"გააქრობს" თუ არა ცენზურა ბილწსიტყვაობას ეკრანიდან? - გზაპრესი

"გააქრობს" თუ არა ცენზურა ბილწსიტყვაობას ეკრანიდან?

ეს უსიამოვნო მოვლენა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ბევრს ჰგონია, რომ ბილწსიტყვაობა მხოლოდ ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ეს ცოდვა ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ცნობილია, რომ ძველ რომსა და ელადაში შენობების კედლებზე წერდნენ უწმაწურ სიტყვებს და ეს მოსახლეობის წუხილს იწვევდა. ძველი აღთქმის რჯულით, თუ შვილი ძვირს ეტყოდა დედას ან მამას, მას მოწმეთა თანდასწრებით ქვებით ჩაქოლვა ელოდა. სხვათა შორის, ასეთივე ხვედრს იზიარებდნენ მეძავები და მრუშები. ბილწსიტყვაობის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო და არის მართლმადიდებლური რელიგიაც: "უმჯობესია, სიმყრალე ამოგდიოდეს პირიდან, ვიდრე ბოროტი სიტყვა", - წერდა წმინდა იოანე ოქროპირი... თანამედროვე საქართველოში ბილწსიტყვაობა უკვე აღარავის უკვირს: გინება ისმის ქუჩაში, გინების ხმა გამოდის ოჯახებიდან, იგინებიან ქალები და თინეიჯერი გოგონებიც კი... ბოლო ხანებში, უწმაწური სიტყვები ქართული სატელევიზიო არხების "სავიზიტო ბარათადაც" იქცა. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ერთგვარი შეზღუდვა, აკრძალვა, რომელიც ტელეეთერიდან უცენზურო სიტყვებს "გააქრობს". ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ტელევიზიასა და კამერებთან შეხება ხშირად უწევთ.

ეკა მამალაძე, მომღერალი:

- შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ჩემს ოჯახში მსგავსი რამ არ გამიგია და შესაბამისად, როგორ, რა გარემოშიც გავიზარდე, ისე ვაზროვნებ. ჩემი აზრით, ამ პრობლემას ცენზურა და აკრძალვები ვერ უშველის, ასეთი მეთოდი ჩემთვის მისაღები არ არის. ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაგრამ თუ გადაცემაში ან ფილმში რაღაც არ მსიამოვნებს და არ მომწონს, მაშინვე სხვა არხზე გადავრთავ ხოლმე. შეიძლება ახალგაზრდები სხვაგვარად აზროვნებენ, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე მგონი, ყველაფერი არასწორი აღზრდის ბრალია. ახალგაზრდის საქციელზე, მათ მეტყველებაზე გარემოც წარუშლელ გავლენას ახდენს, მაგრამ როგორ მოიქცევა, რას იტყვის ან რას გააკეთებს - ეს მაინც ადამიანის არჩევანია.

გივი სიხარულიძე, მწერალი: GzaPress- რატომ ისმის ტელეეკრანებიდან ბილწსიტყვაობის კორიანტელი? - ეს იმის ბრალია, რომ სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი რეჟისორი გვყავს, დანარჩენები კი რეჟისორობას იბრალებენ და ცდილობენ, ლანძღვა-გინებით, გახრწნილებით მიიზიდონ ქართველი მაყურებელი. საბოლოოდ, დაბალი დონის მასხარაობას ვიღებთ. ზოგი ბილწსიტყვაობით თავის უნიჭობას მალავს, მაგრამ რამდენი მსახიობი ვიცი, რომელიც ნიჭიერია და სულ არ სჭირდება გინება, რათა როლი კარგად შეასრულოს. ამას წინათ ერთ ცნობილ თეატრში ვიყავი, გადიოდა სპექტაკლი, რომელშიც ნიჭიერი მსახიობი ქალი მონაწილეობდა. 10-15 წუთი ძლივს გავძელი - ეს ქალბატონი ისეთ სიტყვებს ამბობდა, საკუთარი თავი შემზიზღა, ავდექი და წამოვედი. ეს არის ჩვენი მწარე რეალობა: როგორმე გააუბრალოონ და ნულის ტოლი გახადონ ჩვენი ეროვნული ღირსება, შებღალონ და შეურაცხყონ ჩვენი ენა.

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი: - მე საპირისპირო შეკითხვას დაგისვამთ: რომელიღაც პოლიტიკოსი რომ გამოდის და ყველას ატყუებს, მისი გამოსვლა უფრო ბილწია თუ ჩემი სკაბრეზული გამონათქვამები? იმდენად ამაზრზენია სიყალბე, რასაც ყოველდღე ვუყურებთ, რომ ამასთან შედარებით, გინება და ბილწსიტყვაობა ჩიტების ჟღურტულად მოგეჩვენება. ისე, სკაბრეზი ლიტერატურაში ყოველთვის იყო: ჯეიმს ჯოისიდან დაწყებული - არტურ მილერამდე, სკაბრეზული სიტყვები ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებშია. ვისაც ახსოვს, წლების წინ რა ამბავი ატყდა "ჯაყოს ხიზნებზე", კარგად გამიგებს, რისი თქმაც მსურს: "ჯაყოს ხიზნები" პორნოგრაფიაა, თუ რა, მაგრამ საზოგადოების პროტესტი მაინც მოჰყვა. ახლაც იგივე ხდება: გამოვა ვიღაც უცოდინარი და ისეთ მწერალს, როგორიც აკა მორჩილაძეა, ბილწსიტყვაობას დააბრალებს... ხალხი ისედაც დაიღალა: ფული არა აქვს, სამსახური არა აქვს და ახლა ლაპარაკიც ავუკრძალოთ? მოსახლეობას ერთი ტელევიზორი დარჩა გასართობად და ისიც წავართვათ? ამინდი არ გვინდობს, მთავრობა არ გვინდობს და ჩვენ მაინც ნუ გადავეკიდებით ერთმანეთს, დავინდოთ ერთურთი!

მერაბ სიჭინავა, იუმორისტი: - ბილწსიტყვაობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვცდილობ, ყველას საქმიანობაში პოზიტიური მხარე მოვძებნო, მაგრამ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ბევრი რამ ზღვარს არის გადასული. ხშირად მიკვირს, რომ საქართველოში - ილიას, ვაჟას, რუსთაველის სამშობლოში - ასეთი სიტყვების კორიანტელი მესმის. ადამიანები ვართ, არც ციდან გახლავართ ჩამოფრენილები, არც ანგელოზები ვართ და შეიძლება ვიწრო წრეში, გაღიზიანებულ კაცს რაღაც წამოსცდეს, მაგრამ მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა ლამის სასაუბრო ენად დამკვიდრდეს. რასაც გულში ფიქრობ, ყველაფერი საქვეყნოდ ხომ არ უნდა გამოფინო? ჩემი აზრით, ამ მხრივ რაღაც შეზღუდვა მართლა უნდა იყოს. ხომ დაწესდა შეზღუდვები სიგარეტზე ან ხმაურზე, აქაც რაღაც უნდა მოხერხდეს. საეთერო და სალიტერატურო ენის ნორმები უნდა არსებობდეს და ჩვენც უნდა დავიცვათ. ბილწსიტყვაობა არაფერს გვმატებს, პირიქით, გვაკნინებს და გვამცირებს. მე ვფიქრობ, რომ ხელოვანმა თავისი კაიკაცობით და ადამიანობით უნდა მოხიბლოს მსმენელი და მაყურებელი.

აჩიკო სოლოღაშვილი, მსახიობი: GzaPress- ხშირად მსახიობი იმ პერსონაჟის ხასიათის გადმოსაცემად იგინება, რომელსაც თამაშობს. ამ საკითხში ცენზურა და აკრძალვა, ჩემი აზრით, დაუშვებელია, რადგან მაშინ ჩემს პროფესიაზე რეგულაციები უნდა დამიწესონ და გამოდის, რომ 1937 წელი მოსულა... მსგავსი აკრძალვები ძალიან ბევრ ადამიანში შინაგან პროტესტს იწვევს და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც "ჩემი ცოლის დაქალებში" პროდიუსერის როლი შევასრულე. მე თვითონ ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა არ მახასიათებს, მაგრამ ეს პერსონაჟი ასეთი რომ არ გამეკეთებინა, მაშინ ის ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული როლი იქნებოდა. ჩემს პერსონაჟში ბევრმა პროდიუსერმა თავისი თავი დაინახა და მეკითხებოდნენ, - ჩემს ხასიათს თამაშობო?... თუ ამას ამიკრძალავთ, მაშინ ბარემ, პროფესიაც ამიკრძალეთ. მე მჭირდება მარაგი, მასალა, ფორმა, რომ პერსონაჟი გამოვძერწო.

ნინო თარხან-მოურავი, რუსთაველის თეატრის მსახიობი: GzaPress- ეკრანიდან ბილწსიტყვაობა რომ მესმის, ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ შეზღუდვების მომხრეც არა ვარ. აკრძალული ხილი ზოგჯერ უფრო ტკბილია და შეიძლება, უკურეაქცია მოჰყვეს. სხვათა შორის, ჩემთვის აუხსნელია, რომ ქვეყანაში, სადაც დედის კულტია, ყველაზე გავრცელებული საკუთარი დედის გინებაა. ამბობენ, რომ ეს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა, მაგრამ მე რუსეთში ყოფნისას საკუთარი დედის გინება არავისგან გამიგია, მსგავსი რამ არც მათ ფილმებში მომისმენია. ამიტომ, ალბათ ყველაფერი ოჯახსა და აღზრდაზეა დამოკიდებული. რამდენად სჭირდება მსახიობს ბილწსიტყვაობა? - ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მსახიობი მხოლოდ შემსრულებელია. კინო სინთეზურად შერწყმული ხელოვნებაა: იქ სერიოზულ როლს ასრულებს მხატვარი, დრამატურგი, რეჟისორი და მსახიობი უმეტესწილად, მათ მითითებებს ასრულებს. თუ როლი გემოვნებით არის გაკეთებული, მცირე დოზით სკაბრეზი შეიძლება მოუხდეს კიდეც და მაყურებელსაც არ გააღიზიანებს, მაგრამ როდესაც ეს ყურით მოთრეული და ზედმეტია, უკვე გამაღიზიანებელია.

მარიამ როინიშვილი, მომღერალი: GzaPress- ერთია, როცა გინება და უცენზურო სიტყვები ქუჩაში გესმის და მეორე - ეკრანზე, ტოქშოუში ან გადაცემაში. ჩემი სურვილია, ასეთი სიტყვები ტელეეკრანიდან ნაკლებად ისმოდეს, მაგრამ თუ პერსონაჟს და როლს ასე სჭირდება, ამ შემთხვევაში სცენარისტმა, მსახიობმა და რეჟისორმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა დოზით და როგორ გამოიყენონ უცენზურო სიტყვები. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მსახიობი კი არ იგინება, ეს მისი პერსონაჟი ბილწსიტყვაობს. ნებისმიერ შემთხვევაში, "ოქროს შუალედის" დაცვა აქაც ისევე აუცილებელია, როგორც ყველაფერში.

ხათუნა ჩიგოგიძე