რის გამო უბრაზდება ხოლმე ია ტომაში საყვარელ ადამიანს - გზაპრესი

რის გამო უბრაზდება ხოლმე ია ტომაში საყვარელ ადამიანს

24 წლის ია ტომაში პროფესიით ტურიზმის მენეჯერია. რადგან "X ფაქტორში" მონაწილეობა დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვდა მისგან, პროექტის გამო, სამსახურს თავი დაანება. კონკურსანტს ტელეკომპანია "იმედში" რეპეტიციამდე შევხვდი (ინტერვიუ ჩაწერილია 23 ივნისს). თან უმცროსი და, ანუკი და საყვარელი ადამიანი - დემე მიქელაძე ახლდა. "იმედის" თანამშრომლები იასა და დემეს გაბედნიერებას ულოცავდნენ. წყვილმა დაუფარავად მიამბო, როგორ და რის გამო შეუყვარდათ ერთმანეთი, რაზე კამათობენ ხოლმე და პირველ ნაბიჯს ვინ დგამს შერიგებისკენ.

- ია, ტომაში სადაური გვარია?

- ბერძნული გვარია. წარმოშობით ბერძნები ვართ, დედა ქართველი მყავს. ტომაშების უკვე მეოთხე თაობაა აქ, საქართველოში. მე და ჩემი და, ანუკი თბილისში ვცხოვრობთ, მშობლები - ქუთაისში. სკოლაც იქ დავამთავრე. სიმღერა კი მოგვიანებით, 16 წლის ასაკში დავიწყე, თუმცა მუსიკასთან ბავშვობიდან მქონდა შეხება. მახსოვს, ბაღის მუსიკის მასწავლებელმა ერთხელ დედას უთხრა, სიმღერა არ გამოსდის, მაგრამ რა მოხდა, ყველა მომღერალი ხომ ვერ გამოვაო? სამუსიკო სკოლაში 7 წელი ვისწავლე ფორტეპიანოს განხრით, სულ რვაწლიანი იყო. გაგრძელებას ვფიქრობდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი და ბოლოს თავი დავანებე. ძალიან ზარმაცი აღმოვჩნდი, 6-7 საათი მეცადინეობა არაფრით შემეძლო. ეტყობა, დედაც მიხვდა, რომ არ მომწონდა და იმავე მუსიკალურში კლასიკურ ვოკალზე შემიყვანა. სიმართლე გითხრა, მოხიბლული არც მაშინ ვიყავი. გარდატეხის ასაკში უცნაური წიკები მქონდა. ვფიქრობდი, - ნეტავ, რას მაკივლებს ეს ქალი, ჩემგან რა უნდა-მეთქი? დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვმღერი და ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება მაქვს, რაც დედაჩემის დამსახურებაა. ამ ყველაფრის პარალელურად, ვისწავლე ჭადრაკი, ვთამაშობდი კალათბურთს, თავდამსხმელი ვიყავი, დავდიოდი ქართულსა და ევროპულ ცეკვებზე, ვხატავდი და სხვათა შორის, დღესაც მსიამოვნებს ფერებთან ურთიერთობა. ზოგადად, ხელოვნება მიყვარს.

- "X ფაქტორი" შენთვის პირველი კონკურსი არ ყოფილა. დაგეხმარა ძველი გამოცდილება?

- თბილისში რომ გადმოვედი, მზია მაცაბერიძესთან დავიწყე მეცადინეობა. ჯერ იყო "ახალი ხმა", შემდეგ "მაგთიფანი", თითქმის ერთმანეთზე მიყოლებული იყო ეს კონკურსები. მაშინ ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მეგონა, ვიმღერებდი და მორჩა, მაგრამ იმდენი ნიუანსი ყოფილა გასათვალისწინებელი, თუნდაც შიდასამზარეულო, გარე ფაქტორები, რომ ძალიან დავიძაბე. დღეს როგორი შემართებითაც ვარ, მაშინ ვერ ვიყავი ასე. მეტი შემართება და ამდენი გამოცდილება რომ მქონოდა, ვფიქრობ, მეტს მივაღწევდი. რაკი გამოცდილება დავაგროვე, ვიფიქრე, რომ ამჯერად უკეთესად გამომივიდოდა და "X ფაქტორის" შესარჩევ კასტინგზე მივედი. ივენთ მენეჯერად ვიმუშავე ბევრ ადგილას და ვიცი, საკუთარი თავი უკეთ როგორ წარმოვაჩინო, უფრო კომერციული თვალსაზრისით ვფიქრობ.

- მსმენელის წინაშე განსაკუთრებულად ემოციური ხარ, ძალიან ღელავ?

- თავიდან უფრო - არა და ახლა, ყოველი გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობ, პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს მსმენელის წინაშე და ალბათ ამიტომ. თან კონკურსი დაძაბულ ფაზაში შევიდა, შევცოტავდით და ემოციებმაც უფრო იმატა, მით უმეტეს, რომ ისედაც ძალიან ემოციური ვარ. იმაზეც ვნერვიულობ, რომ გავცივდი და რას ვიზამ, არ ვიცი. აუტსაიდერი რომ ვიყავი, მახსოვს, ნერვიულობისგან ერთიანად "გავიჟღინთე"... ლიდერი რომ გავხდი, მაშინ კი უბრალოდ, ხმა კარგად არ მესმოდა და ამიტომ ვერ მივხვდი, რატომ გამომაცხადეს.

- ყველაზე მეტად ვინ გგულშემატკივრობს?

- დემეც, მაგრამ ალბათ, მაინც დედა. ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დედა მართლაც შეუცვლელია. ძალიან ტკბილი გრძნობაა, საღამოს დაღლილი რომ მიდიხარ სახლში და თავს დაგტრიალებს, აღარ იცის, რა გაგიკეთოს, რით შეგეშველოს...

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტში ყოფნა, ყველაზე მთავარი რა გასწავლა?

- რა მასწავლა, ერთია, მაგრამ ამ პროექტმა გამაცნო ჩემი ნათესავი - ალექსი კიკვიძე. თურმე, ჩვენი ბაბუები ბიძაშვილ-მამიდაშვილები ყოფილან. აღმოჩნდა, რომ მე და მარიკო ლეჟავას, ვისთან ერთადაც დუეტი შევასრულე, ერთი სოფელი გვაქვს და ხომ იცი, იქ ყველა ერთანეთის ახლობელია. და კიდევ, რაც მთავარია, ახალი ნათესავი გამიჩნდა (დემეზე მიმანიშნებს. - ავტ.).

იას რჩეული 24 წლის დემე მიქელაძეა, პროფესიით ხმის ინჟინერი, ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

დემე: GzaPress- ია 5 წლის წინ, საერთო მეგობართან გავიცანი და დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენთვის.

ია: - მახსოვს, ახალი წელი იყო. ხმის ინჟინერი დამჭირდა და მეგობარმა მითხრა, - მე არ მცალია და დემეს ხომ იცნობ, მას გამოვუშვებო. მოვიდა თუ არა, კომპლიმენტი მითხრა: რა ლამაზად გამოიყურებიო.

დემე: - აი, ხომ ხედავ, ძველი მეთოდები ჯერ კიდევ მუშაობს...

- ე.ი. იას იცნობდი და მაინცდამაინც მაშინ შეხედე სხვა თვალით?

- არა, იქამდეც მქონდა ინტერესი მის მიმართ, გაცნობისთანავე, მაგრამ რატომღაც, ინტერესის დონეზე დარჩა.

ია: - ალბათ, ბედი იყო, რომ ჩემმა მეგობარმა სწორედ დემე გამოუშვა ჩემს დასახმარებლად. ისე, რომ გნდომებოდა, იქამდე მობრძანდებოდი ჩემთან, ვაჟბატონო...

- დემე, მითხარი, როგორია ია და რამ მოგხიბლა ყველაზე მეტად?

- იაში ორი უკიდურესობაა შერწყმული: არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გეხმარება, ძმაკაცივით გვერდში დაგიდგება... თუმცა, ზედმეტად "ფეთქებადი" და ემოციურია.

- ია, ხშირად უბრაზდები დემეს?

- არა, უბრალოდ, მე თვითონ ვბრაზდები ხოლმე უცებ, თორემ დემეს კი არ ვუბრაზდები...

- და ამ დროს დემე რას ამბობს?

- ის მანეიტრალებს და ხელს მიშლის, რომ მთლად არ "გავქაჯდე" (იცინის). დემეს ჯვარი სწერია და, ძალიან მშვიდია. პირველ რიგში, სწორედ ამით მომხიბლა. სიყვარულის გამოხატვა იცის. ბევრს არ შეუძლია ამდენი ხალხის წინაშე სცენაზე დადგეს და ცოლობა გთხოვოს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის.

დემე: - ჩემმა გარეგნობამ არ მოგხიბლა, ხომ (იცინის)?

- როგორ არა, გარეგნობამაც მომხიბლა. სხვათა შორის, თვითონ სულ იმას ამბობს, იამ გარეგნობით მომხიბლაო. ისე მიხარია, ამას რომ ამბობს, ვგიჟდები, მაგრამ მე სხვა რამესაც ვაქცევ ყურადღებას. ალბათ, კაცები სხვა რამით აფასებენ, ქალები კი გულით ვხვდებით, ვინ გვინდა და ვინ არა.

დემე: - რა ვქნა, ადამიანს რომ შეხედავ, მით უმეტეს, ქალს, პირველად გარეგნობა მხვდება თვალში.

ია: - სიმართლე გითხრა? არასდროს მითქვამს შენთვის და ახლა უცებ დავფიქრდი, მართლა რის გამო მოვიხიბლე კიდევ? სამედიცინოზე რომ სწავლობდი, აი, ეს მომეწონა, მაგრამ რატომ, არ ვიცი. ალბათ, ნევროზიანი რომ ვარ და სულ იმას გავიძახი, - ეს მტკივა, ის მტკივა-მეთქი, იმედი მაქვს, რომ შენ მიშველი და მომარჩენ...

- გაბუტულები თუ ყოფილხართ ერთმანეთზე?

ია: - კი, როგორ არა, მაგრამ ცოტა ხნით. ვერ ვძლებთ დიდხანს უერთმანეთოდ.

დემე: - კი, მაგრამ გაბუტულები როდის ვყოფილვართ?

ია: - გაბუტული ნიშნავს, რომ გვიჩხუბია. ხომ გვიკამათია? ოღონდ, როგორც ვთქვი, მაქსიმუმ 2 დღეში ვრიგდებით.

- პირველი რომელი დგამთ შერიგებისკენ ნაბიჯს? დემე იასკენ მანიშნებს თვალით.

ია: - როცა დამნაშავე ვარ, მაშინ კი.

დემე: - საქმეც მაგაშია, რომ ხშირად შენ ხარ დამნაშავე.

ია: - აი, გეტყვი, რაზეც ვბრაზდები და რაზე ვკმათობთ ხოლმე. რამის გაკეთებაზე ყოველთვის ჯიკაობა და ხელის წაშველება უნდა. პატარა ძველებური ჩემოდანი მაკიაჟის ჩასაწყობად მინდოდა, გაფუჭებული იყო და ვთხოვე, შეეკეთებინა. მოკლედ, სამი თვეა და ჯერაც არ ჩანს შეკეთებული ჩემოდანი. ეს ხუმრობით, თორემ ისე მართლა ძალიან კეთილი, ყურადღებიანი და გულისხმიერია. ბუნჩულა და რბილი ხასიათის არ არის, მაგრამ ბევრისთვის დამახასიათებელი სიმკაცრეც არ ახასიათებს, აი, ასეთი: ეს არ ჩაიცვა, მაკიაჟი არ გაიკეთო და ა.შ. კარგად რომ გამოვიყურები, პირველ რიგში, თვითონ სიამოვნებს.

- სიყვარული როგორ აგიხსნა? ოღონდ, სცენაზე ხელის თხოვნას არ ვგულისხმობ.

- მიყვარხარო, რომ მითხრა, ნახევარი საათი პირში ენას ვერ ვატრიალებდი და ხმას ვერ ვიღებდი. მახსოვს, უცებ წამჩურჩულა ყურში, მიყვარხარო. რომანტიკული და მოულოდნელი იყო სცენაზე ხელის თხოვნაც.

- მართლა არ იცოდი, რასაც აპირებდა?

- ნამდვილად არაფერი ვიცოდი, თურმე ჩემს დას სცოდნია, მაგრამ ხომ არ გამიმჟღავნებდა?

დემე: - ისე ვღელავდი, ნერვიულობისგან რამდენიმე კიბე ძლივს ავიარე. ვერ წარმოიდგენ, რა რთული იყო ჩემთვის...

ია: - რომ გამოვედით, მითხრა, - მორჩა, მეტჯერ ცოლს აღარ მოვიყვან, ისე დავიქანცე ხელის თხოვნის ცერემონიით და ისე ვინერვიულე, ემოციებისგან დავიცალეო.

- ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ ორივეს!

P.S. მას შემდეგ, რაც ია ტომაშმა პროექტი დატოვა, კვლავ დავუკავშირდი. როგორც თვითონ მითხრა, მისთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ჩათვალა ჟიურიმ, რომ ძალიან გამოცდილი და შემდგარი მომღერალია. არც ისეთი ბებერი და შემდგარი ვარ, რომ წარმატება არ მჭირდებოდეს, თუმცა გული არ მწყდება, ყველაფერი წინ არის, - აღნიშნა მან.

ნინო ჯავახიშვილი