ია სუხიტაშვილი ლამაზი სიყვარულის ამბავს იხსენებს - გზაპრესი

ია სუხიტაშვილი ლამაზი სიყვარულის ამბავს იხსენებს

მალე იას მონაწილეობით, ლევან კოღუაშვილის ფილმის - "შემთხვევითი პაემნები" პრემიერაც გაიმართება. როგორც მსახიობი ამბობს, მიმდინარე წელიწადი მისთვის შემოქმედებითად "მსუყე" აღმოჩნდა.

- გაიხსენეთ პირველი ცეკვა, რომელიც მეუღლესთან ერთად შეასრულეთ...

- ეს ცოტა ხნის წინ, პროექტ "ბრავოში" მოხდა. ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ვინერვიულე, რადგან მიშასთან ერთად სცენაზე პირველად ვიდექი. მოგეხსენებათ, მიშა მხოლოდ კინომსახიობია და თავადაც ძალზე ნერვიულობდა. მგონი, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა.

- მანამდე ერთად არასოდეს გიცეკვიათ?

GzaPress- კლუბში, ქორწილში და დაბადების დღეზე "თავისუფალი" ცეკვა შეგვისრულებია, მაგრამ ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პუბლიკა პარტერში მჯდარიყო, ჩვენ კი სცენაზე "მინისპექტაკლი" დაგვედგა.

- პირველი იღბლიანი გადაწყვეტილება...

- ეს მაშინ მოხდა, როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ ერთგვარი იღბალია, როცა ისეთ საქმეს აღმოაჩენ, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. პროფესიული არჩევანის გამო ბევრი ადამიანი იმედგაცრუებულია - ხვდებიან, რომ არჩეული საქმე "მათი" არ არის. მე კი ვხვდები, რომ მსახიობობა ძალიან "ჩემია" და მიხარია.

- პროფესიული არჩევანით ოდესმე თუ გინანიათ?

- მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მსახიობობა საკმაოდ დეპრესიული პროფესიაა, ჩემი არჩევანი არასდროს მინანია. იმედია, არც მომავალში ვინანებ...

- პირველი პრობლემა, რომელიც შვილმა გაგიზიარათ...

- რამდენიმე თვეა, რაც ფეხბურთზე დადის. 2 კვირის წინ, სხვა გუნდთან ჰქონდათ შეხვედრა. ისე მოხდა, რომ მხოლოდ ის ბავშვები ათამაშეს, ვინც ფეხბურთზე შარშან მივიდნენ. არადა, გუნდის მწვრთნელი შეპირებული იყო, რომ ბოლო 10 წუთს უმცროსებსაც ათამაშებდა, მაგრამ უამინდობის გამო, პატარები "დაზოგეს". ლუკამ დამირეკა და "სასწაულები" ილაპარაკა. ძალიან გაბრაზებული, გაცოფებული იყო! მისი დამშვიდება ვერაფრით მოვახერხე. პირველად წააწყდა ისეთ პრობლემას, რომელიც ძალიან "ეტკინა". მთელი საათი გაუჩერებლად ქაქანებდა (იღიმის). მოგვიანებით გაბრაზებამ გადაუარა, ბოღმიანი არ არის...

- პირველი სიგარეტი...

- სიგარეტი ძალიან მტკივნეული ამბის - მამის გარდაცვალების შემდეგ მოვწიე. მაშინ 22 წლის ვიყავი... რა თქმა უნდა, დღეს ამას ვნანობ. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიდან მწეველი არავინ ყოფილა.

- პირველი სადღესასწაულო სუფრა, რომელიც თავად მოამზადეთ...

GzaPress- არჩილ გომიაშვილის სტიპენდიანტი ვიყავი. რუსთაველის თეატრში ხელფასი 75 ლარი მქონდა, სტუდენტური სტიპენდია კი - 100 ლარი. კარგად მახსოვს ჩემი დაფინანსებული პირველი საახალწლო სუფრა, რისთვისაც 3 თვის სტიპენდია გადავდე. ნაძვის ხე და ახალი სათამაშოებიც თავად შევიძინე. ძალიან გახარებული ვიყავი! მშვენიერი სუფრა გავშალეთ, მაგრამ კერძები მე არ მომიმზადებია.

- კერძებს საერთოდ არ ამზადებთ?

- როგორ არა, მაგრამ წვნიანი კერძების მომზადება არ გამომდის. ქათამს ვწვავ, სალათებსაც ვამზადებ, ბადრიჯანიც შემიწვავს, მაგრამ არავინ მითხრას, რომ ამას "კერძის მომზადების ცოდნა" ჰქვია. აჩმას რომ აცხობ, ეს სხვა რამ არის... მე მსგავსი საქმეები არ მაინტერესებს, არ "მევასება".

- პირველი ქათინაური, რომელიც რობერტ სტურუამ გითხრათ...

- პირველად სპექტაკლში - "ჰამლეტი" ვითამაშე, ოფელიას როლი შევასრულე. ჩემს სცენებს ემოციური ტაში მოჰყვა. სპექტაკლი რომ დასრულდა და კულისებში გავედი, რობერტ სტურუამ დამიძახა და მითხრა, - თეატრში ახალმოსული მსახიობებიდან ასეთი დებიუტი არავის ჰქონიაო. მის გვერდით გია ყანჩელი იდგა. ძალიან გაწითლებული და გახარებული ვიდექი. კარგად მახსოვს, 7 ნოემბერი იყო...

- პირველი ინტერვიუ...

- ავთო ვარსიმაშვილმა სატელევიზიო ფილმი - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" "რუსთავი 2"-ის დაკვეთით გადაიღო. მაშინ თეატრალური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა. ჯერ "ჰამლეტის" პრემიერაშიც არ მქონდა ნათამაშები. გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტი მოვიდა. ფილმში რამაზ ჩხიკვაძე, ნიკო გომელაური, გიორგი ყიფშიძე, ცხონებული მიშა ჯოჯუა თამაშობდნენ. ჟურნალში ყველა მსახიობის ფოტო გამოაქვეყნეს, ჩემი სურათი კი ზურგიდან იყო გადაღებული ანუ არაფრად მიმიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ როლს ვასრულებდი. მერე სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდა...

- პირველი პაემანი...

- შეიძლება, გაგიკვირდეს, მაგრამ სკოლა ისე დავამთავრე, შეყვარებული და "მოწონებული" არ მყოლია. მოსწავლეს სულ მოკლე ვარცხნილობა მქონდა, ყოველთვის ძალიან გამხდარი ვიყავი და ბიჭებს არ "ვევასებოდი". თეატრალურში ჩაბარების შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან მაგრად უნდა "გამექაჩა" და პირადი ცხოვრებისთვის არ მეცალა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მყავდა ბევრი თაყვანისმცემელი და მთელი ამბები, მაგრამ პირველი პაემნის გახსენება არ მინდა...

- პირველი მესიჯი, რომელიც მობილური ტელეფონით გაგზავნეთ...

- აუ, ნაღდად არ მახსოვს. უბრალოდ, რა ფირმის მობილური იყო, ის მახსოვს.

- რამდენი წლის იყავით, როცა მობილური ტელეფონი პირველად შეიძინეთ?

- 21-ის. სხვათა შორის, ავთო ვარსიმაშვილმა სატელევიზიო ფილმში რომ გადამიღო, იმ ჰონორარით ვიყიდე (იცინის). თანხა კიდევ დამრჩა, რადგან ტელეფონი ძალიან ძვირი არ ღირდა. ახლა რომ მახსენდება, ის მობილური კარგი დიდი "ჯაგა" იყო, მაგრამ მაშინ "ძაან პონტად" მიიჩნეოდა.

- პირველი ფილმი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- "ქარწაღებულნი". მახსოვს, მინდოდა, სკარლეტი ვყოფილიყავი... ჩემზე ასეთივე ძლიერი შთაბეჭდილება "ნათლია" მოახდინა, ოღონდ - მარლონ ბრანდოსა და ალ პაჩინოს ნათამაშებმა.

- პირველი სამაგალითო ადამიანი...

GzaPress- ჩემი მშობლების ურთიერთობა ჩემთვის ფენომენია, მაგრამ ბებიაჩემი (დედაჩემის დედა) დღემდე სამაგალითოა: თუკი რაიმე კარგი თვისება მაქვს, ეს ბებიის დამსახურება გახლავთ. ის შვილიშვილებს ძალიან კარგად გვიხსნიდა, რატომ არ უნდა გვშურდეს, ვბრაზობდეთ და ა.შ. მახსოვს, სხვებიც რაღაცებს მარიგებდნენ, მაგრამ ისეთი ფორმითა და ტონით, რომ უფრო ცუდის გაკეთების სურვილი მიჩნდებოდა, ბებია კი ყველაფერს ბავშვისთვის გასაგები ენით გვიხსნიდა. მან ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. თან, მაგალითი მომცა, თუ როგორ შეიძლება ნათესაური ურთიერთობების შენარჩუნება. დედის და მამის მხრიდან დიდი სანათესავო მყავს. უკვირდათ, ბებია ყველასთან ურთიერთობას როგორ ახერხებდა... უსაყვარლესი ქალი და არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. მადლობელი ვარ, რომ არსებობდა და გული მწყდება, რომ დღეს ცოცხალი აღარ არის. თურმე, ბებიას და ბაბუას ერთმანეთი პირველი კლასიდან უყვარდათ. ერთ მერხთან ისხდნენ და მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ბებია ამბობდა, - არ მახსოვს დღე, რომელიც მის გარეშე გამიტარებიაო. როცა ბაბუა მივლინებაში მიდიოდა, ბებიაც მიჰყვებოდა და პირიქით... როცა ბებია გარდაიცვალა, ბაბუა - ეს ჯანმრთელი კაცი ადგა და ლოგინში ჩაწვა. ფაქტობრივად, "თავი მოიკლა", რადგან 4 წელი იწვა: არც ჭამდა, არც - სვამდა, ურთიერთობა არავისთან უნდოდა. ხანდახან შვილიშვილებს თუ გაგვიღიმებდა ხოლმე... სულ ბებიაზე ლაპარაკობდა. ასეთმა სიყვარულმა შემძრა! მსგავსი ძლიერი სიყვარულის ამბავი არასოდეს გამიგონია... ბაბუა თანდათან დასუსტდა, მისმა ორგანიზმმა ფუნქციები დაკარგა, თან - ასაკოვანი იყო და გარდაიცვალა...

- პირველი ცხოვრებისეული გამოცდა...

- ფეხმძიმედ რომ ვიყავი, გამოცდა იყო, აბა, რა? როცა მივხვდი, რომ დედა გავხდებოდი, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ბავშვები მიყვარს, მაგრამ ვერ ვეფერები - პატარებს "ცივი" ვგონივარ და ჩემთან ნაკლებად ურთიერთობენ. ლუკა რომ გაჩნდა, ჩემს ტვინში ყველაფერი "გადატრიალდა". დედაჩემსაც არ ეგონა, თუ ასეთი მოსიყვარულე ვიქნებოდი, თუმცა, ჩემს მზრუნველობასა და პასუხისმგებლობაში ეჭვი არ ეპარებოდა (იცინის). ლუკა ერთადერთი ბავშვია, რომლის მიმართაც სითბოს გამოვხატავ. ამ ადამიანის არსებობამ ძალიან შემცვალა.

ეთო ყორღანაშვილი