს.

- საინტერესოა, მეგობრებს რა ნიშნით ირჩევ?

- თვისებებითა და ხასიათითაც უნდა მგავდეს, რომ კარგად გავუგო. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, კეთილი, მეგობრული, თავმდაბალი და გულწრფელი. არ მიყვარს, როდესაც პატარები დიდებად წარმოაჩენენ თავს, სჯობს ნამდვილები და ბუნებრივები იყვნენ. ნაძალადევი არაფერი მომწონს. ჩემზე ყველა აღნიშნავს, რომ გულწრფელი ვარ, რაც ძალიან მახარებს.

- რადგან შენს თანატოლებზე ვსაუბრობთ, ახლა აქტუალურია ბულინგისა და ძალადობის თემა. რას იტყვი, შენ გარშემო მართლაც ასე ხშირია მსგავსი შემთხვევები?

- სკოლებში ბიჭებიცა და გოგონებიც ერთმანეთს ჰბაძავენ. ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, რატომღაც აგრესიულები ხდებიან და ამას ნორმალურად თვლიან. ხშირად დასცინიან ერთმანეთს. ნამდვილად ყოფილა ასეთი ფაქტები, ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები იმის გამო, რომ სათვალე მიკეთია, მაგრამ რა ვქნა? სულაც არ მწყინს ეს ამბავი, რადგან ვთვლი, რომ მიხდება. შევსწრებივარ სხვისი დაცინვის ფაქტებსაც და ასეთ დროს ყოველთვის ცუდი რეაქცია მქონია. თან ვფიქრობ, ჩავერიო თუ არ ჩავერიო, იქნებ ეს იმ ორი ადამიანის საქმეა და არა ჩემი, მაგრამ ვთვლი, რომ სწორედაც უნდა ჩაერიო და ასე ებრძოლო ბულინგს. ერთხელ ბიჭმა შეურაცხყოფა მიაყენა გოგოს, გამოვესარჩლე და იმ ბიჭს შენიშვნა მივეცი. იცით, რა მითხრა? - შენ ვინ გეკითხებაო? მაგრამ მგონია, მერე მაინც დაფიქრდებოდა თავის საქციელზე და მიხვდებოდა, რომ არასწორად მოიქცა.

- როგორი მოსწავლე ხარ და თუ გაქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევ?

- კარგად ვსწავლობ, თუმცა ბოლო პერიოდში "X ფაქტორის" გამო ვეღარ ვასწრებ სკოლაში სიარულს და პროგრამას ჩამოვრჩი, მაგრამ გამოვასწორებ. დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ეს პროექტი. პროფესია ჯერ არ მაქვს არჩეული, მუსიკა რომ იქნება რაღაც დოზით, ეგ უკვე ვიცი. შეიძლება, მიუზიკლი ავირჩიო, რადგან მსახიობობაც მინდა.

- მშობლები რას გირჩევენ?

- იციან, რომ მუსიკა და სიმღერა ძალიან მომწონს და მაბედნიერებს. თვითონაც მოსწონთ ჩემი ნამღერი და თან, არ არიან ისეთი მშობლები, შვილებს რომ აიძულებენ, გინდა თუ არა, სამედიცინოზე ჩააბარეო. რაც მსიამოვნებს, იმას მივყვები.

- მკაცრი მშობლები გყავს? რაზე გიბრაზდებიან, რას გიკრძალავენ?

- თბილები არიან, მაგრამ უცებ შეიძლება რაღაცაზე გამიბრაზდნენ კიდეც და მეჩხუბონ. მაგალითად, 10 საათზე თუ უნდა ვიყო სახლში და სულ რაღაც 10 წუთით გადავაცილე დათქმულ დროს, ამაზე მიბრაზდებიან. დედა შორსაა ჩვენგან და ამიტომ განსაკუთრებით ღელავს ჩემ გამო. ძალიან მგულშემატკივრობს ჩემი დიდი ბებია, დედაჩემის დედა. მან მოსვენება დაკარგა მას შემდეგ, რაც "X ფაქტორი" დაიწყო.

- როგორ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა, დამოუკიდებლად თუ ვინმემ გირჩია?

- იკაკომ მითხრა, - კასტინგები დაიწყო, მოდი, ერთად გავიდეთ და ბედი ვცადოთო. მეც ჭკუაში დამიჯდა. არ მეგონა, აქამდე თუ მოვიდოდი, გამიმართლა კასტინგზეც და ე.წ. სკამების ტურზეც.

- დედა საზღვარგარეთ არის, როგორც ვიცი. 13-14 წლის გოგოსთვის დედის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ გაგიჭირდა უმისობა. ვინ არის თქვენ გვერდით, ვინ გეხმარებათ დებს საოჯახო საქმეებში?

- დედა ისრაელშია სამუშაოდ წასული. თავიდან, რა თქმა უნდა, ყველას უჭირს უდედობა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაცნაირად ეგუები ამას. მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. იცის, თუ ვინმე მომწონს და რჩევებს მაძლევს. ძალიან თბილია, მაგრამ ყოველ წუთში არ შეუძლია ამის სიტყვებით გადმოცემა. მეც ასეთი ვარ. ყოველთვის არ შემიძლია ვუთხრა - "მიყვარხარ", რაღაცნაირად მრცხვენია... მენატრები-მეთქი, ამას კი ვეუბნები ხოლმე, მაგრამ ამის თქმასაც ვერიდები, რადგან არ მინდა, გული ეტკინოს და განერვიულდეს იმის გამო, რომ ჩვენთან არ არის... ბებია გვეხმარება და ზრუნავს ჩვენზე, თუმცა საოჯახო საქმეებსა და პრობლემებს ძირითადად, ჩვენით ვაგვარებთ ხოლმე.

GzaPress- რა განცდა გქონდა, როდესაც პირველად ამდენი მსმენელის წინაშე იმღერე?

- ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან პირდაპირ ეთერში ყველა შეცდომა თვალნათლივ ჩანს. ნელ-ნელა ვეჩვევი, გამოცდილებას ვიძენ. ყველაზე რთული მომენტია, როდესაც აუტსაიდერებს ასახელებენ და გგონია, რომ სადაცაა, შენს სახელსა და გვარსაც იტყვიან.

- რას იტყვი შენს მენტორზე?

- ნანუკა ისეთი მაგარი მენტორია, რომ ვერც წარმოვიდგენდი. კარგად იცის, ბავშვებთან როგორ მოიქცეს, მეგობრულია და საოცრად გულწრფელი, ყურადღებიანი, სწორ შენიშვნებსა და რჩევებს გვაძლევს.

- რა გასწავლა "X ფაქტორმა"?

- ვგრძნობ, რომ პირველი კასტინგის შემდეგ გამოცდილება, თავდაჯერებულობა მემატება და პროფესიული თვალსაზრისით ვიზრდები. სულ ვამბობ, რომ თუ დავტოვე პროექტი, გული დამწყდება, მაგრამ ესეც საკმარისია, რასაც მივაღწიე-მეთქი. ისე, რაც უფრო წინ მივდივარ, მერე უფრო და უფრო მინდა გამარჯვება. რაც მთავარია და რაც ძალიან მახარებს, ეს ხალხის სიყვარულია, ბევრ თბილ სიტყვას მწერენ.

- ბრძოლისუნარიანი ხარ?

- მიყვარს შრომა და გულწრფელად გითხრათ, მებრძოლიც ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ რაც ხდება, მაინც ღმერთის ნება და კიდევ, ბედისა და იღბალის დამსახურებაა!

ნინო ჯავახიშვილი