როგორ აფასებს თინათინ მაღალაშვილი ცნობილ პოლიტიკოს მამაკაცებს და მათ მეუღლეებს - გზაპრესი

როგორ აფასებს თინათინ მაღალაშვილი ცნობილ პოლიტიკოს მამაკაცებს და მათ მეუღლეებს

ანუკი არეშიძეც ხელოვანია, შედარებით პატარა თაობის წარმომადგენელია და მისი სტილი ჩემი თაობის ადამიანისთვის ცოტა გაუგებარია. ძალიან მომწონს, გემოვნებით აცვია, მაგრამ ხომ იცით, დღეს გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ..." - ამბობს ცნობილი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი.

- ბავშვობაში რომელი წიგნები, როგორი ნაწარმოებები იყო თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი და რომელია ახლა?

- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ალექსანდრე დიუმა. მახსოვს, განსაკუთრებით მიზიდავდა მისი "დედოფალი მარგო", შემდეგ "ორი დიანა" წავიკითხე და ძალიან მომეწონა... მოგვიანებით ონორე დე ბალზაკი შემიყვარდა. გამორჩეულად მიყვარდა მისი "მამა გორიო"... ქართველი მწერლებიდან გამორჩეულად მიყვარდა ნოდარ დუმბაძე. ზაფხულში რამდენჯერმე შემეძლო წამეკითხა მისი ნაწარმოებები, განსაკუთრებით - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"...

ძალიან ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, მაგრამ შინაარსობრივად ბევრი რამ აღარ მახსოვს. იყო სხვადასხვა ნაწარმოები, რომლებმაც განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე, სიამოვნებით ვკითხულობდი და თითქოს ვშთანთქავდი. წიგნს ჭამის დროსაც კი არ ვდებდი გვერდზე... მართალია, დღეს ბევრი რამ აღარ მახსოვს, მაგრამ კითხვამ თავის დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში!

- საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მეტად მიმზიდველი - თანამედროვე მეგაპოლისები თუ ისტორიული წარსულის მქონე?

- რა თქმა უნდა, ისტორიული წარსულის მქონე. ყოველთვის ვარჩევ ქალაქებს, სადაც ისტორიული სანახაობაა... დღემდე, ჩემი საყვარელი ადგილია ვერსალი. ბაროკოს პერიოდი ყველაზე ძვირფასია და მარია ანტუანეტას ტიპაჟი - მოდის, სილამაზის ესთეტიკის ეტალონი... მიზიდავს ისტორიული შენობები, ჩუქურთმები... თანამედროვე ქალაქები საერთოდ არ მხიბლავს... რაც შეეხება ქვეყნებს, ნამყოფი ვარ საფრანგეთში, ესპანეთში, ეგვიპტეში, ჩეხეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ისრაელში, ტაჯიკეთში, დუბაიში, რუსეთში, ბელორუსიაში...

- დუბაიმ არ მოგხიბლათ?

GzaPress- ერთხელ ვარ დუბაიში ნამყოფი და რომ არ დაგიმალოთ, დაბრუნების სურვილი არ გამჩენია. იმავეს ვიტყოდი ისრაელზე... იერუსალიმი ძალიან მომეწონა, მაგრამ რადგან მოდის კვირეულზე ვიმყოფებოდი, ძირითადად, თელ-ავივში ვიყავი და ისე ვბრუნდებოდი, რომ იერუსალიმს ვერ ვნახულობდი, რის გამოც გული მწყდებოდა. ალბათ, უფლის ნება იყო თვითმფრინავზე რომ დამაგვიანდა, შემდეგი დღე შაბათი იყო და მოგეხსენებათ, შაბათს ისრაელში არავინ არაფერს აკეთებს. ამიტომაც, მასპინძლებმა პატივი მცეს და იერუსალიმში წამიყვანეს... იქაურობა სულ სხვანაირი წარმომედგინა და სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ემოციური მომენტი იყო ჩემთვის იქ ყოფნა... არის ქალაქები, სადაც არ მაქვს სურვილი, დავბრუნდე და არის ქალაქები, სადაც ორჯერ-სამჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ დიდი სურვილი მაქვს დაბრუნების.

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან რომლები არიან თქვენთვის გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ჩემთვის გემოვნება ცოტა სხვა რამესთან ასოცირდება... არ შეიძლება, ექსტრავაგანტური სტილი სინთეზი იყოს რაღაც სასწაულების და გემოვნება დაარქვა. აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოვდივარ იმასთან, რასაც ჟურნალებში წერენ და როგორც ახასიათებენ ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ადამიანებს... ქართველი ქალბატონებიდან ყოველთვის გამოირჩევა ნინო ნადირაძე-კუზანოვა. ძალიან მომწონს მისი დახვეწილი ქალური სტილი. ია ფარულავასაც კარგი სტილი აქვს. ესთეტიკურად ყოველთვის საინტერესოდ აწყობილი ლუქი აცვია. მართალია, სიჭრელე ჭარბობს, მაგრამ გემოვნებით შერჩეულია...

- საქართველოს პირველი ლედის ჩაცმულობაზე რას იტყვით?

- მაკა ჩიჩუას ძალიან მინიმალისტური სტილი აქვს. ყოველთვის მაღალი გემოვნებით აცვია, უბრალოდ, ექსპერიმენტებს ერიდება. არასოდეს მინახავს მის ლუქში ექსპერიმენტი. აი, ანუკი არეშიძე კი ამას არ ერიდება, ის ხომ თავადაც დიზაინერია. მაკა ჩიჩუა ყოველთვის ძალიან ელეგანტურია. ხელოვანია და ხელოვან ადამიანებს სხვანაირად აქვთ გემოვნება ჩამოყალიბებული, სხვანაირად უყურებენ სამყაროს და სხვა ფასეულობები გააჩნიათ... ანუკიც ხელოვანია, პატარა თაობის წარმომადგენელია და მისი სტილი ჩემი თაობის ადამიანისთვის ცოტა გაუგებარია. ძალიან მომწონს, გემოვნებით აცვია, მაგრამ ხომ იცით, დღეს რომ გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ... ჩემთვის, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლისთვის, არის რაღაცები, რასაც მის სტილში შევცვლიდი. თუმცა, ახალგაზრდებს ექსპერიმენტიც უხდებათ და სითამამეც... სიახლის ძებნა ჩემთვის ყოველთვის მისაღებია. ანუკი მხატვარია, პროფესიონალია და ფერებს, ფორმებს ძალიან კარგად გრძნობს. ის ხომ არ არის მხოლოდ ქალაქის პირველი ლედი, პირველ რიგში დიზაინერია და მისგან ექსპერიმენტები მისაღებია.

- ცნობილი მამაკაცებიდან ვის გამოარჩევთ?

- ხშირად ვხვდები გემოვნებით შემოსილ მამაკაცებს, უფრო მეტად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მამაკაცი ხელოვანი ქალისგან განსხვავებით, უფრო სხვა ფენომენია. ქალი ხელოვანი არის ესთეტი, სხვანაირად აღიქვამს სამყაროს, მამაკაცი ხელოვანისთვის კი ჩაცმის სტილი და ამგვარი რამ აბსოლუტურად არ არის ფასეულობა... ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი ვარ, ჩაცმა არ არის ფასეულობა. მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, შედევრების ნახვა... როცა საზღვარგარეთ მივდივარ, საყიდლებზე დროს არასოდეს ვკარგავ. ყოველთვის მუზეუმებს, ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებ. საყიდლებზე სიარული ჩემთვის სასჯელია!

- მამაკაც პოლიტიკოსებზე რას იტყვით?

- პოლიტიკოსი მამაკაცები ძალიან ერიდებიან ექსპერიმენტებს. ერთადერთი, ვინც ამას არ გაურბის, ეს არის კახი კალაძე. ყველას თვალში ხვდება მისი ჩაცმის სტილი და ყველა ამბობს, რომ ყველაზე გემოვნებიანად იმოსება. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაღაც დოზით, ჩემი თვალთახედვით ზედმეტი მოსდის. მას თანამედროვე პოლიტიკოსის სტილი აქვს და გარეგნობაც ხელს უწყობს...

ძალიან მომწონდა დავით გამყრელიძის სტილი. მას ყოველთვის გემოვნებიანად ეცვა, შვენოდა შარფი ყელზე - ეს ექსტრავაგანტურ შარმს აძლევდა, განსაკუთრებულად საინტერესო ვიზუალი ჰქონდა... ამჟამად სხვები არ მახსენდება, რადგან პოლიტიკოსები და ბიზნესმენები სულ ცდილობენ, ოფიციალურ სტილში იყვნენ. ხშირად შემინიშნავს, ისეთი შეკერილი პიჯაკი აცვიათ, სახელოზე ნაოჭს რომ იკეთებს. მხატვარი ვარ და ისეთი თვალი მაქვს, მილიმეტრებს ვხედავ და ვფიქრობ, ნორმალურად შეკერილი მაინც ჩაეცვათ, თუ მაინცდამაინც პიჯაკის ჩაცმა სურდათ-მეთქი (იღიმის)...

- ვისთანაც გიმუშავიათ, რომლები იყვნენ განსაკუთრებით საინტერესოები?

- უამრავ ცნობილ ადამიანთან მიმუშავია: ნინი შერმადინი, მაკა შალიკაშვილი, ნანა მესხი, თამთა დემურიშვილი, მაია ბარათაშვილი, ნუცა შაშიაშვილი, თამარ მაყაშვილი, რუსკა მაყაშვილი და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი... ბევრი ცნობილ უცხოელ მომღერალთანაც მომიხდა თანამშრომლობა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ცნობილია თუ არა, ყველა კლიენტის მომსახურება თანაბრად საპასუხისმგებლოა!

GzaPressძალიან საინტერესო იყო თემურ წიკლაურთან თანამშრომლობა. თავიდან, როცა შემოვიდა, ძალიან გამიკვირდა - კონცერტი ჰქონდა და ფრაკის შეკერვა სურდა. უარი ვუთხარი, სხვაგან მივასწავლე, იქ შეგიკერავენ-მეთქი... მითხრა, - მოდი, ჯერ ქსოვილი გაჩვენო, ვნახოთ, იქნებ აქ შევკეროთო. ვნახე და ფანტასტიკური ქსოვილი ჰქონდა მოტანილი. მერე, როცა გავუმხილე, ქსოვილზე "დავები"-მეთქი, მიპასუხა: ქსოვილზე "დაები" და ჩემზე არაო?.. ზოგადად, ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ვიცი, რომ იდეალურად გამომივა. თუ ეჭვი მეპარება, ხელს არ ვკიდებ. არაჩვეულებრივი ფრაკი გამოვიდა და ბატონი თემური ყველგან ამბობდა, - ქალი რომ ფრაკს ასე კარგად კერავდეს, პირველად ვნახეო... ეს კომპლიმენტი დიდი ბედნიერება იყო. ამდენი წელია, სცენაზე დგას ადამიანი და მისგან ასეთი შეფასება რომ მივიღე, ძალიან გამიხარდა და დამამახსოვრდა.

კომპოზიტორ ნანიკო მესხთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. იშვიათი ადამიანია, სასწაული აურა აქვს. თამარ მაყაშვილთან მუშაობაც მიყვარს, გადარეულია და მისგან ისეთი პოზიტივი მოდის, ენით რომ ვერ აღწერ... ყველასთან ვმეგობრობ. მუშაობის დროს ძალიან დავახლოვდებით ხოლმე, ბევრ რამეში მესაიდუმლე ვხდებით ერთმანეთის.

- ყოველდღიურად როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

- მიყვარს კლასიკური, სადა სამოსი, მაგრამ ჩემი კოსტიუმი ყოველთვის არის გაფორმებული პატარა დეტალით - ნაქარგით. ძირითადად, კლასიკური და ყოველთვის ჩემი შექმნილი სამოსი მაცვია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი მეგობარი დიზაინერის - ეკა ბუზალაძეს ბაქოს მოდის კვირეულიდან დაბრუნებისას, გზაში პალტო გავხადე, ეს ჩემი უნდა იყოს-მეთქი... მაცვია მინიმალისტური სტილი, ყოველთვის ვერიდები ექსტრავაგანტურ სამოსს...

- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- თბილისური მოდა კი არ დაიკარგა, უბრალოდ გარდაიქმნა... მოდა ხომ არ არის გადმონაშთი, ის ცოცხალია და ვითარდება. ზოგჯერ მოდური სამოსი კარგავს აქტუალობას და ტრანსფორმირდება, მაგრამ ამას არ ჰქვია დაკარგვა. ჩვენ რასაც ვხედავთ, რაც გვაცვია, ამას საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ყველა დეტალი საიდანღაც არის მოსული და დამუშავებული.

მანანა გაბრიჭიძე